თუ ოპოზიცია პარლამენტში შემოვა, რა თქმა უნდა, ეს იქნება ქვეყნის განვითარებისთვის, სახელმწიფოს გაძლიერებისთვის და ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციისთვის გადადგმული პასუხისმგებლიანი ნაბიჯი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, ოპოზიციის პარლამეტში შესვლასთან დაკავშირებით.
მთავრობის მეთაურის თქმით, თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა, მმართველი გუნდი ამ სცენარისთვისაც მოემზადება.
„იმედი მაქვს, რომ შემოვა. თუ შემოვა, რა თქმა უნდა, ეს იქნება ქვეყნის განვითარებისთვის, სახელმწიფოს გაძლიერებისთვის და ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციისთვის გადადგმული პასუხისმგებლიანი ნაბიჯი. თუ არ შემოვა, ამ სცენარისთვისაც მოვემზადებით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მთავრობის მეთაურმა დეტალურად ისაუბრა სამთავრობო პროგრამაზე, სახელწოდებით - „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისკენ“, რომელსაც საკანონმდებლო ორგანომ დღეს ნდობა გამოუცხადა.
„მოგეხსენებათ, რთულ, არაორდინალურ პერიოდში გვიწევს ცხოვრება. ყველანი კარგად ვხვდებით, დროთა განმავლობაში, რომ კოვიდ-19 როგორც პანდემია არ არის ის პრობლემა, რომელიც 1 დღეში, 1 თვეში, ან 1 წელში მოგვარდება. ეს არის ის პრობლემა, რომელიც ჩვენთან იქნება საკმაოდ დიდ ხანს. კოვიდპანდემიის შედეგად გამოწვეული გლობალური ეკონომიკური კრიზისი უკვე გახდა სტრუქტურული ეკონომიკური კრიზისი ბევრი ქვეყნისთვის, გლობალურად და შესაბამისად, ყველას კარგად გვესმის, რომ საქართველო მარტო, ისევე როგორც ბევრი სხვა ქვეყანა, ამ კრიზისს ვერ გაუმკლავდება. ამიტომ სამთავრობო პროგრამის 4 ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტიდან პირველი, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეკონომიკა. ეკონომიკური ნაწილის ძირითადი ამოცანაა სამუშაო ადგილების შენარჩუნება, მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება იმისთვის, რომ ქვეყანას სწრაფი, პოსტკოვიდური ეკონომიკური აღდგენის რესურსი შევუნარჩუნოთ. უამრავი რეალური ფაქტობრივი რეფორმაა დაგეგმილი საგადასახადო ნაწილში, ფისკალური ეფექტურობის გაზრდის ნაწილში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიების მართვის ნაწილში და კიდევ ბევრი რამ. მეორე ნაწილი - რა თქმა უნდა, ეს არის სოციალური ნაწილი, რომელშიც ჩვენ ვაერთიანებთ ჯანდაცვას, სოციალურ ნაწილსა და ადამიანური კაპიტალის მართვას, თავის განათლების ნაწილით. მესამე და უაღრესად მნიშვნელოვანი, ეს გახლავთ - საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება და ოკუპაციის ნაწილი, მოგეხსენებათ, ძალზედ მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, სამართალდამცავი სისტემა და მეოთხე, ახალი ნაწილი, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის და ვფიქრობ ქვეყნისთვისაც, ეს არის მმართველობითი სისტემა. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ საპარლამენტო დემოკრატიაში, ხომ ვხედავთ კარგად, დღეს პოლიტიკური კრიზისის შექმნის რამხელა მცდელობაა. ამიტომ საჯარო მოხელე, მაღალი პროფესიონალიზმის მატარებელი, კეთილსინდისიერი და პოლიტიკურად ნეიტრალური არის ფუნდამენტი სახელმწიფოს შემდგომი განვითარებისთვის. იმისთვის, რომ როდესაც უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები თავიანთ პარტიულ, ვიწრო ინტერესებს დააყენებენ სახელმწიფოზე და ქვეყნის ინტერესებზე მაღლა, საჯარო მოხელე უნდა იყოს ის პოლიტიკურად ნეიტრალური, მაღალი კვალიფიკაციის და კეთილსინდისიერი ადამიანი, რომელმაც უნდა გააგრძელოს ადამიანზე და მოქალაქეზე ზრუნვა“, - განაცხადა პრემიერმა.
გიორგი გახარიას თქმით, რა თქმა უნდა, ოპოზიციის არყოფნა დარბაზში ეს არის პრობლემა და არა მისი პრობლემა და დისკომფორტი, არამედ ქვეყნის პრობლემა.
„რა თქმა უნდა ოპოზიციის არყოფნა დარბაზში ეს არის პრობლემა და ჩემი პრობლემა კი არ არის, მე კი არ მიქმნის ეს დისკომფორტს, ეს არის ქვეყნის პრობლემა, ეს არის პრობლემა, რომელიც საშუალო ვადიან პერსპექტივაში რეალურად უქმნის ქვეყანას და გადაწყვეტილების მიღების პროცესს პრობლემას. ჯანსაღი ოპონირების და თუნდაც არაჯანსაღი ოპონირების გარეშე რა თქმა უნდა, რთული იქნება კონსესუსური გადაწყვეტილების მიღება. ეს არის დემოკრატიული პროცესის ელემენტარული ჭეშმარიტება,“ - განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, იმისთვის, რომ ქვეყანაში პროპორციული საარჩევნო სისტემა შემდგარიყო, ერთი წლის განმავლობაში ოპოზიციას, საეთაშორისო პარტნიორებს და მმართველ ძალას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.
„ერთი წლის განმავლობაში, ოპოზიციამ მათ შორის, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, მმართველმა ძალამ - ძალიან ბევრი მოლაპარაკება გამოვიარეთ იმისთვის, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა ქვეყანაში შემდგარიყო, როგორც ფაქტი. მოდით შევთანხმდეთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პირველად საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში გადადგა ეს ნაბიჯი და რა თქმა უნდა, კონსტიტუციაში გამაგრებულია, რომ 2024 წელი იქნება პროპორციული არჩევნები. ამის შემდგომ რა ხდება? ტარდება არჩევნები, რომელსაც ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ერთხმად აღიარებს, ძირითადად დემოკრატიულ არჩევნებად. ამის შემდგომ, როდესაც ჩვენმა მოქალაქეებმა, პანდემიის პირობებში, დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი მივიდა სარჩევნო უბანთან, ხმა მისცა 8 ოპოზიციურ პარტიას. პირველად საქართველოს ისტორიაში 60 მანდატი არის ოპოზიციის. ამ მიღწევაზე უარის თქმა და ამავდროულად მიზანმიმართული სახელმწიფოს და სახელმწიფოს ბევრი ინსტიტუტის, მათ შორის პარლამენტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და პოლიციის, ჯარის დელეგიტიმაციისკენ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები ჩემთვის უბრალოდ გაუგებარია. პარალელურად ფრთხილი მოწოდებები, საკმაოდ სუსტად დასაბუთებული რევოლუციისკენ მაშინ, როდესაც ქვეყანა გლობალური კრიზისული პროცესების წინააღმდეგ იბრძვის ჩვენს მოქალაქეებთან ერთად. რას მაგონებს ეს იცით? საქართველოს მოქალაქემ პოლიტიკოსებზე უკეთესად გაიაზრა რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა, მივიდა არჩევნებზე, ხომ წარმოგიდგენიათ რა პანდემიური მდგომარეობა იყო მაშინ და ისე გადაანაწილა მანდატების რაოდენობა, რომ თქვა ნებისმიერი, ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც სჭირდება მაგალითად ამდენი მანდატი ვერ იქნება მიღებული ოპოზიციის ჩართულობის გარეშე, - აღნიშნა პრემიერ მინისტრმა.
დიალოგი პერსპექტივა კი არ არის, ჩვენი ვალდებულებაა, რომელიც საქართველოს მოქალაქემ დაგვაკისრა, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, არსებობს თუ არა დიალოგის რესურსი ოპოზიციასთან.
მთავრობის მეთაურის თქმით, მმართველ გუნდს ეს პასუხისმგებლობა გააზრებული აქვს და დიალოგისთვის მზად არის.
„მე შეიძლება ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი უფრო მომწონს, ზოგი - ნაკლებად, ან საერთოდ არ მომწონს, რადგან მისი ფასეულობები არ მესმის, მაგრამ ჩემს გემოვნებაზე ხომ არ არის საქმე?! საქართველოს მოქალაქემ თქვა, რომ პარლამენტში იჯდეს ეს ხალხი და ისევე, როგორც მე დამავალა მათი თმენა და მათთან მუშაობა, მათ დაავალა ჩემი თმენა და ჩემთან მუშაობა პირობითად. ამიტომ, ეს პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გაიაზროს. დიალოგი არის ვალდებულება, ამ ვალდებულების გააზრებით ვმოქმედებთ ჩვენ და დიალოგისთვის ყოველთვის ვიქნებით მზად“, - აღნიშნა გახარიამ, რომლის სიტყვების ციტირებასაც პრემიერ მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
გიორგი გახარიას თქმით, თუ ვინმეს ჰგონია, რომ პარლამენტში არ შევა და ორიენტირებული იქნება დიალოგის ჩაშლაზე იმიტომ, რომ ვიღაც რაღაც გამოწვევებს ვერ გაუძლებს, ფუჭი იმედებია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.