არ ვიცი, რა „მიზეზით“ ავხსნა ისეთი აბსურდული, უტიფარი, ბრიყვული "მოთხოვნები", რომლებიც რუსეთმა წაუყენა დასავლეთს, კერძოდ, აშშ-ს და ნატო-ს, გარდა ერთისა, - ზებგერითი ბირთვული რაკეტებით მათი დაშანტაჟებისა, - რომლებიც აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს და საფრანგეთს - "ჯერჯერობით" არა აქვთ შეიარაღებაში! ეტყობა, ამით "ისარგებლა" პრეზიდენტ-პოლკოვნიკმა პუტინმა და იაფფასიანი შანტაჟის გზით სურს - "ვიდეო კასეტასავით უკან გადაახვიოს" მსოფლიოს ისტორიული მოვლენების უკანასკნელი 25 წლიანი პერიოდი!
თავად განსაჯეთ, რუსეთი დასავლეთისგან "ითხოვს"(!):"ნატო-ს ალიანსის დაბრუნებას 1997 წლის ფარგლებში არსებულ პოზიციებზე, ანუ ეს ნიშნავს - იმ სახელმწიფოების ნატო-დან "გაგდებას", რომლებიც ნატო-ში გაწევრიანდნენ 1997 წლის შემდეგ!.. რუსეთის ამ ყოველგვარ ზღვარს გადასული "მოთხოვნის" მიხედვით გამოდის, რომ ნატო-დან უნდა გამოვიდნენ შემდეგი სახელმწიფოები: უნგრეთი, პოლონეთი, ჩეხეთი (სამივე გაწევრიანდა ნატო-ში 1999 წელს), ბულგარეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი (შვიდივე გაწევრიანდა ნატო-ში 2004 წელს), ალბანეთი, ხორვატია (ორივე გაწევრიანდა ნატო-ში 2009 წელს), მონტენეგრო, იგივე ჩერნოგორია (ნატო-ში გაწევრიანდა 2017 წელს) და ჩრდილოეთ მაკედონია (ნატო-ში გაწევრიანდა 2020 წელს)! ანუ, ჯამში გამოდის, რომ ევროპის 14-მა სახელმწიფომ - უარი უნდა თქვან საკუთარ სუვერენულ უფლებებზე მიიღონ ის გადაწყვეტილებები, რაც მათ მიაჩნიათ აუცილებლად თავისი სახელმწიფოებრივი და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დასაცავად და - რუსეთის "დაკრულზე იცეკვონ და იმღერონ"! აი, ესეთი არაადეკვატური "მოთხოვნები", საღად მოაზროვნე და ფსიქიკურად გაწონასწორებულ პოლიტიკურ პერსონას თავში მოუვა? არა, რა თქმა უნდა! ამიტომ არის პუტინის რუსეთი დიდი საფრთხე მთელი კაცობრიობისთვის, განსხეულებული ბოროტება, რომელიც ცივილიზებულ სამყაროს ემუქრება!
უკაცრავად და, იქნებ მე რეტროგრადული ამნეზია შემეყარა და თქვენ მიპასუხეთ; 1991 წლის დეკემბერში ამერიკის შეერთებული შტატები "დაიშალა მარტივ მამრავლებად" თუ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი?!?!?! კიდევ ერთხელ, უკაცრავად, სსრკ რატომ, როგორ და რის შედეგად დაიშალა?! მე როგორც მახსოვს, დასავლეთი მას თავს არ დასხმია და "ცხელ ომში" არ დაუმარცხებია, არა?! გამახსენდა, სსრკ-ს დაშლა გამოიწვია მისმა პოლიტიურ-ეკონომიკურმა კრახმა, კომუნისტური იდეოლოგიის მარცხმა, დასავლეთთან დაპირისპირებულმა "ცივი ომის" უგუნურმა სტრატეგიამ, რომელმაც სრულიად გააღატაკა მოსახლეობის დიდი ნაწილი (კარგად მახსოვს, შაბათ-კვირას მოსკოვში რეგიონებიდან ჩამოსული "კალბასის და სასისკის ელეკტრიჩკები", ასე ეძახდნენ მათ, რადგან დედაქალაქის ირგვლივ არსებულ რეგიონებში "კალბასის და სასისკის" დიდი დეფიციტი იყო და იქ მცხოვრები ადამიანები მოსკოვში მიდიოდნენ მათ საყიდლად!) და ბევრი სხვა ობიექტური მიზეზი!.. "პუტინ-ხანისთვის", როგორც მან ეს არაერთხელ განაცხადა, სსრკ-ს დანგრევა არის "გეოპოლიტიკური კატასტროფა" და ამაში დასავლეთს "ადანაშაულებს", არადა, სსრკ-ს დაშლის ავტორები, უწინარესად, თავად სსრკ-ს რუსი ბელადები არიან, რომლებმაც ქართველი ბელადის მიერ შექმნილი სახელმწიფო 38 წლის განმავლობაში ანგრიეს და ბოლოს დაანგრიეს კიდეც!!!
სხვათა შორის, პუტინ-ხანი იმ დასავლეთს ადანაშაულებს, რომლის პირველი პირები სთხოვდნენ "მოკავშირე" რესპუბლიკებში წარმოქმნილი ეროვნული მოძრაობების ლიდერებს, რომ - შეენარჩუნებინათ სსრკ (მამა-ბუშის სიტყვა კიევში)! დასავლეთს, განსაკუთრებით აშშ-ს უნდა უმადლოდეს რუსეთი მის "ბირთვულ გაძლიერებას"! დიახ! სწორედ აშშ-ს დაჟინებული მოთხოვნით უკრაინამ, ბელორუსმა და ყაზახეთმა, სსრკ-ის დაშლის შემდგომ მათ ტერიტორიაზე განთავსებული ბირთვული შეიარაღება გადასცეს რუსეთს! დასავლეთი ხელმძღვანელობდა იმ პრინციპით, რომ ჯობდა ერთი სახელმწიფოს განკარგულებაში დარჩენილიყო ბირთვული არსენალი (ამ შემთხვევაში, სსრკ-ის სამართალმემკვიდრე რუსეთში), ვიდრე ბირთვული შეიარაღების მქონე სახელმწიფოთა რიცხვი მსოფლიოში გაზრდილიყო! ამიტომ, დასავლეთის ინიციატივით 1994 წელს გაფორმდა "ბუდაპეშტის მემორანდუმი", რომელსაც ხელს აწერენ: აშშ, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ ბირთვული შეიარაღების გადაცემის პარალელურად (სანაცვლოდ), რუსეთი იღებს ვალდებულებას პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტს და უპირობოდ აღიარებს მის ტერიტორიულ მთლიანობას!
მოგეხსენებათ, რომ ამ მემორანდუმში აღებული ვალდებულებები რუსეთმა თავხედურად დაარღვია მისი ხელმოწერიდან 20 წლის შემდეგ, როდესაც 2014 წელს მოახდინა სუვერნული უკრაინის შემადგენელი ნაწილის, ყირიმის ანექსია! დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, დასავლეთის მოთხოვნით და გარანტიით ბირთვული შეიარაღება უკრაინას რუსეთისთვის რომ არ გადაეცა და შეენარჩუნებინა ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოს სტატუსი, - რუსეთი ვერ გაბედავდა ყირიმის ანექსიას, ანუ უკრაინა დაცული იქნებოდა რუსეთის აგრესიისაგან!
დიახ, დასავლეთმა დაუშვა შეცდომა, როდესაც ნდობა გამოუცხადა ელცინის რუსეთის "დემოკრატიულ" სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პერსპექტივას, მეტიც, მილიარდობით დოლარით ეხმარებოდა ამ პროცესს და სსრკ-ის ნანგრევებზე კრიზისში მყოფ რუსეთის გაჩანაგებულ ეკონომიკას! დიახაც! სწორედ ამერიკული მრავალმილიონიანი ფინანსური და ამერიკელი პოლიტიკური პიარტექნოლოგების დახმარების შედეგად შეძლო ელცინმა 1995 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება, რომელსაც არჩევნების წინ (2 თვით ადრე!) მხოლოდ 7%-იანი რეიტინგი ჰქონდა - კომუნისტი ზიუგანოვის 22%-ის წინააღმდეგ და გარანტირებულად მარცხდებოდა! აი, ამის სანაცვლოდ, უკვე 1995-1996 წლებში (და არა 1997 წლის შემდგომ!) დასავლეთს თავისუფლად შეეძლო ესარგებლა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, ბალტიელების ჩათვლით, დაჩქარებული ტემპით ერთად გაეწევრიანებინა ნატო-ში, ხოლო საქართველო, უკრაინა და მოლდოვა 2000 წლამდე, ვიდრე პრეზიდენტობიდან გადადგებოდა ელცინი!
როგორც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დასავლეთ ევროპისთვის, ზუსტად ასევე აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებში ამერიკელებს "მარშალის გეგმის" მსგავსი პროექტი უნდა განეხორციელებინათ! სსრკ-ის დაშლის და კომუნისტური იდეოლოგიის მარცხის შემდეგ, დასავლეთი "ერთგვარად მოდუნდა", რუსეთის "დემოკრატიულ სახელმწიფოდ" გარდაქმნა ირწმუნა და ამიტომ, საჭიროდ არ ჩათვალა იმ სტრატეგიით ემოქმედა, რაც ზემოთ აღვნიშნე, რაშიც, როგორც დღეს ვხედავთ - საბედისწეროდ შეცდა!..
პუტინ-ხანს დასავლეთის "მტრის სახედ" წარმოჩენა ჰაერივით სჭირდება საკუთარი ანტიხალხური რეჟიმის შესანარჩუნებლად, რომელსაც 21-ე წელია სათავეში უდგას. იგი ათეულ მილიარდობით აშშ დოლარის მფლობელია და უვადოდ, სიკვდილამდე სურს რუსეთის ერთპიროვნული მმართველობა! წარმოგიდგენიათ, როგორი შანტაჟისტი, ავანტიურისტი, უტიფარი არის პუტინ-ხანი, რომელიც "დასავლეთისგან ითხოვს უსაფრთხოების გარანტიებს", მაშინ, როცა თავად არღვევს სხვა სახელმწიფოების უსაფრთხოებას, ოკუპაციის და ანექსიის გზით იტაცებს მათ ტერიტორიებს, რომელსაც საქართველოს 20% ოკუპირებული და "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებული" აქვს, უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული ანექსირებული, უკრაინის დონბასის რეგიონში 7 წელია მასშტაბურ სისხლისმღვრელ პროცესებს ინსპირირებს და თან ცინიკურად ითხოვს, რომ ამ ორმა სუვერენულმა სახელმწიფომ არ იზრუნოს საკუთარ უსაფრთხოებაზე და არ ეძებონ სტრატეგიული პარტნიორები, რომლებიც, - მომავალში მაინც(!) დაიცავენ მათ რუსული სამხედრო აგრესიისაგან?! რას გეტყვით იცით, პუტინ-ხანის უთავხედესი "მოთხოვნა" დასავლეთმა რომ "დააკმაყოფილოს", ანუ - 1. გააუქმოს ნატო-ს ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე მიღებული ფორმულირება, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები; 2. 1997 წლის შემდეგ ნატო-ში გაწევრიანებული ქვეყნები "გამოაგდოს" ნატოდან; ამით არ დაკამაყოფილდება პუტინ-ხანი და როგორც თათარ-მონღოლ ხანებს ახასიათებდათ, კიდევ უფრო შორს წავა და "ახალ მოთხოვნებს" წაუყენებს დასავლეთს:
3. ვარშავის ხელშეკრულების სამხედრო ბლოკის აღდგენა, აღმოსავლეთ ევროპაში "გამარჯვებული" რუსული ("სსრკ") ჯარების დაბრუნება; 4. გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის აღდგენა და იქ რუსული სამხედრო ბაზების რესტავრირება; 5. კუბაზე, ნიკარაგუაში და ვენესუელაში რუსული სტრატეგიული რაკეტების განთავსება; 6, 7, და ა.შ. "უსასრულო მოთხოვნები", სანამ აშშ და ნატო "სრულ კაპიტულირებაზე არ მოაწერენ ხელს“!
ვაი, რუს-თათართა პატრონს!... ამიტომ, არანაირი უკანდახევა და ზურგის ჩვენება პუტინ-ხანის რუსეთისთვის არ შეიძლება! საქართველოს და ქართველი ერის ადგილი იყო, არის და იქნება ცივილიზებულ სამყაროში და არა პუტინ-ხანის ველურ, სტეპურ და დესპოტურ რუს-თათართა კავშირში! ისტორიის წიაღსვლებში შორს რომ არ წავიდეთ, რუსთა "ქრისტიანობა", მითუმეტეს, მათი "ერთმორწმუნე მართლმადიდებლობა", კარგად ჩანს მათ დღევანდელ ქმედებებში, როცა ისინი, აგერ უკვე 13 წელია, თითქმის ყოველთვე იტაცებენ ქართველებს შიდა ქართლის სოფლებიდან და მათ მიერ ოკუპირებულ ცხინვალში აწამებენ! 21-ე საუკუნეში ამის ჩამდენი "ერთმორწმუნე" რუსები, რითი სჯობიან მე-18 საუკუნის მუსლიმ ლეკებს?! არაფრით, მეტიც, ასჯერ უარესები არიან, როდესაც ინტერნეტის ეპოქაში შუასაუკუნეებისთვის დამახასიათებული ველურობით გვექცევიან! რუსეთის და რუსის ხსენება სად იყო, როდესაც ჩვენი დიდი წინაპრები, იბერ-კოლხები ხმელთაშუაზღვის ცივილიზაციის წევრები იყვნენ; როდესაც ჩვენი ბრძენი წინაპრები ერთ-ერთი პირველნი აღმოსავლეთ ევროპაში ქრისტიანულ სარწმუნოებას ეზიარნენ. ეს ორივე ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ, ქართველები იმ ქრისტიანული დასავლეთის სრულუფლებიანი წევრები ვართ, რომლებიც აღმოსავლეთ საზღვრებზე უპირველესი ციტადელი ვიყავით სარკინოზთა და მუსლიმთა ურიცხვი შემოსევებისგან მის დასაცავად! ამ ბრძოლებში, საუკუნეების განმავლობაში არც ერთ დასავლელ ერს არ დაუღვრია იმდენი სისხლი, რამდენიც ქართველმა ერმა! ამიტომ, თანამედროვე დასავლეთის ისტორიული ვალდებულებაა დაიცვას საქართველო და ქართველი ერი, ჩრდილოეთის ველური სტეპებიდან მომდინარე რუს-თათარ-მონღოლთა აგრესიისაგან, მეტიც, ჩვენი მიწებიდან მათ გასადევნად ყველაფერი უნდა გააკეთოს - საქართველოს გამთლიანებისათვის!!!
P. S. კიდევ ბევრის თქმა მინდოდა, მაგრამ რომ დავხედე ნაწერს, მებევრა, სხვა დროს იყოს, რაც დამრჩა სათქმელი.
ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო და ჩვენი ერი.
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი - დამთავრებული აქვს ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.