ფოტო: მარინა აბულაძის Facebook-ის გვერდიდან.
საქართველოს საპატრიარქო გუშინ მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი შემთხვევა იყო დაგეგმილი პროვოკაცია, მიმართული ამ ეპარქიისა და საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ. საპატრიარქო ყველას მოუწოდებს, შეინარჩუნოს სიმშვიდე, რადგან ვითარების დაძაბვა და სიტუაციის გამძაფრება მოწინააღმდეგე ძალის მიზანია, რასაც არც მალავენ.
„მათთვის კი, ვისაც არ უნახავს კადრები ან მხოლოდ ცალმხრივად მიწოდებული ინფორმაცია აქვს, განვმარტავთ:
1. ა.წ. 11 თებერვალს საქართველოს ეკლესიის უმაღლესმა მმართველმა ორგანომ, წმინდა სინოდმა, ჭყონდიდის ეპარქიის ხელმძღვანელად განაწესა ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი).
2. საქართველოს ეკლესიის კანონმდებლობის შესაბამისად (მართვა-გამგეობის დებულება), ეპარქიის ყველა მღვდელმსახური ვალდებულია, დაემორჩილოს წმ. სინოდის განჩინებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი პირი სასჯელს ექვემდებარება.
3. მეუფე სტეფანეს (კალაიჯიშვილი) სიტყვიერი და წერილობითი შეგონების მიუხედავად, ორმა დიაკონმა დემონასტრაციულად უარი განაცხადა მღვდელმთავართან თანამწირველობაზე, რაც არის საეკლესიო კანონიკის უხეში დარღვევა; ამიტომაც შესაბამისი საეკლესიო სასჯელი დაედოთ.
4. პროტესტის ნიშნად მათ და მათთან დაკავშირებულმა სასულიერო პირთა მცირე ჯგუფმა, აგრეთვე გარკვეულმა საერო პირებმა მღვდელმთავრის რეზიდენციის ეზოში თავი მოუყარეს მომხრეებს და უხეში ზეწოლით შეეცადნენ, ჩაეშალათ მეუფე სტეფანეს მიერ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მოწვეული საეპარქიო კრება.
5. აღნიშნული სასულიერო პირების მიერ წაქეზებული ადამიანები და ასევე ჟურნალისტები, გაფრთხილების მიუხედავად, ძალმომრეობით შეიჭრნენ საეპისკოპოსო რეზიდენციაში, რასაც მოჰყვა აივნის მოაჯირის მორღვევა და ხუთი ადამიანის დაშავება (ამ ფაქტის გამო გამოვთქვამთ ჩვენს მწუხარებას)“, – აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადების მიხედვით, ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი შემთხვევა იყო დაგეგმილი პროვოკაცია, მიმართული ამ ეპარქიისა და საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ.
„გუშინდელმა კადრებმა დაგვანახა ისიც, რომ ვინც ამ პროცესებს გეგმავს, ყოველგვარ უღირს საქციელზე წამსვლელია. მათთვის კარგა ხანია აგრესია, სიცრუე, ცილისწამება ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, ახლა კი უკვე ძალმომრეობასაც აღარ მოერიდნენ.
მიგვაჩნია, რომ გუშინდელ აქციაში მონაწილეებს მრევლის წევრებად ვერ მივიჩნევთ, რადგან მრევლისთვის ასეთი ქცევა მიუღებელია. ყველას მოვუწოდებთ, შეინარჩუნოს სიმშვიდე, რადგან ვითარების დაძაბვა და სიტუაციის გამძაფრება მოწინააღმდეგე ძალის მიზანია, მით უმეტეს, ამას არც მალავენ.
დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი ხალხი და, კერძოდ, ჭყონდიდის ეპარქიის მოსახლეობა, გამოიჩენს ჩვეულ სიბრძნესა და კეთილგონიერებას, ღვთის წყალობითა და საერთო ძალისხმევით მშვიდობა დამყარდება, საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ უკანონი მოქმედებები აღიკვეთება“, ნათქვამია განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.