დავით-გარეჯის თემაზე სადებატოდ გამომიწვია ბექა კობახიძემ. როგორც ჩანს ისტორიკოსის პროფესიულმა სიამაყემ ვერ მოითმინა და გადაწყვიტა საკუთარი მასშტაბური ცოდნა გარეჯის თემაზეც განევრცო და საკითხი ამომწურავად წარმოედგინა. ყურადღებით გავეცანი მის ვრცელ პოსტს, რომელიც რამდენიმე ნაწილისგან შედგება:
- შესავალი მოქალაქე-ისტორიკოსისა, თუ რატომ გარეჯის თემა;
- გარეჯის წარსულის მიმოხილვა კავკასიის რეგიონში ტერიტორიული ცვლილებების კომპლექსურ ჭრილში;
- აზერბაიჯანის პოლიტიკა ალბანური მემკვიდრეობის შესახებ და გარეჯის კომპლექსთან მისი კვეთა;
- გარეჯთან დაკავშირებული უახლესი პროცესების აღწერა;
- “რეალობის მოკვლევა” გარეჯის საქმესთან დაკავშირებით;
- პოლიტიკური მესიჯბოქსით გაჯერებული დასკვნა.
პირველ რიგში მივყვეთ ვრცელ ტექსტს თანმიმდევრულად და ვნახოთ, სად ვეთანხმებით და სად არა.
- ბუნებრივია, რომ ისეთი მასშტაბის თანამედროვე ისტორიკოსის ჩართვა გარეჯისნაირ აქტუალურ თემაზე მიმდინარე დისკუსიაში, როგორც ბექა კობახიძეა, მხოლოდ მისასალმებელია და მეტიც აუცილებლად ვისურვებდი მისი მოქალაქე-ისტორიკოსის ენთუზიაზმი არც მომავალში განელებულიყოს. ამ მხრივ სრული მხარდაჭერა მას.
- გარეჯის წარსულის მიმოხილვისას უბრალოდ არ მახსენდება ვინმეს ასე მოკლედ და სიღრმისეულად აღეწეროს ამ მონაკვეთის ტერიტორიული საკითხი, რომელიც მთლიანი ისტორიული პროცესის ჭრილშია დანახული და ამ ფუნდამენტურ მდგენელს სათანადო ყურადღებას უთმობს. გარეჯის მონაკვეთზე საზღვრის ცვლილება მთლიანი კონტექსტისა და ეპოქის გათვალისწინებითაა წარმოჩენილი.
ამის მიუხედავად, ტექსტის ამ მონაკვეთში ორიოდე უზუსტობა გვხვდება. ბექასთან ერთის მხრივ ვკითხულობთ, რომ “1921 წლის შემდეგ წლებში რუკებზე კონკრეტული მონაკვეთების მონიშვნა-დაზუსტება ხდებოდა, მაგრამ საბჭოთა სახელმწიფოსთვის ეს თემა არ იყო ცენტრალური მნიშვნელობის.” ამავე წინადადების ზემოთ ავტორი ავითარებს მსჯელობას, თუ რა პრინციპით გადაეცა ყარაიაზის ველი აზერბაიჯანს, რატომ არ ქონდა დიდი მნიშვნელობა ორ საბჭოთა რესპუბლიკას შორის საზღვრის მკაფიოდ გავლებას სტრატეგიული მნიშვნელობა და როგორ შეირჩა საზღვრის დადგენის კრიტერიუმად ქედი და გეოგრაფიული მახასიათებლები.
აი აქ შევჩერდეთ ☺ გარდა ფაქტობრივი უზუსტობისა, ტექსტის ეს ნაწილი თავისთავადაც წინააღმდეგობრივია. თუკი საზღვრის დადგენის კრიტერიუმად “გამოდგა ქედი და გეოგრაფიული მახასიათებლები”, მაშინ რა “კონკრეტული მონაკვეთების მონიშვნა-დაზუსტება ხდებოდა” შემდეგ წლებში გამოცემულ რუკებზე? ქედი და გეოგრაფიული მახასიათებლები მდებარეობას იცვლიდნენ თუ როგორაა ეს საქმე? თუ ყარაიაზის ველის გადაცემა მოხდა 1921 წელს აზერბაიჯანისთვის და საზღვარი ქედზე გატარდა, ამ მოქმედებას შემდგომ წლებში არავითარი დაზუსტება არ დაჭირდებოდა, რადგანაც ქედი უძრავი გეოგრაფიული სიმყარეა.
რაკიღა ავტორი ახსენებს ძალიან მნიშვნელოვან ფრაზას, რომ “1921 წლის შემდეგ წლებში რუკებზე კონკრეტული მონაკვეთების მონიშვნა-დაზუსტება ხდებოდა”, ეს ნიშნავს რომ მას ნანახი აქვს კონკრეტული რუკები, სადაც აღნიშნულია ეს მონაკვეთები და სასაზღვრო ხაზების ცვლილება. თუკი ეს რუკები ავტორს ნანახი აქვს, ის იმასაც შენიშნავდა, რომ ხაზთა ცვლილებები უკავშირდება სამეურნეო ამოცანებს და საერთოდ არ იკვეთება გეოგრაფიული თუ სტრატეგიული სიმაღლეების დაკავების მიზნები.
როგორც ავტორი მართებულად აღნიშნავს, 1921 წლისთვის აზერბაიჯანის ინტერესი ყარაიაზის ველის სამეურნეო გამოყენებას ეხება. სამიწათმოქმედო გამიჯნვისასაც ხაზი ივლებოდა ველის იმ უკიდურეს პერიმეტრზე, რომელიც საძოვრად გამოსაყენებელი იყო და კლდოვანი მთის მასივის მოქცევას საზღვრის შიგნით სამეურნეო თვალსაზრისით არავითარი მნიშვნელობა არ ქონდა. თუკი დაინტერესებული პირი გაეცნობა ბატონი ბექას მიერ ხსენებულ რუკებს და დააკვირდება სხვადასხვა პერიოდში მათზე დატანილ სამეურნეო დემარკაციას, ის ამ ლოგიკას ადვილად შენიშნავს.
ასევე ლოგიკურია, რომ საბჭოთა სახელმწიფოს შიგნით, მითუმეტეს ორ რესპუბლიკას შორის, მითუმეტეს 1921-1936 წლებს შორის მონაკვეთში, როდესაც ფორმალურად ამიერკავკასია ერთ რესპუბლიკას წარმოადგენდა, გარეჯის ქედს ვერანაირი სტრატეგიული სიმაღლის მნიშვნელობა ვერ ექნებოდა, რადგანაც ლაპარაკი ერთიანი ქვეყნის შიგნით არსებულ გეოგრაფიულ სიმაღლეზეა.
ამდენად, ქედის ბუნებრივ საზღვრად ხსენება ავტორის მსჯელობაში 1921 წელს გამიჯნვის პროცესისას იმთავითვე მიუღებელი და დაუსაბუთებელია, ხოლო ამ პასაჟის პრობლემურობა ქვემოთ კიდევ უფრო გამოჩნდება.
ტექსტის ამ მონაკვეთის კიდევ ერთ ცდომილებას პოლიგონის მოწყობის თემა წარმოადგენს, რომელიც ავტორის მიხედვით სსრკ-მ პერესტროიკის დროს მოინდომა. 1945 წელს გახსნილი და პერესტროიკის დროს სტუდენტების მიერ გაპროტესტებული პოლიგონის მცდარად დათარიღება თითქოს უმნიშვნელო შეცდომაა, თუმცა ერთგვარ ჩრდილს აყენებს ავტორის კომპეტენტურ იმიჯს.
- ტექსტში მშვენივრადაა წარმოდგენილი აზერბაიჯანის პოლიტიკა ალბანური მემკვიდრეობის მითვისების და გაბუქების მიმართულებით, იმ მცირე უზუსტობით, რომ თითქოს აზერბაიჯანის მხარე აკონტროლებდა საზღვარს 2019 წლამდე და კეთილი ნებით უშვებდა მომლოცველებს თავის ტერიტორიაზე. ეს უბრალოდ მცდარი მტკიცება და ფაქტობრივი უზუსტობაა. აზერბაიჯანელი მესაზღვრეების გამოჩენის და აქტივობის საკითხი ნათლადაა აღწერილი და დაფიქსირებული, მათ შორის ქართულ მედიაშიც. ამდენად, პირობით საზღვარზე ვითარების შეცვლის დაკავშირება 2019 წელთან და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან არსებითად წარმოადგენს რიგი პოლიტიკური პარტიების მესიჯბოქსს და არაფერი აქვს საერთო რეალურ ვითარებასთან.
ავტორი არსად ახსენებს 2007 და 2012 წლის მოვლენებს, როდესაც აზერბაიჯანული მხარე გაწელილი მოლაპარაკებების ფორსირებას გარეჯის მონაკვეთზე მესაზღვრეების გამოჩენითა და მომლოცველთა გადაადგილების შეზღუდვით ცდილობდა და ყოველ ჯერზე ახერხებდა დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესისთვის ახალი მუხტის მიცემას. ავტორი ასევე გადაჭარბებულ მნიშვნელობას ანიჭებს ევროპანოსტრას ჯგუფთან ერთად პრეზიდენტ ზურაბიშვილის ვიზიტს გარეჯის კომპლექსში და მის რემარკას გარეჯთან დაკავშირებულ პრობლემებთან, რაც პირველ რიგში ძეგლის ფიზიკურ საფრთხეებს უკავშირდებოდა. ოპოზიციური ძალების მხრიდან ჯერ კიდევ 2018 წლის არჩევნებზე დისკრედიტაციის სამიზნედ შერჩეული პრეზიდენტის სიტყვები მხოლოდ მას შემდეგ დაუკავშირდა გარეჯის პრობლემას, რაც 2019 წლის გაზაფხულზე აზერბაიჯანულმა მხარემ წინა წლებში აპრობირებული ფორმით პროცესის მორიგი ფორსირება განახორციელა. შესაბამისად, ავტორის ტექსტს აკლია ამ ასპექტის უფრო ვრცელ ჭრილი დანახვა და შეიცავს პრეზიდენტ ზურაბიშვილის წინააღმდეგ აგორებული მესიჯბოქსის ნარატივს.
- ტექსტის მომდევნო ნაწილი, რომელიც “რეალობის მოკვლევის” ამსახველ ექვს პუნქტს მოიცავს, ყველაზე საყურადღებო და გასაკრიტიკებელია. პირველ პუნქტში ვკითხულობთ:
“1996 წელს მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღიარებდნენ საბჭოთა საზღვრებს და იხელმძღვანელებდნენ 1938 წელს გამოცემული 50000-იანი მასშტაბის რუკებით, რითაც ხელმძღვანელობდნენ კიდეც”;
კარგია, რომ ავტორი ახსენებს 1996 წელს, რადგანაც სწორედ 1996 წლის 13 ივნისის ორმხრივი პროტოკოლი წარმოადგენს იმ საბაზისო დოკუმენტს, რომელმაც განსაზღვრა, თუ როგორ და რა პრინციპებზე დაყრდნობით უნდა მოხდეს ორ ქვეყანას შორის საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაცია.
სამწუხაროა, რომ ქართველი ისტორიკოსი არამხოლოდ არ განმარტავს ამ დოკუმენტის და მისი შინაარსის მნიშვნელობას, არამედ დამახინჯებულად გადმოგვცემს მას. 1996 წლის შეთანხმებაში არ წერია, რომ საზღვრის დადგენისას იხელმძღვანელებდნენ 50 ათასიანი მასშტაბის რუკებით, იქ წერია, რომ დემარკაცია-დელიმიტაციის შედეგად დადგენილი საზღვრის დატანა მოხდება თანამედროვე 50 ათასიანი მასშტაბის რუკაზე, რაც ხვდებით რომ აბსოლუტურად სხვა რამაა. როგორც ჩანს ავტორი აქ უკვე მედიაში გავრცელებულ სტატიებს დაეყრდნო საკითხის მოკვლევისას, სადაც ეს შეცდომა გავრცელებულია და საკუთრივ 1996 წლის რუსულ ენაზე შედგენილი პროტოკოლი წაკითხული არ აქვს. წარმოუდგენელია, ასეთი კომპეტენტური ავტორი ორიგინალ დოკუმენტს იცნობდეს და მას ასეთი შეცდომა დაეშვა.
მეტიც, 1996 წლის შეთანხმებაში არ წერია, რომელი რუკები უნდა გამოვიყენოთ საზღვრის დადგენისას, იქ წერია პრინციპი, თუ რის მიხედვით უნდა დავადგინოთ საზღვარი. ეს პრინციპი კი არის შემდეგი: საიდან გაჩნდა მოლაპარაკებისას 1938 წელი? საქმე იმაშია, რომ ეს არის ის წელი როდესაც, ორ სახელმწიფოს შორის, ანუ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივად დადგინდა საზღვარი და ამ საზღვრის აღიარება მოხდა ორივე სახელმწიფოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოების მხრიდან რატიფიცირებით. მას შემდეგ მსგავსი პროცესი არ მომხდარა და ბატონი ბექას მიერ ხსენებული გვიანდელი რუკები, რომლებიც შეცვლილ საზღვრებს ასახავს, იურიდიული ძალის არმქონე და სამეურნეო ხასიათისაა.
სწორედ ამიტომ,1996 წელს ითქვა, რომ საზღვარი ორ ქვეყანას შორის დადგინდეს 1938 წლის მდგომარეობით. ეს მდგომარობა კი ასახულია იმ დოკუმენტებში, რაც გაფორმდა 1938 წლის ადრეულ გაზაფხულზე. 1938 წელს დელიმიტირებულ საზღვარს ხელი ხუთას ათასიანი მასშტაბის რუკაზე მოეწერა, რომელიც შეუძლებელს ხდის გავლებული ხაზის ქვეშ გარეჯის კომპლექსში სადავო მონაკვეთის ზუსტ ფიქსაციას. ამის მიუხედავადაც კი, ადმინისტრაციულ რუკაზე მწვერვალი უდაბნოს აღმნიშვნელის ქართულ მხარესაა დატანილი. ადგილმდებარეობის უფრო დეტალური შესწავლისთვის კი საჭიროა იმ დროის უფრო მსხვილმასშტაბიანი რუკების გაცნობა და სწორედ ასეთია ის აწ უკვე ყბადაღებული 200 ათასიანი მასშტაბის რელიეფის ამსახველი რუკები, რომლებიც ქედის ქართულ მხარეს არსებობას ნათლად აფიქსირებს.
მეორე პუნქტში ავტორი ირონიით ლაპარაკობს სპეცოპერაციის შედეგად მოძიებულ რუკებზე, რომელთაც ამავე დროს თავადაც ვერ ასათაურებს ზუსტად. რა რუკები აკლდა საზღვრის დამდგენი კომისიის მიერ შეგროვებულ დოკუმენტაციას და რა რუკები მოიპოვა დავით ხიდაშელმა, ეს საკითხი ნათლადაა განმარტებული კომისიის სხვა წევრებისა და თვითონ ბატონი ხიდაშელის მიერ, ამიტომ ამაზე არ შევჩერდეთ. დაინტერესებული პირი ამ განმარტებებს ადვილად ნახავს.
ყველაზე საინტერესო მსჯელობის მესამე პუნქტია, რომელიც გარეჯის საქმის კარტოგრაფიულ ასპექტში ყველაზე საკვანძო და არსებით საკითხს ეხება. ბატონი ბექა აცხადებს:
“ეს რუკა, ფაქტობრივად დადგენილია, რომ რეალობას არის აცდენილი და კარტოგრაფიულად არ არის ვარგისი;”
საიდან ეს დასკვნა? ტექსტის წინარე მსჯელობა არ შეიცავს არცერთ არგუმენტს, საიდანაც ოდნავ მაინც შეიძლება გამომდინარეობდეს მსგავსი ხასიათის მტკიცება. არ არის მოხმობილი არცერთი წყარო, რომელიც შეიძლება ამტკიცებდეს რუკის წუნდებულობის საკითხს. ბუნებრივია ვგულისხმობთ საკვანძო მნიშვნელობის 200 ათასიანი მასშტაბის რუკებს, რომლებიც გამოიცა 1936 წლის 5 დეკემბერს სსრკ-ს ახალი კონსტიტუციის დამტკიცების შემდგომ და რომელმაც თავის მხრივ დღის წესრიგში დააყენა ამიერკავკასიის სამი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორიული გამიჯნვის საკითხი.
პირადად მე დღიდან ამ საქმის დაწყებისა ჩასაფრებული ვარ მოვიპოვო რაიმე მტკიცება ან მასალა, სადაც პროფესიულ ენაზე იქნება ახსნილი ამ რუკის წუნი. ჩვენ არ გვაქვს არავითარი არგუმენტი, გარდა ბატონი ივერი მელაშვილის განცხადებისა, რომელიც გაკვრით და ბუნდოვნად, მიზეზად ასახელებს ე.წ. მიუფლინგის სისტემას. უცნაურია, რა კავშირშია მიუფლინგის პროექცია ისეთ მსხვილმასშტაბიან კარტოგრაფიულ მასალასთან, როგორიც 200 ათასიანი რუკაა და რომელსაც ყველაფერთან ერთად ნათლად აწერია, რომ რუკა ჰანს-კრიუგერის საკოორდინატო ბადეზეა აგებული, რაც პრაქტიკულად გამორიცხავს გეოგრაფიული წერტილების ცდომილებას.
შესაბამისად, ბატონი ბექას ეს მტკიცება პირდაპირ იმეორებს ბატონი ივერის განცხადებას და სამწუხაროდ ჩვენს ისტორიკოსს არ შეუწუხებია თავი ამ საკითხში უფრო ღრმად გარკვევისგან. არადა სწორედ ეს საკითხია მთელი თემის ქვაკუთხედი. რას ნიშნავს წუნდებული რუკა, მართლა მაინტერესებს და სიამოვნებით დავესწრებოდი ამ საკითხზე ნებისმიერ დებატს, რომელსაც დარგის სპეციალისტები გამართავდნენ.
კიდევ უფრო სამწუხაროდ, ბატონი ბექა შემდგომ მსჯელობას აღნიშნულ მცდარ წანამძღვარზე დაყრდნობით აგრძელებს და მტკიცებით ფორმაში გვიყვება, რომ აზერბაიჯანული მხარე წუნდებულობის მიზეზით არ აღიარებს 200 ათასიან რუკას. მეოთხე პუნქტში კიდევ უფრო ბუნდოვან და დაუსაბუთებელ მსჯელობას ვხედავთ, არგუმენტით “როგორც დგინდება”.. და როგორ დგინდება? საიდან? რაზე დაყრდნობით? საიდან ამტკიცებთ და იცით რა პოზიციებს აფიქსირებდა აზერბაიჯანი, როდის აჩვენეს 200 ათასიანი რუკები და ვინ მოჰყვა ამ პროცესის შესახებ?
ამ პუნქტიდან ბატონი ბექა ისტორიული გარემოებების დადგენის კვალდაკვალ ბატონი მელაშვილისა და ქალბატონი ილიჩევას ბრალეულობის საკითხის განხილვაზეც გადადის. რატომღაც ის არ მიჯნავს თემებს ერთმანეთისგან და ნათლად ამჟღავნებს წინასწარაღებულ რწმენას, რომ გარეჯის თემა მთლიანად თითიდანაა გამოწოვილი, თითქოს არავითარი საფუძველი არ არსებობს გარეჯის ნაწილში ქართული ინტერესების დათმობის საქმეში ეჭვის შესატანად და მელაშვილი-ილიჩევას ქეისი მთლიანად წინასაარჩევნო მანიპულაციებისთვის იყო გამოგონებული.
ამ მტკიცებებიდან გამომდინარე გადავდივართ ბატონი ბექას ტექსტის დასკვნით ნაწილზე, სადაც წარმოდგენილია ქედზე საზღვრების გავლების თეორიული დასაბუთება. ბუნებრივია, რომ როდესაც ლაპარაკი ისტორიულ საზღვრებზე გვაქვს, მიჯნების დადგენა სწორედ ქედებისა და ხეობების გამოყენებით ხდება. ამ პრინციპით გვიხსნის ივანე ჯავახიშვილი ისტორიული საქართველოს გეოგრაფიულ საზღვრებს, სამხრეთ-აღმოსავლეთით ბამბაკის ქედის მნიშვნელობას და ა.შ. მაგრამ, ეს ლოგიკა როგორ უნდა გამოვიყენოთ მაგალითად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აღმოსავლეთ მხარის საზღვარზე, რომელიც აზერბაიჯანს ესაზღვრება? რა გეოგრაფიული აღმნიშვნელების მიხედვით მოეჭრა საქართველოს საინგილო? ან რა გეოგრაფიული მდგენელების მიხედვით შეიქმნა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი საქართველოში, რომელსაც დემარკირებული საზღვარი არასოდეს ჰქონია? და ნუთუ ბატონი ბექა ვერ ხვდება რომ ზუსტად ასევე არაბუნებრივადაა ჩამოჭრილი საქართველოსთვის ყარაზაის ველი, სამეურნეო მიზნებისთვის აზერბაიჯანისთვის გადაცემული და იმ მომენტისთვის ქედზე საზღვრის გატარების არავითარი საჭიროება არ არსებობდა?
ჩემში ასევე იწვევს სკეფსისს ბატონი ბექას ოპტიმიზმი, რომ თაობები შეიცვლება და აზერბაიჯანი უარს იტყვის გარეჯის ალბანური კულტურის ძეგლად წარმოჩენაზე. მეტიც, შეცვლილი თაობები ხშირად იმაზე ხმამაღლა იმეორებენ მითებს, ვიდრე ეს თავდაპირველად ისმოდა. ამ მკაფიო მაგალითს კარგად ვხედავთ იმ ანტიჰესურ ისტერიაზე, რომელიც რადიკალურმა მემარჯვენე ქსენოფობიურმა და დამწყებმა მემარცხენე-სოციალისტურმა ძალებმა ერთად ააგორეს და ალაჰმა უწყის მათ უკან ვისი და რა ჯურის ინტერესები იკვეთება. ეროვნული მოძრაობის გარიჟრაჟზე ეთნონაციონალიზმის აღზევებისას შეთხზული მითების რეკონსტრუქცია იმაზე დიდი ტემპით მიმდინარეობს თანამედროვე საქართველოს საინფორმაციო ველში, საერთოდ რომ არ დაესიზმრებოდათ 30 წლის წინ დამოუკიდებელი საქართველოს დამფუძნებელ მამებს.
ბატონი ბექა კობახიძის ზემოთქმული ტექსტის კრიტიკის შემდეგ ასევე სკეპტიკურად ვუყურებ მკითხველის შესაძლებლობას ობიექტურად შეხედოს შექმნილ ვითარებას და შეიცვალოს წინასწარი განწყობითა და რწმენით კონსტრუირებული აზრი, რომელიც როგორც წესი პოლიტიკურ პრეფერენციებს ეპყრობა. თუკი მავანს ტექსტის გაცნობის შემდეგ დებატის სურვილი მაინც ექნება, აქვე შემიძლია ჩამოვწერო საკითხთა თანმიმდევრობა, რაზეც ნებისმიერს შეუძლია დააფიქსიროს თავისი აზრი. წინმსწრებად უნდა ითქვას, რომ თუკი მავანი აღიარებს, რომ არ არსებობს არავითარი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ქართულ მხარეს საფუძველს აძლევს პრეტენზია განაცხადოს გარეჯის ლავრის უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონაკვეთებზე (არა ბერთუბანზე), ასეთ ადამიანთან შემდგომ დისკუსიას აზრი არ აქვს. ამ შემთხვევაში საკამათო საკუთრივ რუკების ვალიდურობაა, რაც სპეციალისტთა განხილვის საგანი უნდა იყოს. შეგახსენებთ, რომ რუკების წუნი ჯერ-ჯერობით არსად და არავის მიერ დადასტურებული არ არის. შემდგომი ისტორიული თუ პუბლიცისტური მსჯელობაც მხოლოდ ამ კონკრეტულ საკითხზე შეთანხმების შემდეგაა შესაძლებელი.
თუკი რუკების ვალიდურობაზე ვთანხმდებით, საკითხები შემდეგნაირად ლაგდება:
- 1996 წლის პროტოკოლი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის გამიჯნვას 1938 წლის მდგომარეობთ გულისხმობს. მიგაჩნიათ თუ არა, რომ საქართველო არ უნდა დარჩეს ამ სამართლებრივ ველში და სახელმწიფომ უნდა განაცხადოს პრეტენზია ისტორიული ტერიტორიის შემოსაერთებლად, რასაც ქართული ისტორიოგრაფია ქართულ მიწებად მიიჩნევს?
კი ან არა;
- 1938 წლის საზღვრის დადგენისას ქართულ მხარეს არ გააჩნია ორიგინალი დოკუმენტები, მათ შორის ხელმოწერილი რუკის დედანი. 200 ათასიანი რუკები გვაჩვენებს, რომ 1938 წლის მდგომარეობის ამსახველი საზღვრის ხაზი გადის იმგვარად, რომ უდაბნოსა და ჩიჩხიტურის ქედი საქართველოს ტერიტორიაზე ექცევა. უნდა ეცადოს თუ არა ქართული მხარე ამ დოკუმენტის გამოყენებას ქვეყნის ინტერესების დაცვისას, თუკი დაცვის პროცესი მთლიანად ჯდება 1996 წლის ხელშეკრულების ფარგლებში?
კი ან არა;
- მიგაჩნიათ თუ არა, რომ დღეს შექმნილი ვითარება აცდენილია 1996 წლის შეთანხმებით გაჩენილი შესაძლებლობით მისაღებ ვითარებას და საქართველოსთვის საზიანოა?
კი ან არა;
- თუ შექმნილი ვითარება აზიანებს ქართულ ინტერესებს, რომელთა დაცვაც შესაძლებელი იყო 1996 წლის შეთანხმებით, უნდა დაიწყოს თუ არა მოკვლევა ან ჩატარდეს გამოძიება შესაძლო დამნაშავე პირთა გამოსავლენად, რომელთაც განზრახ, უნებლიეთ, შეუცნობლად ანდაც არაკომპეტენტურობთ დათმეს საქართველოს ინტერესები?
კი ან არა;
- არიან თუ არა ილიჩევა და მელაშვილი დამნაშავე სამშობლოს ინტერესების დათმობაში?
კი ან არა.
პირველ კითხვაზე ჩემი პასუხია არა. შემდეგ კითხვებზე ჩემი პასუხია კი. ბოლო კითხვაზე მე პასუხი არ მაქვს და არც არასდროს მქონია. მე ეს არ ვიცი და ეს გამოძიების დასადგენია. მე გავეცანი იმ დოკუმენტაციას, რაც საზღვრის თემას ეხება და არ ვიცნობ იმ საქმეთა მასალებს, რომელიც კონკრეტულ პირთა დამნაშავეობის საკითხს ასახავს.
აქედან გამომდინარე, ჰეშთეგი “ივერიდამნაშავეა” მე არც შემხვედრია და არც გამიზიარებია, რაც საერთოდ არ გამორიცხავს მის რაიმე სახის ბრალეულობას, როგორც მინიმუმ სახელმწიფო ინტერესების არასათანადოდ დაცვის კუთხით. რაც მთავარია, მე დღემდე ველოდები მისგან კვალიფიციურ განმარტებას, რომლითაც ამიხსნის, რატომ დაიწუნა 200 ათასიანი რუკა და რატომ ასცდა საექსპერტო მუშაობის დონეზე 1938 წლის ხაზს.
თუკი ბატონი ბექა აღნიშნული ტექსტის გაცნობისას და ჩამოთვლილ კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ კვლავინდებურად ისურვებს დებატს, ბუნებრივია გამოხმაურების გარეშე არ დარჩება.
მანამდე კი იმედია ის პასუხს გასცემს მთავარ კითხვას, რას გააკეთებდა თვითონ იგი განსხვავებულად, 1996 წელს ბატონი ივერის ადგილას რომ აღმოჩენილიყო მომდევნო 25 წლით?
გურამ ნიკოლაშვილი
წყარო: Facebook-ი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.