მას შემდეგ რაც 1849 წლის 2 იანვარს, ტფილისის გიმნაზიის შენობაში გრაფ ვორონცოვის პატრონაჟით პირველად შედგა ქართული თეატრალური წარმოდგენა - გ.ერისთავის კომედია „გაყრა“, ჩვენში თეატრმა იმდენად დიდი განვითარება და პოპულარობა ჰპოვა, რომ საუკუნის მიწურულს საინტერესო ბიოგრაფიის მქონე საზოგადოებად ჩამოყალიბდა. ქართული დრამატული საზოგადოების ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის ქალაქის თავს დიმიტრი ყიფიანს. მის სახელს უკავშირდება ერევანსკის მოედნის კეთილმოწყობა და მისი შუამდგომლობით იქ სახაზინო თეატრის აგება.
მე-19 საუკუნის ბოლოს, ტფილისში მოქმედებდა ქართულ დრამატული საზოგადოების, ფითოევის რუსული თეატრის, გიტელზონის, სომხური დრამატული, რუსული დრამატული და ტფილისის საოპერო დასები - აგრეთვე, საცირკო ხელოვნების და მედიუმების თუ სხვა ატრაქციონების დასები.
მრავალფეროვანი შინაარსის სპექტაკლები იმართებოდა ტფილისის ოპერის, სახელმწიფო თეატრის, სააზნაურო სახლის, „მიხეილის ბაღის“ საზაფხულო თეატრის, ოლღას ქუჩაზე მდებარე სახალხო თეატრის, ბანკის თეატრის, ტფილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის თეატრის, „ვასილევის“, „სტრელნას“, „გერმანიის “, „შვეიცარიის“ ბაღების, „СЕМЕЙНЫЙ САД’’-ის საზაფხულო თეატრებში და სხვა სცენებზე. იდგმებოდა ოპერები, ოპერეტები, დრამები, ისტორიული დრამები, კომედიები, ტრაგედიები, ვოდევილები, დივერსიმენტები თუ ბენეფისები. ზოგჯერ ქართული თეატრალური დასის წარმოდგენების ანტრაქტების დროს, ქართულ ნაციონალურ სიმღერებს უკრავდა და მღეროდა ცნობილი ჰაზირას დასი.
მრავალფეროვანი იყო თეარტალური აფიშა, იდგმებოდა: გ.ერისთავის პიესა ,,ყვარყვარე ათაბაგი“, „რევიზორი“, ,,ურიელ აკოსტა“, ,,ოტელო“, ცაგარელის კომედია ,,რაც გინახავს ვეღარ ნახავ“, ვ. გუნიას ,,და-ძმა“ და ,,ჩათრევას ჩაყოლა სჯობია“, ,,ჭირვეული ცოლის მორჯულება“, გ.ერისთავის ისტორიული დრამა ,,სამშობლო“, ანტონოვის კომედია ,,მზის დაბნელება“, ცაგარელის კომედია ,,ბაიყუში“, სუმბთაშვილის ,,ბორკილი“, ცაგარელის გადმოკეთებულ პიესა ,,მშვენიერი ელენეს მაძიებელნი“, აკაკის თარგმანი-,,სკაპენის ცუღლუტობა“, მიხ. ნასიძის დრამა ,,ბედს ვერ წაუხვალ“, გუნიას ვოდევილი ,,არც იქით, არც აქეთ“, გუნიას კომედია ,,აღლუმი“, ვოდევილი ,,ცოლ-ქმრობის წინააღმდეგი“, ,,ფიგაროს ქორწილი ანუ გიჟმაჟიანი დღე“, გერმანულიდან ლაზარიაშვილის მიერ ნათარგმნი პიესა ,,ლანდი“. გუნიას მიერ ნათარგმნი პიესა ,,პარიჟის ღატაკნი“. ,,ჰამლეტი“ თარგმანი ი.მაჩაბლისა. სუნდუკიანის პიესია „ღამე ერთი ცხვირი ხეირია“, ჰაზირას ვოდევილი „ჯიბგირი ანუ ქურდის ქურდი ცხონდა“ და ვოდევილი ,,ბრაზიანი ამერიკელი“, ან. ფურცელაძის ისტორიულ ტრაგედია „დიდი მოურავი“. სუნდუკიანის ,,პეპო“, საკმაო მოწონებით სარგებლობდა ნიკოლოზ დადიანის მიერ ფრანგული ენიდან ნათარგმნი შექსპირის პიესები და მრავალი სხვა.
როგორც იმ დროს ამბობდნენ „სცენის სასარგებლო არტისტები“ იყვნენ მსახიობები: ჩერქეზიშვილი, საფაროვა-აბაშიძე, მაჩაბელი, წულუკიძე, აბაშიძე, სვიმონიძე, მელიქიშვილი, აწყურელი, მესხი, ჩხეიძე, ყიფიანი, გედევანოვი, გუნია, სვიმონიძე, კანდელაკი, ადამიძე, შათირიშვილი, მჭედლიშვილი, კარბელი, ირ.ევდოშვილი, კოტე მარჯანიშვილი, ავალიშვილი, ტარიელოვა, მძინაროვა, მაქსიმიძე, აგიაშვილი. ხშირად იმართებოდა პუბლიკისათვის ცნობილი და საყვარელი მსახიობების ბენეფისები, არტისტებისა: საფაროვა, აბაშიძე, სვიმონიძე, ავალიშვილის, ჩერქეზიშვილს. თეატრალებს არც ქველმოქმედება ავიწყდებოდათ, სხვადასხვა დროს ჩაუტარებიათ წარმოდგენები ბაქოში ხოლერით დაავადებულთა დასახმარებლად, ავადმყოფი სომეხი მსახიობის, ადამიანის სამკურნალოდ, გაჭირვებაში მყოფი სცენარიუსის, თამაზაშვილის დასახმარებლად. საქველმოქმედო მიზნით ტფილისში ეპიდემიის დროს უფასო საჩაიეში გაუმართავთ წარმოდგენა ორასამდე მაყურებლისთვის.
ქართულ დრამატულ საზოგადოებაში ნაყოფიერად მუშაობდნენ ცნობილი ბატონები: გუნია, ფურცელაძე, ცაგარელი, ალექსი-მესხიშვილი, აგრეთვე: ტფილისის სახელმწიფო თეატრის დირექტორი, გენერალ-ლეიტენანტი ვენ.ერნსტი, ტფილისის სახელმწიფო თეატრის დირექტორი, ვექილი აპაჩინინი, ადმინისტრატორი შათირიშვილი, სცენარიუსი თამაზაშვილი, საღამოს გამგენი სტალინსკაია, კონსტებსკაია, სახალხო თეატრის გამგე და რეჟისორი ა.ნებიერიძე, პიესის ავტორი ჰაზირა და რა თქმა უნდა მომავალი დიდი რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი, რომელიც დრამატული ხელოვნების შესასწავლად 1895 წელს მოსკოვში გაემგზავრა. ტფილისში ჩამოსული, საიმპერატორო თეატრების ,,მაშინისტის“, ბ-ნ ვალცის თანაშემწე ხმელევსკი, რომელმაც მოაწყო ახალი თეატრის სცენა.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, მხნე და დაუღალავი ანტერპრენერი ფორკატი, რომლის ძალისხმევით საოპერო დასი წარმოდგენებს მართავდა საზაფხულო თეატრში. დიდ წარმატებით დაიდგა ვერდის ოპერა ,,აიდა“, რეჟისორი პოზდნიშევი. ორკერსტრის ხელძღვანელი ტფილისის საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ბატონი ტრუფი, რომლის მონაწილეობა გარანტია იყო სპექტაკლის წარმატებისა. ბალეტი ბ.ბარბოს ,,გამგებლობით“. მონაწილენი: ქ-ბი ენკვისტი, ვიქტოროვა, ბ-ები სიკოჩინსკი, ოსტროვიდოვი, კოროსტაშევსკი და სხვ. რეპერტუარში იყო აგრეთვე ,,ტრავიატა“, ტომის ,,მინიონი“, მთავარ როლში ქ-ნი პაპაიანი. გუნოს ,,რომეო და ჯულიეტა“, არტისტ სალტოს მონაწილეობით; მეიერბერის ,,აფრიკელი ქალი“, ,,კარმენი“, არტისტ ჯირალდინოს მონაწილეობით; ,,დალილა და სამსონი“, ,,ერნნი“, ლეონკავალოს ,,მიმონსი“, მასკანის ,,პატიოსნება სოფლისა“ და სხვა.
საოპერო წარმოდგენების გამართვაში ცნობილ ფორკატის გარდა გამოირჩეოდა ,,სემეინი ბაღის“ საოპერო ანტრეპრენიორი ბ-ნი ტორლეცკიც. ტფილისის საოპერო დასში ირიცხებოდა სიცილიელი ტენორი სალვატორე კაკუცი, რომელმაც სამუშაოს დაკარგვის შემდეგ ტფილისსა და ქუთაისში ხელი მიჰყო ქუდების კერვას, იმ ქუდებისა, რომელებსაც მეოცე საუკუნის 60-იან წლებში ,,აეროდრომი“ ეწოდა. იმ პერიოდში ტფილისში მღეროდნენ მომავალი გენიალური მომღერლები სარაჯიშვილი და შალიაპინი. ,,ვაზას“ ბაღში ხშირდ უფასოდ მღეროდა გამოჩენილი აზიელი მომღერალი აბდულ ბაღი, ყავახანაში ,,მუღამებს“ კი-სომეხი აშუღი ჯივაზა, ხშირად საქველმოქმედოდ.
ოპერასთან ერთად ტფილისში პოპულარული იყო ოპერეტები. იდგმებოდა დიურის, შილიოს, ოდრანის ოპერეტები. ხშირად დირიჟორობდა ივ.ფალიაშვილი, მონაწილეობდნენ იმ დროს ცნობილი და პუბლიკის საყვარელი არტისტები: ქ-ნი მ.ძნელაძე, მ.არლანი, საბლინა-დოლსკი, ბ-ნი ბიაზი. აგრეთვე დრამატული მსახიობები: ბ-ები აბაშიძე, ივერიელი, გედევანოვი, ადამიძე; რეჟისორი ნ.ავალიშვილი, ქართული ვარიანტი- ახნაზაროვისა, ადმინისტრატორი ვ.გუნია.
მართლაც რომ ,,მხნე და დაუღალავ“ ფორკატის მონდომებით სათავადაზნაურო ბანკის, ,,სტრელნას“, ,,სემეინი“ ბაღების თუ საზაფხულო თეატრის სცენებზე იდგმებოდა აგრეთვე რუსული და სომხური დრამატული დასების წარმოდგენები. მისი ორგანიზატორობით 1889 წლის 16 იანვარს ტფილისის რუსულმა დრამატულმა დასმა იდღესასწაულა დაარსების 25 წლისთავი და მისივე ინიციატივით 1888 წელს ტფილისში საგასტროლოდ იმყოფებოდა საფრანგეთის საოპერო დასი.
ტფილისში საგასტროლოდ იმყოფებოდნენ ვარშავის საიმპერატორო დასაბალეტო დასის არტისტები ბატონ ბ.ა. ხრჟანოვსკის ხელმძღვანელობით და დირიჟორობით, ფრანგთა საოპერეტო დასი 50 არტისტის შემადგენლობით, ლასალის ხელმძღვანელობით. ტფილისის საზაფხულო თეატრში გაიმართა მოსკოვის საიმპერატორო თეატრის არტისტთა საბალეტო წარმოდგენები და ოპერეტები. კონცერტები გამართა სახალხო მგალობელმა ალექსანდრე ყარაგეორგიევიჩმა, თავისი სლავიანურის ,,ხოროთი“.
1890 წლის 8 სექტემბერს ტფილისს ესტუმრა პეტრე ჩაიკოვსკი. საზაფხულო თეატრში წარმოადგინეს მისი ოპერა ,,ევგენი ონეგინი“. (ამ დროს ჩაიკოვსკის ძმა იყო ტფილისის გუბერნატორის მოადგილე).
ტფილისში საგასტროლოდ იმყოფებოდა ფრანგული ოპერეტის არტისტი ანნა ჟუდიკი თავისი დასითურთ. გამოჩენილი კომპოზიტორი არტურ რუბინშტეინი, ,,ტენორების მეფე“ მაძინი. რუსულმა დასმა პეტიპას ხელმძღვანელობით ტფილისში გამართა ,,ტარტიუფის“ და ,,დონ-ჟუანს“ სპექტაკლები. ცნობილმა ტრაგიკოსმა ერნესტო როსიმ და მისმა დასმა გამართა წარმოდგენები: ,,მეფე ლირი“, ,,ოტელო“, ,,ლუდოვიკ მეთერთმეტე“, ,,კინი“, ,,მაკბეტი“, ,,დამნაშავის ოჯახი“, ,,კორიოლანი“, ,,ნერონი“, ,,შევლოსა ანუ ვენეციელი ვაჭარი“. ცნობილი არტისტ ერმოლოვას მონაწილეობით გაიმართა სპექტაკლები ,,მარია სტიუარდი“ , ,,ფედრა“, ,,სიმფონია“.
ტფილისელ მაყურებელს ძალიან მოსწონდა საცირკო ხელოვნებაც. განთქმული ფიურერის ცირკი დღეში ორ წარმოდგენას მართავდა, დღის ორ და საღამოს რვა საათზე. მონაწილეობდა გამოჩენილი ცხენოსანი და ,,მესალტომორტალე“ ბატონი სიჩოვი. თუმცა ხდებოდა უბედური შემთხვევებიც. ერთხელ პუბლიკის საყვარელმა არტისტმა ვინმე კრისტენსენმა წარმოდგენისას ხერხემალი ფუძეში გადაიტეხა, რის შედეგადაც მეორე დღეს გარდაცვლილა. საგასტროლოდ იმყოფებოდა ტანტის ცირკი (მიცვალებულთა ,,გაცოცხლების“) და ინდური სურის ცირკი.
სხვადასხვა დროს წარმოდგენები გამართეს ვარშავიდან ჩამოსულმა ქონდრის კაცებმა, მარკიზ ვოლგეს (70სმ.) და მარკიზა ლუიზას (75სმ.) ხელმძღვანელობით, როსტოველი აკიმ ნიკიტინის ცნობილი დასი, ტფილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის თეატრში სპირიტულ და სამედიუმო წარმოდგენას მართავდა იმ დროის პირველი პრესტიდიჟატორი ნ.კაზლოვი. ,,შვეიცარიის ბაღში“ ჯამბაზები მართავდნენ წარმოდგენებს, ,, ვასილიევის ბაღში“ გიტელზონის დასი და საეჭვო ყოფაქცევის ,,ვენგრელი“ ქალები გათენებამდე მღეროდნენ რუსულს, გერმანულ საგალობლებს და მრავალი სხვა, ყველას რა ჩამოთვლის.
ხელოვნებისადმი ასეთმა გატაცებამ ხალხში მუსიკალური ინსტრუმენტების მიმართ დაინტერესება გამოიწვია, რამაც კომერციაშიც ჰპოვა თავისი ასახვა. ქარვასლებში თუ სავაჭრო დეპოებში შესაძლებელი იყო როიალების, პიანინოების, ფისგარმონიების, სკრიპკების, გიტარების, ფლეიტების, კლორნეტების, ნოტების, სიმების და სხვა „ყოველი სამუსიკო იარაღის შეძენა, ფასის წვრილ-წვრილად გადახდითაც“.
ამ და სხვა სანახაობების მიუხედავად, ტფილისში იმართებობა მრავალი სახალხო, ქართული, სომხური, გერმანული, ებრაული, მალაკანთა თუ სხვათა სეირნობები, მასკარადები და ზეიმები. ტფილისი ხომ „თანამრავლობა და თანაცხოვრობა“ იყო.
ედიშერ ოდიშარია
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.