ერთ ზაფხულს ტფილისში დიდი მუშაობა იყო გაჩაღებული ცენტრალური ქუჩების თუ სახლების გალამაზებასა და შეკეთებისათვის. შეკეთდა და მოირთო გოლოვინის პროსპექტი, შუაბაზარი, მიხაილოვის ნაწილის-კოლონიის ქუჩა. სახლები შეიღება, მოწითალოდ, მწვანედ, ლურჯად, ფუსტულის ფრად, ცისფრად, რუხად და ყვითლადაც.
ეგზარხოს ვლადიმერის ინიციატივით და კავკასიის მთავარმართებლის განკარგულებით დაიგეგმა და სიონის ქუჩა ორივე მხრივ ერთი არშინით გაგანიერდა, რასაც ონანოვის ქარვასლა ,,შეეწირა და დააქცია“.
ტფილისი, საგუბერნიო ხუროთმოძღვრების განყოფილების გეგმის მიხედვით შენდებოდა და მის მიწაზე სახლის აშენებას ესაჭიროებოდა მათი სპეციალური ნებართვა. ამის გამო ტფილისში ,,ტეხნიკების“ მიერ წელიწადში მზადდებოდა 400 დან 500-მდე საბინაო მშენებლობის ,,პლანი“ ანუ გეგმა. პარალელურად პოლიცმეისტერის ბრძანებით, ბოქაულები იმავე ,,ტეხნიკებთან“ ერთად ადგენდნენ ავარიული სახლების ნუსხას. ეს ღონისძიება განსაკუთრებით აქტიურად გატარდა 1892 წლის მიწისძვრის შემდეგ, როცა ბევრი სახლი დაზინდა და რამდენიმე ,,ჩამოიქცა“ კიდეც.
მთელს შუაბაზარში და სიონამდე, სადაც კი ძველი დუქნები იყო განაახლეს. ტფილისის ძველი ბანები და ბალახანები დაანგრიეს და ახალი სახურავები დაადგეს. დუქნის კარები და დარაბები შეიღება, კედლები გაილესა. ასეთივე სამუშაოები ყველა თუ არა ბევრ ქუჩაზე ჩატარდა. ქალაქს ,,დღე-დღეზედ“ ახალი შენობები და სახლები ემატებდა, საითაც გაიხედავდი ყველგან დიდრონი შენობები იგებოდა. ტფილისელი მუშები და კალატოზები ვერ აუდიოდნენ სამუშაოებს, 1893 წელს ტფილისში მშენებლობები იმდენად დიდი ტემპით გაჩაღდა, რომ მუშები და კალატოზები გარედან მოიწევდნენ, რუსები, სპარსელები და სხვანი. მიუხედავად ამისა დურგალი, კალატოზი მაინც ძვირად ფასობდა - დღეში 2,5 მანეთი. დღიური მუშა 40-50 კაპიკად იშოვება, მხატვარი- 1,2 მან. დროგი 2-2,6 მან. ეგ კი არა და სამუშაოთა მატების და გაზდრის გამო 1892 წელს ცემენტიც გაძვირდა, მისი 10 ფუთის ფასი 8 მანეთის ნაცვლად 12 მანეთი გახდა. ქალაქის ინჟინრები ყურადღებას აქცევდენ ცემენტის ხარისხს, რომელიც არცთუ იშვიათად უხარისხო იყო. განსაკუთრებით ტფილისში დამზადებული ცუდი ცემენტის გამო, სქელი კედლების რღვევის შემთხვევებიც იყო. ჩუღურეთში მეორე გონჩარინის ქუჩაზე თიხა ,,იშოვებოდა“. აგურის ქარხნები ხე-ტყიდან უფრო იაფი საწვავის - მაზუთის მოხმარებაზე გადავიდნენ და თან ისე მოკლე დროში, რომ მტკვარზე ბევრი ტივი დაგროვდა, ფასდაკლებული ხე-ტყეც ძნელად იყიდებოდა.
ამავე დროს ძლიერ გაშენდა კუკიის სიდიდით მეორე-ელისაბედის ქუჩა, თავისი დიდრონი და მდიდრული სახლებით. სრულიად დამთავრდა ამიერკავკასიის რ/გ-ს შენობა და რკინიგზელებმა მიხეილის ქუჩიდან აქ, ელისაბედის ქუჩაზე დაიდეს ბინა. მეორე კლასიკური გიმნაზია გადავიდა ახალ შენობაში ვერის ხიდთან, წყლის პირას.
კუკიის ახალმოშენეებმა-ნაძალადეველებმა 1894წ. ეკლესიაც ააშენეეს. საერთოდ კი მართლმადიდებელთა ეკლესიების ,,გამშვენებასა და კეთილმოწყობილობისთვის“ ქალაქის საბჭო მისივე დებულებითაც იყო ვალდებული.
ამ პერიოდამდე დიდუბეს ქალაქის ტერიტორიად არ მოიხსენიებდნენ. ,,დიდუბესა და დანარჩენ ქალაქს შორის მუშტაიდის ბაღი ყოფილაო“- ამბობდნენ, მაგრამ სულ რაღაც ორ-სამ წელიწადში იქ ,,პატიოსანი ქალაქი გაშენდა“, ისეთი მშვენიერი ქუჩები და სახლები გაკეთდა, რომ მანამდე ფიქრადაც არავის მოუვიდოდა. მანდვე, რკინიგზის ლიანდაგთან აშენდა რკინიგზის ქსენონი. დიდუბის ქალაქთან დასაკავშირებლად გუბერნატორის მითითებით მუშტაიდის ბაღში გზა გაეჭრათ. ამ თუ სხვა რომელიღაც სამუშაოების დროს მუშტაიდის ზემოთ, დიდუბეში ხვრელი-გვირაბებიც უნახავთ მიწისქვეშეთში მშენებლებს. ბევრი გვირაბი ერთიანდებოდა აგურებით ამოყვანილ ერთ დიდ ოთახში, რომელსაც იატაკიც აგურით ჰქონდა მოკირწყლული.
ქალაქის ურბანიზაციისას მუშტაიდის ბაღს ტერიტორიები ჩამოაჭრეს. გაიჩეხა გარგლის ხეების ნარგავები და შენობები ააგეს.
ტფილისში ქართველ ხელოსანთა რაოდენობის ზრდამ გამოიწვია ახალშენების მომრავლება. ვერაზე, სადაც მინდორი და ხევი იყო, 1892 წელს გაშენდა უბანი- ,,ახალი ჰოლანდია“. პატარ-პატარა ქოხები მომრავლდა არსენალისკენ, კუკიაში, მთაწმინდასა და სხვა, ბევრნი მთაწმინდის კალთებს მიეტანა. მხოლოდ ეგაა, რომ ტფილისის მშენებლობის ბუმს ფეხს ვერ უწყობდა კანალიზაციის სისტემის ზრდა-გაფართოვება, იგი მხოლოდ სოლოლაკში იყო კარგად განვითარებული, თუმცა ქალაქის თვითმართველობას ზრუნვის ვალდებულება სრულიად მთელ ქალაქზე ჰქონდა.
ქალაქის მოსახლეობის ზრდამ ქარხნების შენების უფლება შეზღუდა, მეტიც მათი ქალაქის გარეთ გატანის საკითხიც კი დადგა და ბევრი გაიტანეს კიდეც.
მწყობრში ჩადგა ,,ციციანოვის აღმართი“, რომლის გახსნა კლდის გამოშვერილი თავიდან ქვათაცვენის გამო რამდენიმე თვით გადაიდო და 1887 წელის მარტში გახსნეს.
1894 წელს, ქუთაისის ქვით მოხდა კუკიის ხიდის ბურჯების შეკეთება. შეკეთდა აგრეთვე ვორონცოვის ხიდიც.
1895 წლის 3 იანვარს აკურთხეს სასამართლოს ახალი შენობა.
ბოტანიკურ ბაღში შეუდგნენ მეტეოროლოგიური სადგურის მშენებლობას. კარგად იხარა ნაძალედევის უკან დარგულმა ტყემ, განსაკუთრებით ლობიოს ხემ, იფანმა, თეთრმა რცხილამ და მსხალმა.
1840-იანი წლების შუა წელიდან დაწყებული ქალაქ ტფილისის განვითარება და ზრდა არც 1886-1895 წლებში შეჩერებულა. ქალაქის თვითმართველობის მეცადინეობების მიუხედავად ამ საქმის მთავარი შემოქმედი, მისი პოლიტიკური ხელმძღვანელი და განმკარგველი ტფილისის გუბერნიის ადმინისტრაცია იყო, ხოლო 1889-1897 წლებში ტფილისის გუბერნატორი თავადი გიორგი შერვაშიძე გახლდათ.
ედიშერ ოდიშარია
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.