საქართველოს საპატრიარქო გავრცელებული ფაილების შესახებ: „ეს არის, როგორც წინასაარჩევნო პროცესში ეკლესიის ჩართვის, ასევე არეულობის გამოწვევისა და ქვეყნისთვის სერიოზული პრობლემების შექმნის მცდელობა“
18-09-2021, 09:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საპატრიარქო გავრცელებულ ფაილებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ მათი „დიდი ნაწილი, როგორც ჩანს, სიცრუეზეა აგებული, ნაწილში სიცრუე და სიმართლე არის აღრეული (სავარაუდოდ შეგნებულად), ზოგიერთი კი სიმართლესაც შეიცავს. სწორედ ეს სიმართლე არის ის საშუალება, რომლითაც მავანთ სურთ, მტყუან-მართალიც და სრული სიცრუეც სიმართლის სახით შესთავაზონ საზოგადოებას. ან, ყოველ შემთვევაში, ხალხს ეჭვის საფუძველი მაინც გაუჩინონ“.

 

საპატრიარქოს მიაჩნია, რომ „ეს არის, როგორც წინასაარჩევნო პროცესში ეკლესიის ჩართვის, ასევე არეულობის გამოწვევისა და ქვეყნისთვის სერიოზული პრობლემების შექმნის მცდელობა“.


„ა.წ. 14 სექტემბერს, საეკლესიო ახალი წლის დღეს, ჭყონდიდის მიტროპოლიტ სტეფანეს (კალაიჯიშვილი) ფიზიკურად შეეხნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მიტროპოლიტ პეტრე ცაავას მხარდამჭერებმა, გარკვეული დანაშაულის გამო რამდენიმე თვის წინ საეკლესიო წესით სასჯელდადებულმა სასულიერო პირებმა, რომლებმაც სცადეს, არ შეეშვათ მღვდელმთავარი სასწავლებელში იმ მოტივით, რომ ბოლო დროს გავრცელებული ფაილების მიხედვით, თითქოს მას აქვს ზნეობრივი ხასიათის დარღვევები, რაც უსაფუძვლო, ცრუ ბრალდებაა.


საზოგადოებამ მათი სახით იხილა ძალადობის, უტიფრობისა და კადნიერების მაგალითი, რომელიც სჯულის კანონით მკაცრად ისჯება.


ამასთან დაკავშირებით და განვითარებულ მოვლენებზეც გვინდა ვთქვათ შემდეგი:


გავრცელებულ ფაილებში დიდი ნაწილი, როგორც ჩანს, სიცრუეზეა აგებული, ნაწილში სიცრუე და სიმართლე არის აღრეული (სავარაუდოდ შეგნებულად), ზოგიერთი კი სიმართლესაც შეიცავს. სწორედ ეს სიმართლე არის ის საშუალება, რომლითაც მავანთ სურთ, მტყუან-მართალიც და სრული სიცრუეც სიმართლის სახით შესთავაზონ საზოგადოებას. ან, ყოველ შემთვევაში, ხალხს ეჭვის საფუძველი მაინც გაუჩინონ.


როგორც აცხადებენ, თუ ფაილები არასანქცირებული მოსმენებით არის შექმნილი და თანაც მათში სიმართლე მხოლოდ ნაწილობრივია, მათი გამამყარებელი დოკუმენტური მასალის წარმოდგენის შემთხვევაშიც დიდია ალბათობა იმისა, რომ ფაბრიკაციას ჰქონდეს ადგილი, მითუმეტეს, თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში და იმ დაპირისპირების გათვალისწინებით, რასაც წლებია ეკლესიის წინააღმდეგ ახორციელებენ გარკვეული ძალები. ამიტომაც, ასეთი ჩანაწერების ავთენტურობაც აუცილებლად დასადგენი იქნება.


ნიშანდობლივია ისიც, რომ სწორედ ეკლესიისადმი უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ტელევიზიები ახდენენ ფარული, არასანქცირებული მოსმენების ტირაჟირებას, რითაც ხელს უწყობენ უსაფუძვლო ეჭვების გაჩენასა და მოსახლეობაში უნდობლობის დათესვას, არ ერიდებიან ადამიანებისთვის დიდი ტკივილისა და შეურაცხყოფის მიყენებას.


სატელევიზიო და ინტერნეტ სივრცეში ასეთი მასალის გავრცელება, თანაც საკუთარი ინტერპრეტაციით, არც ეთიკურია და არც კანონიერი, მიუხედავად იმისა, ავთენტურია თუ არა ფაილები.


ყველას კარგად გვახსოვს, როგორი მწვავე რეაქცია ჰქონდათ ტელევიზიებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს მათი მისამართით განხორციელებულ ფარულ ჩანაწერებზე, ახლა კი როდესაც თვითონვე ავრცელებენ უკანონო ინფორმაციებს, ამის თაობაზე არ იღებს ხმას ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, სახალხო დამცველი, არასამთავრობო სექტორი, საერთაშორისო ორგანიზაციები, ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლობები.. სათანადოდ არ რეაგირებს არც ხელისუფლება.


საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციისა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს გაცემა, აგრეთვე, პერსონალური მონაცემების უკანონოდ შენახვა, გამოყენება, გავრცელება არის დასჯადი; ასევე დასჯადია კერძო კომუნიკაციის, პირადი მიმოწერის, სატელეფონო საუბრის გასაჯაროება (მუხლი 157, 1571, 158,159);


მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული, წესით კარგად უნდა იცოდნენ მედიასაშუალებების ხელმძღვანელებმა, მაინც აგრძელებენ გაურკვეველი წარმომავლობის, შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელებას.


ეს არის, როგორც წინასაარჩევნო პროცესში ეკლესიის ჩართვის, ასევე არეულობის გამოწვევისა და ქვეყნისთვის სერიოზული პრობლემების შექმნის მცდელობა.

 

უმნიშვნელოვანესია მომხდარი დანაშაულის დროულად გამოძიება. ეს, უპირველესყოვლისა, სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოებისა და ღირსების საქმეა.

 

ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე პროცესებს და გვექნება შესაბამისი რეაგირება მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებაში.

 

საქართველოს და საქართველოს ეკლესიას მრავალი განსაცდელისთვის გაუძლია და, ღვთის წყალობით, ამასაც გადავიტანთ. ჩვენი ხალხი გონიერია და არჩევს, სად არის სიკეთე და სად, - შეფარული ბოროტება. ამასთან, სიმართლე ბოლოს ყოველთვის იმარჯვებს და სხვისთვის ორმოს მთხრელი ხშირად თვითონვე ვარდება მასში.


„უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით”, ამინ!“ - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი