საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური დმანისში მყოფება და იქ მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა, ვინც კანონი დაარღვია და მდგომარეობა არ უნდა გადაიზარდოს ეთნიკურ დაპირისპირებაში.
„ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა გუშინ. გუშინვე დავიწყეთ გამოძიება. მნიშვნელობა არ აქვს, ეს ადამიანი ვინ იქნება, ყველა დაისჯება სრული სიმკაცრით, ვინც დაარღვია კანონი. ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი. რატომღაც ვიღაცები ცდილობენ, არ მინდა, რომელიმე ძალები და ჯგუფები ვახსენო, ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაყვანის თემას.
აზერბაიჯანელები და ქართველები ჩვენი მოქალაქეები არიან. ერთად ცხოვრობენ საუკუნეების მანძილზე, ჩვენი ძმები არიან. ეს საკითხი, რა თქმა უნდა, არ უნდა გადაიზარდოს ეთნიკურ დაპირისპირებაში. ეთნიკურად აზერბაიჯანელები არიან, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეები, ამასთან, აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, მოკავშირეა, მეზობელია და ჩვენი მეგობრები არიან. ეს არ უნდა დავუშვათ. ეს არის ქვეყნის მტრობა, ვინც ამბობს, რომ ეს არის ეთნიკური თემა და უნდა, რომ გაღვივდეს, გამწვავდეს. ამას არ დავუშვებთ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მისი თქმით, გამოძიება დაწყებულია და ახლა რამდენიმე პირის გამოკითხვა მიმდინარეობს.
„ჯერ დაკავებას ვერ გიდასტურებთ. პროკურატურასთან ერთად ვმუშაობთ. გეთანხმებით, ცუდი სიტუაცია იყო, ხალხი შეიკრიბა ძალიან სწრაფად და სწრაფად შეიქმნა ქაოსური ვითარება. გუშინდელი დღის შემდეგ გაძლიერებული იყო პოლიცია, მეტი ძალები იყო შემოყვანილი, თუმცა ეს ძალები არ აღმოჩნდა საკმარისი ამ შემთხვევაში. 150 კაცამდე იყო. რეალურად, მშვიდობიან დროს თუ არის 20 კაცი, სამწუხაროდ, გაათმაგებული იყო. ვერ მოხდა ამხელა მასის კონტროლი და მოხდა დამატებითი ძალების შემოყვანა დმანისში. აქედან გამომდინარე, ვითარება განიმუხტა ამის შემდეგ. ამიტომ ვერ მოხდა უსწრაფესად ამ ადამიანების შეჩერება და კონფლიქტის შეჩერება“, – განაცხადა გომელაურმა.
გომელაური დმანისში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან, გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად ჩავიდა.
ლილუაშვილის განცხადებით, ამ დროისთვის დმანისში მშვიდი ვითარებაა და „კონფლიქტის მხარეებთან შესაბამისი პირები მუშაობენ“. მისივე თქმით, მომხდართან დაკავშირებით არიან დაკავებულებიც.
„საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. სერიოზულად დაზარალებული პირების შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. რა თქმა უნდა, ჩხუბის დროს დაშავდნენ ადამიანები. მთავარია, ეს არ უნდა მოინათლოს, როგორც ეთნიკურ ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი. ვინც ამას ცდილობს, ის არის ამ ქვეყნის მტერი და ისინი უფრო მკაცრად იქნებიან დასჯილი, რადგან საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მოხდა კონფლიქტი და არ უნდა მოხდეს წაქეზება. ეს ჩვენი ქვეყნის წისქვილზე არ ასხამს წყალს“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.