„რესპუბლიკელმა“ სენატორმა,სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმჯდომარემ, ჯიმ რიშმა აშშ-ის სენატის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე, საქართველოს საკითხზე მოსმენისას განაცხადა, რომ დღეს საქართველოს წინაშე არსებულ კრიზისზე პასუხისმგებლობა ყველა მხარეს ეკისრება და საქართველოში ორმა მთავარმა პოლიტიკურმა პარტიამ და მათმა ლიდერებმა უნდა გააცნობიერონ ქვეყნის წინაშე მათი ვალდებულება და გადალახონ უთანხმოება.
სენატორის შეფასებით, რაც ახლა საქართველოში ხდება, ეს „ზრდის ოლიგარქის ზეგავლენას მართლმსაჯულებაზე, მედიაზე და ზოგადად პოლიტიკურ ცხოვრებაზე“ და თუკი საქართველო ახლა, „კრიტიკულ მომენტში“, „ვერ შეძლებს დემოკრატიის ამუშავებას, მაშინ ის დაკარგავს შესაძლებლობას შეუერთდეს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებს“.
„საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენიდან მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია დემოკრატიის აღმშენებლობასა და საბაზრო ეკონომიკის რეფორმების დანერგვაში. საქართველომ ეს შეძლო 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების მეხუთედის არალეგალური ოკუპაციის მიუხედავად. საქართველო ასევე იყო აშშ-ის სანდო პარტნიორი უსაფრთხოების სფეროში და აქვს ამბიცია შეუერთდეს ევროკავშირსა და ნატო-ს. ბევრი ჩვენგანი, ორივე პარტიაში, უკვე დიდი ხანია, ვუჭერთ მხარს საქართველოს. მე და სენატორი შაჰინი საქართველოში 2012 წელს ვიმყოფებოდით. უნდა გითხრათ, რომ დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი და ნამდვილად მეგონა, რომ ქვეყანაში შემაშფოთებელი მოვლენები იწყებოდა. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, მივსულიყავით ორივე ბანაკში, არჩევნების შემდეგ დილას, როგორც გამარჯვებული, ისე დამარცხებული ძალის ბანაკში. შევხვდით პარტიის ლიდერებს, ბატონ სააკაშვილს და ბატონ ივანიშვილს. მე პირადად ცხოვრების განმავლობაში 36 არჩევნებს დავესწარი და მინდა გითხრათ, რომ საქართველოში, ამ ბანაკებში სტუმრობისას ისეთივე შეგრძნება მქონდა, როგორც ამერიკის არჩევნებზეა. გამარჯვებული გამარჯვებულად გრძნობდა თავს, ხოლო დამარცხებული წაგებულად. ძალიან გულწრფელი საუბარი გვქონდა მათთან, ისინი ამ დროს მკვეთრ განცხადებებს აკეთებდნენ, როგორც ხდება ხოლმე არჩევნების შემდეგ დილით, მაგრამ შემდეგ ოპტიმისტურად განვეწყე, რადგან ორივე მხარე დათანხმდა შეხვედრას, როგორც ჩვენ მოვუწოდეთ. ასე რომ, თავს კარგად ვგრძნობდით, რომ ეს მოხდა. შემდეგ, როდესაც დრო გავიდა და ჩვენ ოდნავ იმედგაცრულებულები ვიყავით, რადგან სულ უფრო მეტი პოლიტიკური სამართლებრივი დევნა იყო. ჩვენ ისევ გამოვდიოდით მოწოდებებით, რომ ეს არ იყო გზა წინსვლისკენ. ამას დაემატა ის, რაც ბოლო წლებში ვნახეთ, ქვეყანა დაზარალდა დემოკრატიული უკუსვლით. ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან საქართველო უკეთესს იმსახურებს. საქართველოს აქვს უნიკალური შანსი, თავი დააღწიოს საბჭოთა კავშირის წარსულს. ახლა რაც ხდება, ზრდის ოლიგარქის ზეგავლენას მართლმსაჯულებაზე, მედიაზე და ზოგადად პოლიტიკურ ცხოვრებაზე. დღეს საქართველოს წინაშე არსებულ კრიზისზე, რომელიც წარმოადგენს რამდენიმეწლიანი დაძაბულობის ზრდისა და ჩავარდნილი რეფორმების კომბინაციას, პასუხისმგებლობა ყველა მხარეს ეკისრება. ორმა მთავარმა პოლიტიკურმა პარტიამ და მათმა ლიდერებმა უნდა გააცნობიერონ მათი ვალდებულება ქვეყნის წინაშე და გადალახონ უთანხმოება“, – განაცხადა ჯიმ რიშმა.
მან არჩევნებში დამარცხების შემდეგ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა და დიალოგი გაიხსენა.
„ახლა გავიხსენებ ისტორიას, როდესაც პირველად შევხვდვით სააკაშვილს, როდესაც მან წააგო და ის ამტკიცებდა, რომ არ დაეხმარებოდა ძალაუფლების გადაცემას. მაშინ ვკითხე სააკაშვილს, თუ გაგიგია რამე ჯორჯ ვაშინგტონის შესახებ-მეთქი. მან მიპასუხა – „დიახ, გამიგია“. ყველამ იცის, ვინ იყო ჯორჯ ვაშინგტონი. მე ვუთხარი, რომ ვაშინგტონი იყო ჩვენი პირველი პრეზიდენტი. ვუთხარი სააკაშვილს, რომ „ამ დღიდან 200 წლის შემდეგ, თუ ეს არჩევნები ჩაითვლება პირველ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად და ყველა ბავშვი საქართველოში წაიკითხავს შენს შესახებ, შენ იქნები პირველი პრეზიდენტი, რომელმაც გაიარა ეს არჩევნები. როგორ გინდა რომ დაგიმახსოვრონ, როგორც ჯორჯ ვაშინგტონი, თუ როგორც წარუმატებელი ადამიანი, რომელიც საკუთარ თავზე უფრო მეტად ზრუნავს, ვიდრე ქვეყანაზე?“ ის ყურადღებით მისმენდა და არ მიპასუხა“, განაცხადა ჯიმ რიშმა.
ამასთან, „რესპუბლიკელმა“ სენატორმა საქართველოში აშშ-ის ელჩის ჩართულობით ფასილიტაციის პროცესის გაგრძელების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აქვე, საქართველოში პოლიტიკურ ლიდერებს კრიზისის დასრულებისკენ მოუწოდა.
„მინდა, ხაზი გავუსვა, რომ მმართველ პარტიას, „ქართული ოცნებას“ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ამ კრიზისიდან გამოყვანაზე. ეს კონფლიქტი მხოლოდ ვნებს საქართველოსა და ქართველ ხალხს და კარს უხსნის რუსეთს. ვიცი, რომ ჩვენი ელჩი თბილისში კელი დეგნანი და საელჩოს თანამშრომლები დაუღალავად მუშაობდნენ ორ პარტიას შორის შეთანხმების ფასილიტაციისთვის. ვაფასებ მათ ძალისხმევას. თუმცა, როგორც ვხვდები, იყო ოდნავი უკუსვლა. მოვუწოდებ მათ გაგრძელებისკენ. ასევე მოვუწოდებ ხელისუფლებას, გულწრფელად ჩაებან მოლაპარაკებების პროცესში და სცადონ კრიზისის დაძლევა. საქართველოსთვის ახლა კრიტიკული მომენტია. თუ ის ვერ შეძლებს დემოკრატიის ამუშავებას ახლა, მაშინ არ ვიცი როდის შეძლება ამას. საქართველო დაკარგავს შესაძლებლობას შეუერთდეს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებს. საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა მოილაპარაკონ და დაასრულონ კრიზისი და შეთანხმდნენ საჭირო რეფორმებზე, რომელიც გააუმჯობესებს საქართველოს მომავალს“, განაცხადა ჯიმ რიშმა, რომლის სიტყვების ციტირებას საქართელოს პირველი არხი ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.