პანდემიური პროფანაციები
------------------------------
კოვიდ-19-მა ერთი საინტერესო მსოფლიო ფენომენიც შექმნა. უფრო სწორად, კი არ შექმნა, არნახულ მასშტაბებზე აიყვანა. ეს ფენომენი არის მედიცინის პროფანაცია.
მედიცინა არ არის მეცნიერება. აბა სცადეთ მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის გაყალბება, არაფერი გამოგივათ; მედიცინის გაყალბება კი არც ისე ძნელია. საკმარისია ფაქტებით მანიპულირების ფლობა, აუდიტორიის მოხიბვლის ნიჭი და სრულიად ადვილად გაასაღებთ თავს მედიცინის მცოდნეთ. ერთადერთი ადგილი, სადაც მედიცინის პროფანაცია შეუძლებელია, კლინიკაა. პაციენტის საწოლთან დგომისას ვერანაირი მჭევრმეტყველება ვერ გიშველის, იქ მხოლოდ ნამდვილი ცოდნა ჭრის. ინტერნეტის ეპოქაში მოხერხებულ ინდივიდს უზარმაზარ მასებზე შეუძლია ზემოქმედების მოხდენა. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის განათლების დონე რბილად რომ ვთქვათ, არადამაკმაყოფილებელია, ლოგიკურია ისიც, თუ რატომ ჰყავს უამრავ პრიმიტიულ უაზრობას მილიონობით მიმდევარი. მასა აფეტიშებს მას, ვისთანაც ადვილად ახერხებს საკუთარი თავის ასოცირებას; ვისი მეტყველება, ცხოვრების წესი და ღირებულებები ემშობლიურება.
მედიცინის პროფანაცია სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენს მთელი მსოფლიოსათვის. ეს არ არის გაზვიადებული პათეტიკა, დადასტურებული ფაქტია.
ე.წ. ანტივაქსერობაც ამ პროფანაციის ერთ-ერთი, ყველაზე მასშტაბური გამოვლინებაა.
კოვიდ-პანდემიის დროში მედიცინის გაყალბებამ კატასტროფულ სიმაღლეებს მიაღწია. ამის მიზეზი ვირუსის ერთდროული პრიმიტიულობაცაა და სირთულეც.
ძნელად ასახსნელი, ჩახლართული კლინიკური მექანიზმის გამო, ყველა ქვეყნის კლინიცისტი შეეცადა ინტერნეტით ინფორმაციის გაზიარებას კოლეგებისათვის, რამაც მსოფლიო სამედიცინო პრესა ათასგვარი ნაყალბევით აავსო; ამავე დროს, უმეტეს შემთხვევაში ვირუსული ინფექციის პრიმიტიულმა მიმდინარეობამ, უამრავ შარლატანს მისცა საშუალება გამოცდილ ექიმად წარმოეჩინა თავი და ყოვლად დაუმსახურებელი ავტორიტეტი მოეპოვებინა. ასე შეიქმნა ფსევდო-კლინიკური საინფორმაციო მაკულატურის არნახული რესურსი მსოფლიო მასშტაბით, რაში გარკვევაც მოაზროვნე ადამიანისთვისაც ძალიან ძნელია. ამასთან, ჩამოყალიბდა ფსევდო-პროფესიონალ ავტორიტეტთა უზარმაზარი პლეადაც. ვინაიდან ინტერნეტ-რეპუტაციას მხოლოდ მომხმარებელთა რაოდენობა განსაზღვრავს, ასეთი შარლატანების გავლენა განუზომლად უფრო დიდია, ვიდრე პატიოსანი პროფესიონალებისა, რომლებიც ინფორმაციას ავრცელებენ არა პოპულარობის მოსახვეჭად, არამედ პროფესიული სინდისისა და ეთიკის ყველა პარამეტრის დაცვით.
რა შეიძლება დაუპირისპირდეს მედიცინის მასშტაბურ პროფანაციას?
დიდი ალბათობით არც არაფერი. ინტერნეტის საინფორმაციო მარკეტინგს უკვე აქვს თავისი, მკვეთრად ჩამოყალიბებული წესები და კანონები, რომლებიც არანაირი მიზეზის გამო არ შეიცვლება. რისკისა და სარგებლიანობის შეფარდება მედიცინის ერთ-ერთ ყველაზე მთავარ პრინციპს წარმოადგენს; სანტერესოა როგორი იქნება ეს შეფარდება ინტერნეტის შემთხვევაში; რომელი უფრო მასშტაბური იქნება, ინფორმაციის სწრაფი გავრცელებით მიღებული სიკეთე, თუ მისი მასობრივი, გაადვილებული გაყალბებით გამოწვეული ვნება.
ვნახოთ...
ზურაბ გურული,
ექიმი
წყარო: Facebook-ი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.