(GUARDIAN.GE) - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააფრთხილა „დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი არ გამოაცხადოს თავი გამარჯვებულად.
„ჯო ბაიდენმა არაკანონიერად არ უნდა განაცხადოს პრეტენზია პრეზიდენტის ოფისზე. მეც ასევე შემიძლია მსგავსი პრეტენზია განვაცხადო. კანონიერი პროცედურები მხოლოდ ახლა იწყება“, დაწერა ტრამპმა „თვითერზე“.
ფაქტობრივად, ტრამპმა უკვე ორჯერ განაცხადა, რომ მან გაიმარჯვა არჩევნებში, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ხმების დათვლა არ არის დასრულებული და ბიულეტენების უმრავლესობის დათვლის შედეგად ამ დროისთვის ჯო ბაიდენი გამოკვეთილი უპირატესობით ლიდერობს.
„როგორი დიდი უპირატესობა მქონდა ყველა ამ შტატში არჩევნების ღამით, გვიან. დღეების გასვლის შემდეგ კი ეს პირველობა ჯადოსნურად გაუჩინარდა. შესაძლოა, ეს პირველობა დაბრუნდეს, როგორც კი ჩვენი კანონიერი პროცედურები წამოიწყება“, დაწერა ტრამპმა „თვითერზე“.
ბაიდენი წინ არის პენსილვანიის შტატში, სადაც ბიულეტენების 98% დათვლილია და თუკი ის ამ შტატში საბოლოო გამარჯვებას მოიპოვებს, საარჩევნო კოლეგიაში 273 ხმას აგროვებს, რაც გამარჯვებისთვის საჭირო 270 ხმაზე 3-ით მეტია.
სულ ახლახან განახლებული მონაცემებით ჯორჯიაში ბაიდენი 4 200-ზე მეტი ხმით არის წინ. ცოტა ხნის წინ კი იგი, როგორც ამას BBC იუწყება, მხოლოდ 1 600 ხმით უსწრებდა ტრამპს. საარჩევნო კომისიამ მონაცემები მას შემდეგ განაახლა, რაც ფოსტის მეშვეობით გვინეტის საგრაფოდან 7 000-ზე მეტი ბიულეტენი მიიღო.
მიუხედავად ამისა, ჯორჯიის შტატში, რომელსაც 16 საარჩევნო ხმა აქვს კოლეგიაში, საბოლოო შედეგზე გავლენას 8 890 სამხედროს მიერ ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი ბიულეტენები მოახდენს. თუმცა, როგორც BBC იტყობინება, თუკი ისინი მალე არ იქნა მიღებული და თუკი მათ საფოსტო მარკაზე 3 ნოემბერი იქნება მითითებული, მათ აღარ დაითვლიან.
„სად არის სამხედროების დაკარგული ბიულეტენები ჯორჯიაში? რა მოუვიდა მათ?“ - დაწერა ტრამპმა „თვითერზე“.
სამხედროების ხმები ტრადიციულად „რესპუბლიკელი“ კანდიდატისკენ იხრება, მაგრამ ტრამპის არაერთმა დაპირისპირებამ სამხედრო ლიდერებთან შესაძლოა, სხვა სურათი მოგვცეს. მისმა თავდასხმებმა თავდაცვის ყოფილ მდივანზე, გენერალ ჯიმ მატისზე და გენერალ ჯონ კელიზე, ისევე როგორც აწ გარდაცვლილ ჯონ მაკკეინზე შესაძლოა, ზოგიერთი სამხედროს ხმა „დემოკრატი“ კანდიდატისაკენ წარმართოს.
უფრო ადრე, ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივანმა ბრედ რაფენსბერგმა განაცხადა, რომ შტატში საპრეზიდენტო არჩევნების დათვლილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლა მოხდება. მისი თქმით, ამ დროისთვის მხოლოდ 4 169 ბიულეტენის და 8 000-ზე მეტი სამხედრო პირის ფოსტის მეშვეობით მიცემული ხმების დათვლაა დარჩენილი და ხელახალი გადათვლა მას შემდეგ დაიწყება, რაც ფოსტით ამ ბიულეტენებს მიიღებენ.
ამასობაში, ამერიკის შეერთებული შტატების „დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი აშშ-ის 2020 წლის 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში, ამ დროისთვის კვლავ მოწინავე პოზიციას ინარჩუნებს. BBC-ის საარჩევნო სისტემის თანახმად, ბაიდენი ახლა პენსილვანიის შტატში, რომელიც მთავარ საბრძოლო ველს წარმოადგენს, ტრამპზე 6 817 ხმით არის წინ. ცოტა ხნის წინ კი იგი მოქმედ პრეზიდენტს 5 587 ხმით უსწრებდა.
როგორც BBC იუწყება, ბაიდენი ასევე წინ არის ჯორჯიაში, სადაც ხმების 99% დათვლილია და სადაც ახლა უკვე მხოლოდ სამხედროების ხმების დათვლაა დარჩენილი.
პენსილვანიაში, სადაც ხმების 98% დათვლილია, ბაიდენი მოქმედ „რესპუბლიკელ“ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს 6 817 ხმით უსწრებს და როგორც ანალიტიკოსებს სჯერათ, დარჩენილი ბიულეტენების დათვლის შემდეგ ბაიდენი პირველ ადგილს შეინარჩუნებს, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი საარჩევნო კოლეგიაში გამარჯვებისთვის საჭირო 270 ხმაზე მეტს, 273-ს მიიღებს და ქვეყნის 46-ე პრეზიდენტი გახდება.
მას მცირედი უპირატესობა აქვს ნევადაშიც, სადაც ბიულეტენების 89%-ია დათვლილი. საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ ჯერ კიდევ დასათვლელია 190 000 ბიულეტენი.
არიზონაში, სადაც ამ დროისთვის ხმების 90%-ია დათვლილი, ბაიდენი 1.6%-ით ლიდერობს. იქ, ხუთშაბათ ღამის მონაცემებით, დაახლოებით 300 000 ბიულეტენი იყო დასათვლელი.
ბიულეტენების დათვლა მიმდინარეობს ჩრდილოეთ კაროლინაში, სადაც ხმების 95%-ია დათვლილი და სადაც ტრამპი 1.4%-ით ლიდერობს. მოქმედი პრეზიდენტი წინაა ალასკაშიც, სადაც ხმების 56%-ის დათვლის შემდეგ მას 62.95 აქვს მოპოვებული. მაგრამ თუკი ბაიდენი გაიმარჯვებს ან პენსილვანიაში ან ჯორჯიაში, ნევადასა თუ არიზონაში, იგი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ხდება.
როგორც BBC იტყობინება, თუკი ბაიდენი პენსილვანიაში გაიმარჯვებს, მას საარჩევნო კოლეგიაში 273 ხმა ექნება და ეს უკვე მის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას უზრუნველყოფს.
საარჩევნო კოლეგიაში პენსილვანიას 20 ხმა აქვს და ეს შტატი ყოველთვის მთავარი საბრძოლო ველი იყო საპრეზიდენტო არჩევნების დროს. შტატმა 6 საპრეზიდენტო არჩევნებზე ზედიზედ „დემოკრატებს“ მისცა ხმა 2016 წლამდე, როცა ეს შტატი „რესპუბლიკელი“ ტრამპისკენ გადაიხარა და ხმა მას მისცა.
აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების რაოდენობა ბოლო 120 წლის განმავლობაში რეკორდულია და 66.9%-ს შეადგენს.
ბოლო 120 წლის განმავლობაში, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე ყველაზე მეტი ამომრჩეველი - 73.7% - 1900 წელს მივიდა.
პენსილვანიის „რესპუბლიკელი“ სენატორი პეტ ტომი ტრამპის პარტიიდან იმ რამდენიმე ადამიანს შორისაა, რომელიც პრეზიდენტის მიერ თეთრ სახლში გაკეთებული იმ განცხადების წინააღმდეგ გამოდის, რომლის მიხედვითაც არჩევნები „მოპარულია“.
„მე ვუყურე პრეზიდენტის სიტყვას გასულ ღამეს და ის ძალიან მძიმე სანახავი იყო“, უთხრა სენატორმა NBC -ის.
„პრეზიდენტის ბრალდებები ფართომასშტაბიან გაყალბებასა და არჩევნების მოპარვაზე არ არის დამტკიცებული. მე აქ რაიმე მნიშვნელოვან კანონსაწინააღმდეგო ქმედებაზე ინფორმაცია არ გამაჩნია.
„შეხედეთ, ყოველ არჩევნებზე არის დარღვევები. ისინი ჩვეულებისამებრ ძალიან მცირეა და მოიცავს მხოლოდ ერთ ბღუჯა ბიულეტენებს“, განაცხადა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა, რომელიც პენსიაზე გასვლას 2022 წელს აპირებს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არა პოპულარული, პირდაპირი გზით მიღებული ამომრჩევლების ხმები, არამედ 538-კაციან საარჩევნო კოლეგიაში მოპოვებული ხმების რაოდენობა განაპირობებს.
შესაძლებელია, რომ კანდიდატმა საარჩევნო კოლეგია მოიგოს, მაგრამ წააგოს პოპულარული ხმები. ასეთი რამ მოხდა 2016 წელს, 2000 წელს და 1800-იან წლებში სამჯერ.
იმ შემთხვევაში თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს საჭირო ხმებს საარჩევნო კოლეგიაში, კენჭისყრა კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში ინაცვლებს. კონგრესმენები პრეზიდენტს სამი წამყვანი კანდიდატიდან ირჩევენ. ვიცე-პრეზიდენტს კი სენატი ირჩევს - ორი კანდიდატიდან.
ასეთი რამ ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში მხოლოდ ერთხელ მოხდა, 1824 წელს, როცა წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტად ჯონ ქუინზი ადამსი აირჩია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.