გამოცემა entrepreneur იმ ობიექტების ჩამონათვალს ავრცელებს, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გადასცეს. მათ შორისაა ქ.თბილისში, სოლოლაკის ხეივანში, ბიზნესცენტრის ტერიტორია; „ქართუ ჯგუფი“ – ქ.თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზ. N39ა; სს „ლაგუნა ვერე“-ს ტერიტორია და შპს კოსტავას 69 – ქ. თბილისი; დაბა ბაკურიანი „დიდველი“; შპს ბლექსი რიზორთსი (შეკვეთილის სასტუმრო პარაგრაფი);
ობიექტების სრული ჩამონათვალი კი ასეთია:
შპს თბილისი სითი (ცეკავშირი); შპს სოლოლაკი რაიზი (პროექტი სოლოლაკი); შპს სოლოლაკი ჰილს; შპს თაბორი რიზორთსი (თაბორი, გოლფი); შპს ჯორჯიან ეკო ტრანსპორტი (საბაგიროები); შპს ბიზნეს დეველოპმენტი (მწვანე კონცხი); შპს ბიზნეს დეველოპმენტი (მწვანე კონცხი); შპს ბიზნეს დეველოპმენტი (ციხისძირი); შპს სისაიდი (ჩაქვი); შპს ბლექსი რიზორთსი (შეკვეთილის სასტუმრო პარაგრაფი); შპს ბლექ სი რივიერა (განმუხური/ანაკლია); შპს ცისარტყელა (წილის 51%, აბასთუმანი);
შპს „ბიზნესცენტრი“ – ქ.თბილისი, სოლოლაკის ხეივანი, ბიზნესცენტრის ტერიტორია; „ქართუ ჯგუფი“ – ქ.თბილისი, 300 არაგველის ქუჩა; „ქართუ ჯგუფი“ – ქ.თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზ. N39ა; „ქართუ ჯგუფი“ – ქ.თბილისი, კახეთის გზატკეცილის მიმდებარედ; „ქართუ ჯგუფი“ – ქ.თბილისი, ცხვედაძის ქუჩის მიმდებარე ფერდობი; შპს „ბურჯი“ – ქ.თბილისი (საწარმო ფართები); შპს „ელიტა ბურჯი“ და ისანი ქართუს ტერიტორია – ქ.თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზ; შპს „ელიტა ბურჯი“ – ქ.ფოთი, გურიის ქუჩა; სს „ლაგუნა ვერე“-ს ტერიტორია და შპს კოსტავას 69 – ქ. თბილისი, კოსტავას გამზ; შპს „სი ვიუ რესორთ“ – ქ.ბათუმი, გრიბოედოვის ქუჩა; სს „ბოლნისის ტუფი“ – რაიონი ბოლნისი, სოფელი ტალავერი; სს „დიდველი“-ს მიწის ნაკვეთები – ბორჯომის რაიონი, დაბა ბაკურიანი „დიდველი“; სს „ბანკი ქართუ“ – თბილისი; სს დაზღვევის კომპანია ,,ქართუ“ – თბილისი;
ამასთან, გადაცემის პროცესშია ორი ობიექტი კომპლექსი დაბა ბაკურიანში – 7 625 (ქონების ფართი) – 88 801 (მიწის ნაკვეთის ფართი) და შპს სასტუმრო სიღნაღში – (წილის 70%).
„მე და ჩემმა მეუღლემ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უკლებლივ ყველა მატერიალური აქტივი, რომლებიც საკრედიტო და სხვა სახის ვალდებულებებით არ არის დატვირთული და რომელთა მართვა ფონდს გაუჭირდებოდა, დაუყოვნებლივ გადაგვეცა საქველმოქმედო ფონდისთვის, ერთადერთი პირობით – არც მართვის და არც გასხვისების შემთხვევაში, აქტივებს არ უნდა შეეცვალოთ პროფილი, რადგან მათი დიდი ნაწილი ორდინარული ბიზნეს–პროექტები როდია, ისინი დარგის (ზოგიც რეგიონის) განვითარებაზე ორიენტირებული პროექტებია, რომელსაც თანმდევი დადებითი პროცესები უნდა მოჰყვეს ეკონომიკის სხვადასხვა სეგმენტში, მათ შორის, ტურიზმის დარგში", - აღნიშნულის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა entrepreneur.com-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.
პოლიტიკიდან წასული ივანიშვილის თქმით, 3 მილიარდი დოლარის გარდა, რაც ფონდმა „ქართუმ“ დახარჯა სხვადასხვა საქველმოქმედო პროექტებში, თითქმის 30 წელია, მათი ოჯახი ინდივიდუალურად ეხმარება ახლობელი ადამიანების საკმაოდ მრავალრიცხოვან წრეს, რაზეც მანამდე არასოდეს უსაუბრია.
„აქტიური ბიზნეს საქმიანობა მე პოლიტიკაში შემოსვლამდე დიდი ხნით ადრე დავასრულე, დაახლოებით იმ პერიოდში, როცა პირველი და უკანასკნელი ინტერვიუ მივეცი „ვედომოსტს“. საქმიანი პრესის წარმომადგენელს კარგად მოგეხსენებათ, რომ არცერთ, არც მცირე და არც დიდ ბიზნესში, მოგების ნახვა, თუ სრულფასოვნად არ ხარ ჩართული მის ადმინისტრირებაში, უბრალოდ შეუძლებელია. ბევრი ფიქრობს, რომ დიდ ბიზნესს სხვა მიდგომები სჭირდება, ხოლო მცირეს – სხვა. არადა, მიდგომებში განსხვავება თითქმის არ არსებობს. თუ ყოველდღიურად არ ხარ ჩართული რისკების შეფასებაში, საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებაში, არ აკვირდები ბაზრის სპეციფიკას, ტრენდებს, არ იღებ სწრაფ და ეფექტურ გადაწყვეტილებებს, ასე, ფაკულტატურად ნაკეთები ბიზნესიდან, მხოლოდ წაგება შეიძლება ნახო. ეს აქსიომაა და ნებისმიერი ბიზნესმენი დამეთანხმება ამაში. სხვაზე მიბარებულ ფულს კი, ხშირ შემთხვევაში, რა ემართება, ამაზე, ჩემი და უმსხვილესი შვეიცარული, თითქმის უმწიკვლო საერთაშორისო რეპუტაციის მქონე ბანკის სკანდალური ისტორიაც კარგად მეტყველებს. მაგრად უნდა გაგიმართლოს, დანაკარგებს თუ აცდი. შესაბამისად, ჩემი კაპიტალი ამ წლების განმავლობაში თეორიულადაც ვერ გაიზრდებოდა.
დანახარჯს რაც შეეხება, კალკულაცია აქაც მარტივია: 3 მილიარდი დოლარი, როგორც თავად აღნიშნეთ, საჯაროდ დადასტურებული ინფორმაციით, ფონდმა „ქართუმ“ დახარჯა სხვადასხვა საქველმოქმედო პროექტებში. თუმცა, ჩვენ ოჯახს წილად ხვდა კიდევ ერთი საპატიო მისია, რომლის თაობაზე საჯაროდ არასოდეს გვისაუბრია და თქვენი ეს კითხვა რომ არა, შესაძლოა, არც არასდროს გვესაუბრა. თითქმის 30 წელია, ჩვენი ოჯახი ინდივიდუალურად ეხმარება ახლობელი ადამიანების საკმაოდ მრავალრიცხოვან წრეს. მოგეხსენებათ, უმუშევრობის, გამართული სოციალური და სამედიცინო ინფრასტრუქტურის არარსებობის პირობებში, მითუმეტეს, უფრო ადრეულ წლებში, რა ტიპის გადაულახავ პრობლემებს აწყდებოდა ეს ხალხი, ჯანმრთელობის პრობლემებიდან დაწყებული, საცხოვრისის თუ ელემენტარული საარსებო პირობებით დამთავრებული. ჩვენ, რასაკვირველია, შეგვეძლო, ეს ხარჯი საქველმოქმედო ფონდის გავლით გაგვეღო, კანონმდებლობა ამას არ კრძალავდა, მაგრამ ჩემი პრინციპული პოზიცია იყო, რომ ფონდს ეს ხარჯი არ შეხებოდა. არ მსურდა, საზოგადო მიზნებისთვის აკუმულირებული თანხების ხარჯვის პროცესში სუბიექტური ფაქტორი გაჩენილიყო, თუნდაც ფონდის დამფუძნებლის და ერთადერთი შემომწირველის მხრიდან. ფონდს აქვს მკაცრად დადგენილი საწესდებო კრიტერიუმები, რომლებსაც სკურპულოზურად იცავს. ფონდს აქვს რეპუტაცია, რომელიც არცერთ შემთხვევაში არ უნდა შებღალულიყო და გამონაკლისები არ უნდა დაეშვა. ეს დამატებითი თამასა ჩვენ თვითონ დავუწესეთ საკუთარ თავს, ხარჯი ფონდს არ შევახეთ და მას ცალკე ხაზით ვახორციელებდით მთელი ამ წლების განმავლობაში. ამ საკმაოდ მოცულობით ხარჯს თუ დავუმატებთ იმ ფინანსურ რესურსს, რაც პოლიტიკაზე დაიხარჯა, აგრეთვე, ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა დარგის გრძელვადიანი განვითარებისთვის განხორციელებულ პროექტებს, რომლებსაც თქვენ „სოციალური მეწარმეობა“ უწოდეთ და რომლებიც ფონდის განკარგულებაში უკვე გადავიდა, ეს ხარჯი, ჯამურად, დაახლოებით, მილიარდ დოლარს შეადგენს. უნდა ჩაითვალოს თუ არა ეს ხარჯი კლასიკურ ქველმოქმედებად, ამის განხილვაში არ შევალ, ალბათ უფრო არა, ვიდრე კი, მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე გახარჯული კაპიტალის მოცულობა, ზოგ შემთხვევაში ორჯერ და მეტჯერაც აღემატება ამ კაპიტალით შექმნილი აქტივების დღევანდელ საბაზრო ღირებულებას", - განაცხადა ივანიშვილმა.
კითხვაზე - სასტუმრო „პარაგრაფს“ გულისხმობთ? - ივანიშვილი პასუხობს:
„არამარტო „პარაგრაფს“, თუმცა თვალსაჩინოებისთვის ეს პროექტი კარგი მაგალითია. მის შექმნასა და განვითარებაზე 127 მილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯა, მაგრამ მისი საბაზრო ღირებულება დღეს 50-60 მილიონს შორის მერყეობს. ამიტომ საქველმოქმედო ფონდი ამ ობიექტს საკუთარ აქტივად სწორედ საბაზრო და არა საინვესტიციო ღირებულებით მიითვლის, მიუხედავად იმისა, რომ მასში ჩვენს მიერ ჩადებული ინვესტიცია მინიმუმ ორჯერ აღემატება ამჟამინდელ სარეალიზაციო ფასს. დაახლოებით ამავე მასშტაბის დისპროპორცია იკვეთება „პანორამას“ პროექტში. აქაც, ჩადებული ინვესტიცია ორჯერ აღემატება მის დღევანდელ საბაზრო ფასს. შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი კი, რომელიც რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი დაჯდა და რომლის მშენებლობის გამოც ლამის კაცობრიობის მტრად გამომაცხადეს, კომერციულ პროექტად იმთავითვე არ განიხილებოდა".
შესაბამისად, თქვენს განკარგულებაში კაპიტალის სახით რჩება მილიარდნახევარი დოლარი?
„უხეში დათვლით, ასე გამოდის. მისი ერთი ნაწილი 30-31 დეკემბერს უკვე მიიმართა საქველმოქმედო ფონდში და ასახულია იმ სიაში, რომელიც თქვენ მოიპოვეთ და რომლის გამოქვეყნებასაც ამ ინტერვიუსთან ერთად გეგმავთ. რაც შეეხება თანაინვესტირების ფონდის მიერ დაფინანსებულ სხვა ბიზნეს-პროექტებს და ამ პროექტებში განთავსებულ, ნარჩენ კაპიტალს, როდესაც ამ აქტივებს, წმინდა ტექნიკური თვალსაზრისით, საკრედიტო თუ სხვა სახის, ბიზნეს ურთიერთობებისთვის დამახასიათებელი, ტვირთისგან გამოვათავისუფლებთ, ასევე გადავცემთ საქველმოქმედო ფონდს ან უძრავი ქონების სახით, ან მოვახდენთ მის რეალიზაციას და ფულად რესურსებს მივმართავთ ფონდში. იგივე ბედი ეწევა ფერწერული ტილოების კოლექციას, რომელიც ასევე ამ ნარჩენი კაპიტალის ნაწილია. კოლექციის ერთი ნაწილი უკვე გაიყიდა, ფული კი ფონდში მიიმართა. როდესაც დანარჩენი ნახატების რეალიზაცია მოხდება, სახსრები ასევე საქველმოქმედო ფონდს გადაეცემა. თუმცა, არ არის გამორიცხული, მათ რეალიზაციას არ დაველოდოთ და ნაწილი ნამუშევრების სახით გადავცეთ ფონდს....
ეს მილიარდნახევარი დოლარი სრულად მოხმარდება ქველმოქმედებას. სწორედ ეს პროცესი დაიწყო გასული წლის 30-31 დეკემბერს, როდესაც თქვენს მიერ დასახელებული აქტივები გადავიდა ფონდის განკარგულებაში და ეს პროცესი ეტაპ-ეტაპ შეუქცევადად გაგრძელდება. ჩემი და ჩემი მეუღლის განკარგულებაში რჩება 200 მილიონი დოლარი, რომელიც ამ მილიარდნახევარის მიღმა თავისუფალი სახსრების სახით არსებობდა. შვილებს ვუტოვებ იმდენს, რომ მათ არ დაკარგონ ახლის შექმნის, საკუთარი თავის სრულად რეალიზებისა და განვითარების მოტივაცია, რაშიც დივიდენდების იმედად ცხოვრება, შესაძლოა, ხელისშემშლელიც კი ყოფილიყო".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.