პროკურორ ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, ბოლო დროს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ცდილობენ ხელოვნური აჟიოტაჟის ატეხვას, თითქოს ვინმეს ეშინია სააკაშვილის მონაწილეობით სასამართლო პროცესების გამართვის.
როგორც მან განაცხადა, ბრალდების მხარემ დაცვის მხარეს შესთავაზა, მიხეილ სააკაშვილს დისტანციურად მიეღო მონაწილეობა სასამართლო პროცესში და გაეკეთებინა მიმართვა, თუმცა ადვოკატებმა უარგუმენტოდ უარი განაცხადეს.
„დღევანდელ პროცესზე და არა მხოლოდ დღევანდელ პროცესზე, ბოლო დროს ადვოკატებს აქვთ დაჟინებული მცდელობა ხელოვნური აჟიოტაჟის ატეხვის, თითქოს განგებ არ იმართება სხდომები ან თითქოს ვინმეს ეშინია მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით სასამართლო პროცესების გამართვის. როდესაც ჩვენთვის გახდა ცნობილი და სასამართლომ განგვიმარტა, რომ დღევანდელ პროცესზე ვერ ხდებოდა მიხეილ სააკაშვილის ბადრაგირება, ჩვენ მაშინვე შევთავაზეთ სასამართლოს ჩვენი პოზიცია და შუამდგომლობით მივმართეთ, რომ მიგვეცა საშულება მიხეილ სააკაშვილისთვის, უშუალოდ მიეღო მონაწილეობა. ამისთვის მზად ვიყავით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაშიც კი ჩაგვეტარებინა პროცესი. ალტერნატივის სახით შევთავაზეთ, მიგვეცა ბრალდებულისთვის შესაძლებლობა, ტრანსლირებით, დისტანციურად ჩართულიყო პროცესზე.
მიხეილ სააკაშვილის ბადრაგირება რომც მომხდარიყო და სასამართლოში მიეღო მონაწილეობა, ბუნებრივია, მას ექნებოდა როგორც სასამართლოსთვის, ასევე საზოგადოებისთვის მიმართვის შესაძლებლობა, ტელევიზიით გადაიცემოდა დღევანდელი პროცესი. ანალოგიურია, როდესაც დისტანციურად ერთვება ადამიანი სასამართლო პროცესს, მას სრული შესაძლებლობა და თავისუფლება ექნებოდა, უშუალოდ მიემართა სასამართლოსთვის, დაეფიქსირებინა მისი პოზიცია, მათ შორის მიემართა საზოგადოებისთვის. ეს შესაძლებლობა არსებობდა და შევთავაზეთ დაცვის მხარესაც, მაგრამ გასაოცარი გახლავთ ის, რომ ჩვენთვის სრულიად გაუგებარი მიზეზით, დაცვის მხარემ ამაზე უარი განაცხადა.
თუ ისინი მიგვითითებენ, რომ ჩვენ გვეშინია მიხელ სააკაშვილის გამოჩენა, შევთავაზეთ, შუამდგომლობა დავაყენეთ, რომ ჩაერთოს დისტანციურად და გააკეთოს მიმართვა. რომ მოსულიყო ხომ იგივე უნდა მომხდარიყო. არანაირი არგუმენტი დაცვის მხარეს ამაზე არ ჰქონია, ვართ გაკვირვებული, პასუხიც კი არ ჰქონდათ, რატომ ამბობდნენ უარს“, – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.
პროკურორის თქმით, პროცესზე იმყოფებოდა ყველა ის ადვოკატი, რომელსაც წარმოდგენილი ჰქონდა ორდერი და კანონის შესაბამისად, სხდომის დაწყებამდე გამოცხადდა.
„პროცესზე იყო ყველა ის ადვოკატი, რომელსაც წარმოდგენილი ჰქონდა ორდერი და სასამართლო სხდომის დაწყებამდე გამოცხადდა, როგორც კანონი ითვალისწინებს, ყველამ მიიღო მონაწილეობა, პროცესის ბოლოს თუ ვიღაცას გაახსენდა, რომ უნდა მონაწილეობა, ასე არ ხდება, სასამართლოს აქვს თავის წესები. მთელი ეს ხელოვნური აჟიოტაჟი, რომ ვინმეს ეშინია მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით სხდომის გამართვის, დღეს დადასტურდა, რომ მათ თავად ჰქონდათ სხვა მიზნები.
კერძოდ, მათ უარი განაცხადეს ალტერნატიულ გზებზე, მათი მიზანი არ ყოფილა მართლმსაჯულებაში მონაწილეობა. ჩვენ როგორც დავრწმუნდით, სხდომაზე ადვოკატების მიზანი იყო ერთგვარი სანახაობის მოწყობა და პოლიტიკური სპეკულაციები, ეს შეიძლება, ემსახურებოდეს არა მართლმსაჯულების ინტერესს, არამედ კონკრეტული ბრალდებულის პოლიტიკურ დღის წესრიგს“, – განაცხადა პროკურორმა.
ჯარჯი წიკლაურის განმარტებით, კარგია, რომ ბრალდებულებს სასამართლო პროცესებში მონაწილეობა სურთ, რადგან მათი უშუალო მონაწილეობით მოხდება ყველა მტკიცებულების გამოკვლევა.
„პროცესები გაგრძელდება, შემდეგი პროცესი ჩანიშნულია და ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერი ფორმით მონაწილეობა მივიღოთ სასამართლო განხილვებში, ეს იქნება უშუალოდ ბრალდებულის მონაწილეობით, დისტანციურად მისი ჩართულობით, თუ სხვა. კარგია, რომ მონაწილეობა უნდათ, ბრალდებულების უშუალო მონაწილეობით გამოვიკვლევთ ყველა იმ მტკიცებულებას, რომლებიც ადასტურებს 7 ნოემბერს მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებს.
განმარტება გააკეთა პენიტენციურმა სამსახურმა, რატომ ვერ მოხდა ბადრაგირება, დღევანდელი პროცესით არ მთავრდება ამ საქმის განხილვა, რამდენიმე წელია, ვიხილავთ და უამრავი პროცესი უნდა გაიმართოს“, – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა, რომლის კომენტარს „პირველი არხი“ ავრცელებს.
პროკურორმა ასევე თქვა, რომ რომ მიხეილ სააკაშვილისთვის სატელეფონო საუბრის შეზღუდვა ძალაშია.
„ჩვენ, როგორც ბრალდების მხარემ, საპატიმრო კოდექსის შესაბამისად, მართლმსაჯულების მიზნით და ლეგიტიმური მიზნით შევზღუდეთ ბრალდებულის გარკვეული უფლება, მათ შორის სატელეფონო საუბრები, ეს შეზღუდვა ძალაშია, რადგან კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ამის ლეგიტიმური უფლება და ჩვენ ამ შეზღუდვას ვიყენებთ მართლმსაჯულების ინტერესებითვის“, – აღნიშნა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 7 ნოემბრის ეპიზოდზე სააკაშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გააუქმა. აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ბრალდების მხარეც დაეთანხმა. პროკურორმა განმარტა, რომ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის გაუქმების წინააღმდეგი არ იყვნენ, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილი სხვა საქმეებზე უკვე მსჯავრდებულია.
ამასთან, ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა იყო ფორმალური საფუძველი ტელეფონის უფლების შეზღუდვაზე.
„ახლა, დარწმუნებული იყავით, იმ ციხეში ტელეფონს გააფუჭებენ. ჯერ არ მიუციათ ნება, პროკურატურას არ დარჩა სამართლებრივი ბერკეტი, მაგრამ პატიმრობის გაუქმების შესახებ ციხე იტყვის, რომ განჩინება მოგვივიდა, თუმცა პროკურატურას დამატებითი მიმართვა არ გამოუგზავნია, და ისინი არ გაგზავნიან დამატებით მოთხოვნას, ამიტომ არ მივცემთ“, – აღნიშნა ბექა ბასილაიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.