„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებზე პრეზიდენტი ვეტოს არ გამოიყენებს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მან თქვა, რომ ეთანხმება ოპოზიციის შენიშვნებს, თუმცა მიიჩნევს, რომ მიღებული ცვლილებები არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და კანონპროექტზე ვეტოს გამოყენების სამართლებრივ საფუძველი არ არსებობს.
„ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისი აღმოჩნდა, თუმცა სამომავლოდ ასეთი პროცესი, რომელიც გულისხმობს ყველას პოზიციის გაცნობას და შეჯერებას, აძლევს პრეზიდენტს საშუალებას, რომ ეს ინსტრუმენტი საჭიროების შემთხვევაში ეფექტურად გამოყენებული იყოს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მომზადებული ცვლილებების თანახმად, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა, ახლებურად ყალიბდება სამართალდამცველის მიმართ დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფაზე სანქციები (173-ე მუხლი). კანონპროექტის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცველის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას – 2 000 ლარიდან 3 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. ცვლილებებით კონკრეტდება, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას – 3 500 ლარიდან 4 500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით. კანონის დღემდე მოქმედი რედაქციით, სამართალდამცველის დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფაზე გათვალისწინებულია ჯარიმა 1 000 ლარიდან 4 000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
ამასთან, ცვლილებებით, წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენის ფაქტზე ფულადი ჯარიმები ორმაგდება (166-ე მუხლი). ცვლილებებით კონკრეტდება, რომ აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას – 3 500 ლარიდან 4 500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით.
ასევე, იცვლება ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირის სასამართლოში წარდგენის ვადა და ის 48 საათიდან 24 საათამდე მცირდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.