დონალდ იენსენი: "ივანიშვილის არჩევნები ვაშინგტონში ბევრს აფიქრებდა"
18-11-2015, 01:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პროდასავლური მთავრობისგან საჭიროა უფრო ზუსტი პოლიტიკა, წესების დაცვა, განსაკუთრებით ეს კორუფციასთან ბრძოლას და მოსკოვთან ფლირტს ეხება, - ამბობს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის რუსეთის და ყოფილი საბჭოთა კავშირის მკვლევარი დონალდ იენსენი "ამერიკის ხმის" ქართულ სამსახურთან ინტერვიუში.


მკვლევარის თქმით, ბევრისთვის მიმზიდველიცაა ბიძინა ივანიშვილის პირობა, რომ საქართველო აღარ იქნება რუსეთსა და დასავლეთს შორის უთანხმოების საგანი, მაგრამ ასეთი ბუნდოვანი სტატუსის შენარჩუნება სარისკოა.


"საქართველო ყოველთვის იქნება რუსეთსა და დასავლეთს შორის უთანხმოების საგანი. სარისკოა საქართველოს მიერ ბუნდოვანი სტატუსის შენარჩუნება, როგორც ეს ახლა ხდება. შესაძლებელია მთავრობაში სურდეთ ამ ბუნდოვანების შენარჩუნება, როგორც თვითონ ამბობენ, ბალანსისთვის, მაგრამ ამავდროულად მმართველობის შესანარჩუნებლადაც. არ ვფიქრობ, ეს საქართველოსთვის დამაკმაყოფილებელი სტატუსი იყოს, იმიტომ რომ რუსეთი დათმობას არ აპირებს თუკი არ დარწმუნდება, რომ მის ბანაკში საქართველოს გაწევრიანების შანსი არ აქვს. პროდასავლური მთავრობისგან საჭიროა უფრო ზუსტი პოლიტიკა, წესების დაცვა, განსაკუთრებით ეს კორუფციასთან ბრძოლას და მოსკოვთან ფლირტს ეხება. თავისუფალი ბაზრის პირობებში რუსულ ბიზნესს ქვეყნიდან ვერ გააძევებ, მაგრამ უპრიანი იქნებოდა მეტი სიფრთხილის გამოჩენა. იმიტომ რომ მოსკოვს საქართველოს იმაზე მეტად დაპყრობა აღარ სჭირდება, რაც უკვე დაიპყრო. მოსკოვისთვის საკმარისია საქართველო ახლოს ჰყავდეს. არ ვფიქრობ, რომ პუტინი საქართველოსადმი ამერიკის სამხედრო ერთგულებას გამოსცდის, მაგრამ ის დაიახლოვებს საქართველოს, ნელ-ნელა მკერდთან მიიკრავს. ამის ნიშნები უკვე არსებობს და ახლა ყველა სწორედ ამაზე უნდა წუხდეს. შესაძლებელია პოლიტიკოსს სურდეს ახლო კავშირების ქონა ბრიუსელთან, ვაშინგტონთან და მოსკოვთან, ამას შეიძლება მრავალვექტორიანი საგარეო პოლიტიკა ვუწოდოთ, ან შეიძლება პოლიტიკოსი ამას საზოგადოების მოტყუების მიზნით აკეთებდეს, ზოგჯერ ეს ასევე კარგი საშუალებაა მოსკოვთან დასაახლოვებლად - მაშინ როცა ამის საჭიროება რეალურად არ არსებობს, ამას ვუწოდებ ფლირტს", - ამბობს იენესენი.


"ამერიკის ხმის" კითხვაზე, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან მედია საშუალებები, რომლებიც ღიად ანტიდასავლურ პროპაგანდას ავრცელებენ და ამავდროულად გამოირჩევიან ქსენოფობიური თუ ჰომოფობიური განცხადებებით და რატომ შეიძლება ამას პროდასავლური ხელისუფლება აკეთებდეს, დონალდ იენსენის ახსნაა, რომ "ისინი ცდილობენ საგარეო გავლენების დაბალანსებას, რომ ქართველები არ არიან ბოლომდე ჩამოყალიბებულნი თუ საით უნდა წავიდეს ქვეყანა".


"ამ ამბავში ცუდი ის არის, რომ შესაძლოა, საქართველოს მმართველობის ნაწილი ხალხისგან განსხვავებით, არ იზიარებს ქვეყნის დასავლურ კურსს. ივანიშვილის არჩევნები ვაშინგტონში ბევრს აფიქრებდა, იმიტომ რომ ეს არ იყო ლიდერის რიგითი ცვლა, როგორც ეს მოხდებოდა პოლონეთში ან ჩეხეთის რესპუბლიკაში. ეს დიდი ცვლილება იყო, რაც ერთგვარი მესიჯი იყო იმის შესახებ, რომ საქართველოს საზოგადოება დაყოფილია ქვეყნის ორიენტაციის საკითხზე. საქართველოს სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ მას დასავლეთთან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა აქვს უსაფრთხოების სფეროში, რაც საქართველოს ეხმარება. საქართველოს პროდასავლური კურსი მოკლევადიან პერსპექტივაში არ იცვლება, იქნება სირთულეები, დამარცხებები, მიხვეულ-მოხვეული გზები, მაგრამ მგონია, რომ საქართველოს მთავარი კურსი მაინც დასავლეთი იქნება. თუმცა არ ვარ დარწმუნებული საქართველოს სრულ ინტეგრაციაში. ვაშინგტონშიც ბევრისგან მოისმენთ, რომ რუსეთს უნდა ჰქონდეს სიმშვიდე თავისი საზღვრების ირგვლივ, მე მათ არ ვეთანხმები, მაგრამ არსებობს ასეთი აზრიც. მოსალოდნელია, საქართველომ კიდევ გარკვეული დრო ევროკავშირის ასოცირებულ წევრ ქვეყნად იცხოვროს, ან მას ჰქონდეს ნატო-ს დაპირებული წევრობა, მაგრამ ეს არ მოხდეს. გრძელვადიან პერსპექტივაში კი საქართველოს კურსს მაინც დასავლეთისკენ ვხედავ. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ჰყავდეს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც მთავრობაზე წნეხს გააგრძელებს", - განაცხადა იენსენმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი