ერთ დროს წარმატებული და აყვავებული არაერთი ბიზნესი უბრალოდ მოსპეს და გააჩანაგეს. ხალხის ძარცვით მიღებული ასეულობით მილიონი კი, ილექებოდა უცხოურ ბანკებში, მათ საგულდაგულოდ გადამალულ ანგარიშებზე. სწორედ ამ დანაშაულებრივი თანხებით ფინანსდება მათი დღევანდელი პოლიტიკური აქტიურობა, - განაცხადა „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
"მტკიცედ მჯერა, რომ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, უამრავ დამპყრობელთან შეუდრეკელი ბრძოლის შედეგად გამომუშავებულმა გენეტიკურმა გამძლეობამ, შეაძლებინა ჩვენს უშიშარ ხალხს, გაერთიანებულიყო, და "ქართულ ოცნებასთან" ერთად, დაემარცხებინა რეჟიმი, რომელიც მომხდურ მტერზე არანაკლებ დაუნდობლად და სასტიკად ექცეოდა საკუთარ საზოგადოებას.
მართლაც საოცარი ცინიზმია, როდესაც, მრავალი სიმხეცის ჩადენით გადაგვარებული, მაგრამ იმავდროულად, საკმაოდ ცბიერი პოლიტიკური გუნდი, აბსოლუტურად უცვლელი შემადგენლობით, მოურიდებლად ცდილობს კვლავაც მოატყუოს ხალხი, და დაიბრუნოს შეუზღუდავი ძალუფლება, რათა ახლა უკვე გაორმაგებული ძალისხმევით, პერსონალურად იძიოს შური ყველა იმ პატრიოტ ადამიანზე, ვინც 2012 წლის ოქტომბერში, თავისი წვლილი შეიტანა მათი ძალადობრივი მმართველობის დასრულებაში.
გასული კვირების განმავლობაში, ჩვენ მოვისმინეთ ცრუ სინანულისა და თეატრალური თვალთმაქცობის სამარცხვინო მაგალითები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათ, სინამდვილეში, ძალიან დაბალი წარმოდგენა აქვთ ქართულ საზოგადოებაზე, და ფიქრობენ, რომ მარტივად და იოლად მოახერხებენ ხალხის ემოციებით და გრძნობებით მანიპულირებას.
სწორედ ამიტომ, ფუნდამენტურად წარმოუდგენელია ჩვენი ხალხის, მისი კულტურის, ტრადიციების, მსოფლმხედველობისა და „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის თანაარსებობა.
ჩვენი მეხსიერებიდან ვერავინ წაშლის უამრავი უდანაშაულოდ მოკლული ახალგაზრდის, და დემონსტრაციულად დახვრეტილი ადამიანების სახეებს.
ჩვენ არასდროს დაგვავიწყდება წლები, როდესაც ადამიანების ღირსების ფეხქვეშ გათელვა, მათი აბუჩად აგდება, დაშინება, უსაფუძვლოდ ციხეებში გამოკეტვა, ულმობელი წამება და დასახიჩრება, ბიზნესის დაწიოკება და საკუთრების წართმევა, ცხოვრების ჩვეულებრივი, ნორმად ქცეული მოვლენა იყო.
ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება, ქართული ტრადიციული ცხოვრების წესის გაუკუღმართების, ჩვენი კულტურული თვითმყოფადობის წაშლისა და საქართველოს ისტორიის თავიდან გადაწერის ავადმყოფური წყურვილი, ოჯახის ფენომენზე გააფთრებული იერიშის, ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი საყრდენის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შევიწროებისა და დაქსაქსვის გამუდმებული მცდელობები.
ჩვენ ყველას გვახსოვს, ბედის ანაბარად მიტოვებული ქართული სოფელი.
დავიწყებას ვერ მიეცემა დრო, როდესაც სახელმწიფოს არ გააჩნდა არანაირი თანაგრძნობა, და სოციალური სოლიდარობა საკუთარი ხალხისადმი, დრო, როდესაც მოქალაქეების უმეტესი ნაწილი იძულებული იყო, უკანასკნელი საოჯახო ნივთებიც კი გაეყიდა მკურნალობისთვის - როდესაც მეტ-ნაკლებად მძიმე სამედიცინო დიაგნოზი, პრაქტიკულად, სასიკვდილო განაჩენს უდრიდა.
ჩვენ, არასდროს დაგვავიწყდება ხელისუფლების ბოროტი ნების უსიტყვოდ შემსრულებელი, ნოტარიუსად ქცეული და დაჩოქებული სასამართლო, ნამდვილი სამართლებრივი წყვდიადი, გაუქმებული მართლმსაჯულება და გაუქმებული ადვოკატის პროფესია, ტერორში მყოფი პოლიტიკური ოპოზიცია, უხეშად გაყალბებული არჩევნები, დემოკრატიული კონტროლისა და ხელისუფლების ბალანსის არმქონე, დამახინჯებული კონსტიტუცია, ერთი კაცის ვნებებისა და სურვილების შესაბამისად განაწილებული საბიუჯეტო სახსრები; მიტაცებული, უსიცოცხლო და გარინდებული მედია, პირადი ცხოვრების გამჟღავნების უწყვეტი მუქარები და შანტაჟი, უკანონოდ დაპატიმრებული ჟურნალისტები, შეურაცხყოფილი მწერლები, მსახიობები, მეცნიერები, სპორტსმენები, და ჩვენი საზოგადოების სხვა სასიქადულო და თვალსაჩინო წარმომადგენლები.
გვახსოვს ის ხელისუფლება, რომელმაც მისთვის დამახასიათებელი პოლიტიკური ახლომხედველობის გამოისობით, თავიდან ვერ აიცილა სამხედრო ავანტიურა, და გაუაზრებელი მოქმედებებით, ქვეყანას ტერიტორიის ოცი პროცენტი დააკარგვინა, რამაც გაართულა ჩვენი ჩრდილო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი.
მეხსიერებიდან ვერასდროს ამოიშლება, ბრძოლის ველიდან ლაჩრულად გაქცეული მთავარსარდალი, და უპატრონოდ მიტოვებული ჩვენი გმირი ჯარისკაცების ცხედრები, საკუთარი სახლ-კარიდან გამოყრილი მოსახლეობა.
მსურს, ასევე შეგახსენოთ, იმდროინდელი სამართალდამცავი სისტემის უკიდურესი თვითნებობა, სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებაში მათი არაპროპორციული და მავნებლური გავლენა, რამაც ბევრი ქართული ოჯახის პირადი ტრაგედია განაპირობა.
მინდა ჩვენს საამაყო მეწარმეებს, რომელთა თავდაუზოგავი შრომის შედეგად იქმნება საქართველოს ეკონომიკა და დოვლათი, შევახსენო, რა მდგომარეობაში იყო ბიზნესი, და როგორ ეპყრობოდნენ თითოეულ მათგანს, საგანგებოდ შექმნილი სადამსჯელო სახელმწიფო ინსტიტუტები. ბიზნესისთვის, ის პერიოდი იყო, მართლაც ჯოჯოხეთი დედამიწაზე.
რეჟიმმა ქვეყანაში დაამკვიდრა, პირად გამდიდრებაზე ორიენტირებული, მანამდე არნახული, მძლავრი კორუფციული სისტემა, კლასიკური კლეპტოკრატია, როდესაც ხელისუფლებასთან უშუალოდ დაკავშირებული რამდენიმე მცირერიცხოვანი ჯგუფის ხელში თავმოყრილი იყო, ეკონომიკის თითქმის ყველა შემოსავლიანი სექტორი. ვინც კი გაბედა, რაიმე ფორმით წინააღმდეგობა გაეწია ამ მანკიერი ფინანსური წესრიგისთვის, მყისიერად დააპატიმრეს, და იძულებით ჩამოართვეს ქონება.
ერთ დროს წარმატებული და აყვავებული არაერთი ბიზნესი უბრალოდ მოსპეს და გააჩანაგეს. ხალხის ძარცვით მიღებული ასეულობით მილიონი კი, ილექებოდა უცხოურ ბანკებში, მათ საგულდაგულოდ გადამალულ ანგარიშებზე. სწორედ ამ დანაშაულებრივი თანხებით ფინანსდება მათი დღევანდელი პოლიტიკური აქტიურობა.
ეს ჩამონათვალი უსასრულოდ შეგვიძლია გავაგრძელოთ, რადგან სამწუხაროდ, არ არსებობს ჩვენი სამშობლოს პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური თუ სხვა სფერო, რომელიც გადაურჩა წინა ხელისუფლების მავნებლური ზემოქმედებისა და დამანგრეველი მმართველობის შედეგებს.
მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ჩვენს უახლეს წარსულთან დაკავშირებით, საზოგადოების კონსენსუსი ცალსახად შემდგარია და რევიზიას არ ექვემდებარება. იმდენად დიდია მიყენებული ტკივილი და ტრავმები, რომ ამის გამოდევნა, ქართველი ხალხის მეხსიერებიდან შეუძლებელია.
მიუხედავად ამისა, ხელისუფლების დაკარგვის დღიდან, „ნაციონალურმა მოძრაობამ" დაიწყო ფიქრი რევანშზე, რომლის განხორციელებისთვის, ისევ იმ მრავალნაცად ხერხს მიმართეს, რომელსაც მართლაც სწორუპოვრად ფლობენ და რომლის ხარჯზეც ინარჩუნებდნენ 9 წლის მანძილზე ხელისუფლებას - სიცრუე და ძალადობა, დაუსრულებელი ცილისწამება და ფსიქოლოგიური ტერორი, რომელიც ფიზიკურს ჩაენაცვლა", განაცხადა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.