აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიები განცხადებას ავრცელებენ.
„აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოში იმ დროს ჩამოვიდა, როდესაც ჩვენი ქვეყნისთვის, რეგიონისთვის და მთელი ევროატლანტიკური სივრცისთვის მნიშვნელოვანი საფრთხეები და ახალი შესაძლებლობები გამოჩნდა.
პუტინის რუსეთი და სხვა ტოტალიტარული რეჟიმები მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნიან რეგიონში მშვიდობას და თავისუფალი სამყაროს უსაფრთხოებას. სახელმწიფო მდივნის ვიზიტი მკაფიო გზავნილია, რომ აშშ რჩება რეგიონში და დგას მისი პარტნიორების გვერდით, იცავს მეგობრების სუვერენიტეტსა და თავისუფლებას.
პოლიტიკური გარღვევისთვის ახლა საჭიროა უსაფრთხოების სფეროში დინამიკის ჩვენება, რაც აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადაყვანას გულისხმობს, როგორიცაა ამერიკული სამხედრო ინფრასტრუქტურის საქართველოში განთავსება და ნატო-ში გაწევრიანების გზაზე შემდგომ ეტაპზე გადასვლა.
პუტინის რუსეთი თავისუფალი ქვეყნების სუვერენიტეტს, ამ ქვეყნებში დემოკრატიული სისტემის ეროზიის გზითაც ებრძვის, სწორედ ამიტომაა განსაკუთრებული შეშფოთების საგანი ის, რასაც ივანიშვილი აკეთებს საქართველოში. არჩევნების გაყალბება, სასამართლოს პოლიტიზაცია და პოლიტპატიმრები, პოლიტიკური ოპონენტების დევნა, დასავლური ინვესტიციებისთვის ხელის შეშლა და სტრატეგიული მნიშვნელობის საერთაშორისო პორტის ანაკლიის მშენებლობაზე უარის თქმა – ეს ის ნიშნებია, რაც სწორედ საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე მიუთითებს. აღსანიშნავია, რომ რეგიონის ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე სახელმწიფო მდივანმა პომპეომ 2019 წლის ივნისში ისაუბრა. ივანიშვილის მხრიდან ეს იმ გზის განმეორებაა, რაც იანუკოვიჩმა უკრაინაში მოახდინა. თავისუფალმა სამყარომ ფხიზლად უნდა მიადევნოს თვალი დემოკრატიული უკუსვლის ამ ნიშნებს საქართველოში.
ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმების თავისუფალ სამყაროსთან დაპირისპირებაში, დემოკრატიასთან ერთად საკვანძო მნიშვნელობისაა ეკონომიკური თავისუფლების მოპოვება. ეს რეჟიმები აკრძალული მეთოდებით იბრძვიან თავისუფალი ბაზრის წინააღმდეგ. საჭიროა დასავლეთის მოკავშირეებს ჰქონდეთ ლეგიტიმური უპირატესობა, რაც თავისუფალ ვაჭრობაზე ხელშეკრულებასა და მეტ ამერიკულ ინვესტიციას გულისხმობს, მათ შორის გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვან პროექტებში, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა.
საქართველომ უნდა მოახერხოს დემოკრატიზაციის ახალ ეტაპზე გადასვლა, რასაც საფრთხეს უქმნის ივანიშვილის მხრიდან ძალაუფლების მიტაცება და დემოკრატიული ინსტიტუტების რღვევა. ჩვენი ვალდებულებაა ხელი შევუშალოთ ამ პროცესს, მივაღწიოთ გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას თავისუფალ სამყაროსთან ერთად და მოვახერხოთ თავისუფალი ქვეყნის მშენებლობა“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ: „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი“, მოძრაობა „ლელო საქართველოსთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლეიბორისტული პარტია“, „მოქალაქე“, „თავისუფალი დემოკრატები“, „ახალი საქართველო“, „რესპუბლიკური პარტია“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „ევროპული დემოკრატები“, „ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“, მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისათვის“, „ემსახურე საქართველოს“, „სამართლიანობისთვის“, „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის“, „თავისუფლება“, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“, „კანონი და სამართალი“, „გამარჯვებული საქართველო“, „თავისუფალი საქართველო“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.