„არასოდეს მესმოდა იმ ადამიანების, რომლებიც სხვისი სახელით უმაღლესი თანამდებობის პირები ხდებოდნენ, შემდეგ თავიანთ ლიდერებს ღალატობდნენ (სხვა პოლიტიკურ გუნდში გადადიოდნენ), მაგრამ მიუხედავად ამისა, ყოფილი პოლიტიკური ლიდერის ავტორიტეტით მოპოვებულ თანამდებობებს არ თმობდნენ", - ასე ეხმაურება დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის დღევანდელ განცხადებას:
„ასე იყო თენგიზ კიტოვანი და „მრგვალი მაგიდისგან" გამოყოფილი მოღალატე საპარლამენტო დეპუტაცია - არც თენგიზს და არც ქარტიებს, კოსტავას საზოგადოებებს და ა.შ. არავინ იცნობდა და უჭერდა მხარს. ისინი ზვიად გამსახურდიას ავტორიტეტით გახდნენ მინისტრები, დეპუტატები, პრეფექტები, მაგრამ შემდეგ ზვიადს უღალატეს და საქართველო დააქციეს.
მესმის, რომ ხშირად ჯვარდაწერილი ცოლ-ქმარი სცილდება ერთმანეთს და პოლიტიკური გუნდიდან თუ ვინმე ვინმეს დასცილდება, ეს არაა აპოკალიფსი, მაგრამ მორალი, ზნეობა და მადლიერება არასოდეს უნდა დაავიწყდეს ადამიანს.
ამიტომ მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს! ვუსმინე თქვენს დღევანდელ განცხადებას და ფრიად ცუდი განცდა დამეუფლა. მართალია, არც თქვენ ბრძანდებით ჰეგელი და არც მე - შოპენჰაუერი, მაგრამ ორივეს ფილოსოფიურ ფაკულტეტზე გვისწავლია და ვიცით, რომ ზნეობა არის მთავარი განმსაზღვრელი ადამიანის რაობისა. ამიტომაც აწერია ემანუელ კანტის საფლავს, რომ ვარსკვლავიან ცასთან ერთად, ერთადერთი, რაც აკვირვებდა, მორალური კანონი იყო. პოლიტიკაზე არა, მორალსა და მადლიერებაზე მინდა მიგითითოთ, ბატონო პრეზიდენტო.
თქვენც, მეც და მთელმა ქვეყნიერებამაც ვიცით მარტივი ჭეშმარიტება, რომ საქართველოს პრეზიდენტად ხალხმა ბიძინა ივანიშვილს მიცა ხმა და არა თქვენ, ისიც კარგად იცით, რომ თუ არა „ქართული ოცნება", 3 პროცენტსაც ვერ მიიღებდით არჩევნებში, ამაზე, მგონი, კამათი არც ღირს. მინდა, მეგობრულად გირჩიოთ. გირჩიოთ, რათა თქვენი მორალური სახე შეინარჩუნოთ - გაგებით ვეკიდები, რომ მუდმივი არაფერია და თქვენმა პოლიტიკურმა შეხედულებებმაც შესაძლოა, ტრანსფორმაცია განიცადოს, მესმის, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობა" უფრო ახლოსაა თქვენთან, ვიდრე ის გუნდი, ვინც პრეზიდენტად გაქციათ. მე მინდა, რომ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი ზნეობის განსახიერება იყოს და არა პოლიტიკური ღალატის სიმბოლო, ამიტომ თქვენ ერთი გზა გაქვთ, რათა მორალური სახე შეინარჩუნოთ -წადით, ნუ ებღაუჭებით სხვის ნაბოძებ თანამდებობას, დანიშნეთ ახალი საპრეზიდენტო არჩევნები და დამოუკიდებლად, თქვენი ავტორიტეტით იყარეთ კენჭი. თუ გაიმარჯვებთ, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, ამის შემდეგ სრული მორალური უფლება გექნებათ, პოლიტიკურად იმეგობროთ გინდაც სააკაშვილთან და გინდაც ბოკერიასთან.
მერწმუნეთ, ბატონო პრეზიდენტო, რომ ამას კეთილისმსურველის პოზიციიდან გეუბნებით, რადგან ეს არის თქვენი მორალური სახის გადარჩენის ერთადერთი გზა. დამიჯერეთ, არანაირი კომფორტი და თანამდებობა არ ღირს იმად, იმ სახელით შეხვიდეთ ისტორიაში, როგორითაც უმადური კიტოვანი შევიდა. ნუ იქცევით კიტოვანად, მერწმუნეთ, რასაც მე გირჩევთ, ეს თქვენი გადარჩენის ერთადერთი გზაა!" - აცხადებს ბრეგაძე.
reportiori.ge
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.