(GUARDIAN.GE) - 2020 წლის აგვისტოში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებამ, რომ რუსეთს მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის პირველი ვაქცინა ჰქონდა, და ამ დროს მას ცდებიც კი არ დაესრულებინა, მსოფლიოში სკეპტიციზმი გამოიწვია, მაგრამ ახლა იგი შესაძლოა დიპლომატიურ დივიდენდებს იმკიდეს, რადგან რუსეთი უდიდეს მეცნიერულ მიღწევას განიცდის საბჭოთა კავშირის შემდეგ. ასე იწყებს „ბლუმბერგი“ თავის სტატიას სათაურით - „პუტინის ერთ დროს მასხრად აგდებული ვაქცინა, ახლა ფავორიტია პანდემიასთან ბრძოლაში“.
სტატიის ოდნავ შემოკლებული ვარიანტის თარგმანს GUARDIAN.GE გთავაზობთ.
„ბლუმბერგი“ წერს, რომ სამედიცინო ჟურნალ „The Lancet“ -ში გამოქვეყნებული მასალის შემდეგ, რომლის მიხედვითაც, რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“ მომაკვდინებელი ვირუსის წინააღმდეგ ისეთივე დამცავია, როგორც ამერიკული და ევროპული ვაქცინები და გაცილებით ეფექტურია, ვიდრე ჩინური წარმოების ვაქცინა, მთელი რიგი ქვეყნები რიგში ჩადგნენ „სპუტნიკ V“-ის შესაძენად და სულ მცირე 20-მა სახელმწიფომ, მათ შორის ევროკავშირში შემავალმა უნგრეთმა გამოთქვა სურვილი, რომ შეისყიდოს აღნიშნული ვაქცინა, ხოლო ისეთი მთავარი ბაზრები, როგორიცაა ბრაზილია და ინდოეთი ახლოს დგანან აღნიშნული ვაქცინის დამტკიცების გზაზე. ახლა რუსეთს ევროკავშირის ფასეული ბაზრისკენ აქვს მზერა მიპყრობილი - იმ ფონზე, როცა ბლოკი ვაქცინის ნაკლებობის პირობებში ვაქცინაციის პროგრამას ვერ უმკლავდება.
პანდემიის დამარცხების გლობალურ ბრძოლაში, მაშინ როცა ვირუსმა 1 წელიწადზე მეტ დროში 2.3 მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ვაქცინის მიღებაში შეჯიბრმა გეოპოლიტიკური მნიშვნელობა შეიძინა, რადგან მთავრობები ცდილობენ, დაკეტვის (ე.წ. ლოქდაუნი) მიზეზით გამოწვეული უზარმაზარი სოციალური და ეკონომიკური ზარალიდან თავი დააღწიონ. ეს კი, რუსეთს აძლევს უპირატესობას, როგორც ერთ-ერთ იმ ქვეყანას, სადაც მეცნიერებმა ეფექტური თავდაცვის საშუალება აწარმოეს, - წერს „ბლუმბერგი“.
რუსეთის გადაწყვეტილებამ, ვაქცინისთვის დაერქვა „სპუტნიკ V“ - მსოფლიოში პირველი თნამგზავრის სახელი - რომლის გაშვებამაც 1957 წელს საბჭოთა კავშირს ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ კოსმოსში შეჯიბრის კუთხით განსაცვიფრებელი ტრიუმფი მიანიჭა - მხოლოდ ხაზი გაუსვა იმ მასშტაბის მნიშვნელობას, რაც მოსკოვმა ამ მიღწევას მიაბა. ბოლო საფეხურის ცდების შედეგებით, რომელშიც 20 000 ადამიანი მონაწილეობდა, - The Lancet-ის თანახმად , ვაქცინამ 91.6%-იანი წარმატება აჩვენა.
„ეს არის გარდამტეხი მომენტი ჩვენთვის“, განაცხადა ინტერვიუში კირილ დმიტრიევმა, მთავარმა აღმასრულებელმა ოფიცერმა სახელმწიფოს მიერ მართული რუსული საინვესტიციო ფონდისა, რომელმაც მხარი დაუჭირა „სპუტნიკ V“-ს განვითარებას.
30-ზე მეტმა ქვეყანამ გამოხატა თანხმობა შეისყიდოს ან აწარმოოს „სპუტნიკ V“.
„სპუტნიკის“ წარმატება არ შეცვლის დასავლეთის მთავრობების მტრობას პუტინის მიმართ, თუმცა მან შესაძლოა გააძლიეროს რუსეთის გეოპოლიტიკური გავლენა ისეთ რეგიონებში, როგორიცაა ლათინური ამერიკა, მიიჩნვეს ოქსანა ანტონენკო, რისკების კონტროლის საკონსულტაციო ჯგუფის დირექტორი.
ახლახან, რუსეთის ახლო მოკავშირემ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხელი მოაწერა შეთანხმებას „სპუტნიკ V“-ს თურქეთში წარმოების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ანკარას უკვე გაფორმებული აქვს ხელშეკრულება ჩინური „Sinovac Biotech Ltd-ის „CoronaVac“-იდან 50 მილიონი და „Pfizer Inc.-BioNTech SE“-იდან 4.5 მილიონი დოზის შესყიდვის თაობაზე.
როგორც Bloomberg-ი წერს, რუსეთის წარმატების მიუხედავად, ჯერჯერობით შიდა მოთხოვნისადმი გულგრილი დამოკიდებულება რჩება, რაც ხელისუფლებისადმი საზოგადოებრივი ეჭვითაა განპირობებული. პუტინმა, რომელიც 68 წლისაა, ამ სკეპტიციზმის გაღვივებას შეუწყო ხელი, როცა გასული წლის დეკემბერში განაცხადა, რომ იგი დაელოდებოდა აცრის გაკეთებას იმ დრომდე, ვიდრე მისი ასაკის ადამიანებისთვის არ გაირკვეოდა ვაქცინის ეფექტურობა.
პუტინს ჯერ კიდევ არ განუცხადებია, გაიკეთა თუ არა ვაქცინა, მაგრამ სხვა სახელმწიფოები ამის გარკვევას არ ელოდებიან. მექსიკა მომავალი ორი თვის განმავლობაში „სპუტნიკ V“-ის ათეულობით მილიონ დოზას ელოდება. მექსიკის პრეზიდენტმა ანდრე მანუელ ლოპეს ობრადორმა 25 იანვარს მადლობა გადაუხდა „ნამდვილად მოსიყვარულე“ პუტინს, 24 მილიონი დოზის შეპირებისათვის. სამი დღის მოგვიანებით, ბოლივიის პრეზიდენტმა, ლუის არჩემ პირადად წაიღო დოზები ლა პაზის აეროპორტიდან.
რუსული ვაქცინის ნახევარი მილიონი დოზა მიიღო იანვარში არგენტინამ. მას მოჰყვა ნიკარაგუა, პარაგვაი და ვენესუელა. ბრაზილიაში, რეგიონის უდიდეს ბაზარზე, 3 თებერვალს გამოცხადებულმა გადაწყვეტილებამ გადაუდებელი გამოყენებისათვის მესამე ფაზის მოთხოვნის გაუქმების შესახებ, შეიძლება დააჩქაროს რუსული ვაქცინის დამტკიცება.
გვინეა, რომელსაც მოსკოვისადმი მეგობრულად განწყობილი პრეზიდენტი ჰყავს, პირველი აფრიკული სახელმწიფო გახდა, რომელმაც დეკემბერში დაიწყო რუსული ვაქცინის შეტანა და პირველი დოზები თავად პრეზიდენტმა და მინისტრებმა გაიკეთეს. მოელიან, რომ გვინეა 2021 წელს რუსული ვაქცინის 1.6 მილიონ დოზას მიიღებს. ის ასევე აწარმოებს მოლაპარაკებებს ჩინური ვაქცინის და „ასტრაზენეკას“ შესაძენადაც. ზიმბამბვე, აფრიკის ცენტრალური რესპუბლიკა და სპილოს ძვლის სანაპირო (კოტ- დ’ივუარი), რუსეთის პოტენციური კლიენტები არიან.
Pfizer/BioNTech -ის ვაქცინისაგან განსხვავებით, „სპუტნიკ V“ შესაძლოა, შეინახოს მაცივარში და არა საყინულეში, რაც ღარიბ და ცხელ ქვეყნებში მის ტრანსპორტირებასა და გადანაწილებას უფრო ადვილს ხდის. ასევე, ორი დოზის ღირებულება დაახლოებით 20 აშშ დოლარს შეადგენს და ის უფრო იაფია, ვიდრე დასავლური ალტერნატივები და ამასთან, რუსულმა ვაქცინამ უფრო მეტი ეფექტურობა აჩვენა, ვიდრე დიდი ბრიტანეთისამ.
რუსული ვაქცინის შეპირებული 2 მილიონი დოზა ამ კვირაში უკვე მიიღო მოსკოვის პოლიტიკურმა მოკავშირემ, ირანმა და ამასთან, აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ტრადიციულმა მოკავშირემ, არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმაც თანხმობა გასცა „სპუტნიკ V“-ს გამოყენებაზე.
უნგრეთმა უკვე ხელი მოაწერა „სპუტნიკ V“-ის 2 მილიონი დოზის მიღების შეთანხმებას და რუსული ვაქცინის პირველი 40 000 დოზა სამშაბათს უკვე მიიღო. „ვაქცინა არ შეიძლება იყოს პოლიტიკური საკითხი“, თქვა პრმიერ მინისტრმა ვიქტორ ორბანმა 29 იანვარს სახელმწიფო რადიოთი გამოსვლისას.
მაშინ როცა რუსეთი აცხადებს, რომ 2021 წელს ვაქცინა 700 მილიონი ადამიანისთვის იქნება ხელმისაწვდომი, იგი წარმოების პრობლემის წინაშე დგას. „ჩვენ რეალისტური უნდა ვიყოთ. მხედველობაში თუ მივიღებთ ჩვენს ვალდებულებებს, ჩვენ მაისამდე ვერ მივაწვდით ევროპას - უნგრეთის გამოკლებით - ვაქცინას“, განაცხადა დმიტრიევმა.
ვაქცინას ჯერ კიდევ მოაქვს დივიდენდები პუტინისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან შესახვედრად და ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის პატიმრობაში ყოფნის საკითხზე მოსალაპარაკებლად ჩავიდა, მან გამონახა დრო რუსეთისთვის „სპუტნიკ V”-ის ვაქცინის გამოშვების მისალოცად.
„ეს მთელი კაცობრიობისთვის კარგი ახალი ამბავია. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უფრო მეტი იარაღი გვექნება პანდემიასთან საბრძოლველად“, განაცხადა ბორელმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.