მე-19 საუკუნის შუა პერიოდში, ყველიერისთვის ტფილისის ყველა ოჯახი ცდილობდა ფქვილის და ზეთის მომარაგებას, რომ ორშაბათს მთელი კვირის სამყოფი ნაზუქი და ქადა გამოეცხოთ. ბევრი მათგანი ცხობას ხუთშაბათს იწყებდა, წმ. შიოს ხსენების დღეს და ამიტომაც ერქვა „შიოს ქადა“.
ტფილისის ეზოებში ეწყობოდა საქანელები, სადაც კოპწიად გამოწყობილი გოგონები ერთობოდნენ და მღეროდნენ მისამღერით: „ყველიერია!“
საღამო ხანს სამეზობლო ერთ-ერთ მათგანთან იკრიბებოდა, ან ეზოში, ან სახლის ბანზე. ქეიფობდნენ, დაირის თანხლებით ცეკვავდნენ „ლეკურს“.
ქალაქის ქუჩებში შეგხვდებოდათ ქართველი მენესტრელი-მესტვირე. იგი ყველა დახლის წინ თუ გამვლელის წინაშე სვირის თანხლებით რეჩიტატივით ოდას ეტყოდა. ბევრი დიდი ინტერესით უსმენდა ამ გონებამახვილურ იმპროვიზაციას და რაღა თქმა უნდოდა გროშებსაც უწვდიდა. იქით ვინმე ყმაწვილი გადაცმული ბერიკაცის სამოსში (ბერიკა) ცეკვავდა და იგრიხებოდა და შეიძლება ითქვას, რომ მოსვენებას არ აძლევდა გამვლელებს და გროშებს სძალავდა. ზოგჯერ ბერიკას დათვის სამოსი ემოსა, რისთვისაც დათვოს (დათო) ეძახდნენ. ხშირად ბერიკები ჯგუფურად გამოდიოდნენ და მათში ქალებიც მონაწილეობდნენ.
დახლიდარები თავიანთი დახლის წინ იკრიბებოდნენ და დიდ ბურთს ერთმანეთს ქუჩის ერთი მხრიდან მეორეზე ესროდნენ შეძახილით „ყველიერია, ყველიერი!!!“ ეს ბურთი ხშირად გაბეზრებულ გამვლელსაც ხვდებოდა, მაგრამ რა...,,ყველიერია!
საღამოს ქალაქში და შემოგარენშიც: ავლაბარსა და კუკაში (კუკია) იმართებოდა მასობრივი მუშტი-კრივი, ხშირად დამარცხებული მხარე ქვების მომარჯვებით ცდილობდა მდევარის მოგერიებას, რა დროსაც ბევრი მონაწილე და სეირის მაყურებელიც კი სერიოზულად ზიანდებოდა. ყმაწვილები კი ჩალიჩის (ლახტი) თამაშით ერთობოდნენ.
დიდ ორშაბათს ტფილისში ყეენობა იმართებოდა, მოგვიანებით ისპანახობაც რომ ერქვა. ეს დღსასწაული სპარსეთზე რომელიღაც გამარჯვების აღსანიშნავად „დაწესდა“. ქალაქი ირჩევდა შახს (ყეენი) და მეფეს. მასხარებად და ბერიკებად გადაცმულნი ბიჭების, ყმაწვილების ჯგუფი დიდი ბაირაღებით ხელში მიაცილებდნენ ასევე სასაცილოდ გამოწყობილ თავიანთი რიგებიდან არჩეულ ყეენს და გამვლელებს აიძულებდნენ მისთვის „თაყვანი“ ეცათ და ფული გაეღოთ. შემდეგ ეს ჯგუფი მიემართებოდა წინასწარ დათქმულ ადგილზე, სადაც მუშტი-კრივში ერკინებოდნენ მეფის მომხრეებს. ეს ჭიდილში ყოველთვის მეფის მომხრეთა გამარჯვებით მთავრდებოდა და ყაენს მდინარეში აგდებდნენ, ხოლო მაყურებელთა მიერ გაღებული თანხით ამ წარმოდგენის მონაწილენი საქეიფოდ მიემართებოდნენ.
ყველიერის კვირას უბრალო ტფილისები სახლიდან თაგვების განდევნის ტრადიციასაც იცავდნენ. დიასახლისს ერთ ხელში პურის ნაჭერი და მეორეში ასკილის რტო ეჭირა და თაროებს შორის აკაკუნებდა და იძახდა: „თაგვო, თაგვო გამოდი“. შემდეგ პურის ყუას და ასკილის რტოს გადასცემდა კარში მომლოდინე ბიჭს, რომელიც გაიქცეოდა და თითქოს სახლიდან ყველა თაგვს თან გაიყოლებდა. მოშორებით, მიწაში ჩაარჭობდა ასკილის რტოს და თვითონ „გამარჯვებულის“ და პურის ჭამით კმაყოფილი იერით შინ ბრუნდებოდა.
ყველიერის დროს შესაძლოა სხვა ტრადიციებიც და ჩვეულებებიც ჰქონდათ ტფილისელებს, ან რა გამოლევდა მათ მრავალეროვან და მრავალენოვან ქალაქში!
ედიშერ ოდიშარია
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.