ცოტა ხნის წინათ პროექტის "პარტნიორობა დემოკრატიული განვითარებისათვის Inter-EKiP 2015" ფარგლებში, იმერეთის მხარის დელეგაცია სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილის იოსებ ხახალეიშვილის ხელმძღვანელობით, პოლონეთის კუიავსკო–პომორსკის რეგიონს სტუმრობდა. დელეგაციის წევრებს შორის იყო ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ჯემალ მებუკე. აღნიშნულ თემაზე და ასევე ხონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ჯემალ მებუკე, მცირე ფორმატის ინტერვიუში საუბრობს.
ბატონო ჯემალ, რამდენადაც ვიცით, ახლახან პოლონეთში იმყოფებოდით ვიზიტად. ვინ იყავით დელეგაციის შემადგენლობაში?
დიახ, მოგახსენებთ. დელეგაციის შემადგენლობაში გახლდათ იმერეთის ვიცე გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი, ტყიბულის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე, წყალტუბოს გამგებელი კონსტანტინე მამისეიშვილი, და მე, თქვენი მონა-მორჩილი!
კონკრეტულად რა სახის შეხვედრები გამართეთ პოლონეთში?
ეს იყო ძირითადად სოფლის მეურნეობის კუთხით არსებული მდგომარეობის გაცნობა. საკუთარი თვალით ვიხილეთ ფერმერული მეურნეობების და გადამამუშავებელი საწარმოების მუშაობა. ამ სფეროებში პოლონელები უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით მუშაობენ.
გქონდათ თუ არა შეხვედრები ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან?
ბიზნეს წრეებთან არ გვქონდა შეხვედრები. ეს იყო ძირითადად ორ რეგიონს შორის თანამშრომლობის განვითარება, მათი გამოცდილების გაზიარება, ძირითადად სოფლის მეურნეობის სფეროში. ამ რეგიონში არის ასეთი საკურორტო ქალაქი - ცეხოჩინეკი და წყალტუბოსთნ მისი დაძმობილების საკითხებს ჩაეყარა საფუძველი.
პოლონეთში რომელ რეგიონში იყავით?
ჩვენ ვიმყოფებოდით კუიავსკო–პომორსკის რეგიონში, სადაც ორ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. გახლდით ძველ ქალაქ ტორუში, მდინარე ვისლის სანაპიროზე. ეს არის უძველესი და ულამაზესი ქალაქი, კოპერნიკის სამშობლო. სხვათა შორის, რამდენიმე სახლი გვაჩვენეს, რომელთაგანაც სავარაუდოდ ერთ-ერთში დაბადებულა კოპერნიკი. ეს ასევე შოპენის მხარე გახლავთ! უფრო მეტიც, რომის პაპი, იოანე პავლე მე-2 წარმოშობით ამ რეგიონიდან იყო, ასევე პრეზიდენტი, ლეხ ვალენსა. ძალიან ამაყობენ ამ ღირსეული ადამიანებით. ჩვენ შევხვდით ამ მხარის გუბერნატორს! იქ სტრუქტურა ცოტა სხვანაირია და მას მარშალი ჰქვია! ამავე რეგიონს გააჩნია პარლამენტი, პარლამენტის თავჯდომარეს პრეზიდენტი ჰქვია. ძალიან თბილი იყო მიღება, ხალხიც ძალიან თბილი გახლავთ. დიდი სურვილი აქვთ იმისა, რომ იმეგობრონ ჩვენთან და გაგვიზიარონ თავიანთი გამოცდილება.
რაიმე სახის ინვესტიციის განხორციელებაზე ხომ არ ყოფილა საუბარი?
ამ ეტაპზე არ ყოფილა, ისე რაღაც სურვილები არის და ვნახოთ რა იქნება მომავალში.
ვისი დაფინანსებით განხორციელდა თქვენი პოლონეთში ვიზიტი?
მთლიანად პოლონეთის მხარის, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა ჩვენი ვიზიტი, კვების თანხაც კი მათ დაფარეს.
მომავალში გაქვთ თუ არა დაგეგმილი ანალოგიური ვიზიტი რომელიმე სხვა ქვეყანაში?
ჯერჯერობით არ გვაქვს დაგეგმილი, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ მსგავსი ვიზიტები მნიშვნელოვანია, მომავალშიც შესაძლოა განხორციელდეს ანალოგიური ვიზიტი ევროპის რომელიმე ქვეყანაში. რაც შეეხება პოლონეთს, მოგეხსენებათ, ის ერთ-ერთი ძლიერი სახელმწიფო გახლავთ ევროპის და ბუნებრივია, მათი გამოცდილების გაცნობა შემდეგ მუშაობაში წაგვადგება და ძალიან სასარგებლო იქნება.
რაც შეეხება წელს განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ამ მხრივ რა მდგომარეობააა ხონის მუნიციპალიტეტში? იქნებ დაგვისახელოთ კონკრეტული პროექტები?
მინდა გითხრათ რომ წლევანდელი პროექტები თითქმის დასრულებულია! ეს იყო სამი საბავშვო ბაღის მშენებლობა, სამუსიკო სკოლის, ასევე სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის რეაბილიტაცია; გზების, რამდენიმე ქუჩის მოასფალტება და სანიაღვრე არხების აღდგენა. ასევე მინდა გითხრათ, რომ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის რეგიონული ფონდიდან 1 მილიონ რვაასი ათასის ღირებულების პროექტები განხორციელდა. გარდა ამისა, სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციოდ სოფელ კინჩხაში და სოფელ მათხოჯში მდინარე ცხენისწყალზე ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს. სოფელ გორდიდან სოფელ კინჩხამდე გზის მოასფალტება დასრულებულია, სანიაღვრე არხების მოწყობითურთ. კაპიტალურად გაკეთდა ეს გზა და მინდა გითხრათ რომ ძალიან ხარისხიანადაც, რაც ბუნებრივია, გაცილებით უფრო მეტად შეუწყობს ხელს ტურისტების ნაკადის მოზიდვას. მინდა გითხრათ, რომ კინჩხის ცენტრიდან ჩანჩქერამდე გზის მოასფალტებაც ხორციელდება.
ბრძანეთ, რომ განვითარდა ტურისტული ინფრასტრუქტურა თქვენს მუნიციპალიტეტში. აისახა თუ არა ეს ტურისტების რაოდენობის ზრდაზე?
რა თქმა უნდა, შეიძლება ითქვას რომ გაორმაგდა ტურისტების ნაკადი! ძალიან ბევრი ვიზიტორი სტუმრობდა წელს ჩვენს რაიონს და სწორედაც რომ გზების მშენებლობა და სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება ხელს შეუწყობს ტურისტების უფრო მეტი ნაკადის მოზიდვას.
თეონა ბეჟანიშვილი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.