არ დავიწყებ კამათს, ავთენტური იყო ჩანაწერი თუ დაამონტაჟეს, პირდაპირ ვიტყვი, ვინმე დედას თუ შემაგინებს, ასეთ ადამიანს აუცილებლად პასუხს მოვთხოვ დღესაც, - განაცხადა მუსიკოსმა ბერა ივანიშვილმა გადაცემა „იმედის ფაქტორში“, გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით კომენტირებისას.
მან აღნიშნა, რომ ეს 2011 წელს ხდებოდა, როცა თავად არასრულწლოვანი იყო და მასზე და მის ოჯახზე „საზიზღარ“, მასობრივ თავდასხმებს ჰქონდა ადგილი და ინფორმაცია ამის შესახებ დაცვის სამსახურს გადასცეს.
„ეს ხდებოდა 2011 წლის ზაფხულს, მე მაშინ ვიყავი სადღაც 15-16 წლის თინეიჯერი და გულწრფელად გეტყვით, რომ ჩემთვის ეს უბრალოდ შოკისმომგვრელი მოვლენა იყო, რადგან აქამდე ჩემს ცხოვრებაში მსგავსი წყევლა-კრულვა, შეურაცხყოფები, მუქარები ჩემი მისამართით, ჩემი ოჯახის მისამართით არ ყოფილა და ამ ისტორიაში ჩემთვის ყველაზე შემაშფოთებელი იყო კონკრეტულად ჩემს გულშემატკივრებზე, 10-11 წლის ბავშვებზე, მასობრივი 100-200-კაციანი ჯგუფების თავდასხმა. ე.ი. იქ იყო მუქარა, რაღაც საზიზღარი პორნოგრაფიული სურათები, წერდნენ ბავშვებს, რომ ჩვენ შენთან სახლში მოვალთ, შენ ბერა ვერ დაგიცავს, ბერას კიბო აქვს. აი, რაღაც ისეთ საზიზღრობებს იძახდნენ, ეთერში ვერც კი გავიმეორებ, რაზეც რამდენიმე ბავშვის მშობელს ადეკვატური რეაქცია ჰქონდა, ისინი დაგვიკავშირდნენ ჩვენ. ჩვენ ვალდებული ვიყავით, ეს გადაგვეცა დაცვის სამსახურისთვის, რომელმაც ყველა კანონის, ეთიკისა, თუ მორალის დაცვით მოინახულა ეს ადამიანები. იმ ჩანაწერებშიც გარკვევით ისმის, როდესაც საუბარი მიდის არასრულწლოვან ადამიანზე, რომ იქ ამ საუბარს ესწრებიან მისი მშობლები, უფროსი მეზობლები და ა.შ. და ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება, თუ დარიგება“, განაცხადა ბერა ივანიშვილმა.
მან ასევე გავრცელებული ჩანაწერების ნამდვილობაზეც გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ ამაზე არ იკამათებს და იგი დღესაც იმავე პოზიცაზე დგას, თუკი ვინმე მას დედას შეაგინებს.
„მოდით, მე არც კი დავიწყებ ამაზე კამათს, ეს იყო ავთენტური, არ იყო, დაამონტაჟეს, არ დაამონტაჟეს, ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მე დღესაც აბსოლუტურად იგივე პოზიციაზე ვდგავარ და პირდაპირ ვიტყვი თქვენს ეთერში, მე თუ ვინმე დედას შემაგინებს, თუ ვინმე ჩემს ოჯახს შეეხება, რაც ჩემთვის ყველაზე წმინდა და ღირებულია, მე ასეთ ადამიანს აუცილებლად პასუხს მოვთხოვ დღესაც და მანახეთ ქართველი კაცი, რომელიც ამ საკითხზე სხვანაირად ფიქრობს, ერთი ვაჟკაცი, ერთი ქართველი კაცი მაჩვენეთ, ვინც ამ საკითხზე სხვა აზრის არის“, განაცხადა ბერა ივანიშვილმა და დაამატა:
„მოდით, მაშინ ყველამ ერთად გავაანალიზოთ, ეს, ასე ვთქვათ, სცენარი, რომელსაც ოპოზიციური არხები ატრიალებენ, რომ ე.ი. ეს თუ იყო 2017 წელს გაკეთებული ჩანაწერი, ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ უსმენს მის პრემიერ მინისტრს, უსმენს ანზორ ჩუბინიძეს, მისმენს მე, შემდგომ ამ ჩანაწერებს აწვდის ოპოზიციურ არხებს, ოღონდ თან თარიღი არ იცის, როდის გვისმენს. გვისმენს, მაგრამ თარიღი არ იცის და ესენი რასაც ამბობენ, მთავრობა არ იყო და ანონიმური, უცხო ვიღაც აგენტი იქსი არის, ე.ი. ამ კაცმა შეძლო, რომ ჩვენს ამ ყველა ჩანაწერს თავი მოუყარა და თარიღი არ იცის. ეს ერთი დეტალი და მეორე მხარეს მთელმა საქართველომ იცის, როდესაც ის კონკრეტული პოლიტიკური პარტია იყო ქვეყნის მმართველობაში, ხდებოდა ტოტალური მოსმენა, არა მარტო არასრულწლოვანი ბერასი, არამედ ვისიც უნდოდათ, ვინც მათ აინტერესებდათ, მთელი საქართველოს უკანონო მოსმენა ხდებოდა და ეს ყველას კარგად მოგეხსენებათ“, განაცხადა ბერა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.