არ შემიძლია არ ვთქვა, რადგან უსინდისობას, უმეცრებას და უმადურობასაც საზღვარი აქვს!
რა მაქვს მხედველობაში? ის, რომ უკანასკნელ თვეებში ქართულ საზოგადებაში, მასმედიაში თუ სოციალურ ქსელებში გახშირდა უკმაყოფილების გამოხატვა დასავლეთის მიმართ, რაღაც აგდებული და ცინიკური მოსაზრებები გაისმა დასავლური დემოკრატიის, პოლიტიკის და ზოგადად კულტურის მისამართით. ჩვენი საზოგადოების ამ წევრებს მინდა შევახსენო, რომ სსრკ-ს დაშლის, საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის მოპოვების პირველივე დღეებიდან, ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა, სსრკ-ს ნაცვლად აღმოცენებული რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რაც გამოიხატა შემდეგში, - ე.წ. "ესენგეში" საქართველოს ეროვნული ხელისუფლების მიერ გაწევრიანებაზე უარის თქმას, მყისიერად მოჰყვა სამხედრო გადატრიალება და კანონიერი ხელისუფლების დამხობა! ამ ვერაგობის, მზაკვრობის სულისჩამდგმელი რუსეთი და მისი ადგილობრივი ქართული აგენტურა იყო (ახლაც მრავლად არიან!)! ამის შედეგად კი, საქართველო ფართო მასშტაბიანი სამოქალაქო ომის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, სახელმწიფო ინსტიტუტებმა დაკარგეს ლეგიტიმურობა, ქვეყანაში სრული ქაოსი გამეფდა ეკონომიკაში, სოციალურ სფეროში, კრიმინალი გაბატონდა ყველგან, ქუჩაში და ქვეყნის მმართველ ორგანოებშიც!
ამ კატასტროფული მოვლენების მთავარი ორგანიზატორი რუსეთის ფედერაცია იყო, რომელმაც საქართველოს სრული დამორჩილებისათვის მისი დაშლის გეგმაც აამუშავა და ჩვენს ეთნიკურ ავტონომიებში სისხლიანი კონფლიქტების პროვოცირება მოახდინა, რაც საქართველოს დე-ფაქტო იურისდიქციის დაკარგვით დასრულდა აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში. ეს მოვლენები მოხდა სულ რაღაც 2 წელიწადში, საქართველო მუდმივი დესტაბილიზაციისათვის განწირული იყო, ქვეყანას ემუქრებოდა ე.წ. "ბალკანიზაცია", "ლიბანიზაცია" თუ "ავღანეთიზაცია"!!! 300 ათასი დევნილი ღია ცის ქვეშ აღმოჩნდა, დაიწყო მასობრივი ემიგრირების პირველი ტალღა, ეკონომიკურად გაჩანაგებულ ქვეყანაში უმუშევრობამ მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია. სწორედ ამ ტრაგიკულ მდგომარეობაში, საქართველოს აწმყოს და მომავლის გადარჩენის ერთადერთი ძალა დასავლეთი გახდა!
დიახაც, აშშ-ის, გერმანიის, საფრანგეთის და სხვა წამყვანი ევროპული სახელმწიფოების საელჩოების გახსნამ და აქტიურმა ფუნქციონირებამ თბილისში (გაიხსენეთ, საქართველოში აშშ-ის და ევროპელი ელჩების პრინციპული პოზიციები!), გააჩინა იმედი იმისა, რომ საქართველოს სახელმწიფოს დასავლელი მეგობრები არ მიატოვებდნენ და მისი სუვერენიტეტის დაცვაში მხარს დაუჭერდნენ, ასეც მოხდა და ამას ადასტურებს მთელი განვლილი 30 წელიწადი!!! დიახ, რომ არა დასავლეთის სრული მხარდაჭერა, რუსეთი უკვე გადაგვაქცევდა "მეორე სომხეთად", თანაც უაფხაზეთოდ და უცხინვალოდ, ქვეყნის შიგნით კი პოლიტიკური ცხოვრება მუდამ დაპირისპირების (შეიარაღებული რეციდივებით!) ზღვარზე იქნებოდა, სადაც რუსეთი "გამშველებლად" მოგვევლინებოდა! დღესაც ასეა, რუსეთი ჩასაფრებულია, ქართველების "უთავობას და გაუტანლობას" ელოდება, ჩვენი კორუმპირებული პოლიტიკური სპექტრი კი "ქვეყანას ვერ იყოფს", ამ სიტუაციაში, დასავლელი მეგობრების პოლიტიკურად მძლავრი და უკომპრომისო მხარდაჭერის გარეშე, რომელიც მთავარი მომრიგებელი და შუამავალია ჩვენი უმწიფარი პოლიტიკური სპექტრისთვის და ინერტული საზოგადოებისათვის, რუსეთი თავის იმ მიზნებს მიაღწევდა, რაზედაც ზევით მოგახსენეთ და ჩვენი სახელმწიფოებრიობისგან არაფერი დარჩებოდა, გაქრებოდა "შარშანდელი თოვლივით"!!!
P.S. ზოგი უცოდინარობით, ზოგი კი გამიზნულად, მედასავლეთეობას აიგიავებს ნაცებთან და ქოცებთან, არადა, არცერთი არ არის ასეთი, პირიქით, მათი მმართველობის წლებში მოხდა დასავლური მიმართულებების დისკრედიტირება! ნაცებიც და ქოცებიც საბჭოური მენტალობის "ზაპადნიკები" არიან, ე.წ. მიქსი, ნეო-ბოლშევიკების და ნეო-ლიბერალებისა, მათთვის მთავარია ხელისუფლებაში მოვიდნენ და ძალაუფლება შეინარჩუნონ, თორემ - დასავლური ღირებულებებიც და ფასეულობებიც ორივეს ერთნაირად ფეხებზე ჰკიდიათ!!..
P.P.S. ამ თემასთან დაკავშირებით...
მოგეხსენებათ, რომ აბსოლუტურად დამოუკიდებელი სახელმწიფოები "ბუნებაში" არ არსებობს, რადგან მთელი მსოფლიო ერთმანეთზეა დამოკიდებული: პოლიტიკურად, ეკონომიკურად, სოციალურად, მეცნიერულად, სამხედრო-უსაფრთხოების, ეკოლოგიური და ყველა სფეროში კაცობრიობის თანაცხოვრების თვალსაზრისით - პლანეტა დედამიწაზე!.. ამავდროულად, არსებობს გაერო, მისი უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი 5 წევრი: აშშ, რუსეთის ფედერაცია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთის რესპუბლიკა. აი, ეს სახელმწიფოები სხვებთან შედარებით ყველაზე დამოუკიდებლები არიან, მათ რიცხვს დავუმატებდი ინდოეთის რესპუბლიკას. არიან აგრეთვე, ნეიტრალური სახელმწიფიები, ასევე, მარგინალური რეჟიმები, მაგ. ჩრდილოეთ კორეა, თუმცა, ისინიც რომელიღაც ზემოთ ხსებებულების ორბიტაზე იმყოფებიან!..
საქართველო, როგორც სსრკ-ს ყოფილი ნაწილი, განვითარების იმ გზას უნდა დაადგეს (ჩემი აზრით, რასაკვირველია!), რომელიც ყველაზე ცივილიზებული, სოციალურად, ეკონომიკურად, მეცნიერულად (განათლება, უახლესი ტექნოლოგიები!) განვითარებულია, სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით უსაფრთხოა, მმართველობის ფორმით ყველაზე დემოკრატიული და სამართლიანია. ასეთად მიმაჩნია დასავლეთი, რომელიც ყველა ზემოთ ხსენებულ კომპონენტში შეუდარებლად წინ არის (50-60 წლით), ვიდრე რუსეთი და მის ორბიტაზე მყოფი პოსტსაბჭოთა ქვეყნები, რომლებიც უღარიბეს "ესენგეში" და "ოდაკებეში" (რომელშიც 6 ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაა გაწევრიანებული!) არიან გაერთიანებულები, ავტორიტარული რუსეთის ზედამხედველობის ქვეშ!..
ამის საპირწონედ, დემოკრატიულ დასავლეთში არსებობს უმდიდრესი ევროკავშირი და 30 წევრიანი უძლიერესი ნატოს ალიანსი. და, რაც მთავარია - სამართლიანი სასამართლო და საარჩევნო სისტემები, დეპოლიტიზებული ძალოვანი სტრუქტურები, სრულყოფილი დემოკრატიული გარემო, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის პირადი უფლებების და თავისუფლებების დაცვას, გარანტირებული სოციალური და ჯანდაცვის სფეროები. აი, სწორედ აქეთ უნდა იყოს ჩვენი გეზი, თუ გვინდა მსგავსი სახელმწიფოს აშენება, სადაც შეხამებული იქნება ქართული ტრადიციული ღირებულებები და ფასეულობები, ევროპულ ღირებულებათა და ფასეულობათა სისტემასთან. ამიტომ, ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის "შეზღუდვა", რუსეთის "ყოველმხრივ ჩამორჩენილ და არადემოკრატიულ ორბიტაზე" კი არ უნდა მოხდეს, არამედ, დასავლეთის "ცივილიზებული ორბიტის დემოკრატიული და განვითარებული სახელმწიფოების საერთო ოჯახში" გაწევრიანების ფასად!!!...
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი - დამთავრებული აქვს ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.