„ტფილისის საზოგადოებას ბევრი გასართობი აქვს: ოპერა, დრამატული თეატრი, ცირკი, ათასგვარი მუზეიები...“
06-08-2021, 10:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


1849 წლის 2 იანვარს ტფილისის გიმნაზიის „ზალაში“ წარმოადგინეს პირველი ქართული წარმოდგენა, გიორგი ერისთავის კომედია - „გაყრა“. სპექტაკლს დაესწრო კავკასიის მეფისნაცვალი მიხეილ ვორონცოვი მეუღლითურთ. სპექტაკლმა წარმატებით ჩაიარა. ეს ის დროა როცა ჯერ არც თეატრი გვქონდა, არც პიესები და არც არტისტები გვყავდა. ჰოდა, ამ დღის საპატივცემულოდ ტფილისში, დრამატული საზოგადოების მმართველობამ 1893 წელს იდღესასწაულა ქართული თეატრის დაფუძნების დღე.

 

 

განსაკუთრებული მონდომებით დაიდგა სპექტაკლი გ.ერისთავის „გაყრა“. მანამდე 1889 წ. ტფილისის რუსულმა დრამატულმა დასმა იდღესასწაულა დაარსებიდან 25 წლის იუბილე. საუკუნის მიწურულისთვის კი ტფილისში უკვე ბევრი გასართობი იყო: ოპერა, დრამატული თეატრი, ცირკი... აქ თეატრალური წარმოდგენებს მართავდნენ ოპერის, სათავადაზნაურო ბანკის, ტფილისის სახელმწიფო, ბანკის (არწრუნისეული), ტფილისის საზაფხულო , სახალხო, ,,პუშკინის“ თეატრებში თუ ,,ვასილევის“, ,,გერმანიის“ , ,,შვეიცარიის“, ,,მუშტაიდის“, ,,სტრელნსას“,,სემეინი“ და სხვა ბაღებში მოწყობილ სცენებზე. ტფილისის ოპერის, რუსული, ქართული,სომხური დრამატული დასები.

 


რეპერტუარში იყო ,,ოტელო“, ,,ურიელ აკოსტა“, ,,ყვარყვარე ათაბაგი“, ,,რევიზორი“, ,,ჭირვეული ცოლის მორჯულება“, ,,მარგარიტა გოტიე“, ,,დალილა“, ,,ლანგ თემური“. იმართებოდა საოპერო სპექტაკლები ,,აიდა“,,,ტრავიატა“, ,,რომეო და ჯულიეტა“. იმართებოდა დივერსიმენტები და ბენეფისები ცნობილი, როგორც მაშინ ამბობდნენ ,,სასარგებლო“ არტისტებისა: საფაროვა, აბაშიძე, სვიმონიძე, მესხი, ევდოშვილი, ალექსი-მესხიშვილი, ჩერქეზიშვილი, ჩხეიძე, ყიფიანი, გედევანოვი...ტფილისელების ოპერეტის საყვარელი არტისტი ბიაზი.

 

 

ზოგიერთი წარმოდგენის ანტრაქტებში უკრავდა და ქართულ ნაციონალურ სიმღერებს მღეროდა ცნობილი ჰაზირას ჯგუფი. ტფილისის ოპერის ტენორი გახლდათ სიცილიელი სალვატორე კაკუცი, შემდგომში ცნობილი ქუდების მკერავი და მეწარმე ტფილისსა და ქუთაისში. მის მიერ სიცილიურ ყაიდაზე შექმნილ ქუდებს მეოცე საუკუნის 60-იან წლებში ,,აეროდრომი“ შეერქვა. ტფილისში ერთად მღეროდნენ სარაჯიშვილი და შალიაპინი. არტისტები ავადმყოფისა და ,,გაჭირვებულის მდგომარეობაში“ მყოფი მსახიობებისთვის და ხოლერის წინააღმდეგ ბრძოლის საქმისთვის მართავდნენ საქველმოქმედო წარმოდგენებსაც.

 

 

მაგრამ!.. მაგრამ ზოგ შემთხვევაში თეატრალური დასები ვერ აკმაყოფილებდა გემოვნებადახვეწილ პუბლიკას და არც თუ იშვიათად თეატრალები მძაფრ კრიტიკასაც იმსახურებენ, ასე მაგალითად, ამონარიდი იმ დროინდელი საგაზეთო პუბლიკაციიდან: „... უნდა ვაღიაროთ, რომ საზოგადოებას უფლება ჰქონდა ზურგი ეჩვენებინა ჩვენი თეატრისთვის. უვარგისი რეპერტუარი, უვარგისი წარმოდგენა და თამაში. ყველაფერ ამაში კი დრამატული საზოგადოების კომიტეტია დამნაშავე. ჩვენი სცენას ისეთი მსახიობები ჰყავთ, რომ ევროპულ სცენაზეც მოიხვეჭდნენ სახელს. ნიჭი დიდი აქვთ, მაგრამ სცენაზე როლსაც არ სწავლობენ, ხეირიანად დაზეპირება ეზარებათ. ბ-ნ ალექსი-მესხიშვილს ხმა არ უვარგა, მაგრამ მაყურებელი აღტაცებაში მოყავს ისეთი ძლიერი არტისტია, მაგრამ ყურს არ უგდებს თავის ნიჭს და მოუვლელად მიტოვებული აქვს. შესანიშნავი კომიკური ნიჭი ვასო აბაშიძისა, ნაკლებს ფიქრობს ამ ძვირფასი განძისათვის, ხურდავდება და წვრილმანდება უმსგავსო ვოდევილებში. სხვების შესახებ ლაპრაკიც არ ღირს. მხოლოდ საფაროვა, ჩერქეზიშვილი და გედევანოვი ეპყრობა სინდისიერად საქმეს და ნიჭს უფრთხილდებიან და განვითარებს ცდილობენ. ნიჭიერი ახალგაზრდა მსახიობი დ. აწყურელი განსაკუთრებით კარგად თამაშობს სომხის და კინტოს როლებს. რატომ დრამტული საზოგადოების კომიტეტი არ გამოიჩენს უნარს კარგი პიესების წარმოდგენისას“.

 

 

ტფილისში საგასტრილოდ ხშირად ჩამოდიოდნენ იმპერიის სხვადსხვა ქალქების და ქვეყნების თეატრალური დასები თუ ცალკეული არტისტები: მოსკოვის საიმპერატორო თეატრის არტისტთა საბალეტო, საფრანგეთის საოპერეტო (ხელმძ.ლასალი), ვარშავის საიმპერატორო და საბალეტო (ხელმძ. ხრჟანოვსკი), პეტიპას რუსული თუ გიტელზონის ებრაული დასები, პეტრე ჩაიკოვსკი, რომლის ძმა იმ დროს ტფილისის გუბერნატორის მოადგილე იყო. ფრანგული ოპერეტის არტისტი ქალი ანნა ჟუდიკი, თავისი დასითურთ, კომპოზიტორი არტურ რუბინშტეინი. აქტრისა საბლინა-დოლსკი (ოპერეტა), ტენორების მეფეს მაძინი, მარინის თეატრის მომღერალი, მილანში სამწლიანი სტაჟირება გავლილი ტენორი კაკაბაძე და სხვანი. ზოგიერთი დასის გასტროლების წინ ტფილისში წარმოდგენებზე დასასწრები აბონემენტებიც იყიდებოდა.

 


ტფილისს სტუმრობდა ცნობილი აკიმ ნიკიტინის ცირკი. სამწუხაროდ პუბლიკის საყვარელმა ცირკის არტისტმა კრისტენსენმა წარმოდგენისას ხერხემალი დაზიანების გამო გარდაიცვალა. იყო შემთხვევა როცა ცხენის მოწყვეტილმა ნალმა მაყურებელი დააზიანა. ამის მიუხედავად საცირკო წარმოდგენები ტფილისელებისთვის ერთ-ერთი, თუ არა ყველაზე საყვარელი სანახაობა იყო.

 

 

ტფილისში სხვადასხვა ადგილას იმართებოდა ნაირგვარი წარმოდგენები, ბალ-მასკარადები, სახალხო სეირნობები. მუშტაიდის და გერმანიის ბაღებში მთელი ღამით სეირნობები იყო, შვეიცარიის ბაღში ჯამბაზები, ვასილიევის ბაღში კი ყოველ საღამოს თეთრად გათენებამდე, დილის 8-9 საათამდე. „ვენგრელი“ ქალები გაჰკიოდნენ რუსულსა და გერმანულ საგალობლებს. იმასაც ამბობდნენ, რომ ის ქალები გარყვნილებას უფრო ავრცელებდნენ ქალაქში, ვიდრე „ესთეთიკურ სიამოვნებასო“. სახალხო მგალობელი ალექსანდრე ყარაგეორგიევიჩი „სლავიანურის ხოროთი“ მართავდა კონცერტებს. ტფილისი თეატრალურ ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობდნენ ანტრეპრენიორები: „მხნე და დაუღალავი“ ბატონი ფორკატი და ბატონი ტორლეცკი, ტფილისის სახელმწიფო თეატრის დირექტორი გენერალ-ლეიტენანტი ერნსტი, ტფილისში მოვლინებული საიმპერატორო თეატრების „მაშინისტის“ თანაშემწე ხმელევსკი... და 1892 წელს დაარსებული გაზეთი „თეატრი“.

 

 

ტფილისმა დიდი ნაბიჯები გადადგა კულტურის განვითარებასა და გავრცელებაში, საუკუნის ბოლოსთვის იგი უკვე იმპერიის ერთ-ერთი თეატრალური ქალაქია, ცენტრი არამარტო კავკასიისა, არამედ რეგიონის ევროპული კულტურის თაიგული, მაგრამ!.. მაგრამ ის, რომ ტფილისში აქა-იქ ისმოდა: „ჩვენში ეტიკა დაეცა!“

 

ედიშერ ოდიშარია

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი