საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადებით, პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს შესთავაზა სასამართლო პროცესზე ონლაინ რეჟიმში დასწრება, თუმცა, მან ამაზე უარი განაცხადა. რატი ბრეგაძის თქმით, რეალურად მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეებსა და მხარდამჭერებს სპექტაკლის დადგმა და მისი უსაფრთხოებისთვის პრობლემის შექმნა სურთ.
„პროკურატურამ მას შესთავაზა პროცესში მონაწილეობა და ჩვენ ამას უზრუნველვყოფდით ტექნიკურად, მაგრამ არ უნდოდათ. რატომ? – იმიტომ, რომ ამ ხალხს სპექტაკლი უნდათ, უსაფრთხოებისთვის პრობლემის შექმნა უნდათ, ე.წ. როგორც თავად ამბობენ, „კარტინკის“ დადგმა უნდათ. ისინი არ არიან მართლმსაჯულებით დაინტერესებული. მათ რომ აინტერესებდეთ სიმართლის დადგენა, თვითონვე მოითხოვდნენ ონლაინ დასწრებას. მაგრამ – არა, ყველაფერი კეთდება მიზანმიმართულად იმისთვის, რომ ის იყოს გაყვანილი გარეთ. ცდილობენ, რომ თავად ამ ადამიანის უსაფრთხოებას შეუქმნან პრობლემა. მაგრამ ჩვენ ვერცერთი პატიმრის უსაფრთხოებას ვერ დავაყენებთ საფრთხის ქვეშ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.
იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნასაც უპასუხა და თქვა, რომ მოხარული იქნება, თუკი მსჯავრდებული სააკაშვილი, ევროპული სასამართლოს მოწოდების შესაბამისად, შეწყვეტს შიმშილობას, ოღონდ – ყოველგვარი დათქმების გარეშე:
„ევროპულმა სასამართლომ მოუწოდა ბატონ სააკაშვილს, შეეწყვიტა შიმშილობა. ძალიან მოხარული ვიქნებით, თუ ის დათანხმდება... ოღონდ – ყოველგვარი დათქმების გარეშე. რატომ უნდა იყოს ეს ადამიანი გადაყვანილი კერძო კლინიკაში? შეუძლია, ვინმეს, ამიხსნას?“
რატი ბრეგაძის განმარტებით, შიმშილობის შეწყვეტის შემთხვევაში მსჯავრდებული სააკაშვილი მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნდება, რადგან მისი ჯანმრთელობის გაუარესების რისკი აღარ იარსებებს.
„თუკი ადამიანი ასრულებს შიმშილობას, ეს ძალიან კარგია... ჩვენი სულისკვეთება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან არის აბსოლუტურად ერთიანი. ჩვენც, რა თქმა უნდა, ძალიან მოხარული ვიქნებით, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იქნება სტაბილური და ის დაუბრუნდება ცხოვრების ნორმალურ რიტმს. იმ შემთხვევაში, როდესაც იქნება შესაბამისი პირობები შექმნილი, ის გადაყვანილი იქნება უკან – სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-12 დაწესებულებაში, სადაც აქამდე იხდიდა სასჯელს“, - განაცხადა მინისტრმა.
სტრასბურგის სასამართლომ 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით, არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და მოუწოდა მას შიმშილობის შეწყვეტა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.