საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტ მარგველაშვილს აკრიტიკებს. ზურაბიშვილი აშშ-ში გიორგი მარგველაშვილის ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას მის მიერ ემიგრანტების წინაშე ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე გამოთქმულ მოსაზრებას არ ეთანხმება და კითხულობს: "არ ვიცი ეს რას მივაწერო, ფილოსოფოსობას თუ საკითხში გაურკვევლობას - ჩანს რომ თქვენი თანამემამულეების ტკივილი ვერ გაგიგიათ".
აღნიშნულ თემაზე სალომე ზურაბიშვილი თავის მოსაზრებას Facebook -ის მეშვეობით გამოხატავს.
"რამდენიმე დღეა ისევ და ისევ ვკითხულობ თქვენ სიტყვებს ნიუ იორკის ემიგრანტებთან შეხვედრის დროს გამოთქმულს და გაოცებული ვრჩები.
ამ გამოსვლიდან - და არ ვიცი ეს რას მივაწერო, ფილოსოფოსობას თუ საკითხში გაურკვევლობას - ჩანს რომ თქვენი თანამემამულეების ტკივილი ვერ გაგიგიათ.
კიდევ უფრო გამაოცებელია რომ თქვენ, ბატონო პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციით უნდა იყოთ “ყოველთა ქართველთა“ უფლებების დამცველი (და ეს კომპეტენცია არ შეუძღუდეს არავის დღემდე) ესოდენ გულგრილად უდგებით (და ხუმრობის დროც მონახეთ) ემიგრანტების განსაცდელს და ტკივილს.
ვეცდები მოკრძალებით აგიხსნათ, ბატონო პრეზიდენტო, სად ცდებით და რა არ გესმით:
- ქართველი ემიგრანტები პროცედურების ახსნას (ზეპირად და თქვენზე უკეთ იციან რა ჯდება, რა დრო უნდა და რა უაზრო შინაარსის პროცედურებია) კი არ ელოდებიან თქვენგან, ბატონო პრეზიდენტო, არამედ გულთან მიტანასა და გაგებას იმისი, თუ რას წარმოადგენს მათთვის “მოქალაქეობის ჩამორთმევა"!! უსამართლო, მიუღებელი, და შეურაცხმყოფელი ჩამორთმევა! და ახალი ჭრილობა იმათთვის ვინც ისედაც სამშობლოს და ოჯახიდან განშორების ტკივილი თან დაყვება! თუ კი პრეზიდენტი მათი დამცველია ამის გაგება მოეთხოვება!
- საქმე, ბატონო პრეზიდენტო, არ ეხება ორმაგი მოქალაქეობის მიცემას, არამედ თუ რამდენად შესაძლებელია გავაჩეროთ ჩვენი ემიგრანტების (სხვანაირად მათ ეკონომიურ მნიშვნელობაზე და ქვეყნისთვის ფასზე საუბარი გულწრფელობას მოკლებულია და ცინიკურიც კი), არამედ სწორედ “ჩამორთმევის” პროცედურის შეჩერება, სანამ არ გამოსწორდება კონსტიტუცია და კანონმდებლობა.
- ყველამ იცის, ბატონო პრეზიდენტო, რომ თქვენ არ გაგაჩნიათ კანონმდებელი ძალაუფლება და ინიციატივა, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ არ გაგაჩნიათ უფლება “მართალი სიტყვის” თქმისა და როგორც სჩანს არ გიჭირთ ასეთი გამოსვლები, თუმცა უფრო ხშირად ერთ-ერთი ოპოზიციის უფლებების დასაცავად ... და რა დააშავა ემიგრაციამ რომ მას მხოლოდ არსებულ კანონს და პროცედურებს უფრიალებთ თვალწინ და თავს არიდებთ იმის თქმას, თუ რა “უნდა იყოს” და “როგორ გამოსწორდეს”! ნუთუ ამ საკითხთან დაკავშირებით თქვენი აზრი არ გაგაჩნიათ?
- ხომ არ უნდა ვიფიქროთ რომ იმიტომ არიდებთ თავს პოზიციის დაფიქსირებას (არც ერთ შეხვედრაზე ამ თემაზე ყველასგან განსხვავებით არ დათანხმებულხართ იმ გაუგებარი მოტივით, რომ ეს საკითხი თქვენს “კომპეტენციაში არ შედის”, 24 სექტემბრის უწყებათა და საზოგადოებას შორის პარლამენტის ეგიდით გამართულ განხილვაზე თქვენი წარმომადგენელიც არ ესწრებოდა ჩვენი დაჟინებული თხოვნის მიუხედავად) რომ რეალურად - მიშასავით - თქვენს ხელთ არსებული მინიჭების უფლება გაკმაყოფილებთ და ამის დაკარგვა არ გსურთ?
- ისიც გასაკვირია, ბატონო პრეზიდენტო, როცა ევროპელად და დემოკრატიის დამცველად თვლით თავს, რომ არ ეთანხმებოდეთ იმ პრინციპს, რომელიც გავრცელებულია დღეს მთელ მსოფლიოში და იგივე ამერიკაშიც (სადაც ადრე აკრძალვა სუფევდა) რომ ქვეყანა თავის მოქალაქეს არ უკარგავს მოქალაქეობას, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების დროს (ან ამის გამო) და არც აღიარებს, არც უარყოფს ორ(თუ სამ)მაგ მოქალაეობას ... თავისას ცნობს, უფრთხილდება და არ ჰკარგავს!
- კიდევ უფრო გასაკვირია, ბატონო პრეზიდენტო, ამდენი სტრატეგიული საკითხების გახილვისას ამერიკის ვიზიტის დროს, რომ ჩვენი რეალური სახელმწიფოებრივი საფრთხე ვერ აღიქვით: პუტინის პასპორტიზაციის შედეგად - რომელსაც ჩვენივე (თქვენს მიერ მოწონებულ) კანონმდებლობით ვამყარებთ და ლეგიტიმიზაციას ვაძლევთ- რეალურად საქართველო ჰკარგავს კონფლიქტურ რეგიონებზე იურიდიული პრეტენზიების უფლებას, რამეთუ ტერიტორიის შემდეგ ვკარგავთ ადგილზე საქართველოს მოქალაქეობის მქონე მოსახლეობას!
მაინტერესებს, ბატონო პრეზიდენტო, როგორ ჰგონიათ, აფხაზეთში მცხოვრები უკვე “ყოფილი" საქართველოს მოქალაქე რომელსაც პუტინმა მისცა რუსული პასპორტი და ჩვენ რო ვთვლით მოქალაქეობა დაკარგულად, შეძლებს მოგმართოთ, გაიაროს პროცედურები და აღიდგინოს მოქალაქეობა! თუ ვიფიქროთ უნდა რომ ამ კუთხით არ გიფიქრიათ ან არ დაინტერესებულხართ?
რაც აფხაზეთში, იგივე ცხინვალის რეგიონში, და ჯავახეთში! ნუთუ ამასაც არ თვლით , ბატონო პრეზიდენტო, თქვენ კომპეტენციად და თქვენი ზრუნვის ღირსად .... და თუნდაც უშიშროების საბჭოში განსახილავ საკითხად!
- ამ ერთი გადაწყვეტილებით, რომელიც, ბატონო პრეზიდენტო უნდა იყოს კონსენსუსით მიღებული, და როგორც პრეზიდენტი სწორედ ასეთ ზე პოლიტიკურ, არა პარტიულ, სახელმწიფოებრივ საკითხით უნდა იყოთ დაკავებული რომ ყველა პოლიტიკურძალებს შეაგნებინოთ ამის აუცილებლობა და თქვენი მორალური ავტორიტეტი ასეთ საკითხის გადასაწყვეტად გამოიყენოთ...
მაშინ და მაშინ მხოლოდ, ბატონო პრეზიდენტო, იქნებით ღირსი თქვენი ქვეშემდგომების მადლიერებისა... სამაგიეროდ დღეს როცა ემიგრანტები თქვენ გიძღვნიან მადლობებს იმ ხელისმოწერისთვის რომელიც მოყვება სხვა უწყებების მანკიერ მინიჭების პროცედურებს (ორი ცნობილი ადამიანის რეკომენდაცია იმისთვის რომ ქართველმა ქართველობა დაიბრუნოს ნორმალურად გეჩვენებათ!) და დადგენილებას, ამ მადლობის მიღება სამარცხვინოდ მეჩვენება! მეტადრე რომ ბოლოს და ბოლოს ეს პროცედურა, თუ კარგად წაიკითხავთ კონსტიტუციას, ორმაგი მოქალაქეობის მიღების პროცედურა კი არ არის (რომელიც ჯერ კიდევ ძველი კონცეფციების თანახმად აკრძალულია) არამედ არის შექმნილი უცხოელებისთვის და კანონის და კონსტიტუციის დარღვევით ვრცელდება ქართველ ემიგრანტებზე... ეს მაინც, ბატონო პრეზიდენტო, როგორც კონსტიტუციის გარანტს უნდა გაწუხებდეთ! და ისიც რომ ამ კანონმდებლობით სინამდვილეში ვაყენებთ უცხოელებს (სხვა მოქალაქეობის მქონე პირებს) უფრო მაღლა, ვიდრე ჩვენს მოქალაქეებს, ანუ დისკრიმინაციას ვუწყობთ ხელს, რაც, ჩემი გაგებით, პრეზიდენტისთვის მიუღებელი უნდა იყოს!
ასე რომ, ბატონო პრეზიდენტო, მაკ კეინებთან და სხვებთან სურათების გადაღება კი კარგია, მაგრამ ქვეყნის რეალურ საფრთხეებზე დაფიქრება და სწორი მორალური, პოლიტიკური და ეროვნული პოზიციის ჩამოყალიბება არა ნაკლებად აუცილებელია, თუ თქვენი თანამემამულეების და სახელმწიფოს ბედი მართლა გაღელვებთ და არ ეძებთ “მიშასეულად” ჯერ უცხოელების მოწონებას და ქართველების კი ამით მოხიბვლას!", წერს სალომე ზურაბიშვილი.

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.