ლავროვი დასავლეთს ყოფილ იუგოსლავიაში, ერაყსა და ლიბიაში ინტერვენციებს და ათასობით მსხვერპლს ახსენებს
25-02-2022, 15:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე BBC-ის ჟურნალისტის, სტივ როზენბერგის შეკითხვას - როგორ გაამართლებდა რუსეთი მის უკრაინაში შეჭრას - დასავლეთისადმი მძაფრი კრიტიკით უპასუხა.

 


მან მიუთითა დასავლეთის ინტერვენციებზე ყოფილ იუგოსლავიაში, ერაყსა და ლიბიაში - რამაც, მისი თქმით, ათასობით მსხვერპლი გამოიწვია დემოკრატიის ხელშეწყობის სახელით.

 


ლავროვმა გაიმეორა პუტინის განცხადება, რომ მოსკოვს უკრაინის არა ოკუპაცია, არამედ დემილიტარიზაცია უნდა.

 


კითხვაზე, არის თუ არა რუსეთის სურვილი დემოკრატიული ქვეყნის დამხობა, ლავროვი პასუხობს, რომ ქვეყანას არ შეიძლება ეწოდოს დემოკრატიული და ამ აზრის გასამტკიცებლად უკრაინის რუსულენოვანი მოსახლეობისადმი კიევის მოპყრობაზე გააკეთა აქცენტი.

 

 

ის ეჭვქვეშ აყენებს უკრაინის სახელმწიფოს სტაბილურობას და ბრალს სდებს დასავლეთის ქვეყნებს კიევის მიზანმიმართულ მილიტარიზაციაში.

 


ლავროვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინელ ხალხს ახლა უნდა ჰქონდეს შანსი „აირჩიოს საკუთარი მომავალი“.

 

 

პრესასთან კომენტარების გაკეთებამდე ლავროვი უკრაინის დონბასის რეგიონში რუსეთის მხარდაჭერილ სეპარატისტების ლიდერებს შეხვდა და ამის ამსახველი ვიდეომასალა „თვითერზე“ გამოაქვეყნა.

 

 

ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი აცხადებს, რომ პუტინის შემდეგი სამიზნე ბალტიისპირეთი იქნება

 

 

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, ბენ უოლესმა BBC-სთან საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაზე არ გაჩერდება და მოსკოვის შემდეგი სამიზნე ბალტიისპირეთის ქვეყნები იქნებიან.

 


„პუტინი არ არის რაციონალური. მას არ სჯერა, რომ ბალტიის სახელმწიფოები ნამდვილად არიან ქვეყნები. ჩვენ ყველა წინ უნდა აღვუდგეთ მას“, - თქვა უოლესმა.

 

 

მან დაიცვა უკრაინის ცაზე ფრენის აკრძალვის ზონის გამოცხადების მხარდაჭერაზე დიდი ბრიტანეთის უარის თქმა, ხაზი გაუსვა რა იმას, რომ უკრაინა არ არის ნატოს წევრი ქვეყანა.

 

 

„ფრენის აკრძალვის ზონის გამოცხადებისას, მე უნდა ამეფრინა ბრიტანული გამანადგურებლები რუსული მოიერიშე თვითმფრინავების წინააღმდეგ. ნატოს ფაქტობრივად, ომი უნდა გამოეცხადებინა რუსეთისთვის. 2008 წლიდან მოყოლებული, ბრიტანეთის მიერ უკრაინის მხარდაჭერისა და სპონსორობის, მისი ნატოში შეყვანის მხრივ გაწეული დახმარების მიუხედავად, სხვა სახელმწიფოებს არ სურდათ მათი [უკრაინელების] შესვლა [ნატოში]“, - განაცხადა უოლესმა.

 


მან აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფოს სადაზვერვო სამსახურების შეჯერებული მონაცემებით, რუსეთი უკრაინაში შეჭრის პირველ დღეს წარუმატებელი აღმოჩნდა თავისი მიზნის მიღწევაში.

 


„ის დამარცხდა, რადგან უკრაინელებმა იბრძოლეს. ის დამარცხდა, რადგან უკრაინელებს ლეტალური იარაღით დახმარება გაეწიათ, რამაც საშუალება მისცა მათ ჩამოეგდოთ რუსული თვითმფრინავები და იერიში მიეტანათ რუსულ ტანკებზე. მათ შეიარაღებული ძალების დაახლოებით 450 სამხედრო პირი დაკარგეს“, - განაცხადა უოლესმა  და დაამატა, რომ რუსები ასევე წარუმატებლები აღმოჩნდნენ თავიანთი ელიტური „სპეცნაზით“ აეღოთ კიევის ჩრდილოეთით მდებარე აეროპორტი.

 

 

გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის განცხადებით,  უკრაინაში სულ მცირე 127 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ამასთან, 25 მოკლეს, 102 კი დაჭრეს, „დაბომბვისა და საჰაერო თავდასხმების“ შედეგად. 

 

 

ამასობაში უკრაინის ოფიციოზმა დაადასტურა, რომ რუსული შეიარაღებული ძალები კიევში არის შესული. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ გადაადგილდებიან რუსული ტანკები უკრაინის დედაქალაქში.

 

 

ასეთ უკიდურესად დაძაბულ ვითარებაში, უკრაინამ სრული მობილიზაცია გამოაცხადა. თავდაცვის მინისტრის, ალექსეი რეზნიკოვის ახალ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეზერვისტებისა და მოხალისეებისათვის 60-წლიანი ასაკობრივი შეზღუდვა აღარ იარსებებს: „გადავწყვიტე, უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალთან თანხმობით... საჯარისო ფორმირებებში ჩავრთო 60 წელს ზემოთ პატრიოტები, რომლებიც მორალურად და ფიზიკურად არიან მზად წინააღმდეგობა გაუწიონ და დაამარცხონ მტერი“, - წერს რეზნიკოვი.  

 

 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ იგი ახლა რუსეთის ნომერ პირველი სამიზნეა. მან თქვა, რომ არ აპირებს კიევის დატოვებას. ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მოუწოდა დასავლეთს გააკეთოს უფრო მეტი, ვიდრე ეს მხოლოდ ეკონომიკური სანქციების დაწესებაა რუსეთის წინააღმდეგ. მან მოსკოვისადმი გამაფრთხილებლად თქვა, რომ უკრაინა არ შეწყვეტს თავის დაცვას მანამ, ვიდრე რუსეთის თავდასხმა არ დასრულდება.

 

 

„ჩვენ ჩვენს სახელმწიფოს მარტონი ვიცავთ. მსოფლიოს უძლიერესი ძალები შორიდან გვაკვირდებიან. დაარწმუნა რუსეთი გუშინდელმა სანქციებმა? ჩვენს ვისმენთ ჩვენს ცასა და ვისმენთ ჩვენს მიწაზე, რომ ეს არასაკმარისია“,- განაცხადა ზელენსკიმ.

 

 

მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთს მაინც მოუწევს უკრაინასთან დალაპარაკება იმაზე, როგორ დასრულდეს საბრძოლო მოქმედებები და შეჩერდეს ეს თავდასხმა.

 

 

„რაც უფრო სწარაფად დაიწყება მოლაპარაკება, მით უფრო ნაკლები იქნება დანაკარგი თავად რუსეთისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

 

 

მან ასევე დაადასტურა ცნობები რუსეთის მიერ კიევზე მრავალგზის სარაკეტო დარტყმის შესახებ ამ დილით დილის 4 საათზე (ადგილობრივი დროით) და თქვა, რომ დარტყმების სამიზნე სამხედრო და სამოქალაქო ობიექტები იყო.

 

 

მოკლედ იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდა უკრაინაში მოვლენები, რუსეთის თავდასხმიდან მეორე დღის დილის საათებამდე

 

 

25 თებერვალს, დილის საათებში აფეთქებების ხმა ისმოდა უკრაინაში და კიევის თავზე თვითმფრინავი ჩამოაგდეს. უფრო ადრე, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ დედაქალაქში „დივერსანტები“ შევიდნენ.

 


ყველაზე მძიმე ბრძოლები აღმოსავლეთ უკრაინაში ხარკოვის სიახლოვეს, ასევე ჩრდილოეთით და შავი ზღვის სამხრეთით მდებარე ოდესის ქალაქებში მიმდინარეობს.

 


ერთ-ერთი ბრძოლა ჩერნობილის ბირთვული ქარხნის რადიოაქტიური ნივთიერებებით სავსე ტერიტორიაზე წარიმართა და იქაურობა რუსულმა ძალებმა დაიკავეს. ამერიკის შეერთებული შტატების განცხადებით, იქ რუსებმა უკრაინელი ჯარისკაცები მძევლად აიყვანეს.

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ერისადმი სატელევიზიო მიმართვისას, დაადასტურა, რომ 25 თებერვალს დილით, რუსეთის მრავალჯერადი დარტყმები განხორციელდა კიევსა და ქვეყნის სხვა ქალაქებზე.

 

 

უკრაინული მხარის გაცხადებით, 137 მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცია მოკლული, 316 კი დაჭრილი გუშინ - რუსეთის თავდასხმის პირველ დღეს. დაღუპულთა შორისაა 13 უკრაინელი გუშაგი, რომლებიც შავ ზღვაში ციცქნა ტერიტორიის – კუნძულ ზმეინის დაცვისას დაეცნენ. რუსული ხომალდისადმი მათი ბოლო, დაუმორჩილებელი სიტყვების აუდიო ვირუსულად გავრცელდა.
 


როგორც BBC იტყობინება, ათასობით უკრაინელი ტოვებს ქალაქებს ფრონტის ხაზზე, მიემართება დასავლეთისკენ, უფრო წყნარ რაიონებში და ბევრიც კი პოლონეთსა და რუმინეთში ცდილობს გადასვლას, მაგრამ უკრაინელების უმეტესობა რჩება ქვეყანაში და თავს აფარებს ბუნკერებსა და მეტროსადგურებში.

 


უკრაინაში საყოველთაო მობილიზაციაა გამოცხადებული და ყველა მოქალაქეს, ვისაც იარაღის ტარება შეუძლია, ნაბრძანები აქვს დაიცვას თავისი ქვეყანა.

 


ევროკავშირმა, ავსტრალიამ და იაპონიამ პარასკევს გამოაქვეყნეს ახალი სანქციები რუსული ბანკების, კომპანიების და ოლიგარქების მიმართ. დასავლური ქვეყნები ასევე დაჰპირდნენ დახმარებას და სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას უკრაინულ ძალებს.

 


საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მან დაურეკა ვლადიმერ პუტინს თხოვნით, შეეწყვიტა თავდასხმა და ზარი იყო „გულწრფელი, პირდაპირი, სწრაფი“.

 


რუსეთის ქალაქებში ათასობით ადამიანმა გააპროტესტა ქუჩებში ომის დაწყება, ასობით დემონსტრანტი დააკავეს.

 

 

აშშ-ის რეაქცია და სანქციები 

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ „არ არის ჩართული და არც ჩაერთვება“ რუსეთთან კონფლიქტში უკრაინაში.

 

 

„ჩვენი ძალები არ წავლენ ევროპაში უკრაინაში საბრძოლველად, მაგრამ დაიცავენ ჩვენს ნატოელ მოკავშირეებს და გარანტიებს მისცემს ჩვენს მოკავშირეებს აღმოსავლეთში. შეერთებული შტატები დაიცავს ნატოს ტერიტორიის თითოეულ ინჩს ამერიკული სახელმწიფოს მთელი ძალმოსილებით“, - განაცხადა ბაიდენმა.

 

 

ბაიდენის პრესკონფერენცია თეთრ სახლში რამდენიმე წუთის დასრულდა. მან რუსეთის სანქცირების შესახებაც გააკეთა განცხადებები.

 

 

სანქციების შესახებ საუბრისას ბაიდენმა თქვა, რომ აშშ შეაჩერებს რუსეთის შესაძლებლობას დააფინანსოს და გააძლიეროს თავისი სამხედრო ძალები. მან უკვე რუსეთის უკრაინაში შეჭრით გამოწვეული ეკონომიკური შედეგების შეფასებისას აღნიშნა, რომ რუბლმა დოლართან მიმართებაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია და რუსეთის საფონდო ბირჟებზე აქციების ფასები დაეცა „ჩვენ ახლა სანქციას ვაწესებთ რუსულ ბანკებზე, რომლებიც ჯამში აღებული, ტრილიონი დოლარის აქტივებს ფლობენ. ჩვენ სანქციას ვუწესებთ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ბანკს, რომელიც ფლობს ქვეყნის საბანკო აქტივების მესამედს“, - განაცხადა ბაიდენმა და დაამატა, რომ აშშ შეზღუდავს რუსეთს იმაში, რომ ბიზნესი დოლარებში აწარმოოს, თუმცა ამ ეტაპზე არ იგეგმება რუსეთის Swift-ის საბანკო სისტემიდან გაძევება და მსხვილი რუსული ბანკებისთვის სანქციების დაწესება თანაბარი ან შესაძლოა იმაზე მეტიც კია, ვიდრე მისი Swift-ის საბანკო სისტემიდან გათიშვა.

 

 

მან ასევე აღნიშნა, რომ სანქციები რუსულ ელიტებსა და მათი ოჯახის წევრებსაც შეეხებათ. „არიან ადამიანები, რომელთაც პირადად მიიღეს სარგებელი კრემლის პოლიტიკიდან და მათ უნდა გაიზიარონ ტკივილი“, - განაცხადა ბაიდენმა.

 

 

ენტონი ბლინკენის პროგნოზი

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ იგი „დარწმუნებულია“, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეეცდება უკრაინის მთავრობის დამხობას.

 

 

ამერიკულ მაუწყებელთან, ABC-ისთან ინტერვიუში ბლინკენმა თქვა, რომ ეს იყო „რუსული გეგმის ნაწილი“, თავს დასხმოდნენ დედაქალაქ კიევს და სხვა მსხვილ ქალაქებს უკრაინაში, ასევე მრავალმხრივი თავდასხმა განხორციელებიათ ქვეყანაზე ჩრდილოეთის, აღმოსავლეთის და სამხრეთის საზღვრებიდან.

 

 

ბლინკენმა თქვა, რომ რუსეთის უკრაინის ფარგლებს გარეთ თავდასხმის „შესაძლებლობა“ არსებობს, მაგრამ გაიმეორა აშშ-ის ვალდებულება დაიცვას ნატოს მოკავშირეები და გააფრთხილა რუსეთი, რომ „ნატოს ერთ წევრზე თავდასხმა არის თავდასხმა ნატოს ყველა წევრზე“.

 


„პრეზიდენტმა ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ ჩვენ დავიცავთ ნატოს ტერიტორიის თითოეულ ინჩს. ვფიქრობ, ეს არის ყველაზე ძლიერი შემაკავებელი პრეზიდენტ პუტინის უკრაინის ფარგლებს გარეთ მოქმედების წინააღმდეგ“, - თქვა მან.

 

 

ბლინკენმა ასევე გაიმეორა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის პოზიცია, რომ აშშ-ის არსებული სანქციების გაფართოების შესახებ, რომლის პირდაპირი სამიზნე შესაძლოა მომავალში პუტინი იყოს და აღნიშნა, რომ ეს შესაძლებლობა „კვლავ მაგიდაზე დევს“, თუკი სიტუაციის ესკალაცია მოხდება.

 

 

ბორის ჯონსონის უმკაცრესი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

 

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა რუსეთის და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების შესახებ გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც:

 

 

1. ყველა მსხვილ რუსულ ბანკს, მათ შორის „VTB ბანკს“ სრულად და დაუყოვნებლივ გაეყინება თავიანთი აქტივები და გაირიცხება დიდი ბრიტანეთის ფინანსური სისტემიდან. ეს მათ სტერლინგზე წვდომას შეაჩერებს.

 


2. კანონმდებლობა შეუჩერებს მსხვილ რუსულ კომპანიებსა და სახელმწიფოს დიდი ბრიტანეთის ბაზრებზე ფინანსების მოზიდვის ან სესხის აღებას;

 


3. აქტივების გაყინვა მოხდება 100 ახალ ფიზიკურ პირზე ან სუბიექტზე;

 


4. აეროფლოტის ავიაკომპანიას აეკრძალება დიდ ბრიტანეთში დაფრენა;

 


5. შეჩერდება ორმაგი დანიშნულების ექსპორტის ლიცენზია, რომელიც შესაძლოა სამხედრო მიზნებისთვის იყოს გამოყენებული;

 


6. დიდი ბრიტანეთი რამდენიმე დღეში შეაჩერებს მაღალტექნოლოგიური ნივთებისა და ნავთობგადამამუშავებელი ტექნიკის ექსპორტს;

 


7. დაწესდება ლიმიტი იმ დეპოზიტებზე, რომლებიც რუსებს გაერთიანებული სამეფოს საბანკო ანგარიშებზე შეუძლიათ განათავსონ;

 


8. არსებობს პოტენციალი, რომ რუსეთი ამოიღონ Swift-ის გადახდებიდან;

 


9. . მსგავსი ფინანსური სანქციები გავრცელდება ბელარუსზე, უკრაინაზე თავდასხმაში მისი როლის გამო;

 


10. დიდი ბრიტანეთი სააღდგომო არდადეგებამდე წარადგენს ეკონომიკური დანაშაულის კანონპროექტის ნაწილებს.

 

 

პუტინი კიევს მოლაპარაკებებს სთავაზობს

 

 

რუსეთი მზად არის უკრაინის ხელმძღვანელობასთან უკრაინის ნეიტრალიტეტის საკითხსა და თავის ტერიტორიაზე შეიარაღების განთავსებაზე უარის თქმის შესახებ მოლაპარაკებები აწარმოოს, - განუცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს.

 


„პრეზიდენტმა [პუტინმა] თავისი ხედვის ფორმულირება მოახდინა იმის თაობაზე, რას უნდა ველოდოთ ჩვენ უკრაინისაგან იმისათვის, რომ კონცეპტუალური „წითელი ხაზების გადამკვეთი“ პრობლემები გადაიჭრას. ეს არის ნეიტრალური სტატუსი. ეს არის შეიარაღების განთავსებაზე უარის თქმა. აქ საკითხი მდგომარეობს იმაში, არის თუ არა მზად ამისათვის უკრაინის მთავრობა“, - განაცხადა პესკოვმა, რომლის კომენტარს რუსული „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

 

 

ევროპა პუტინის აგრესიის წინააღმდეგ

 

 

ევროკავშირის ხელმძღვანელი შარლ მიშელი დაჟინებით მოუწოდებს ბელარუსს „არ მიიღოს მონაწილეობა“ რუსეთის უკრაინაზე თავდასხმაში. ნატო-ს შტაბ-ბინაში პრესკონფერენციაზე ბელარუსისა და მისი ხალხისადმი მიმართვაში მიშელმა თქვა: „თქვენ გაქვთ არჩევანი არ გაჰყვეთ რუსეთის დესტრუქციულ ქმედებას. „თქვენ გაქვთ არჩევანი „არ მიიღოთ მონაწილეობა ამ უაზრო ტრაგედიაში, თქვენი მეზობელი უკრაინის წინააღმდეგ“.

 


რუსეთის მოკავშირე ბელარუსი, რომელიც ჩრდილოეთით უკრაინას ესაზღვრება, ოფიციალური კიევის განცხადებით, ათიათასობით რუს ჯარისკაცს საშუალებას აძლევს გადალახოს მისი საზღვარი უკრაინაში.



ლუკაშენკოს განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მას დაურეკა, უკრაინის წინააღმდეგ თავისი სამხედრო ოპერაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად. მან თქვა, რომ საკუთრივ ბელარუსის ეროვნული ძალები „არ იღებენ მონაწილეობას ოეპერაციაში“. თუმცა, ვლადიმერ პუტინის დიდი ხნის მოკავშირე ალექსანდრე ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში შევლენ უკრაინის ტერიტორიაზე.

 


„კვლავ ვიმეორებ. ჩვენი ჯარები არ არიან იქ. მაგრამ თუკი საჭირო იქნება, თუკი ეს საჭირო იქნება ბელარუსისთვის და რუსეთისთვის, ისინი იქ იქნებიან“, - განაცხადა ლუკაშენკომ, რომლის სიტყვების ციტირებას BBC ახალი ამბების სახელმწიფო სააგენტო „ბელტაზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

 


ბელარუსიდან უკრაინაში უკვე შევიდნენ რუსული კოლონები, რომლებიც იქ მოსკოვს ერთობლივი სამხედრო წვრთნების ფარგლებში ჰყავდა განლაგებული.

 

 

NATO-ს რეაქცია

 

 

მზარდი კონფრონტაციის ფონზე, ნატოს-გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მოკავშირეებმა ჩრდილოეთ ამერიკიდან და ევროპიდან უკვე განალაგეს დამატებით ათასობით ჯარისკაცი ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში და კიდევ უფრო მეტი მზადყოფნაშია მოყვანილი.

 


„ჩვენ გვყავს 100-ზე მეტი თვითმფრინავი, რომლებიც უმაღლეს დონეზე იცავენ ჩვენს საჰაერო სივრცეს და 120-ზე მეტი მოკავშირე ხომალდი ზღვაზე - ჩრდილოეთის უკიდურესი ნაწილიდან ხმელთაშუა ზღვამდე. ჩვენ გავაგრძელებთ ყველაფერ იმის კეთებას, რაც საჭიროა ალიანსის აგრესიისგან დასაცავად“, - თქვა მან და ხვალისთვის ნატოს ლიდერების ვირტუალური სამიტი მოიწვია, რათა სამომავლო გეგმები განიხილონ.

 


„რუსეთი ახლა მძიმე დანახარჯებისა და შედეგების პირისპირ დგას, რომელსაც მას მთელი ეროვნული საზოგადოება აკისრებს“, - დაამატა სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ თავისუფლება ყოველთვის გაიმარჯვებს ძალადობაზე.

 

 

სტოლტენბერგმა ასევე თქვა, რომ რუსეთის „გაუმართლებელი“ თავდასხმა უკრაინაზე უთვალავ ადამიანს უქმნის სიცოცხლის საფრთხეს. მისი თქმით, რუსეთმა წამოიწყო, საჰაერო და სარაკეტო თავდასხმები,ამასთან, მრავალი მიმართულებიდან სახმელეთო და სპეციალურ ძალებს უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურა და მთავარი ქალაქები აქვთ სამიზნეში ამოღებული. „ეს არის მიზანმიმართული, ცივსისხლიანი და დიდი ხნის დაგეგმილი შეჭრა“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა და დაამატა, რომ თავიანთ უგუნურ ქმედებებსა და მსხვერპლზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ლიდერებს ეკისრებათ.

 

 

ბორის ჯონსონის მიმართვა 

 

 

ამასობაში, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ერისადმი სატელევიზიო მიმართვისას ვლადიმერ პუტინის უკრაინაზე თავდასხმას „ამაზრზენი და ბარბაროსული“ ქმედება უწოდა, რომელიც „მარცხით უნდა დასრულდეს“. „მე არ მჯერა, რომ რუსი დიქტატორი უკრაინელების ეროვნულ გრძნობას დაიმორჩილებს“.

 


მისი თქმით, პუტინმა უკრაინას ძალადობის ტალღა მოუტანა.

 


„ეს არ არის შორეული ქვეყანა, რომლის შესახებაც ცოტა რამ ვიცით“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

 


მისი თქმით, უკრაინა - სიდიდით მეორე ქვეყანა ევროპაში - არის ის სახელმწიფო, რომელიც ათწლეულების განმავლობაში სარგებლობდა თავისუფლებითა და დემოკრატიით.

 


„ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ეს თავისუფლება წაიშალოს. ჩვენ არ შეგვიძლია და არ ვაპირებთ განზე დგომას“, - თქვა ჯონსონმა და დაამატა, რომ დიდი ბრიტანეთი ერთ-ერთი პირველი იყო ევროპის ქვეყნებიდან, რომელმაც უკრაინას თავდაცვითი იარაღი გაუგზავნა და ის კიდევ უფრო მეტს გააკეთებს მომავალ დღეებში, თუმცა არ დაუკონკრეტებია დეტალები.

 


„დღეს, ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, შევთანხმდებით ეკონომიკური სანქციების მასიურ პაკეტზე, რომელიც რუსეთის ეკონომიკის მძიმე მდგომარეობაში ჩასაყენებლად არის განსაზაღვრული“, - თქვა ჯონსონმა და დაამატა, რომ ევროპამ ასევე ერთობლივად უნდა შეწყვიტოს ნავთობზე და გაზზე დამოკიდებულება, რამაც პუტინს ძალაუფლება განუმტკიცა ევროპაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი