გამოჩენილ ქართველ მწერალს, გურამ დოჩანაშვილს თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე დღეს დაკრძალავენ. მწერალს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენებენ.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, გურამ დოჩანაშვილის ოჯახს შესთავაზეს, მწერალი მთაწმინდის პანთეონში დაეკრძალათ, თუმცა ოჯახმა, მწერლის ანდერძის თანახმად, მისი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.
მთაწმინდის პანთეონში დაკრძალვა მწერლის ოჯახს პრემიერ მინისტრის აპარატმაც შესთავაზა.
გურამ დოჩანაშვილი 82 წლის ასაკში 3 აპრილს გარდაიცვალა. იგი „ნიუჰოსპიტალსში“, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა.
გურამ დოჩანაშვილი 1939 წლის 26 მარტს ქ. თბილისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1966 წლის 7 აპრილს გამოიცა მისი პირველი წიგნი „მთის გადაღმა“. 1961 წელს დოჩანაშვილის პირველი მოთხრობები დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკარში“.
1962-1975 წლებში გურამ დოჩანაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი იყო. ამ პერიოდში მწერალი მონაწილეობდა ქვის ხანის 30-მდე ძეგლის შესწავლაში.
1975-1985 წლებში ჟურნალ „მნათობის“ პროზის განყოფილების გამგე იყო, მწერალთა კავშირში ხელმძღვანელობდა პროზის სექციას. 1985 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მთავარ რედაქტორად მუშაობდა.
მისი პირველი მოთხრობები 1961 წელს დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკარში“. გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოებებია: „სამოსელი პირველი'', „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა'', „იგი სიყვარულისთვის იყო გაჩენილი, ანუ გრიშა და მთავარი'', „ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება, ანუ მესამე ძმა კეჟერაძე'', „ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები'' და სხვა.
გურამ დოჩანაშვილის შემოქმედება თარგმნილია მრავალ ენაზე, მისი ნაწარმოებები საფუძვლად დაედო ცნობილ კინოფილმებსა და ტელესპექტაკლებს.
ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გურამ დოჩანაშვილს მიღებული აქვს ლიტერატურული პრემია „საბა“; ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია რომანისთვის „ბრმადყოფილზე“. 2020 წელს დოჩანაშვილს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.