ტელეიმედის წამყვანი გურამ ნიკოლაშვილი გამოეხმაურა ჩემს ვრცელ პოსტს. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს გამოხმაურება ისევეა გურამის დაწერილი, როგორც „მე დავწერე“ დანტეს ღვთაებრივი კომედია. ძალიან მკაფიოდ ვცნობ, ეს არ არის ჟურნალისტის ენა, ის არის ქართული სამეცნიერო რეცენზიის ტიპის ნაწერი. ის, ჩემი ვარაუდით, რომელიღაცა კარტოგრაფმა დაწერა, შემდეგ ლაშა ნაცვლიშვილმა პოლიტიკური სანელებლები გაუზავა და გურამს დაევალა მისი გამოქვეყნება საკუთარ თავზე ეტვირთა.
ლამის 24 საათი გავიდა ამხელა წვალებიდან, მაგრამ ოდენ მხოლოდ ცხრა ლაიქი მოაგროვა გურამმა. გურამი არ დაშვრა და კედელ-კედელ იარა ადამიანებთან, ვისაც ჩემი პოსტი ჰქონდა მოწონებული, ყველას თავისი ტექსტიც დაუკოპირა - აჰათ, ესეც წაიკითხეთო. ამ მეთოდმაც არ იმუშავა, მაინც ვერ ჰპოვა ინტერესი. ჩემთვის ობიექტურად მომგებიანი იყო ამ გამოხმაურებისთვის აღარ მეპასუხა და თავად არ გამეწია მისთვის პოპულარიზაცია, მაგრამ რადგან პროსახელისუფლებო ხალხი „გარეჯი საქართველოა!“ და „მელაშვილი ნაციონალია!“ ჟანრიდან გამოვიყვანე, თემატური საუბარი დავაწყებინე, აბა ამ პროცესს როგორ შევაჩერებ?! დარწმუნებული ვარ, ჯერ მარტო ჩემ მიერ გუშინ დაწერილი ვრცელი პოსტით დაიღალეთ, ახლა კიდევ ამ პოსტზე გამოხმაურებისა და ამ გამოხმაურებაზე ჩემი პასუხის წაკითხვის თავი ბევრს არ აქვს, მაგრამ ვიღაც ხომ წაიკითხავს?! ესეც არ იყოს, გურამებმა უნდა იცოდნენ, რომ აქეთ არის ინტელექტუალური რესურსი, რომელიც მანიპულაციის საშუალებას არ მისცემს. ამასთანავე, ისტორიასაც დარჩება ეს ნაწერი.
ვაღიარებ, "გურამის" წერილი კარგი ენით და ნიჭიერად დაწერილი დემაგოგია და სიყალბეა. ჩემი კომპლიმენტი მის რეალურ ავტორს. რატომ სიყალბე და რატომ კარგი? იმიტომ რომ ყველაზე ეფექტური ტყუილია, როცა 90% დამაჯერებელ სიმართლეს ლაპარაკობ და 10%-ში ატყუებ ან ინფორმაციას უმალავ/უმრუდებ მკითხველს. აი ასეთი ტექსტია ეს.
ზიარებით არ ზიარდებოდა და ამიტომ, თუ ვინმეს მისი წაკითხვა გინდათ, ეწვიეთ გურამის გვერდს. უფასო რეკლამას ვუკეთებ.
ის პირველ საყვედურად მსაყვედურობს, რომ თუ ამბობ 1921 წელს გადაეცა აზერბაიჯანს ყარაიაზის ველი და უდაბნოს ქედზე გაიარა საზღვარმაო, მერე რატომღა ამბობ, რომ ამ საზღვრის დაზუსტება ხდებოდაო? აი აქ არის პირველი სიცრუე. მე არსად მითქვამს, რომ 1921 წელს უდაბნოს ქედზე გაიარა საზღვარმა. მე ვთქვი, რომ 1921 წელს აზერბაიჯანს გადასცეს ყარაიაზის ველი. ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება გეოგრაფიული ერთეულის გადაცემასთან დაკავშირებით და ამის შემდეგ უნდა დადგენილიყო წერტილები თუ სად გადიოდა საზღვარი. ასე მაგალითად, ხვალ რომ გაგიჟდეს აზერბაიჯანის სახელმწიფო და ხელი მოგვიწეროს შეთანხმებაზე, რომ გადმოგვცემს ბერთუბნის მონასტერს. შემდეგ უნდა დასხდნენ სპეციალისტები და გაარკვიონ კერძოდ სად გადის საზღვარი.
ახლა რას გვიმალავს ამ მონაკვეთში გამოხმაურების ავტორი: გვიმალავს საზღვრის დადგენის პროცესს.
1926 წლის იანვარში, საქართველოს სსრ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე ფილიპე მახარაძე ჩიოდა, რომ გარეჯის მონასტრის ნაწილი და მიმდებარე საძოვრები არასწორად მოხვდა აზერბაიჯანის შემადგენლობაშიო. ფილიპე მახარაძე ნაციონალ-უკლონისტთა ჯგუფში შედიოდა, რომელიც 1921 წელსვე კატეგორიული წინააღმდეგი იყო ყარაიაზის ველის გადაცემის და წინააღმდეგობა არც 1926 წლის იანვარში გაანელა. მისი მთელი ნარატივი, ცხადია, ეხება საძოვრების და არა მონასტრის მნიშვნელობას. ის ითხოვდა ამ ტერიტორიების დაბრუნებას.
Пастбищные места, расположенные в районе Давидо-Гареджинского монастыря и случайно очутившиеся в пределах территории ССР Азербайджана, фактически всегда находились и находятся в пользовании населения ССР Грузии; очутились-же таковые вне пределах Грузии благодаря неправильной информации, имевшейся у Комиссии в момент определения границ в этой местности. В подтверждение того, что означенная местность составляла несомненную часть территории Грузии, – говорят – факт бесспорного пользования, расположенными в данном районе пастбищами скотоводами Грузии и наличность памятников Давидо-Гареджинского монастыря. Населения Тифлисского и Сигнахского уездов (сел. Иора-Магало, Караязы, Сартичала и Сагареджо) с давних времен пользовались и пользуются в настоящее время этими пастбищными местами. На основании изложенного, а в особенности за недостаточностью пастбищных мест и пределах Грузии и вследствие критического в силу этого положения, переживаемого скотоводством Грузии, пастбищные места, расположенные в районе Давидо-Гареджинского монастыря, должны быть включены в пределы ССР Грузии, для чего является вопрос о пересмотре и точном определении границ между республиками Грузии и Азербайджана.
მიუხედავად ფილიპეს სურვილებისა, გავიდა სამი წელი და მთელი ამიერკავკასიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის 1929 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით დადგინდა:
Спорную часть дачи ДавидоГареджинского монастыря площадью около 2.000 десятин считать принадлежащей Тифлисскому уезду ССРГ.
Об установлении границ от Давидо-Гареджинской дачи до р. Куры; Казахским АССР и Тифлисским ССРГ уездами границу по следующим местам: от кургана у перевала дороги Шихлы Караван-ел по этой дороге через курганы. отсюда по хребту. Удабно через тригонометрический пункт Удабно и далее по хребту Чичхитурисери через башню.
ანუ, პირდაპირ შავით თეთრზე წერია, სამწუხაროდ, რომ უდაბნოსა და ჩიჩხიტურის ქედზე გადის საზღვარი, პირდაპირ კოშკზე გადის საზღვარი, რაც იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანულ მხარეს რჩებოდა უდაბნოს მონასტერი და ჩიჩხიტურის კელიები.
თქვენ რომ გიმალავენ ამას, ვთქვათ, მოტყუვდებით, ვერ გაიგებთ სიმართლეს და მხარს დაუჭერთ ივერი მელაშვილის დაპატიმრებას, მაგრამ აზერბაიჯანელებს ხომ ვერ დაუმალავენ?!
აზერბაიჯანელებმა გამოაქვეყნეს ზემოთმოყვანილი სხდომის ოქმები. ცხადია, მავანთ ამის არც მიზანი აქვთ და არც სურვილი, მოსატყუებლები თქვენ ხართ და არა აზერბაიჯანელები.
მეორე საყვადურად ავტორი ამბობს, რომ თითქოს 2019 წლამდე უდაბნოს მონასტერზე არ უშვებდნენ ქართველ მომლოცველებს და ეს პრეზიდენტის გარეჯში ვიზიტთან არაფერ შუაშიაო. მგონი არც ისე დიდი ხანი გავიდა და ყველას გვახსოვს, ან ვისაც არ გვახსოვს დავგუგლოთ, პრეზიდენტი ჩავიდა გარეჯში, გვერდში ედგნენ იარაღიანი მესაზღვრეები და მან გააკეთა განცხადება, რომ სასწრაფოდ უნდა გადაწყდეს საზღვრის საკითხი, ის ვეღარ მოიცდისო. იქვე, დაპირდა პრეზიდენტ ალიევს რომ ამ თემას ბაქოში ვიზიტისას განიხილავდა. ზუსტად ამას მოყვა უდაბნოზე მომლოცველთა აღარ დაშვება. ყველა სხვა მტკიცება ადვილად გადამოწმებადი მტკნარი ტყუილია.
პრეზიდენტის ასეთი ქმედების გამართლება კი მხოლოდ პოლიტიკური ინტერესით არის ნაკარნახევი. გაუგონარი უტაქტობა იყო ზედ საზღვარზე შეიარაღებულ ხალხთან ერთად პრეზიდენტის გამოჩენა და იქიდან ალიევისთვის მიმართვა. შედეგად, ახლა ამის ფასს მომლოცველები იხდიან, რომლებიც უდაბნოს მონასტერთან ვეღარ მიდიან.
ანალოგიურად, უტაქტობა იყო ქედის სამხრეთით მდებარე ჩიჩხიტურის კელიებზე თვითნებური რესტავრაციის დაწყება 2005 წელს. ამასაც იგივე რეაქცია მოყვა აზერბაიჯანელთა მხრიდან. შეეცადეთ ასეთ მოვლენებს ხანდახან აზერბაიჯანელების ან ნეიტრალური თვალით მაინც შეხედოთ, რას გავს ხოლმე ეს საქციელები. წარმოვიდგინოთ ალიევი იარაღიანი ხალხთან ერთად რომ მოადგეს საქართველოს საზღვარს და ხმამაღალი განცხადებები აკეთოს საქართველოს პრეზიდენტის მისამართით. მე ასეთ დროს ქნ. სალომეს გვერდით დავდგები. ამიტომ, თუ ომს არ ვაპირებთ აზერბაიჯანთან, ცოტა მათი თვალითაც ვუყუროთ ტაქტს.
მესამე საყვედური ცოტა გაუგებარია და ის ეხება 1996 წელს სახელმწიფოთაშორისი პროტოკოლის შინაარსს. ვინც ამ დოკუმენტს არ იცნობს მათთვის განვმარტავ, რომ 1996 წელს მხარეები შეთანხმდნენ ეხელმძღვანელათ 1938 წელს აზერბაიჯანისა და საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტების გადაწყვეტილებებში აღნიშნული საზღვრებით და მუშაობა წარმოებულიყო 1:50000-იან რუკაზე.
ახლა ვნახოთ რას გვეუბნება 1938 წლის აზერბაიჯანისა და საქართველოს სსრ-ების ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტების ერთობლივი სხდომის ოქმი: საზღვრები დადგინდეს 1:500000-იანი რუკითო. სად არის ან ერთ ან მეორე დოკუმენტში ნახსენები ის „განძად“ ცნობილი 1:200000-იანი რუკა? საზოგადოებას ატყუებთ, მაგრამ ამით მოატყუებთ აზერბაიჯანულ მხარეს? თუმცა არა, აზერბაიჯანელების მოტყუება არ არის მიზანი, მაგრამ „გარეჯი საქართველოა!“ და ივერი მელაშვილი ციხეში უნდა წავიდეს - ეს არჩევნების წინ, ხოლო არჩევნების შემდეგ აღარაა ეს თემები აქტუალური.
მეოთხე საყვადურად ის მივიღე, რომ გავბედე და ვთქვი, ფაქტობრივად დადგენილია, რომ „განძად“ წოდებული 1:200000-იანი რუკა ხარვეზიანი და გამოუსადეგარია-თქო. ესო საიდან მოიტანეო? ამას მხოლოდ ივერი მელაშვილი ამბობს და ის კარტოგრაფი არ არისო.
კიდევ ერთი ტყუილი. ქვეყნის ერთ-ერთმა წამყვანმა კარტოგრაფმა - ირაკლი უგულავამ ჩაატარა ექსპერიმენტი და ეს გადაიცა ტელევიზიით: აიღო ამ 1:200000-იანი რუკიდან მაგალითად ხიდის კოორდინატები, შემდეგ ამ კოორდინატებით მივიდა ლოკაციასთან და ხიდიდან ნახევარკილომეტრიანი აცდენა ჰქონდა. ამასვე ამბობს ივერი მელაშვილი. კაი, ვთქვათ ირაკლი უგულავა გიგი უგულავას ძმაა, ივერი მელაშვილი ხალხის მტერია და „გაყალბებული ჯიპიესები“ აქვთ. ამდგარიყო გამოძიება თუ პროსახელისუფლებო კარტოგრაფები, მისულიყვნენ იმავე ლოკაციებზე და ეჩვენებინათ, რომ კოორდინატები სწორია და ირაკლი უგულავა იტყუება. რატომ არ გააკეთეს ეს? ამის ნაცვლად რატომ შემოგვთავაზეს ლოზუნგები „გარეჯი საქართველოა“ და „სისხლიანი ცხრა წელი“? იმიტომ რომ ამის წინასაარჩევნოდ „გაყიდვა“ უფრო მომგებიანი იყო?
რა ვქნათ ახლა, ირაკლი უგულავა გიგი უგულავას ძმაა და ვის მივადგეთ? ვინ ვნახოთ ყველაზე მიუკერძოებელი კარტოგრაფი და თან ისეთი გაბედული ხელისუფლებასთან დაპირისპირებას რომ შეძლებს? როგორც ჩანს, ასეთებს ცოცხლებში ვერ ვიპოვნით და ამიტომ მოვიხმოთ ქართულ კარტოგრაფიაში ყველაზე დიდი ავტორიტეტი, ცოცხალ კარტოგრაფთაგან, ფაქტობრივად, ყველას მასწავლებელი, 2013 წელს გარდაცვლილი ჯანო კეკელია. მან 2006 წელს გამოსცა წიგნი „საქართველოს საზღვრების ისტორია“, სადაც წერდა: დადგინდა საზღვარი გარეჯიდან მდ. მტკვრამდე. ამ მონაკვეთზე საზღვრის ხაზი გატარდა შიხლიკარავანელის უღელტეხილზე გამავალი გზის პირას მდებარე ბორცვიდან, შემდეგ იგი გადიოდა ორ ბორცვზე; შემდეგ თვალსაჩინო წერტილიდან; გავლით და შემდგომ ჩიჩხიტურის სერსა და ცალკე მდგარ კოშკზე გამავალი მთავრდებოდა ბორცვზე“. აქაც, პირდაპირ წერია რომ ზედ კოშკზე და სერზე გადიოდა საზღვარი 1929 წლის გადაწყვეტილებით, ხოლო 1938 წლის სურათის დადგენის საშუალებას კარტოგრაფიული მასალები არ იძლევიანო. ამასთანავე, არ არის ცნობილი, რომ 1929 წლიდან 1938 წლამდე რამე ცვლილება მომხდარიყოს. არც 1938 წლის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტების გადაწყვეტილებებშია ცვლილებებზე საუბარი.
მეხუთე საყვედურად გამოთქმულია ჩემს განცხადებაში ეჭვი, რომ აზერბაიჯანელებს არასდროს უნახავთ 1:200000-იანი რუკა და თითქოს 2019 წელს ის არ ჩაიტანეს ბაქოში. ეს უმოკლესფეხებიანი ტყუილია, რადგან ამაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმაც ისაუბრა და პრინციპში არც პროსახელისუფლებო კარტოგრაფები მალავენ ამას. ეს უკანასკნელნი ამტკიცებენ, აზერბაიჯანმა ეს რუკები დაიწუნა არა იმის გამო რომ უზუსტო იყოო, არამედ იმის გამო რომ 2020 წლამდე ორიგინალები არ გვქონდაო. თქვე კაი ადამიანებო, თუ ორიგინალები 2020 წლამდე არ არსებობდა და ის არავის ჰქონდა, მელაშვილს და ილიჩოვას რაღაზე ასამართლებთ?! სულ იდეალური რომ იყოს ის 1:200000-იანი რუკა, რაც არ ჰქონდა მელაშვილს რა უნდა ჩაერთო კომისიის მუშაობაში?! აი ამ ტყუილში ნამეტანი აიბენით და რაღაც მოსაფიქრებელი გაქვთ.
მეექვსე საყვედური სრულიად დემაგოგიურია: თუ ქედის წვერებზე გადის ხოლმე საზღვრები, ლაგოდეხსა და ზაქათალას შორის როგორ გაატარეს საზღვარიო? ან სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი როგორ მოსაზღვრესო? სად არის იქ მთებიო? თითქოს მე ის მეთქვას, რომ თუ მთა არ არის იქ საზღვარი საერთოდ არ ივლება. აბა დაღუპულან ბალტიის და ბენილუქსის ქვეყნები, სულ დაბლობებია და რა ეშველებათ! ჩემი კითხვა იყო შემდეგი: სადაც გამყოფი საზღვარი გადის ქედზე, სად გინახავთ, რომ ეს საზღვარი გადიოდეს არა ქედის წვერზე არამედ მის ძირში? მითხარით, დამაკვალიანეთ. ამ კითხვით აჟიტირებულმა რამდენიმე ოპონენტმა გუგლ მაპს მიმართა და სქრინები ჩამიგდო. იმედია გურამის ტექსტის უკან მდგომი პროფესიონალები იმდენად არ დაეცემიან ძირს, რომ გუგლ მაპითა და ვიკიპედიით „დაგვიმტკიცონ“ საკითხები. ფართო საზოგადოებისთვის კი ვიტყვი, გუგლ მაპზე სახელმწიფო საზღვრები ძალიან პირობითად არის დატანილი და არათუ მეტრებში, ასეულ მეტრებსა და უფრო მეტშია აცდენები. გუგლ მაპი არის არა საზღვრის დამდგენი რესურსი, არამედ ის რომ განახოს სად არის უახლოესი მაკდონალდსი და რამე ასეთი.
და ბოლოს, ბატონებო, გულწრფელად გეუბნებით, რომ ყველაზე მეტად მე გამიხარდება თუ ვცდები. ივერი მელაშვილიც როგორმე გადაიტანს ამდენ უბედურებას თუ თქვენ აზერბაიჯანული მხარე ოდესმე დაგთანხმდებათ მაგ რუკით ხელმძღვანელობაზე და ამის საფუძველზე საქართველოს საზღვრებში აღიარებს ისტორიულად ქართულ კულტურის ძეგლებს. ასეთ შემთხვევაში, მე მოგილოცავთ, მადლობას გადაგიხდით, გამიხარდება და ასეთივე სიხარულით დავწერ, რომ ეს პოსტიცა და მისი წინაც არის სისულელე. მაგრამ ამის შანსი არის სამწუხაროდ ნული და ეს თქვენ ჩემზე კარგად იცით.
მე სხვა რა მრჯის, როგორც მოქალაქე ისტორიკოსი ვამბობ, რომ უბრალოდ არ უნდა შეგრჩეთ ისტორიით მანიპულაცია, ხალხის წინასაარჩევნოდ გადარევა, უდანაშაულო ადამიანების დაჭერა და ის, რომ ეს ხალხი ნახევარ ქვეყანას ალანძღინეთ.
ბექა კობახიძე,
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
წყარო: Facebook-ი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.