პირველი ქართველი ჰააგის სასამართლოში - 56 წლის გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის მოსამართლე 9 წლის ვადით იქნება
19-12-2020, 20:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პირველი ქართველი მოსამართლე ჰააგის სასამართლოში გოჩა ლორთქიფანიძე იქნება. იგი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ICC) მოსამართლედ აირჩიეს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჰააგის სასამართლოში ქართველი მოსამართლე იქნება.

 


აღმოსავლეთ ევროპის კვოტით წარდგენილ გოჩა ლორთქიფანიძის კანდიდატურას ხმა 76-მა დელეგატმა მისცა. ჰააგის მოსამართლე ის 9 წლის ვადით იქნება.

 


გოჩა ლორთქიფანიძემ არჩევნების ორივე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვა. ამ დროისთვის 6 მოსამართლის პოსტზე მხოლოდ ორი - გოჩა ლორთქიფანიძის და იოანა კორნერის (ბრიტანეთი) კანდიდატურებია დამტკიცებული. დარჩენილ 4 მოსამართლეს დელეგატები კენჭისყრის მესამე რაუნდზე ორშაბათს აირჩევენ.

 


გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოში მოსამართლის კანდიდატად საქართველომ 2020 წლის მარტში აღმოსავლეთ ევროპის კვოტით წარადგინა, ვინაიდან უფლებამოსილების ვადა ჩეხ მოსამართლეს ეწურება. ჩეხი მოსამართლის უფლებამოსილების ამოწურვასა და გოჩა ლორთქიფანიძის, როგორც ჰააგის სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების ცნობას თვეები სჭირდება, მანამდე კი გოჩა ლორთქიფანიძე იუსტიციის სამინისტროში გააგრძელებს საქმიანობას.

 


აღსანიშნავია, რომ ეროვნულ დონეზე გოჩა ლორთქიფანიძის კანდიდატურას პარლამენტში ღია მხარდაჭერა გამოუცხადა როგორც უმრავლესობამ, ისე ოპოზიციამ და, საბოლოოდ, მაღალი ლეგიტიმაციის ხმებით − 91 დეპუტატის მხარდაჭერით − 2020 წლის 20 მარტს დაამტკიცა.

 


ჰააგის სასამართლოს მოსამართლედ არჩევისთვის სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს, კანდიდატმა კონკურსი გაიარა და საარჩევნო კამპანია აწარმოა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში.

 


გოჩა ლორთქიფანიძის კანდიდატურა ეროვნულ დონეზე მაღალი სტანდარტის პროცედურების დაცვით შეირჩა:

 


• შერჩევის პროცედურა დამტკიცდა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 იანვრის დადგენილებით და იყო ყველასათვის ხელმისაწვდომი;

 


• შერჩევის პროცედურა სრულად შეესაბამებოდა ჰააგის სასამართლოს წესდების (რომის სტატუტის) მოთხოვნებს;

 


• კონკურსის მაქსიმალური გამჭვირვალობისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ოფიციალური კორესპონდენცია დაეგზავნა მთლიან სასამართლო სისტემას, ადვოკატთა ასოციაციას, პროკურატურას, უნივერსიტეტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს;

 


• კანდიდატის კვალიფიკაცია შეაფასეს და მოიწონეს ჰააგის სასამართლოს ყოფილმა უმაღლესი თანამდებობის პირებმა − ყოფილმა მოსამართლე ეკატერინა ტრენდაფილოვამ და ყოფილმა განმწესრიგებელმა ჰერმან ვან ჰებელმა;

 


• კანდიდატის პროფესიული რეპუტაცია და რომის სტატუტის მოთხოვნებთან შესაბამისობა მთავრობის წარდგინებით შეაფასა საქართველოს პარლამენტმა;

 


• კანდიდატს ღია მხარდაჭერა გამოუცხადა როგორც უმრავლესობამ, ისე ოპოზიციამ და საბოლოოდ საკმაოდ მაღალი ლეგიტიმაციის ხმებით − დეპუტატების 3/5-ის უმრავლესობით − დამტკიცდა გოჩა ლორთქიფანიძის კანდიდატურა.

 


კანდიდატის შერჩევის პროცესში ჩართული იყვნენ იურიდიული პროფესიული და აკადემიური წრეები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ჰააგის სასამართლოს ყოფილი უმაღლესი თანამდებობის პირები, ხელისუფლების აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტო.

 


აღსანიშნავია, რომ ასეთი მაღალი ლეგიტიმაციის მქონე კანდიდატის შესარჩევი პროცედურა, საქართველოს გარდა, არცერთ სახელმწიფოს არ უწარმოებია, რაც, სხვა გარემოებებთან ერთად, საქართველოდან წარდგენილი კანდიდატის საერთაშორისო დონეზე წარმატების საფუძველი გახდა.

 


გოჩა ლორთქიფანიძე სამართლის პროფესორია. მან 1991 წელს დაამთავრა თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი იურისტი-სამართალმცოდნის სპეციალობით. 1995 წელს დაამთავრა ესექსის უნივერსიტეტის (ინგლისი) სამაგისტრო პროგრამა ადამიანის უფლებების სამართალში, ხოლო 2004 წელს - ჰარვარდის უნივერსიტეტის (აშშ) საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამა. 2011-2014 წლებში მუშაობდა სადოქტორო დისერტაციაზე ფორდამის უნივერსიტეტში (აშშ).

 

 

1991-2005 წწ-ში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე, მათ შორის იყო გაეროს სამმართველოს უფროსი, საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველი, საგანგებო დავალებათა ელჩი და გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის სამართლებრივი მრჩეველი.

 

 

2005 წელს დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის საკითხებში. 2007 წელს გახდა ფულბრაიტის სტიპენდიანტი და საქმიანობა ქ. ნიუ-იორკში აკადემიურ სფეროში გააგრძელა. 2007-2010 წლებში იყო კოლუმბიის უნივერსიტეტის მოწვეული მკვლევარი, 2010-2013 წლებში ამავე უნივერსიტეტის ადიუნქტ-პროფესორი, ასწავლიდა ადამიანის უფლებებს, მიჰყავდა აკადემიური პროგრამები იძულებით გადაადგილებული პირების და ქალთა უფლებების შესახებ.

 


2012 წლის 19 ნოემბრიდან არის საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, 2020 წლის 1 ოქტომბრიდან - მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი.

 


აგრძელებს აკადემიურ საქმიანობას როგორც ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი და მოწვეული ლექტორი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტში.

 


არის ევროპის საბჭოს გენდერული თანასწორობის კომისიის, ვენეციის კომისიისა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაზარალებულთა ფონდის დირექტორატის წევრი.

 


გოჩა ლორთქიფანიძე ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

 


ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი