ჰიპოთეტურად წარმოიდგინეთ, რომ გერმანელებმა და ქართველებმა „გავცვალეთ“ ჩვენი ტერიტორიები, ანუ 4 მილიონი გერმანელი დასახლდა საქართველოში და 4 მილიონი ქართველი კი, გერმანიაში გადასახლდა, როგორ გგონიათ, 15 წლის შემდეგ რა სურათს მივიღებთ?!
ილია ჭავჭავაძე: "ჩემზედ ამბობენ: "ის სიავეს ქართვლისას ამბობს, ჩვენს ცუდს არ მალავს, ეგ ხომ ცხადი სიძულვილია! კარგი გული კი, მაშინვე სცნობს - ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია"!
ჰო, ეგრეა... არ უყვართ ქართველებს თვითკრიტიკა, "თვითგვემად ნათლავენ" მას! მავანი კი, ილიას დღემდე არ პატიობს - "ბედნიერი ერი", - რამ დააწერინაო. ჰოდა, აბა, მე ვინ ვარ, რომ გავბედო რამის თქმა... მაგრამ, მაინც ვიტყვი! დღეს, ქართველების დიდ უმრავლესობას, თითქოს, ჩვენი ქვეყნის სიკეთე გვინდა, მაგრამ, დაფიქრდით, ამისთვის რას ვაკეთებთ?! არც არაფერს! ჭაბუა ამირეჯიბის ნათქვამის არ იყოს, - "გათითოკაცებული" ყოფილი ერი ვართ, რომელმაც არც სამოქალაქო ერთობა იცის, არც სოლიდარულია ერთმანეთის მიმართ და არც უჩანს პირი, რომ რაიმე სასიკეთოდ შეიცვალოს!..
30 წელია ვანგრევთ ჩვენს ქვეყანას, არ ვინდობთ ერთმანეთს, ყველა არჩევნებს ვაყალბებთ, ყველა ხელისუფლება ყალბი დაპირებებით გამდიდრდა, დიახ, ხალხის ხარჯზე მოიწყევს პირადი კეთილდღეობა!!! ერთმა ასეთმა გაქსუებულმა ვირთხამ, ცინიკურად მითხრა, - "შენ, ალბათ, პირადი ბოღმა გალაპარაკებს, თორემ რა გინდა, ქვეყანა ნელ-ნელა შენდება, ვერ ხედავ როგორი სამშენებლო ბუმია, ან კიდევ, რომ ამბობ გაჭირვებული ადამიანების რიცხვი ყოველდღე მატულობსო, ერთი კარგად დაითვალე, რამდენი ავტომანქანა (რომლებიც, "უბენზინოდ ვერ დადიანო") დადის თბილისის ქუჩებში, საათობით საცობებია, რესტორნები კი ყოველდღე გადაჭედილია, ეს პანდემიაც მალე გაივლის და მერე ნახე, როგორ სწრაფად დაიწყება ეკონომიკური განვითარებაო"!!!
რა უნდა უთხრა ასეთ არსებას, აზრი არა აქვს, უსულ-გულობის ზენიტშია, რომელსაც თვალები დაბრმავებული აქვს და ამდენ გაჭირვებულ, სასოწარკვეთილ ადამიანს ვერ ხედავს... ეს თუ ასე გაგრძელდა და თავი არ დავაღწიეთ: სიყალბეს, გულგრილობას, გაუტანლობას, მუცელღმერთობას და ბევრ სხვა მანკიერებას, ქართველ ერს მომავალი არ ექნება... ილიას - "მომავალი შენიაო", დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება!..
P.S. იმ გაქსუებული ვირთხის მსგავსების საყურადღებოდ:
1. "სამშენებლო ბუმი" არანაირად არ ეხება ქვეყნის მოსახლეობის 85%-ს, რადგან ქვეყანაში საშუალო ფენა არ არსებობს და მისი მოქალაქეების მსყიდველობითი უნარიანობა უმდაბლესია. ამიტომაც, ახლად აშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში ფართს ძირითადად ყიდულობენ, ემიგრაციაში სამუშაოდ გადახვეწილი ქართველები და სხვადასხვა უცხოელები, ახლო სამეზობლოდან...
2. დღეს, საქართველოში 1 მილიონ 200 ათასი ავტომანქანაა, მაგრამ ეს ქვეყნის "ფინანსურ-ეკონომიკურ ბუმზე" არ მეტყველებს, რადგანაც ამ ავტოპარკის 90% "ნახმარია", ანუ ევროპა-ამერიკა-იაპონიიდან ჩამოყვანილი "მეორადი, სექენდ ჰენდია" და მათი ღირებულება საშუალოდ, "პლიუს-მინუს", 3-4 ათასი აშშ დოლარია, რომლებიც უმუშევრად მყოფი ქართველების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის ოჯახის სარჩენი ერთადერთი საშუალებაა და არა ფუფუნების საგანი! ამას შევადაროთ, ანუ 3-4 ათასად ღირებულ ავტომანქანებს, ქვეყნის ბანკებში და კერძო იპოთეკაში "ჩადებული" ათეულ ათასობით საცხოვრებელი ბინების რაოდენობა და მათი ღირებულება! იცით, რა სურათს მივიღებთ, კატასტროფულს! თბილისის და სხვა დიდი ქალაქების სხვადასხვა უბანში 1 კვ.მ. საცხოვრებელი ფართის ფასი, საშუალოდ იცით რამდენია?! თბილისში, ლამის ყველა კორპუსში, სადარბაზო არ არის, რომელშიც 2-3 ბინა არ იყოს იპოთეკით დატვირთული, ეს, იცით რამხელა ციფრია?! ჰოდა, კარგად დაითვალეთ და მერე, თქვენი უსუსური არგუმენტი - "1 მილიონ 200 ათას ავტომანქანაზე", თქვენისთანა ვირთხებს მოუყევით!..
P.P.S. არ გეწყინოთ, ქართველებო, მაგრამ ხმა თუ არ ამოვიღეთ და სიმართლე არ ვთქვით, შთამომავლობა შეგვაჩვენებს! უნდა ვიყოთ ღირსეულები და თვითკრიტიკულები, თორემ ყალბი გულზვიადობა დაგვღუპავს! დღეს, ყველა თვალსაზრისით სავალალო მდგომარეობაშია ჩვენი ხალხი, ყველაფერი კარგად უნდა გავიაზროთ, დიახ, უნდა ვისწავლოთ და ვიშრომოთ ისე, როგორც არასდროს, მხოლოდ ეს გადაგვარჩენს, ურთიერთ სიყვარულთან ერთად!!!
გერმანელი ერის მაგალითი ჩემთვის სანიმუშოა, თუ როგორ და რა უმოკლეს დროში შეძლეს განადგურებული გერმანიის აშენება და აყვავება! ჰიპოთეტურად წარმოიდგინეთ, რომ გერმანელებმა და ქართველებმა "გავცვალეთ" ჩვენი ტერიტორიები, ანუ 4 მილიონი გერმანელი დასახლდა საქართველოში და 4 მილიონი ქართველი კი გერმანიაში გადასახლდა, მაგალითად, ბავარიის მხარეში, როგორ გგონიათ 15 წლის შემდეგ რა სურათს მივიღებთ?! დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ტერიტორიას წალკოტად გადააქცევენ განათლებული და შრომისმოყვარე გერმანელები, ხოლო, გერმანიის ბავარიის მხარე, დიდად სამწუხაროდ, ალბათ, ყველა მაჩვენებლით, ყველაზე ჩამორჩენილი გახდება ქვეყნის მასშტაბით!..
ომის შემდგომი დანგრეული გერმანია, გერმანელების თავდაუზოგავი შრომის შედეგად 15 წელიწადში მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების რიგში ჩადგა! დღევანდელ გაჭირვებულ საქართველოში კი, ათასობით ბავშვი შიმშილობს, სამაგიეროდ, 10-15% ქართველს "სამსართულიანი სუფრები" არ აკლია!!!
პოლიტოლოგი
ჯუმბერ კირვალიძე
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.