ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და მისი პარტნიორი ორგანიზაცია CRRC– საქართველოს მიერ წარმოდგენილი უახლესი კვლევის შედეგების მიხედვით, ბოლო ერთი წლის მანძილზე, საქართველოს მოსახლეობის 47%-სთვის ცხოვრების დონე არ შეცვლილა, 43%–თვის კი გაუარესდა.
ყველაზე მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ საკითხებს შორის დასახელდა გზები, წყალმომარაგება, გაზმომარაგება და გარემოს დაბინძურება. გამოკითხულები მიიჩნევენ, რომ მათი ქალაქი/სოფელი საცხოვრებლად უსაფრთხოა (83%) და კარგი ადგილია ბავშვების გასაზრდელად (72%), თუმცა მათმა უმრავლესობამ (80%) ასევე განაცხადა, რომ არ გააჩნიათ დასაქმების ადეკვატური შესაძლებლობები. ამასთანავე, მოსახლეობის 66% თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს.
რესპონდენტებმა თავიანთი ქალაქის/სოფლის განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან შესაძლებლობებად ტურიზმი, მიწადმოქმედება, მესაქონლეობა და მსუბუქი მრეწველობა დაასახელეს.
აღნიშნული კვლევა პირველია NDI–სა და CRRC-საქართველოს ერთობლივ კვლევებს შორის, რომელიც ძირითადად ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე ფოკუსირდება. კვლევა მოიცავს წარმომადგენლობით შერჩევას შემდეგ თვითმმართველ ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, გორი, თელავი, ახალციხე, ოზურგეთი, მცხეთა და ასევე გურჯაანის მუნიციპალიტეტში. მოსახლეობასა და ადგილობრივ თვითმმართველობას (მერი/გამგებელი, საკრებულოს წევრები, გუბერნატორი) შორის კომუნიკაცია მინიმალურია: 2014 წლის არჩევნების შემდეგ, საკრებულოს წარმომადგენელი დაკავშირებია გამოკითხულთა 6%–ს, მერიის წარმომადგენელი – 3%-ს, გუბერნატორის წარმომადგენელი კი მხოლოდ 1%-ს. მოქალაქეების ინფორმირებულობა თვითმმართველი ორგანოების საქმიანობის შესახებ, ასევე ძალიან დაბალია: მოსახლეობის დაახლოებით 60% ამბობს, რომ “საერთოდ არაფერი იცის” მათი საქმიანობის შესახებ, 83%-მა კი ვერ შეძლო დაესახელებინა მისი საკრებულოს მაჟორიტარი. სამოქალაქო ჩართულობის დონე საჯარო ღონისძიებებში, პეტიციებსა და დემონსტრაციებში ასევე დაბალია. კომუნიკაციის სიმცირის მიუხედავად, ის რესპონდენტები, რომლებსაც ჰქონიათ შეხება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, ამბობენ, რომ გაწეული მომსახურება იყო კომპეტენტური (69%) და თავაზიანი (88%). ამასთანავე, მოსახლეობა დადებითად აფასებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და იუსტიციის სახლების მომსახურებას; 89% ამბობს, რომ კმაყოფილია იუსტიციის სახლებში მიღებული მომსახურებით. "წინა გამოკითხვების მსგავსად, ამ კვლევაშიც გამოიკვეთა, რომ მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს დასაქმების პრობლემა, ცხოვრების დონე და თავიანთ ქალაქებსა და სოფლებში ეკონომიკური ზრდის პერსპექტივების ნაკლებობა. მოსახლეობას სურს იხილოს გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა და უფრო სუფთა გარემო. მთელი ქვეყნის მასშტაბით შეინიშნება მინიმალური კომუნიკაცია მოქალაქეებსა და მათ მიერ არჩეულ თანამდებობის პირებს შორის, თუმცა, როდესაც ასეთ კომუნიკაციას აქვს ადგილი, მოქალაქეები საკმაოდ დადებითად აფასებენ მას. ეს მნიშვნელოვან შესაძლებლობაზე მიუთითებს. ამან ბიძგი უნდა მისცეს ადგილობრივ თვითმმართველობებს, რათა მათ უფრო ეფექტური კომუნიკაცია დაამყარონ მოქალაქეებთან, მოუყვნენ მათ თავიანთი საქმიანობის შესახებ და ხელი შეუწყონ მოქალაქეების მეტ ჩართულობას,” – განაცხადა ლორა თორნტონმა, NDI საქართველოს დირექტორმა.
ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და მისი პარტნიორი ორგანიზაცია CRRC–საქართველო რეგულარულად იკვლევენ მოსახლეობის აზრს და საზოგადოებას ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად მნიშვნელოვან მონაცემებს სთავაზობენ. კვლევის კითხვარი ადგილობრივ თვითმმართველობებთან, პარტიებთან, სამინისტროებთან და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან კონსულტაციების შედეგად შემუშავდა. კვლევის მიზანია ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კვლევებიდან მიღებული ინფორმაცია ეხმარება მათ საქმიანობას და გამოთქვამენ სურვილს, კვლავაც გაგრძელდეს მსგავსი გამოკითხვები. გამოკითხვა ამა წლის 8 აგვისტო-10 სექტემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4,448 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის მოსახლეობას შორის ჩატარდა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 3.01%. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.