2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხმების უმრავლესობით არჩეული აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელი მამუკა კვიტაშვილი ამბობს, რომ 2015 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებიდან, 90% შესრულებულია და ამისათვის, ჯამში აბაშისთვის უპრეცედენტოდ დიდი თანხა, 3 მილიონ 800 ათასი ლარი დაიხარჯა.
გამგებელი განსაკუთრებით ამაყობს იმით, რომ წელს მუნიციპალიტეტში 5 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი აშენდა და ასევე 7-კილომეტრიანი ასფალტ-ბეტონის საფარიანი ახალი გზა დაიგო, რომელიც ერთმანეთთან მჭიდროდ დასახლებულ სოფლებს აკავშირებს და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
ბატონო მამუკა, პირველ რიგში მინდა გკითხოთ, თუ დაპირებების რა ნაწილის შესრულება შეძელით თქვენი არჩევიდან 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში?
თუ გადავხედავთ წლევანდელ წელს, თითქმის 90%, რაც დაგეგმილი გვქონდა და რა დაპირებაც მოსახლეობას მივეცით, შევასრულეთ. ხაზს ვუსვამ, ეს წელს განხორციელებულ პროექტებზეა საუბარი. მაგალითად, ავაშენეთ ხუთი ახალი საბავშვო ბაღი, ორი კი აღვადგინეთ. ამათგან, სამი ბაგა-ბაღი ისეთ სოფლებში ავაშენეთ, სადაც მანამდე საერთოდ არასდროს არ ყოფილა.
არჩევნებიდან 1 წლის შემდეგ, როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალური იყო ის პროგრამა, რომლის განხორციელებაზეც წინასაარჩევნოდ საუბრობდით? შეძელით თუ ვერა იმის გაკეთება ამ ერთ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში, რაც დაგეგმილი გქონდათ?
წლევანდელი წლით კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ რაც დავპირდი ხალხს და რაც გეგმაში მქონდა, გავაკეთეთ. ბაგა-ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა სოფლებში ასფალტ-ბეტონის საფარის 7-კილომეტრიანი გზა დაიგო, მოგვარდა სოფელ წყვირში გზის პრობლემა. ეს არის აბაშა - ნაესაკოევოს თემი, წყვირის გაგრძელება, მიდის ერთი წრე, რომელიც რამდენიმე სოფელს აკავშირებს. მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი სარგებლობს აღნიშნული ახალი გზით, რადგანაც მის გასწვრივ ბევრი კომპაქტურად დასახლებული სოფელია.
რა ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება წელს თქვენს მუნიციპალიტეტში?
როგორც უკვე ვთქვი, დავასრულეთ ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესი, ასევე 7-კილომეტრიანი გზის მშენებლობა. მიმდინარეობს სანიაღვრე და წყალგაყვანილობის სისტემების რეაბილიტაცია. აღსანიშნავია, რომ ქალაქ აბაშაში წყალგაყვანილობისა და სანიაღვრე არხების მოწესრიგება სრულად ხდება. ასევე ვაკეთებთ ტროტუარებს. ამ სამუშაოების შესასრულებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან შევიძინეთ სპეცტექნიკა! ერთი სიტყვით, წლევანდელი წლით კმაყოფილი ვარ, რადგან მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება შევძელით. მთლიანობაში, დაახლოებით 3 მილიონ 800 ათასი ლარი დაიხარჯა. ზუსტად რომ ვთქვათ, 3 796 000. ასეთი ოდენობის თანხა დიდი ხანია ჩვენი მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარებაში არ ჩადებულა.

დღეს მოქმედი თვითმმართველობის კოდექსის რა უარყოფითი მხარეები შეიძლება გამოყოთ? რამდენად ეფექტურია ეს კოდექსი?
დასახვეწი არის, მაგრამ ის, რომ ვერ ვმუშაობდეთ და ხელი რამეში გვეშლებოდეს, ასე არაა.არის მცირედი ნიუანსები, რომელიც დახვეწას მოითხოვს. ცოტა მეტი უფლებები უნდა ჰქონდეს გამგებელს. არის პატარ-პატარა ნიუანსები, რომელის გამოსწორების შემთხვევაში, ვფიქრობ, ჩვენი მუშაობა უფრო ეფექტური იქნება.
რამდენად ნაყოფიერია საკრებულოსა და გამგეობას შორის თანამშრომლობა? ხომ არ აქვს ადგილი დაპირისპირებას ამ ორ შტოს შორის?
ამ მხრივ აბაშის მუნიციპალიტეტი რეგიონში სანიმუშოა. სხვაგანაც კარგი სიტუაციაა, მაგრამ ჩვენთან აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოების ერთმანეთთან კომუნიკაცია იდეალურ დონეზეა.
სოციალური პროგრამებისთვის რა თანხებია გამოყოფილი წლევანდელ ბიუჯეტში და რამდენად სამართლიანად ნაწილდება ის მოსახლეობაზე? ხშირად ამ კუთხით ბევრი უკმაყოფილება გაისმის ხალხის მხრიდან. რამდენად ახერხებთ სოციალურად დაუცველთა სრულად დაკმაყოფილებას?
ზუსტი ციფრი არ მახსოვს. 200 000 ლარი გვქონდა ოპერაციებისათვის და მაღალტექნოლოგიური გამოკვლევებისათვის გამოყოფილი. მოგეხსენებათ, საყოველთაო დაზღვევა სრული ოპერაციის 70%-ს აფინანსებს, ხოლო დარჩენილი თანხის 30%-ის 80%-ს ჩვენ ვუფინანსებთ მოსახლეობას. ასე რომ, აბაშაში თუ ვინმეს ოპერაცია დასჭირდა, ძალიან მიზერულ თანხას, ხშირ შემთხვევაში არც კი იხდის პაციენტი, იმიტომ რომ სადღაც 2 000 ლარამდე ჩვენ ვუფინანსებთ ჩვენს ბენეფიციარებს. ამ მხრივ, ძალიან კარგი სოციალური პაკეტი გამოგვივიდა.
ასევე, უსინათლოებს და მრავალშვილიანებს ერთჯერად დახმარებას ვუწევთ. მესამე და შემდეგ შვილზე 150ლარი გვაქვს დაწესებული. ასე რომ, სოციალური პაკეტის მომჩივანი და სოციალურ პაკეტზე მომდურავი, აბაშის მუნიციპალიტეტში ნაღდად არავინ გვყავს, ოღონდ ეს არის, რომ ერთჯერადი დახმარება არ გვაქვს, ამოვიღეთ ეს მუხლი. მანდ ცოტა კითხვის ნიშნები ისმებოდა და მოსახლეობის მხრიდან გაისმოდა უკმაყოფილო გამონათქვამები, იმას რატომ ეძლევა და სხვას რატომ არა... ვფიქრობ, უფრო უპრიანია ის, რომ ოპერაციებსა და მაღალტექნოლოგიურ გამოკვლევებზე თანადაფინანსებაში ვართ ჩართული და სერიოზული თანხები გადის. წელს 200 000 გვქონდა გამოყოფილი და მე მგონი, დავამატებთ კიდევ ნოემბერ-დეკემბერში.
საკადრო გადაწყვეტილებების მიღებისას რა არის თქვენი ამოსავალი წერტილი? რა ნიშნით აწინაურებთ ადამიანებს?
პროფესიონალიზმი და ცოდნა რა თქმა უნდა! მითუმეტეს, ჩვენთან ახლა კონკურსები ჩატარდა და ყველა კადრი კონკურსის წესით შეირჩა!
ბატონო მამუკა, ვისი ინიციატივა იყო თქვენი გამგებლობის კანდიდატად წარდგენა? ვგულისხმობ იმას, თუ კონკრეტულად რომელი პოლიტიკური დაჯგუფება ლობირებდა თქვენს კანდიდატურას პოლიტიკურად მრავალფეროვანი კოალიციიდან? რატომ შეჩერდა არჩევანი თქვენზე?
ჩემი კანდიდატურა მხარდაჭერილი იყო „ქართული ოცნების“ მხრიდან. ალბათ ნახეს ჩემში დადებითი მხარეები და ამიტომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ალბათ ისიც გაითვალისწინეს, რომ პირველ რიგში აბაშელი ვარ.

როგორ ფიქრობთ, რას იტყვიან თქვენზე აბაშელები წლების შემდეგ?
ძალიან, ძალიან ბევრი ბაღები ააშენაო, და ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი შექმნაო, ამას ვათქმევინებ (იღიმება).
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.