სსიპ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი გონდრიოს საჯარო სკოლაში მიმდინარე წლის 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში ტრადიციულად დაწყებული სასწავლო პროცესი შეფერხების გარეშე, ჯანდაცვისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროების რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს.
აღნიშნულის შესახებ GUARDIAN.GE-ის დიდი გონდრიოს სომხური საჯარო სკოლის დირექტორმა, ამაიაკ მიქაელიანმა განუცხადა.

მისი თქმით, ამჟამად სკოლაში 143 მოსწავლე ირიცხება და სასწავლო პროცესის ახალი რეგულაციებით წარმართვის კუთხით პრობლემები არ გამოკვეთილა.

„მაქსიმალურად ვიცავთ შესაბამისი უწყებების მიერ დადგენილ რეგულაციებს, მოწყობილი გვაქვს დეზობარიერები, ხდება სკოლის შენობაში შემომსვლელი ყველა პირის - მასწავლებლების, მოსწავლეების და ა.შ. თერმოსკრინინგი, მოწყობილი გვაქვს საიზოლაციო ოთახი, რომლის დღემდე გამოყენების საჭიროებაც საბედნიეროდ არ გვქონია.
„2019 წელს, სკოლის ბიუჯეტიდან რემონტისთვის 63 000 ლარი დაიხარჯა, 60 000 ლარი კი, ნინოწმინდის მერიამ სველი წერტილების მოსაწესრიგებლად გამოყო და ამჟამად, ეს პრობლემა გადაწყვეტილია.

„ვიმედოვნებთ, რომ რეგულაციების დაცვით, კვლავ შევძლებთ სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში შეუფერხებლად გაგრძელებას“, უთხრა GUARDIAN.GE-ის ამაიაკ მიქაელიანმა.

მან ერევნის პედაგოგიური ინსტიტუტის მათემატიკის ფაკულტეტი 1974 წელს დაამთავრა, მშობლიურ სოფელში დაბრუნების შემდეგ პედაგოგიურ საქმიანობას შეუდგა, დიდი გონდრიოს სკოლის დირექტორად კი 1996 წელს დაინიშნა და 24 წელია, რაც ამ თანამდებობაზე მუშაობს.

„24 წელი, ვფიქრობ, ცოტა არ არის. მე ჩემი პროფესია ძალიან მიყვარს და ამ გადასახედიდან, როცა აფასებ განვლილ გზას, სინანულის გრძნობა არ მეუფლება, პირიქით, ამაყი ვარ იმით, რისი გაკეთებაც დღემდე შევძელი. მთავარია ჩემი საქმისთვის არ მიღალატია არასოდეს. პატიოსნად ვემსახურები არჩეულ პროფესიას. უზომოდ მიყვარს სკოლა და ბავშვები.

„ზამთარში, დიდთოვლობისას, დილის 6 საათზეც კი მივსულვარ სკოლაში, რომ სწავლის დაწყებამდე ეზოში, შენობასთან მისასვლელი ბილიკები გადამეთოვლა, რომ ბავშვებს და პედაგოგებს სკოლაში თავისუფლად გადაადგილების საშუალება ჰქონოდათ.

„დირექტორობა მარტო კაბინეტში კომფორტულად ჯდომა და დირექტივების გაცემა არაა, არამედ უდიდესი მოვალეობაცაა და თუ ამ პოსტზე მყოფ ადამიანს მთელი არსებით არ შეგტკივა გული შენს სკოლაზე, ბავშვებზე და პედაგოგებზე, მაშინ საქმის ჯეროვნად შესრულება არანაირად არ გამოგივა. ოჯახში იმასაც კი მსაყვედურობენ, რომ პირველ ადგილზე ყოველთვის სკოლა მაქვს დაყენებული - სკოლა, რომელიც ჩემთვის მეორე სახლია“, განუცხადა GUARDIAN.GE-ის ამაიაკ მიქაელიანმა რუსულ ენაზე.

მიქაელიანი წუხს, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი ეროვნების მისი თაობის ადამიანებმა საქართველოს სახელმწიფო ენა არ იციან, რადგან, მისი თქმით, საბჭოთა პერიოდში ქართული ენის სწავლების საკითხი ძალიან დაბალ დონეზე იდგა და პრიორიტეტულად, რუსული ენა ითვლებოდა.

„ჩვენს დროს, ნინოწმინდის, მაშინდელი ბოგდანოვკის რაიონის სომხურ სკოლებში კვირაში ქართული ენის მხოლოდ ერთი გაკვეთილი ტარდებოდა და ასეთ პირობებში არანაირად არ იყო შესაძლებელი ქართულის შესწავლა. თან გასათვალისწინებელია ისიც, რომ აქ სომხები კომპაქტურად ცხოვრობენ, ერთმანეთთან საურთიერთობო ენა, ბუნებრივია, სომხურია და ირგვლივ ქართულ ენაზე დამლაპარაკებელი ადამიანი არავინაა“, წუხს ამაიაკ მიქაელიანი და განაგრძობს:

„ახლა მდგომარეობა სკოლებში შეიცვალა, სასწავლო პროგრამაში ქართული ენა ყოველდღიურ საგნადაა შეტანილი და უკვე ახალი თაობა ქართულ ენაზე საუბარს და წერა-კითხვას კარგად ახერხებს. ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულების დიდი ნაწილი, ჩვენი და შემდგომი საბჭოთა თაობის ადამიანებისაგან განსხვავებით, სწავლას თბილისში განაგრძობს, ნაცვლად ერევნისა ან სომხეთის სხვა ქალაქებისა.

„შორს რომ არ წავიდე, ჩემი შვილიშვილი, რომელმაც დიდი გონდრიოს საჯარო სკოლა დაამთავრა, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს. ასეთი შემთხვევა, ჩვენი მუნიციპალიტეტიდან უკვე ბევრია და მე ამას მხოლოდ მივესალმები“, აცხადებს ამაიაკ მიქაელიანი.