დავით ზალკალიანმა და მევლუთ ჩავუშოღლუმ გამოხატეს მზაობა საქართველოსა და თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებაზე
03-03-2021, 17:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დავით ზალკალიანისა და მისი თურქი კოლეგის, მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

 


საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი თურქ კოლეგას ანკარაში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.

 


ქართული საგარეო უწყების პრესსამსახურის ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები, ასევე რეგიონის წინაშე მდგარი გამოწვევები, საფრთხეები და პერსპექტივები. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას ძირითადი ფოკუსით არსებულ ეკონომიკურ პროექტებზე, რაც უზრუნველყოფს რეგიონის სტაბილურ განვითარებას და სტრატეგიულ მნიშვნელობას სძენს ჩვენს რეგიონს.

 


„საქართველოს ვიცე-პრემიერმა მადლიერება გამოხატა თურქეთის ურყევი პოზიციისთვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე თურქეთის მტკიცე მხარდაჭერის გამო საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მიმართულებით.

 


მხარეებმა განიხილეს საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მნიშვნელობა და გამოითქვა იმედი, რომ პანდემიის გამო გადადებული საბჭო გაიმართება უახლოეს პერიოდში, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას და ორი ქვეყნის უწყებების უფრო აქტიურ თანამშრომლობას.

 


ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის განვითარებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ენერგეტიკულ, თავდაცვისა და უსაფრთხოების, კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში. დეტალურად იქნა განხილული სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ სფეროებში თანამშრომლობის საკითხები. კმაყოფილებით აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია და ძალისხმევა უნდა წარიმართოს თურქულ ბაზარზე საქართველოს ექსპორტის გაზრდის პერსპექტივებზე.

 


მხარეები მიესალმნენ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფართოების ფარგლებში ტარიფების შემდგომი ლიბერალიზაციისა და თურქეთს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის დიაგონალური კუმულაციის ამოქმედებისაკენ გადადგმულ ნაბიჯებს. აღნიშნული შეთანხმება დამატებით შესაძლებლობას გაუხსნის თურქეთისა და საქართველოს ბიზნესებს, რათა გაზარდონ ერთობლივი ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 


მათივე ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის, ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტების მნიშვნელობა.

 


„ითქვა, რომ სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის პროექტების რეალიზაცია ხელს შეუწყობს ქვეყნების ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებას და უზრუნველყოფს ენერგომატარებლების დამატებითი მოცულობების მიწოდებას კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპის ბაზარზე.

 


მრავალმხრივ ჭრილში მხარეები მიესალმნენ რეგიონში არსებულ სამმხრივ აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის თანამშრომლობის ფორმატს, რომელსაც გააჩნია განვითარების პერსპექტივები. მხარეები შეთანხმდნენ ხელი შეუწყონ ფორმატის გაღრმავებას რეგიონალური თანამშრომლობის განვითარების კუთხით.

 


განხილულ იქნა სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენები. ხაზი გაესვა მშვიდობიანი განვითარების ცალსახა მხარდაჭერას და ამ მხრივ კმაყოფილება გამოიხატა მთიანი ყარაბაღის რეგიონში მშვიდობის დამყარებასთან დაკავშირებით. საუბარი შეეხო ახალ რეგიონულ ინიციატივებს და აღნიშნა, რომ ნებისმიერი ხასიათის ინიციატივა უნდა ეფუძნებოდეს და მათი განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ მონაწილეთა მხრიდან ურთიერთპატივისცემის, თანასწორობის, რეგიონის ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო მხარდაჭერის პირობებში. ამას გარდა, მინისტრმა ზალკალიანმა განსაკუთრებით აღნიშნა, რომ რეგიონის ქვეყნები ღია უნდა იყვნენ თანამშრომლობის ინიციატივებში ევროპიდან და აზიიდან პარტნიორების ჩართვაზე, ხოლო თავად მსგავსი თანამშრომლობა ფოკუსირებულ უნდა იქნეს ეკონომიკურ პროექტებზე, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის ქვეყნების მდგრად განვითარებას, ასევე ევროპისა და აზიის ქვეყნების ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 


მათივე ცნობით, შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოხატეს მზაობა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებაზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი