ეს ლეგენდაა თუ ზღაპარი, ვერ გეტყვით, მაგრამ ტფილისს ასე სჯეროდა ამ ორასი წლის წინათ, იქნებ მანამდეც და მას მერეც, ვერ გეტყვით! აი, მე-19 საუკუნის 40-იანი წლების ამბავი კი სიმართლე უნდა იყოს, რადგან მოძიებულია მათ თანამედროვეთა მონათხრობებში.
მეტეხის ტაძრის პირდაპირ, მდინარის მარჯვენა მხარეს ციხის ერთ კოშკში მუდმივად ენთო სპარს ცეცხლთაყვანისმცემელთა ცეცხლი. მის ქვემოთ ცხოვრობდნენ ქართველები, ებრაელები და სპარსელები. ერთ დროს სპარსელებში პირველობდნენ ვინმე რაჟდენის ორი ვაჟი, ხოსრო და სოსია. რაჟდენი ნაწამები კაცი ყოფილა ქრისტიანობის მიღების გამო. ამ დროს, ტფილისის ერთი მთის გამოქვაბულში ბინადრობდა ქრისტიანი მწირი, რომელიც ცეცხლთაყვანისმცემლებს ხიბლავდა თავისი მჭერმეტყველობით. მამის წამების ჯავრის გამო, ხოსროს უნდოდა ამ ბერის მოკვდინება, ოღონდ ქრისტიანების ხელით, რადგან ღიად თვითონ ვერ შეძლებდა.
ხოსროს ვაჟს მუსას ერთი ქრისტიანი გოგო, მარიამი მოსწონდა. ყოველ ღონეს ეცადა ხოსრო, რომ მუსას შეეცდინა ეს გოგო და მიაღწია კიდეც საწადელს და ისიც კი მოახერხა, რომ ამ ბოროტების ჩამდენად მარიამს განდეგილი ბერი დაესახელებინა.
ტფილისელმა ქრისტიანებმა საშინლად განიცადეს განდეგილი ბერის უკეთური ქცევა და ძალით მიიყვანეს მარიამთან ერთად იმ ადგილზე, სადაც ახლა გიორგის სახელობის ეკლესიაა.
მღვდელმა შეცდენილ მარიამს მეფისა და ხალხის წინაშე იგივე ცილისწამება ათქმევინა. ხალხმა ჩასაქოლად ქვები მოიმარჯვა, როცა ფეხშიშველმა და შემოძარცულმა ბერმა ახედა ცას მასზე მადლოსილი სხივი დაეფინა და წარმოთქვა „დამნაშავეს ერთ სიტყვას ათქმევინებენ, თუმცა სამართლის მე არაფერი გამეგება. დაე თვით ნაყოფმა მიგვანიშნოს ჩამსახებელზეო“. მივიდა ქალთან სამჯერ შეეხო კვერთხით და ჰკითხა მუცლადმყოფს: „ვინ არის მამაშენიო“? მოისმა ბავშვის სუსტი ხმა „მამაჩემი მუსაა ხოსროს შვილიო“. „დიდ არს ღმერთი ქრიტიანთა!“ დაიძახა ხალხმა და ქვით შემართული ხელი დაუშვა.
ბერი უეცრად სადღაც გაუჩინარდა, ქალმა კი ქვა შვა. ხალხმა და მეფემ გაკვირვებული მეორე საოცრებით, გადაწყვიტეს ამ ადგილზე ქრისტიანული სამლოცველოს აგება და ბალავრის პირველ ქვად სწორედ რომ ქალის მიერ ნაშობი ქვა ჩადეს, ის მომარჯვებული ქვებიც ბალავარს შემატეს.
ტფილისელები დანაღვლიანდნენ გაიგეს რა, რომ ბერმა მიატოვაო ქალაქი.
ბერი მის განუყრელ მოსწავლესთან ლუკიანესთან ერთად გაემართა უდაბნოს, ყარაიაზის მთებში, დასაჯა რა თავისი თავი ნებაყოფლობით. ამიტომაც დაარქვა ხალხმა იმ ადგილს გარეჯა. იმ მთას კი მთაწმინდა უწოდა.
უდაბნოში ყოფნისას, მშიერ და მწყურვალე წმ.დავითს გამოეცხადა ანგელოზი და მიანიშნა წყაროს ადგილი, სადაც შეიძლებოდა ყოვედღიურად ორი ადამიანის სამყოფი წყალის მიღება. ერთხელაც ვექილი თუ თათრების ხელმძღვანელი, რომელიც მტკვრის მარჯვენა ნაპირზე ცხოვრობდა, ტფილისში ცნობილი სახელად ბაბაქარი, კახეთში ნადირობისას ყარაიაზის მთებში შემთხვევით გადააწყდა წმ.დავით გარეჯელს. ბაბაქარი მუხლებზე მდგარი ემუდარა წმ.მამას ერთადერთი შვილის გამოჯანმრთელებას და სიკვდილისგან დახსნას. დავითს უთქვამს: „თუ შენი რწმენა ღვთისადმი ჭეშმარიტია მაშინ შინ მისვლისას შვილი ჯანმრთელი დაგიხვდებაო“. და მართლაც მომხდარა სასწაული.
მეორედ, ქიზიყის მოურავს დადა (თუ დათა) ანდრონიკაშვილს, მოუსმენია რა სხვადასხვა სასწაულის შესახებ, გაემართა დავით გარეჯელისგან კურთხევის მისაღებად. ისე მოხიბლულა წმ.მამის მჭევრმეტყველებით და სიბრძნით, რომ მასთან დარჩენილა და მოგვიანებით მამა დავითის კურთხევით, გარეჯის ჩრდილოეთით, ქედის აღმოსავლეთ მხარეს მონასტერიც დაუარსებია. წმინდა მამას სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მაცხოვრის საფლავი მოულოცია, მაგრამ იერუსალიმიდან ჩამოსვლისთანავე მალევე გარდაიცვალა თავის კელიაში. მისი სხეულის დაფლამდე, მეზობელი ბერთუბნის უდაბნოდან მოიყვანეს ერთი დასუსტებული ბერი, რომელიც მოიდრიკა ნეშტის წინაშე, წარმოთქვა ლოცვანი და გამოჯანმრთელებულა. გაიგო რა წმ. დავით გარეჯელის მაცხოვრის წინაშე წარსდგომა, ბაბაქარმა მისი კელიის ადგილზე მცირე ეკლესია ააგო, რომელიც შემდგომში გადაკეთდა და განევრცო და იქცა დავით გარეჯელის დიდ მონასტრად.
ამ დრომდე ტფილისს დავიწყებული ჰქონდა პირობა მთაწმინდაზე მამა დავითის ეკლესიის აშენებისა, მაგრამ ერთმა მორწმუნე ახალგაზრდა ქალმა სახელად ანამ, რომელიც ყოველდღე დადიოდა მამა დავითის კელიაში ლოცვად, სიზმარში ნახა წმ. მამა, რომელმაც მის კელიასთან მიანიშნა ადგილი, სადაც ცვილი ინახებოდა. უთხრა მიეყიდა გზაში შემხვედრი მღვდლისთვის და იმ ფულით გზა გაეწმინდათ კელიამდე. მართლაც ყველაფერი ასეც მოხდა, გზის წმენდისას მუშები გაოცებულები იძახდნენ „საერთოდ არ დავღლილვართო, თითქოს არც გვიმუშავიაო“. ამ გზით ღვთისმსახურებაზე ბევრმა ხალხმა იწყო დენა, გამოჩნდნენ მდიდარი შემწირველებიც. სამი წლის ვედრების შედეგად დიაკვანმა თომამ და ანამ კათოლიკოსს გამოსთხოვეს ეკლესიის აგების უფლება და მათი იქ მსახურობის პირობა.
გრიბოედოვი მამა დავითის მონასტრის არემარეს ტფილისის პოეტურ კუთვნილებას ეძახდა. ტფილისს ეს მთა ციხის გალავანივით გასდევდა. გაზაფხულზე და შემოდგომით აქა იქ მწვანედ ხასხასებდა ბალახი, თითქოს მუქ შალის ქსოვილზე მწვანე ფერი იყო დაღვრილი. ამ სურათზე, ზუსტად მთის შუაგულში იყო „მიკრული“ მონასტერი, რომელიც მაღლა წამომართულიყო და მთელ ქალაქს გადმოჰყურებდა. გოლოვინის პროსპექტიდან მისკენ მისასვლელი გზა მთის ძირში მკვეთრად მაღლდებოდა და გზიგზაგებით სავსე ბილიკად იქცეოდა, რომელიც პატარა მოედნით მთავრდებოდა, ცენტრშიც ეკლესია იდგა განახლებულად, 1801 წელს აღშენებული. ეკლესიის ქვეშ, ტერასის შიგნით გრიბოედოვის ცნობილი ძეგლი. მოედნის წინა კიდეზე, როგორც მერცხლის ბუდე, პატარა და ლამაზი სახლი იყო, უკან მთის კედლის კუთხეში, სადაც მთა ისევ აიზიდება, გამოდიოდა სუფთა ანკარა წყარო და იქვე მიწაში ამოჭრილ აუზში იღვრებოდა. დანარჩენი სივრცე, ეკლესიის ირგვლივ, საფლავებით და საფლავის ქვებით იყო დაკავებული. არც დიდებული ძეგლები და არც ხმამაღალი ეპიტაფიები ცნობილი სახელებით, მაგრამ ისინი ტფილისელ მოქალაქეების ყურადღებას მაინც იქცევენ, რადგან მათ ყოფაში იცნობდნენ. განსაკუთრებით გამოარჩევდნენ ჯერ კიდევ ახლადგარდაცვლილ თავად ზაქარია ფალავანდოვის საფლავს, პეტერბურგის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის, რომელიც 1841 წელს სამშობლოში დაბრუნებულა. ახალგაზრდა ცნობილი თავისი თავმდაბლობით და ზრდილობით. ზაქარიას უეცარმა სიკვდილმა მრავალი ქალაქელი დააღონა, იგი ხომ დიდი იმედის მომცემი ახალგაზრდა იყო.
ზოგიერთნი მამადავითის მონასტერში დადიოდა იმ იმედით, რომ თვალი შეევლო ლამაზ ღვთისმსახურთ გოგონებისთვის. განსაკუთრებით ხუთშაბათობით იქ სალოცავად მიდიოდნენ თხემით ტერფამდე თეთრ ქათქათა ტანისამოსში და ჩადრში გახვეული ქალები, მათ შორის ბევრნი ფეხშიშველი. წმ.დავითი ითვლებოდა (და ითვლება) ოჯახური სიკეთის მფარველად. ქალიშვილები საბედოზე ლოცულობენ და სურვილის აღსრულების კარგი ნიშანი კენჭის კედელზე მიმაგრება ან ლოცვის დროს, რომელიმე კენჭის ან სხვა რამის ჩამოვარდნის ჩქამის გაგონება იყო. უშვილო ქალები განკურნებას თხოვენ წმინდანებს. იმ დროს ხომ უშვილო ქალი არც მეუღლის, არც ოჯახის და არც საზოგადოების პატივისცემით არ სარგებლობდა. ოჯახში შესული ქალი ვიდრე შვილს არ გააჩენდა მეუღლის მშობლებს და ძმებს ვერ ელაპარაკებოდა. ეს წამება ზოგჯერ რამდენიმე წელიც გრძელდებოდა, რა დროსაც ქმარი ცოლის მაგიერ პასუხობდა, ქალი კი მხოლოდ ჟესტიკულაციით ურთიერთობდა. ამითაც აიხსნებოდა ქალების ლოცვა-თხოვნები მუცლად ყოფნის შესახებ. შვილგარდაცვლილი დედებიც სთხოვდნენ შემწეობას ეკლესიის წმინდანებს, აღთქმას იძლეოდნენ, რომ თუ შვილი კიდევ გაუჩნდება მათ განსაზღვრული დროით (წლებითაც), ეკლესიას მსახურებად, ბერებად შესწირავენ. ასეთი ყმაწვილი ბერები დადიოდნენ თეთრი სამოსით და შეუჭრელი თმებით. აღთქმული ვადის გასვლისას ყმაწვილები ფეხშიშველი მიჰყავდათ ეკლესიაში. იქ მღვდელი შეკვეცდა თმას და გადააცმევდა ფერად ტანისამოსს.
აი ამ მიზეზთა გამო, მამა დავითის ეკლესიაში მრავალი მლოცველი დადიოდა, მაგრამ აღდგომიდან მეშვიდე ხუთშაბათს ამ ეკლესიაში ლამის მთელი ქალაქი მიდიოდა, ამ დღეს ქალაქი წმ.მამა დავითის დღეს-მთაწმინდობას ზეიმობდა. წინა ღამით დედაოები მთელი ღამე ეკლესიაში მსახურობდნენ. დილით 10 საათისთვის საქართველოს ეგზარხოსი სწირავდა. ყველა მსურველს ვერც მონასტერი იტევდა და ვერც მისი მოედანი, ხალხი მთის კალთებზეც იყო შეფენილი. ბევრი იმათგანი, განსაკუთრებით ქალაქელი დარდიმანდები, რომლებიც ბანოვანთა ჭვრეტით, ფრანგულ, რუსულ და ქართულ ენებზე ტკბილმოუბარობით და კავალერობთ იყვნენ დაკავებულნი. რუსულად კი უკვე კილოზე საუბრობდნენ, რომელიც გრიბოედოვმა ფრანგულის და ნიჟნინოვგოროდულის შეხამებით მიიღო. ამ ბატონებს სულ არ აწუხებდათ მსუბუქი ფლირტი წმინდანი წინაპრების საფლავების სიახლოვეს. საეკლესიო მსახურობის შემდეგ ცხვარს ან ხარს სწირავდნენ და უპოვართ ლუკმა-პურს უნაწილებდნენ. ხალხი ჩაცმული იყო ნაირნაირად, გზად გლახაკნი ეყარნენ, მთის ძირში ვაჭრობდნენ მშრალი ხილით და ნიგვზით.
საღამოსკენ კი ნამდვილი ზეიმი იწყებოდა. მას ტფილისელები „თამაშს“ ეძახდნენ. ქართველი მხედრები მაუდის ჩოხებში გამოწყობილნი, ვერცხლით და ქსოვილით მორთული ყარაბაღული ცხენებით, ქალები კი დიდ ჯგუფებად, უდარდელად და მხიარულად დასეირნობდნენ. ჩარდახიდან ლამაზ და სხვადასხვა ფერის აბრეშუმის კაბებში გამოწყობილი ხანდაზმულები იმზირებოდნენ. მხოლოდ უმცროსი თაობა იყო გამოწყობილი ევროპულ მოდაზე. სადღაც ზურნა ჭყვიტინებდა და ისმოდა დაირის რიტმი. წრედ მდგარი ხალხი ტაშის ქვეშ ლეკურს ცეკვავდა. სხვაგან სახელდახელო შუაწრეში ფალავნები ჭიდაობაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. იქ ხშირად აყალმაყალიც ხდებოდა და ცხენზე ამხედრებული პოლიციელები მათრახების მეშვეობით ამშვიდებდნენ ბრბოს. განსაკუთრებით კარგად მღეროდა და იმპროვიზატორობდა მესტვირე ვინმე ბლიაძე. მესტვირეები სტვირის ჰანგის ქვეშ ყვებოდნენ სხვადასხვა სახუმარო ამბებს, რეჩიტატივებს თუ ყაჩაღი არსენას გმირობების, მამაცობის შესახებ ლეგენდებს და სხვათა. მაგრამ უმეტესწილად შემხვედრებს უკითხავდნენ პანეგირიკებს. მამა დავითის მონასტერთან ახლო მდგარი სახლების პატრონები ამ დღეს თავის დღესასწაულად თვლიდნენ და ამიტომ სამსახურიდან თუ დახლი-დუქნიდან დროზე ადრე ბრუნდებოდნენ სახლებში და ყველას, ვინც მათ ფანჯარასთან, აივანთან, სახურავთან (ბანი) გამოჩნდებოდა, შინ ეპატიჟებოდნენ. ნაცნობს თუ დაინახავდა, ხომ სულ ძალადაც მიათრევდა სახლში და ცოლს თავის მეგობრად აცნობდა, როგორც ძმას და რომ მის გარეშე სიცოცხლე ვერ წარმოედგინა. სტუმრის განკარგულებაში ამყოფებდა მთელ სახლს.
მხოლოდ შუაღამე წყვეტდა დღესასწაულს, ზოგი ფეხით ბრუნდებოდა თავისთან, ახლომახლო სოფლებში და შემოგარენში ხალიჩებით გადაფარული და კამეჩებშებმული ურმით. ხნიერი ქალები ყოველგვარი ცერემონიის გარეშე ცხენზე მამაკაცივით ამხედრებული და ჩადრჩამოფარებული, ბიჭები სახედრებზე, მდიდარი ქართველები კი ეტლით. წყნარდებოდა ქალაქი მაგრამ აქა-იქ ისმოდა მოქეიფეთა ხმამაღალი შეძახილები, როგორც აუცილებელი ნიშანი ხმაურიანი და მხიარული დღისა.
ედიშერ ოდიშარია
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.