სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, №18 პენიტენციურ დაწესებულების მიმდებარედ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მობილიზება გახდა საჭირო, – ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის შაბათს, გვიან ღამით გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
უწყების ცნობით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
„განვმარტავთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური და ის მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
იმის მიუხედავად, რომ მიხეილ სააკაშვილი არ საჭიროებს რაიმე ტიპის სარეანიმაციო ღონისძიებებს, პრევენციის მიზნით, იგი იმყოფება იმ პალატაში, რომელიც სწორედ რეანიმაციის გვერდით მდებარეობს. დაწესებულების სარეანიმაციო პალატა კი აღჭურვილია თანამედროვე ყველა საჭირო ტექნიკით, ასევე ყველა აუცილებელი მედიკამენტით. საჭიროების შემთხვევაში კი მიხეილ სააკაშვილს შესაბამისი სამედიცინო დახმარება, პატიმრების ყოველგვარი ევაკუაციის გარეშე, მყისიერად ჩაუტარდება.
ამიტომ საუბარი, თითქოს გადაუდებელი დახმარების შემთხვევაში მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს დაწესებულებაში დროული დახმარება ვერ ჩაუტარდება, არის გაზვიადებული და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს“, – აცხადებენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.
პენიტენციური სამსახურის მიერ ინფორმაციის გავრცელებამდე, მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ მოინახულა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს პირველი დღეა, რაც მიხეილ სააკაშვილი არ ამდგარა ლოგინიდან, აქვს ძალიან ძლიერი სისუსტე და წევს ლოგინში. მისივე თქმით, სააკაშვილი განაგრძობს შიმშილობას და აუცილებელია მისი მე-18 დაწესებულებიდან გადაყვანის საკითხი გადაწყდეს.
„რაღაც ტესტები ავიღეთ და ა.შ. საკანში ვესტუმრე, რადგან პრეზიდენტს ქვემოთ ჩამოსვლა არ შეეძლო. ანალიზები ავიღეთ, რაღაც პასუხები მივიღეთ. დასუსტებულია. მძიმე სისუსტეა. ტკივილები არ აქვს. კალიუმის მაჩვენებელი დღესდღეობით დაბალ ნორმაშია. პრაქტიკულად, მთელი დღე ლოგინიდან არ ამდგარა. საუბარი ცოტა უჭირს, სულ გვერდზე ვიყავი, რაღაცებზე ვლაპარაკობთ. უყურებს ტელევიზიის გადაცემებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს პირველი დღეა, რაც არის ძალიან, ძალიან სუსტად. მე ვიყავი რამდენიმე საათი, ახლა იქ დარჩა ამ დაწესებულების მთავარი ექიმი. ადრე თუ გვიან გადაყვანის საკითხი უნდა გადაწყდეს. შიმშილობა გრძელდება, არ დამთავრებულა. მასთან კიდევ არის ერთი ექიმი, რომელიც არ ვიცი, ვინ არის. თუ გადაუდებელი დახმარება დასჭირდება, დამირეკავენ და გადავწყვეტთ, რა და როგორ ვქნათ. მე დაწესებულების მარტო ერთი ფლიგელი ვნახე. მთავარი ექიმი უწევს კონსულტაციას“, – განაცხადა ყიფშიძემ.
იგი მე-18 დაწესებულებასთან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მობილიზების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ „ციხესთან მყოფი რეანიმობილი ამ ყველაფერთან დღეს არაფერ კავშირში არ იყო“.
პირადი ექიმის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა მიიღო სასიცოცხლო მედიკამენტები – კალიუმის შემავსებელი წამალი და კიდევ ერთი წამალი.
„პრეზიდენტი ძალიან განაწყენებული იყო, რომ ვერ ნახა თავისი მეგობარი ქალბატონი ანა. ქალბატონი ფოტიგა ორი დღის წინ ვნახე და ყველაფერი მოვუყევი. მან იცის, რა მდგომარეობაშია, თუმცა თვითონ უნდოდა, ენახა პრეზიდენტი. ჩვენ დრო არ გვაქვს, კონსილიუმი თუ გვინდა გავაკეთოთ, დღეს უნდა გავაკეთოთ. ხვალ უნდა შეხვდეს კონსილიუმი დილას, 09:00 საათზე ერთმანეთს. არ შეიძლება ასე გადადება ყველაფრის, სულ მაგას ვლაპარაკობ. არ გვაქვს ეს დრო. ჩვენ უნდა გავაკეთოთ რაღაც სასწრაფოდ. სასწაული არ ხდება. ჩვენი პრეზიდენტი ყოველდღე უფრო და უფრო ცუდად არის“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ შაბათს, გვიან ღამით, ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.