ფოტო Facebook-იდან - მარცხნივ გიორგი ტატუაშვილი, მარჯვნივ კახაბერ ოქრიაშვილი
(GUARDIAN.GE) - დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში, „ქართული ოცნებიდან“ გარიყული მრავალგზის დეპუტატის, ამჟამად კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობით შექმნილი „ძალა ერთობაშია“-ს წევრის, კახაბერ ოქრიაშვილის კომპანიებში მუშაობდა და სწორედ ოქრიაშვილის ლობირებით იქნა წარდგენილი „ქართული ოცნებიდან“ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დმანისის მერობის კანდიდატად, კვლავაც ოქრიაშვილის მხარდაჭერას განაგრძობს და ამაში სახელისუფლებო რესურსს მაქსიმალურად იყენებს.
„ქართული ოცნების“ მერმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნებულ ოქრიაშვილთან ერთად, 8 სექტემბერს, დმანისში ჩოლოყაშვილის და 9 აპრილის ქუჩის გადაკვეთაზე ახალი სკვერი გახსნა და განაცხადა, რომ 257 573 ლარის ღირებულების პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებითა და მისი „დაუყოვნებელი“ ჩარევის შედეგად განხორციელდა.
„დმანისის მუნიციპალიტეტში გავხსენით კიდევ ერთ ახალი სკვერი, რომელიც მოითხოვა ჩვენმა დმანისელმა ახალგაზრდობამ ზუსტად იმისთვის, რომ მათ ჰქონოდათ შესაბამისი სივრცე დასვენებისათვის და გართობისათვის ჰქონოდათ კომფორტული გარემო. თხოვნა იყო 2012-2013 წლებში, მაგრამ სამწუხაროდ გარკვეული ან გაურკვეველი მიზეზების გამო, ვერ მოხერხდა სკვერის გაკეთება. მე მთხოვეს 2020 წლის დასაწყისში. დაუყოვნებლივ განვახორციელე ამ პროექტის ტენდერზე გატანა“,- თქვა ტატუაშვილმა.
დმანისის მერი აქტიურობით გამოირჩევა სოციალურ ქსელშიც და ხშირად აზიარებს კახაბერ ოქრიაშვილის მოწოდებებს და განცხადებებს. 2 დღის წინ მან ოქრიაშვილის განცხადება გაავრცელა, სადაც მილიონერი დეპუტატი ამომრჩეველს - უკვე არა მხოლოდ დმანისსა და წალკაში, არამედ ბოლნისსა და თეთრიწყაროშიც - შეახსენებს, რომ „პირად დახმარებას“ არჩევნების შემდეგ განაგრძობს.
„ჩემო ძვირფასებო, მე მუდმივად ვცდილობ ჩემი ხალხის გვერდით ვიდგე, ვიყო მისაწვდომი და ნებისმიერ დროს გავუწოდო დახმარების ხელი ყველას, ვისაც სჭირდება.
პირველ სექტემბერს ოფიციალურად გამოცხადდა არჩევნები, ამ გარდამტეხი პერიოდის განმავლობაში კანონით იკრძალება და მოსყიდვად ითვლება არა მარტო პირადი დახმარება, არამედ ამის დაპირებაც კი.
არჩევნების დასრულებამდე იძულებული ვარ, შევწყვიტო საქველმოქმედო საქმიანობა. თუმცა ეს პერიოდიც მალე ჩაივლის და მე კვლავ მოსახლეობის გვერდში ვიდგები არა მხოლოდ დმანისსა და წალკაში, არამედ ბოლნისსა და თეთრიწყაროშიც“, ამბობს ოქრიაშვილი.
ოპოზიციურ გაერთიანება „ძალა ერთობაშია“-ს, რომელშიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობით რამდენიმე ოპოზიციური პარტია არის გაერთიანებული, „ქართული ოცნების“ რიგებიდან წამოსული წალკისა და დმანისის მაჟორიტარი დეპუტატის, კახაბერ ოქრიაშვილის მიერ ახლად დაფუძნებული პარტია „პროგრესი და თავისუფლება“ 4 სექტემბერს შეუერთდა. მემორანდუმს გრიგოლ ვაშაძემ და კახაბერ ოქრიაშვილმა მოაწერეს ხელი.
„დღეს ხელს ვაწერთ და ვუერთდებით საარჩევნო ბლოკს „ძალა ერთობაშია“, ფართო კოალიციით მოვდივართ ხელისუფლებაში. ჩვენი პარტია „პროგრესი და თავისუფლება“ იქნება გარანტი იმისა, რომ საქართველოში შეიქმნება მსოფლიოში საუკეთესო ბიზნესგარემო. ჩვენ ვიქნებით გარანტი, საქართველოში დავამარცხოთ სიდუხჭირე და მყისიერად შევქმნათ ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი“, – განაცხადა 4 სექტემბერს ოქრიაშვილმა, რომლის გვერდითაც არის წარმოდგენილი ასევე ბიზნესმენი, სააკაშვილის პრეზიდენტობისას მცხეთა-მთიანეთის მხარის გუბერნატორი, ყოფილი დეპუტატი ცეზარ ჩოჩელი, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მცხეთის მაჟორიტარულ ოლქში იყრიდა კენჭს და ძალზე მცირე უპირატესობით დამარცხდა „ქართული ოცნების“ კანდიდატთან, დიმიტრი ხუნდაძესთან დაპირისპირებაში.
2003 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჩოჩელი ახალგორის მაჟორიტარული ოლქიდან, ედუარდ შევარდნაძის „მოქალაქეთა კავშირის“ მხარდაჭერით გახდა დეპუტატი, თუმცა ვარდების რევოლუციის შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდა. ასევე მოიქცა, 2003 წელს შევარდნაძის მხარდაჭერით პარლამენტში მოხვედრილი კახაბერ ოქრიაშვილიც, რომელიც 2008 და 2012 წლებში უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით შევიდა ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, თუმცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მალევე მმართველ პარტიაში გადაინაცვლა და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ რიგებიდან გახდა წალკისა და დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი.
ახლა ოქრიაშვილი წალკის, დმანისის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქში „ძალა ერთობაშია“-ს რიგებიდან იბრძოლებს იმისათვის, რომ მეხუთედ გახდეს პარლამენტის წევრი. ამ ბრძოლაში კი მას და „ნაციონალურ მოძრაობას“ - მათ პრემიერ მინისტრობის კანდიდატს, მიხეილ სააკაშვილს - მგზნებარე მხარდაჭერას „ქართული ოცნების“ მერი გიორგი ტატუაშვილი უცხადებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.