(GUARDIAN.GE) - საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დავით გარეჯი იყო, არის და უნდა იყოს საქართველოს ტერიტორია. მინისტრის თქმით, ამას ადასტურებს 1938 წელს გამოცემული რუკები, რომლის ორიგინალიც რუსეთის არქივიდან მოიპოვა და საქართველოს გადასცა შვეიცარიაში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა, დავით ხიდაშელმა.
დავით გარეჯის შესახებ და საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხის შემსწავლელ სახელმწიფო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში - „ნამდვილი რიცხვები“ ისაუბრა და მისი პრემიერ მინისტრობის დროს საკითხის გარშემო წამოჭრილ იმ ასპექტზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც 1938 წელს „ენ-კა-ვე-დეს“ მიერ გამოცემული რუკის მოპოვებისა და ამის მიხედვით, 1996 წელს შევარდნაძე-ალიევს ხელმოწერილი დოკუმენტის შესაბამისად, ორ მეზობელ ქვეყანას შორის სახელმწიფო საზღვრის დადგენის მცდელობას უკავშირდებოდა.
თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს „ნაძირალა დიქტატორი“ უწოდა და თქვა, რომ „ჩადენილია ღალატი“, რომელსაც „ჩვენ წავუსწარით ბედზე“.
„ჯერ კიდევ 1938 წელს, კავკასიის რესპუბლიკები შეთანხმდნენ, რომ იმ დროს, იმ წელს გამოშვებულ რუკებს გამოიყენებდნენ საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის დროს. მაშინ ბუნებრივია საბჭოთა კავშირი იყო და საბჭოთა კავშირში შევიდნენ ეს რესპუბლიკები ასეთი საზღვრებით. 1996 წელს, მაშინდელი პრეზიდენტების, ბატონი შევარდნაძის და ბატონი ჰეიდარ ალიევის შეთანხმებით, გაფორმდა შეთანხმება ორ სახელმწიფოს შორის, რომელშიც წერია შავით თეთრზე, რომ ორ სახელმწიფოს შორის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციას გააგრძელებდნენ 1938 წლის რუკის მიხედვით, 1:500 000-სთან შეფარდებით. როგორ ხდება დემილიტაცია-დემარკაცია? თუ 500 000-იანი საკმარისი არ არის და ვერ ადგენ, ვისაც ესმის, იცის, რომ შეუძლებელია ამ მასშტაბში გარკვევა დეტალების, მაშინ იყენებ 1:200 000-იანს, რომელიც არის ასე ვთქვათ, აქედან გამომავალი რუკა. 1:200 000-იანი რუკა საქართველოში ვერ მოვიძიეთ. მე მაშინ დავავალე ჩემს სამსახურებს, რომ დაეწყოთ ამ რუკის მოძიება, არქივებში არ არის არსად და ძალიან საეჭვოა თუ რატომ გაქრა და არსად არ მოიპოვება, მით უმეტეს ჩვენი უცხოელი ექპსერტები, რომელიც აქხლა დავიქირავეთ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიქირავა, მათივე დასკვნით, ეს რუკა საკმაოდ დიდი რაოდენობით არის დაბეჭდილი, იყო დაბეჭდილი და ამის მოპოვება არ უნდა ყოფილიყო რთული თუნდაც სააკაშვილისთვის, რომელიც თავდაპირველად იყო ძალიან ახლოს პრეზიდენტ პუტინთან. მოგეხსენებათ, რომ ძალიან ხშირი ვიზიტებიც ჰქონდათ, მისვლა-მოსვლა, მას შემდეგაც, ახლა აღარ გავაგრძელებ, რომ ომამდეც და ომის შემდეგ, პრაქტიკულად რუსული გავლენები არ შესუსტებულა, პირიქით. მე დეტალებს არ გავამჟღავნებ, მაგრამ მე ჩემს რამდენიმე კოლეგას ვთხოვე, როგორ მოგვეძიებინა ეს რუკები და ერთ-ერთი უცხო ქვეყნიდან, მე გავაგზავნე მინდია ჯანელიძე და ჩამოიტანა 1:200 000-თან რუკის ასლი. ეს რუკის ასლი გადასცეს უსაფრთხოების საბჭოს თანამშრომლებმა ბატონ ნოდარ ხორბალაძეს, რომელიც იყო მაშინ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი და ამის მერე მოხდა ამ რუკის წარდგენა ამ სახელმწიფო კომისიაში, რომელიც მუშაობს დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხებზე. მათი მხრიდან, ჩემი ინფორმაციით, ამან გამოიწვია ძალიან დიდი აღშფოთება, თუ საიდან გაჩნდა ეს რუკა და პირველი მარტივი კითხვა, რაც ჩვენ დავუსვით, რაც დაუსვეს მათ, რომ თქვენ გიწერიათ შეთანხმებაში - სახელმწიფოებმა მოილაპარაკეს, საქართველომ და აზერბაიჯანმა, რომ ვიყენებთ ამ რუკას, 1938 წლის რუკას, რატომ არ სარგებლობდით ამ რუკის მიხედვით? რატომ შეათანხმეთ სახელმწიფო საზღვრები 70-იან 80-იან წლებში გამოშვებული რუკებით? ძალინ მარტივი კითხვაა, ხომ? ძალიან მარტივი, რომ უნდა იყოს გამოყენებული 1938 წლის რუკა და ამაზე სახლმწიფოთა მეთაურები, ორივე, შევარდნაძე და ალიევი ხელს აწერენ 1996 წელს. პასუხი ბუნდოვანი იყო. ეს საუბარი, კონსტრუქციული, გადაიზარდა, ჩემი ინფორმაციით, არაკონსტრუქციულ და დესტრუქციულ ფორმატში. მე მაშინვე დავავალე სამსახურებს, რომ დაეწყოთ მოკვლევა აღნიშნულთან დაკავშირებით. მთავარი რაც მათ თქვეს, ისაა, რომ ეს არ არის სამუშაო რუკა, არქივიდან, ორიგინალთან დამოწმებული რუკა და ამას როგორ გამოვიყენებთ აზერბაიჯანთანო. ვეკითხებით, რომ 2014 წლამდე, თქვენ გქონდათ მცდელობა ბატონებო, რომ მოგეძიებინათ ეს რუკა, რომელიც თქვენი პირდაპირი ვალდებულება იყო?
და მივმართავ ახლა ამ მოღალატეებს, რომლებიც ახლა ბედავენ და ჯერ კიდევ აგრძელებენ უტიფარ საუბარს. პასუხი იყო, რომ არ ვიცით, როგორ მოგვეძიებინა და ა.შ. და რეალურად ჩვენ ნუთუ იმდენად მიამიტები ვართ, ჩვენ ყველანი, საზოგადოება, ასე გვთვლიან, რომ დავიჯეროთ, რომ კომისიების დონეზე წყდებოდა რაღაცები სააკაშვილის, ამ ნაძირალა დიქტატორის დროს? რა თქმა უნდა არა, პასუხი მარტივია. გრძელდება ეს პროცესი რამდენიმე თვე, ეს რუკა აქვთ, სამუშაო რუკა, 1:200 000-თან და მე დავტოვე პოსტი და მივდივარ სახლში. რა თქმა უნდა, ეს მთელი ინფორმაცია გადაეცათ შემდგომ ვინც იყვნენ პრემიერ მინისტრები.
შეკითხვაზე: „რატომ არ იყო გაგრძელება შემდგომ, ეს არქიმანდრიტმა კირიონმაც აღნიშნა, რომ როგორც კი თქვენ დატოვეთ პრემიერ მინისტრის პოსტი ამ საქმის, პროცესის განვითარება არ ჩანდა და ის მიესალმებოდა კიდეც თქვენს დაბრუნებას პოლიტიკაში... რითი ახსნით ამას, დაუდევრობით?“ - თავდაცვის მინისტრმა ასე უპასუხა:
„არ ვიცი, ვერ გეტყვით. მე არ მინდა, რომ სხვა ადამიანების ყურადღებასა თუ უყურადღებობაზე გავაკეთო კომენტარი“, აღნიშნა ღარიბაშვილმა და განაგრძო:
„გარკვეული ფრაგმენტები, ამ ბატონებმა, სააკაშვილი დავარქვათ, კოლექტიური სააკაშვილები არიან ყველანი, ვინც ეს ღალატი ჩაიდინა, მცდელობა ჰქონდათ და ჩვენ წავუსწარით ბედზე. ე.ი. მათ რა გააკეთეს? გარკვეულ მონაკვეთებზე გამოიყენეს 70-იან წლებში გამოშვებული რუკები, გარკვეულ მონაკვეთებზე 80-იან წლებში გამოშვებული რუკები და ერთ კონკრეტულ მაგალითს გეტყვით ახლა. ბაბაქი არის მწვერვალი, მთა, რომელიც დეფაქტო ჩვენს სარგებლობაში იყო და მიადგნენ ამ მწვერვალს, 2006-2007 წელს დაახლოებით და მაშინ უცებ გაახსენდათ, რომ უნდა გამოიყენონ 1938 წლის 1:200 000-იანი რუკა, გამოიყენეს და ამ მონაკევთში, ე.ი. ამ რუკის მიხედვით, 1938 წლის რუკის მიხედვით, აზერბაიჯანის მფლობელობის ქვეშ მოექცა აღნიშნული, სტრატეგიული, სამხედრო დანიშნულების სიმაღლე და გადაეცა აზერბაიჯანს, მოვიდნენ დავით გარეჯთან, უდაბნოს მხრიდან და ჩიჩხიტურის მხრიდან, ქედზე გამოატარეს პირდაპირ საზღვარი, არადა ქვევით უნდა გაეტარებინა, ქედის დაბლა, ქვევით, დაახლოებით 500 მეტრში, სხვათა შორის, აზერბაიჯანის მხარეს აშენებული აქვს სასაზღვრო პუნქტი, ბაზა, ჩემი ინფორმაციით, ამ რუკის მიხედვით რომ ვიხელმძღვანელოთ, ჩვენს ტერიტორიაზე ხვდება ეს სამხედრო ბაზაც, სასაზღვრო გამშვები პუნქტი. რატომღაც და საეჭვოა, და ამ კითხვას ვუსვამთ, რატომ არ იხელმძღვანელეთ 200 000-იანი რუკით? მოადგნენ ჩიჩხიტურს და მოადგნენ უდაბნოს და ამის საფუძველზე, 2007 წელს აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დააყენეს უდაბნოში და იწყება მთელი ეს გაუგებრობა მაშინ.
„2019 წელია, მაშინ უკვე პარტიაში დავბრუნდი, მამა კირიონი მირეკავს და მთხოვს შეხვედრას, მე ვხვდები და მიყვება მთელი ამ 4 წლის განმავლობაში რაც ხდებოდა თუ რაც არ ხდებოდა, დიდი გულისტკივილით, ემოციურად და მთხოვს, რომ ბატონი ბიძინა ჩავაყენოთ საქმის კურსში, იმიტომ, რომ მან გამოთქვა ვარაუდი, რომ ალბათ ბატონ ბიძინას სრული ინფორმაცია არ აქვს. ძალიან მალე ამ შეხვედრიდან მე ვინიშნები თავდაცვის მინისტრად და ისევ ვხვდები მამა კირიონს, ბატონ ხორბალაძეს და მოვიძიე რა ხდებოდა და მითხრეს, რომ ორიგინალი რუკა ვერ მოიძიეს, აზერბაიჯანელებს რომ აჩვენეს 2019 წელს ეს რუკა, თქვეს, რომ ეს სიახლეაო ჩვენთვის. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო მოსახლეობისთვის, რომ ქართულ მხარეს, თქვენ მხარეს არასოდეს, გაკვირვებულები დარჩნენ ეს ადამიანები, რომ პრეტენზია გაქვს 38 წლის რუკაზე, ანუ წარმოიდგინეთ ქართული მხარე ჩვენივე ინიციატივით ვიყენებდით 70-იან 80-იან რუკებს და ახლა მოდით ვთქვათ ჩვენში, რომ თუ რომელიმე ქვეყანა გვაჩუქებს ან გამოთქვამს სურვილს, რომ უფრო მეტი ტერიტორია მოგვცენ, რატომაც არ ავიღებთ, ხომ? ძალიან მარტივად რომ ვთქვათ. ჩვენი მეგობარი აზერბაიჯანელები დარჩნენ ძალიან გაოცებულები, თქვეს, რომ ეს რუკა არ ვიცით, მაგრამ ეს არ არის ორიგინალი რუკა, მაშინ გავხსნათ ჩვენი არქივები, ჩამოდით თქვენ, ჩამოვალთ ჩვენ და ვნახოთ რა რუკები გაქვთ. აქ არის ჩიხი უკვე. ანუ საქართველოს სახელმწიფოს მიეცა შესაძლებლობა, რომ ამ რუკაზე გადასულიყო, ანუ სტატუს-კვო დაბრუნებულიყო, სადაც ვიყავით და საიდანაც უნდა წამოვსულიყავით რეალურად, მაგრამ გავიჭედეთ იმიტომ, რომ ორიგინალური რუკები არ არსებობს. რა არის ორიგინალური რუკა. საბჭოთა კავშირის დროს, ეს არის ენ-კა-ვედეს რუკები, ბერიას დროინდელი და ამ რუკების ადგილები, სადაც ეს ინახებოდა, ეს არის რუსეთი, ბუნებრივია, მემკვიდრე საბჭოთა კავშირის, ოკუპანტი ქვეყანა. როგორ უნდა მოვიპოვოთ ეს არქივები ოკუპანტი ქვეყნიდან? დაისვა ეს საკითხი. მე ბატონ ბიძინას ვაყენებ საქმის კურსში, რომ საჭირო არის ამ რუკების მოძიება. ძალიან მალე, რამდენიმე დღეში, მე ვიღებ დავალებას, რომ ასეთი პიროვნება არის, ბატონი დავით ხიდაშელი, შვეიცარიაში მოღვაწე წარმატებული ქართველი, პატრიოტი კაცი, რომელთანაც უნდა მოხდეს დაკავშირება და რომელიც სავარაუდოდ, დაგვეხმარება აღნიშნული რუკების მოძიებაში. მან ბატონი ბიძინას ეს დავალება, დაკვეთა მიიღო ძალიან დიდი სიხარულით. 2019 წლის შემოდგომაზე დავიწყეთ მუშაობა და სულ რაღაც რამდენიმე თვეში, 3 აპრილს, ჩვენ ჩამოგვდის რუკები, ეს ორიგინალი, რუსეთის არქივიდან წამოღებული, გამოტანილი, დაარქვით სპეცოპერაცია, რაც გინდათ ეს დაარქვით, ოკუპანტი ქვეყნიდან გამოვიტანეთ ეს რუკა და არა მარტო ეს რუკა. მე არ მაქვს უფლება, კიდევ უფრო გავამჟღავნო სხვა უფრო მნიშვნელოვანი ინფორმაციები, დოკუმენტები, რომელიც გვაქვს. მე ვფიქრობ, ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში ასეთი სპეცოპერაციის დამგეგმავი, ინიციატორი და შემსრულებლები, როგორც მინიმუმ მადლობას იმსახურებენ და ჩემთვის ბატონი დავითის ქმედება, რა თქმა უნდა გმირობის ტოლფასია.
„გარდა ამ ორიგინალური რუკისა, რომელიც ჩვენ სასიცოცხლოდ გვესაჭიროებოდა, ბატონმა დავითმა ამერიკიდან ჩამოგვიატანა რუკა იმ პერიოდის, რომელიც ასევე ადასტურებს, რომ დავით გარეჯის ტერიტორია არის ჩვენს ტერიტორიაზე, იყო და არის და უნდა იყოს ჩვენს ტერიტორიაზე. ასევე, ამერიკის არმიის, ჯარის რუკა, ასევე საჰაერო ძალების რუკა, ასევე გერმანიის სამხედრო რუკა, ამას გარდა მოაყოლა, აზერბაიჯანის რუკებიც იყო, სხვა უმარავი ლიტერატურა, უამრავი წიგნი, რომელიც მან შეიძინა და საჩუქრად გადმოგვცა და მათ შორის, რეალურად გეტყვით მაშინ, რომ ეს დოკუმენტაცია ეხება მთელ სახელმწიფო საზღვრებს. ეს პროცესი გრძელდება, ამაზე მოგვიანებით, ახლა არ მინდა, რომ დავაბნიოთ ჩვენი მსემენელი. ახლა მთავარი კონცეტრაცია გვაქვს დავით გარეჯზე და ზოგადად ამ დავასთან მიმართებაში, რომელიც ამ მოღალატეებთან გვაქვს ჩვენ რეალურად“, განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.