"სულ არ მადარდებს, "წყალი თუ მეწყერი" დაემუქრება რცხილაძის მოსკოვს ან ბოკერიას ვაშინგტონს"!
18-02-2014, 01:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 


თანამედროვე ქართული პოლიტიკური აზროვნებისათვის პოზიციების პოლარულობა დამახასიათებელია. ეს კი, მის სიმწიფეზე არ მეტყველებს, სამწუხაროდ... ერთნი, "ბრმად ან შეგნებულად" ეწეოდნენ და ეწევიან ანტირუსულ კამპანიას და ამაში ხედავენ საქართველოს გამთლიანების და განვითარების "პერსპექტივას", ხოლო მეორენი, ასევე "ბრმად ან შეგნებულად" პრორუსული აგიტაციით არიან დაკავებულები და ამაში ხედავენ საქართველოს "გადარჩენის შანსს"! ევრაზიის ინსტიტუტის დირექტორი, პოლიტოლოგი გულბაათ რცხილაძე, თავის სტატიაში ("საქინფორმი", 22.10.2013.), - "ორი "ჯადოსნური" წინადადება არჩევნების მოსაგებდ", წერს:"..აუცილებელია დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა (რუსეთთან) ზედმეტი ლაპარაკის გარეშე და სასურველია, დავიწყოთ კვალიფიციური მსჯელობა, საბაჟო კავშირთან დაახლოების თაობაზე". დიახ, აი ასე, დარწმუნებით და ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მოგვიწოდებს პატივცემული ბატონი და ეჭვიც არ ეპარება თავისი "პოლიტსტრატეგიის" სისწორეში... მოდით, ბ-ნი რცხილაძის ამ სტატიის დინებას მივყვეთ, მითუმეტეს, რომ კოალიცია "ქართული ოცნების" მიერ შერბილებულმა და თავაზიანმა რიტორიკამ რუსეთის მიმართ, მართალია პოლიტიკურ ასპექტში ბევრი ვერაფერი შეცვალა, მაგრამ მოსკოვის პოლიტიკური ტონალობები აშკარად კეთილგანწყობილი გახადა და არის საშიშროება იმისა, რომ ღიად პრორუსულმა პოლიტძალებმა პროვოკაციული აქტიურობით დისკრედიტირება მოახდინონ ჯერ არ მომწიფებული პოლიტიკური პროცესების, რომლებიც რუსულ-ქართულ ურთიერთობებში დაძაბულობას მოხსნიან და რეალურს გახდიან პრობლემების საბოლოო მოგვარებას!..

 


მოკლედ, რას გვთავაზობს ბ-ნი რცხილაძე, იგი წერს, რომ - 1. "დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა რუსეთთან არ ნიშნავს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობის" აღიარებასო"! - შემდეგ აგრძელებს - 2. "კოსოვო აღიარა დასავლეთის დიდმა ნაწილმა, მაგრამ სერბეთს არც ერთ დასავლურ სახელმწიფოსთან (და თუნდაც არადასავლურთან) დიპლომატიური ურთიერთობა არ გაუწყვეტია. ბელგრადში ყველა უცხოური საელჩო ფუნქციონირებს, ისევე, როგორც პრიშტინაშიო (კოსოვო)". - მერე კი, გადადის "ბავშვურ" რიტორიკაზე - 3. "ჩვენ რომ ვიძახოთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სამი საელჩოს არსებობა დაუშვებელიაო, განა ამ ძახილით ორი უკვე არსებული საელჩო დაიხურება?! იქნებ სჯობს, რომ მესამე საელჩო თბილისში იყოს, რათა მეტი გავლენა ვიქონიოთ რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებებზეო?!" - ბოლოში კი, "ხალხით" აპელირებს და საშიშ თეზას წარმოსთქვამს - 4. "საბედნიეროდ, ეს ანბანური ჭეშმარიტებები ჩვენი ხალხის დიდ ნაწილს უკვე კარგად აქვს გაცნობიერებული. ხალხს უნდა ნორმალური ცხოვრება და კეთილმეზობლური ურთიერთობები რუსეთთან. საქართველოს ერთიანობა ამით არ ილახება, პირიქით, პერსპექტივაში მხოლოდ დადებითი ტენდენციები თუ გაჩნდებაო..". - დიახ, აი ასე! საქმე ის არის, რომ ასეთი პოლიტიკური რიტორიკით "პრორუსები", სულ თავდაყირა აყენებენ ისედაც არეულ და გართულებულ ურთიერთობებს რუსეთთან (ან, პირდაპირ "გვაგდებენ მის ხახაში"!), რაც ხელს უშლის ამ ურთულესი, მრავალწლიანი თემატიკის "განაღმვას"!..

 


მაშ ასე, შევეცდები გავაქარწყლო ბ-ნი რცხილაძის "რკინის არგუმენტები", მივყვეთ თანმიმდევრობით - 1) იმ შემთხვევაში, თუ საქართველო დიპლომატიურ ურთიერთობას დაამყარებს რუსეთთან, მაშინ, დარტყმის ქვეშ დადგება დასავლეთის მიერ წარმოებული ჩვენი რეგიონების არაღიარების პოლიტიკა, რაც გზას გაუხსნის სხვა სახელმწიფოებს, მათ შორის ევროკავშირში შემავალ ქვეყნებს, რათა მათ ცნონ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის "დამოუკიდებლობა"! ამავდროულად, დღის წესრიგიდან მოიხსნება რუსეთისადმი მინიჭებული ოკუპანტის სტატუსი (არაფრის სანაცვლოდ!) და მთლიანად, დეოკუპაციის საკითხი! - 2) ბ-ნ რცხილაძეს, "არ ესმის" ან ვერ გაიგო, თუ რა განსხვავებაა ევროპული სახელმწიფოების მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის ცნობასა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის "დამოუკიდებლობის ცნობას" შორის! ავუხსნათ მას, - კოსოვოს დამოუკიდებლობის ცნობა, დასავლეთის არცერთ სახელმწიფოს არ მოუხდენია მისი ოკუპაციის შემდეგ და ამასთანავე, ცალკე ერთი რომელიმე ევროპული სახელმწიფოს ჯარები არ დგანან კოსოვოში (იქ, ნატო-ს მისიაა), განსხვავებით ჩვენი ორი რეგიონისა, სადაც რუსეთმა სამხედრო აგრესიის შემდეგ განალაგა აქ თავისი სამხედრო ბაზები! ცნობისთვის, კოსოვოს დამოუკიდებლობა განაპირობა სერბების მიერ ალბანელების (კოსოვარების) მიმართ განხორციელებულმა ეთნოწმენდამ, განსხვავებით აფხაზეთისა და სამაჩაბლოსი, სადაც ქართველი მოსახლეობის ეთნოწმენდა მოხდა! - 3) ამაზე პასუხის გაცემაც არ ღირს, უბრალოდ, ბ-ნმა რცხილაძემ ერთი სახელმწიფო მაინც დაგვისახელოს, რომლის ტერიტორიაზეც, სხვა რომელიმე სახელმწიფოს ერთდროულად სამი (!) საელჩო ექნება "გახსნილი"! და 4) ბ-ნი რცხილაძე ტყუილს კადრულობს, როცა აცხადებს, რომ ქართველი ხალხის დიდ ნაწილს, თურმე მის მიერ ზემოთ მოყვანილი "ანბანური ჭეშმარიტებები" გაცნობიერებული აქვს და ამით "არ ილახება საქართველოს ერთიანობაო"?!.. ილახება, ბ-ნო რცხილაძე და მერე როგორ! რცხილაძისეული ამ სქემის განხორციელება (ღმერთმა დაგვიფაროს!) ნიშნავს, საქართველოს სახელმწიფოებრიობის დასასრულს, მის პროფანაციას და დეგრადაციას, რასაც ქართველი ხალხი ცოცხალი თავით არ დათმობს!..

 

 

საქმე ის არის, რომ წლების მანძილზე ბ-ნი რცხილაძისნაირი ექსპერტების და მისი "მიმდევრების" წყალობით ხდებოდა და ხდება ჯანსაღი, პარტნიორული ურთითობების ჩამოყალიბების მცდელობის დისკრედიტირება საქართველოსა და რუსეთს შორის, რომელიც აუცილებელია ჩვენთვის, რათა შევძლოთ საქართველოს გამთლიანება, ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის პირობებში! ასეთი "ვასალიტური" დამოკიდებულება, რომელსაც გვთავაზობს ბ-ნი რცხილაძე, საქართველოსთვის აბსოლუტურად მიუღებელია ყველა თვალსაზრისით, ხოლო ამით სარგებლობდნენ და დღესაც განაგრძობენ ამაზე აპელირებას ე.წ. პროდასავლური ლიბერტარიანული პოლიტჯგუფები და არცთუ უსაფუძვლოდ!.. ამ ხედვების ("პრორუსული") მქონე ადამიანებმა უნდა გააცნობიეროთ, თუკი საქართველოსთვის სიკეთე გინდათ, რომ საქართველოს პრობლემების მოსაგვარებლად დამღუპველია, როგორც რუსოფობიური (რუსეთის ლანძღვა-გინება), ისე რუსოფილური პოლიტიკა - "რუსეთის ფეხქვეშ გაწოლა"! საქართველომ უნდა აწარმოოს ღირსებაზე და პრაგმატიზმზე დაფუძნებული მრავალვექტორიანი, დაბალანსებული პოლიტიკა, რომელიც აუცილებლად მოიტანს დადებით შედეგს! როგორც, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ბრძანა, საქართველომ "უნდა მოძებნოს ოქროს შუალედი"!

 

 

ჩემი დამოკიდებულება ასეთია, რომ საქართველოსთვის ერთნაირად მიუღებელი უნდა იყოს, როგორც რუსების ისე ამერიკელების პოლიტლაქუცი! ჩემთვის, ევროპული არჩევანი უალტერნატივოა, მაგრამ არა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ფასად, ანუ ვაცნობიერებ იმას, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა ვერ მოხდება რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის და პრაგმატული ორმხრივი კომპრომისების გარეშე!.. რასაც ვერ ვიტყვე, ვერც "პრორუსებზე" (რუსეთის ქება და დასავლეთის ძაგება), და ვერც "პროდასავლელებზე " (რუსეთის ძაგება და დასავლეთის "გაღმერთება"), ვერც ერთი და ვერც მეორე სტრატეგიით ვერ მოხერხდება საქართველოს გამთლიანება დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის შენარჩუნების პირობებში!

 

 

შეიძლება უცნაურად ჟღერს, მაგრამ დღეს საქართველოში "პრო"-ქართული პოლიტიკოსების და პარტიების მწავავე დეფიციტია, სამწუხაროდ... ჩვენი ქვეყანა კი, თუ დღეს არ არის მთლიანი და ბედნიერი, ან ხვალ ვერ შევძლებთ მის გამთლიანებას და განვითარებას, ამაში უწინარესად, ქართველები ვართ და მომავალში ვიქნებით დამნაშავენი! ჩვენ უნდა გავაკთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ამერიკა-ევროპის და რუსეთის "ძალისხმევა" საქართველოში ჩვენს სასარგებლოდ წარიმართოს და მათ პარიტეტული, პოზიტიური როლი ითამაშონ საქართველოს პრობლემების საბოლოო მოგვარებაში! აი, ამის მიღწევა უნდა იყოს ყველა ქართული პოლიტიკური ძალის მთავარი ამოცანა! ხოლო, თუ რუსეთმაც და დასავლეთმაც მხოლოდ საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედეს და უგულვებელყვეს საქართველოს სასიცოცხლო ინტერესები, მაშინ, სულ არ მადარდებს, "წყალი თუ მეწყერი" დაემუქრება რცხილაძის მოსკოვს ან ბოკერიას ვაშინგტონს"!..

 

 

 

ჯუმბერ კირვალიძე,

 

პოლიტოლოგი

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი