ორი დღე ესვენა სიონში ილიას ცხედარი, უამრავმა ადამიანმა მიაგო პატივი, დაიტირა და გამოეთხოვა მას
30-08-2021, 12:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

7 სექტემბერს დილის ცხრის ნახევარზე საგურამოში, სოფლის სამღვდელოების მიერ ილიას კუბოსთან პანაშვიდის ჩატარების შემდეგ ნეშტი ახლობელების, ნათესავების, თავადაზნაურთა საკრებულოს წინამძღვართა, სხვადასხვა საზოგადოებების, ბეჭდვითი სიტყვის წარმომადგენლების და სხვათა მიერ იქნა გამოსვენებული.

 

 

სამგლოვიარო პროცესია ილიას სასახლის ხელში პყრობით ტფილისს გაემართა. გზად, პოეტის მკვლელობის ადგილას ჩატარდა ღვთისმსახურება, რის შემდეგ კუბო დაასვენეს კატაფალკაზე. საქართველოს სამხედრო გზის დასაწყისში, ტფილისის შესასვლელთან, დღევანდელ გმირთა მოედანზე, ვერაზე აღმართულ ჯვართან პროცესიას წინასწარ შეთანხმებული ცერემონიით დახვდა ტფილისის საკრებულოს მიერ არჩეული სპეციალური კომიტეტი, ეგზარხოსის მოვალეობის შემსრულებელი გრიგოლი, ბაქოს ეპისკოფოსი პეტრე, გორის ეპისკოფოსი გიორგი, გურია-სამეგრელოს ეპისკოფოსი, იმერეთის ეპისკოფოსი ლეონიდე, სომხურ-გრიგორიანული ეკლესიის, კათოლიკური და სხვა კონფესიების ხელმძღვანელები, აგრეთვე ტფილისის გუბერნატორი ჩერნიაევი, მანდილოსნები, ქართული, რუსული, სომხური თათრული (დღ.აზერბაიჯანული) ბეჭდვითი სიტყვის წარმომადგენლები, გაზეთ ,,ივერიის“ თანამშრომლები, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ტფილისის და ქუთაისის ქართველი თავადაზნაურობა, ტფილისის, ქუთაისის, ბათუმის, ფოთის და კავკასიის სხვა ქალაქების ხელმძღვანელები. ბანკის და დრამატული წრეების, გიმნაზიების, სოფლის მეურნეობის კომიტეტის, ადვოკატურის, წარმომადგენლები, ვაჭრები და კომერსანტები.

 


სიტყვები წარმოთქვეს: პროტოიერემმა ო.თალაკვაძემ, თ. მიქელაძემ, დეპუტატმა ზურაბაშვილმა, გიმნაზიის პედაგოგმა ხუნდაძემ. შემდეგ ცხედარი გადაასვენეს ტრაურით გაწყობილ ღია ეტლზე და მსვლელობა გაემართა ოლღას ქუჩიდან გოლოვინის, სასახლის, ერივანსკის, სომხის ბაზრის და სიონის ქუჩებით. პროცესიას წინ უძღვოდნენ ამქრები თავიანთი ნიშნებით, ხორუგვით, ჯვრებით და ხატებით. კუბოს სახურავს მიყვებოდა მგალობელთა გუნდი, მათ შემდეგ ხელით მოჰქონდათ 85 ზე მეტი გვირგვინი. მათ მოჰყვებოდნენ მოსწავლეთა ორი მგალობელი ჯგუფის ოთხი რიგი და მესამე, გუნდი მგალობლებისა - ეპისკოფოსი გრიგოლის, ლეონიდეს, გიორგის წინამძღოლობით, სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირები. ეტლს ორივე გვერდით მიაცილებდა პრესის და წ.კ.გ. საზოგადოების წარმომადგენლები. ეტლის შემდეგ ნათესავები, მანდილოსნები და ბოლოს სხვადასხვა საზოგადოების წარმომადგენლები. პროცესიის მთელ მარშრუტზე ყველა სავაჭრო ობიექტი დაკეტილი იყო, ხოლო ეკლესიების შორის მიმდინარეობდა ზარების გადარეკვა. ქუჩების ორივე მხარეს იდგა აუარებელი, ზღვა ხალხი. სხვადსხვა ადგილზე ეგებებოდა გიმნაზიების და სასწავლებების მოსწავლეები. პირველი გიმნაზიის წინ ჩამწკრივებული მოწაფეები ორკესტრთან ერთად ასრულებდა ,,დიდება შენდას“ («Коль славенъ»).

 

 

ნეველის სახელობის სამხედრო ტაძრის წინ სამგლოვიარო პროცესიას მაღალ სამხედრო ჩინებთან ერთან შეეგება მეფისნაცვალი გრაფი ვორონცოვ-დაშკოვი მეუღლითურთ, რომელთაც კუბო მიაცილეს სასახლის ქუჩის დასაწყისამდე. სიონის ტაძარში მისვლისას სასახლე ა.ფურცელაძემ, ნ.ცხედაძემ, ი.გოგებაშვილმა, ა.ლაისტმა და სხვებმა ნეშტი დაასვენეს სპეციალურად გამზადებულ და ტაძრის შუაგულში მდგარ კატაფალკზე. გადახდილი პანაშვიდის შემდგომ იმერეთის ეპისკოფოსმა ლეონიდემ წარმოთქვა სიტყვა და და კუბოზე დაასვენა მაცხოვარის ხატი. ტფილისის სამღვდელოებამ დაასვენა წმ.ნინოს, გურია-სამეგრელოს სამღვდელოებამ-ღვთისმშობლის ხატი. კუბოსთან პრესის მუშაკების, გლეხების, მუშების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენელთა ძალებით დაწესდა საპატიო ყარაული. ხალხის მოზღვავების გამო, სიონის ეკლესიაში და მამა-დავითის მონასტერში გამართულ ცერემონიებში მონაწილეობის მისაღებად პოლიციამ გამოსცა სპეციალური საშვები (ბილეთები).

 


მეორე დღეს, შაბათს 8 სექტემბერს სამი პანაშვიდი იქნა გადახდილი. ორი დღე ესვენა სიონში ილიას ცხედარი, უამრავმა ადამიანმა მიაგო პატივი, დაიტირა და გამოეთხოვა მას. კვირას 9 სექტემბერს, სიონში ლიტურგია დილის 8 საათზე დაიწყო. შემდეგ სიტყვები წარმოთქვეს პროტოიერმა ტყემალაძემ და სხვა სასულიერო პირებმა, ესწრებოდნენ მეფისნაცვალი ვორონცოვ-დაშკოვი მეუღლითურთ, სენატორი მიცკევიჩი, გუბერნატორი ჩერნიაევსკი თავადაზნაურები, ქალაქის თავი თავადი ჩერქეზოვი, ბათუმის ფოთის ქუთაისის და სხვა ქალაქისთავები, კონფესიის მღვდელმთავრები. კუბო ვორონცოვმ-დაშკოვმა, ჩერქეზოვმა, ჩერნიავსკიმ, პრესის და გლეხობის წარმომადგენლებმა დაასვენეს ღია კატაფალკზე (ეტლზე). ტაძრიდან პროცესია ამქრების წინამძღოლობით, ორკესტრის მუსიკის თანხლებით, მგალობელთა გუნდით ჰიმნის ,,Коль славен наш Господь в Сионе“ შესრულებით და რექვიემით გაემართა მამა დავითის მონასტრისკენ. სიონიდან მამადავითის მონასტრამდე ტფილისში ბევრ სახლს ჰქონდა ტრაურის ქსოვილი გადმოფენილი და გამოკრული. ამ დღესაც სასწავლებლების მოწაფეები გამოეფინენ გზის ორივე მხარეს.

 

 

მსვლელობისას ყურადღებას იქცევდა პროცესიის წინ მყოფი ორი შავებში ჩაცმული ყმაწვილი, რომელთაც ბალიშზე ესვენათ სამეგრელოს ობოლთა შენაწირი- ვერცხლის გული ტყვიით განგმირული და ჯვრით შემკული. მოჰქონდათ ყვავილების გვირგვინები: ოდესის სტუდენტობის, გორის სასწავლებლის, ქუთაისის, ,,ნახალოვკის“ მცხოვრებთაგან, სხვადასხვა გამომცემლობების და გაზეთების სახელით, ტფილისის ფილარმონიის საზოგადოების, ჭიათურის მარგანეცმრეწვის, რუისპირის, საგარეჯოს, გოგებაშვილის, ტფილისის წვრილი ვაჭრების, საადგილმამულო ბანკის, ოსეთის მცხოვრებთა სახელით, ჯამბაკურ-ორბელიანის და სარაჯიშვილის ოჯახის, სვანეთის, ხონის, თელავის, სიღნაღის,შილდის, სენაკის, ქვიშხეთის, სასულიერო სემინარიიდან პეტრიაშვილის, პეტერბურგში მცხ.ქართველების, ჭავჭავაძეების საგვარეულო, ქართველ ოფიცერთა, ქუთაისელი მანდილოსნების, მეტეხის ციხის პატიმართა, წიგნის მაღაზიათა მფლობელებისგან, რკინიგზის სამმართველოს და სხვა უამრავი. თითოეული გვირგვინს თან ახლდა თავისი დეპუტაცია. სულ 200-მდე გვირგვინი, მათ შორის 18 ვერცხლის, ერთ-ერთი- მეფისნაცვლის ოჯახის სახელობის გვირგვინი კუბოზე დადეს. ეტლში შებმული ექვსი ყორანა ცხენი მორთული იყო თეთრი და შავი ფერის სირაქლემის ბუმბულის ,,სულტანიგან“. კუბოს მიაცილებდა ილიას და და ნათესავები, მრავალრიცხოვანი მასა ხალხისა. სასახლის ქუჩაზე სათავადაზნაურო სახლის წინ პროცესია შეჩერდა, შესრულდა მცირე მსახურება, რის შემდეგაც ილიას სიკვდილით შეძრულმა და დაუძლურებულმა აკაკიმ, რომელიც სავარძელით გამოიყვანეს ქუჩაში, წარმოთქვა მოკლე და მგზნებარე (შემდგომ ცნობილი) სიტყვა. ძლიერ აღელვებულმა მგოსანმა ბოლო სიტყვები ძლივსღა გამოთქვა.

 

 

პროცესია გოლოვინის და ალ.ჭავჭავაძის ქუჩით დაიძრა მამა დავითის ეკლესიისკენ. ორის ნახევარზე პროცესია მამა-დავითის მონასტერის მცირე მოედანთან შეჩერდა სადაც სიტყვა წარმოთქვა ქალაქის მოურავის მოვალეობის შემსრულებელმა ჩერქეზოვმა, მდივანმა, მგელაძემ, უცნობმა რუსმა ქალბატონმა, ქუთაისის ქალაქის თავმა ფანცხავამ, მწერალმა ნაკაშიძემ, არტისტმა ივანიძემ, ვაჟა-ფშაველამ, გაზეთ ,,მშაკის“ სახელით კალანტაროვმა, მოსწავლეებმა ჟორჟოლიანმა და გობეჩიამ. სიტყვით გამოსვლების და ლექსების კითხვის შემდეგ კუბო გალავნის შიგნით ხელით მიასვენეს. საფლავი კლდეში იყო ამოჭრილი ეკლესიასა და იქ მომდინარე წყაროს შორის. სამარე მოქცეული იყო შავი დრაპირებული ქსოვილით გაკეთებულ კარავში, რომლის შიდა კედლები მორთული იყო ვერცხლის გვირგვინებით. დანარჩენი გვირგვინები კი ეკლესიაში იქნა შეტანილი.

 

 

დაახლოებით ხუთის ნახევარზე კუბო ჩაასვენეს, რის შემდეგაც სიტყვა თქვა ფოთის გიმნაზიის მასწავლებელმა კელენჯერიძემ, ცხვედაძემ, ფოთის ქალაქის თავმა იონა მეუნარგიამ, დრამატული საზოგადოების სახელით ერისტოვმა, ნახუცრიშვილმა, ოსმა კოჩიევმა, ქვარიანმა, რცხილაძემ და სხვა. სიტყვით გამოსვლები და ილიას პოეზიის ნიმუშების კითხვა შებინდებამდე გაგრძელდა...

 

 

ედიშერ ოდიშარია

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი