დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ თბილისის მერიაში ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატურები წარადგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ნარმანიამ მერიაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მერმა პროფესიით იურისტის, გივი კუბლაშვილის კანდიდატურა წარადგინა. დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ გივი კუბლაშვილს მდიდარი გამოცდილება აქვს კერძო სექტორში მუშაობის, მათ შორის მრავალი სტრატეგიული პროექტის ხელმძღვანელია. "დარწმუნებული ვარ, რომ ის მისი პროფესიონალიზმით და შრომისმოყვარეობით, შეძლებს შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელობას", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს გიორგი ბაგრატიონი უხელმძღვანელებს. "გიორგი ეკონომიკის დოქტორია, ის ჩვენი მმართველობის პერიოდში, თბილისის მერიაში მუშაოდა. კერძოდ, ხელმძღვანელობდა "თბილსერვის ჯგუფს". მას აქვს როგორც საჯარო სექტორში, ასევე კერძო სექტორში წამყვან პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება. დარწმუნებული ვარ, ის თავს გაართმევს მასზე დაკისრებულ მოვალეობას", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქალაქო სამსახურს ირაკლი გვილავა ჩაუდგება სათავეში. "ირაკლი გვილავა 2013 წლიდან კოალიცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო და ამ სფეროში მუშაობის მდიდარი გამოცდილება აქვს", - აღნიშნა ნარმანიამ.
ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე, ნინო სულხანიშვილის კანდიდატურაა წარდგენილი. "იგი 1993 წლიდან მერიის სისტემაში მუშაობდა. შემდეგ იყო საზოგადოებრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი. სხვადასხვა პროექტები აქვს განხორციელებული, მათ შორის გამწვანების კუთხით. კარგი მენეჯერია და დარწმუნებული ვარ, ერთობლივად შევძლებთ ჯანსაღი ეკონომიკური გარემოს ფორმირებას", - განაცხადა ნარმანიამ.
ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურს ნოდარ ჭიჭინაძე დაიკავებს. ნარმანიას თქმით, ჭიჭინაძე პროფესიონალი ეკონომისტია.
ვაკის გამგებლი კი ნოდარ ტურძელაძე გახდება. "იგი აქტიურად იყო ჩართული 13 ივნისის სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
აღნიშნული თანამდებობები კი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თბილისის მერიაში დაკავებული პოზიციები დატოვეს ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გეგი ნიჟარაძემ, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსმა გიორგი არეშიძემ, ეკოლოგიის და გამწვანების სამსახურის უფროსმა ბიძინა გიორგობიანმა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ. ვაკის გამგებლის პოსტი კი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ლაშა აბაშიძე თბილისის მერის პირველი მოადგილე გახდა.
დედაქალაქის მერის მიერ წარმოდგენილი კანდიდატურები თბილისის საკრებულოს გადაეგზავნება დასამტკიცებლად. საკრებულოს მიერ მათი დამტკიცების შემდეგ კი აღნიშნული პირები თავიანთი უფლება-მოვალეობების შესრულებას შეუდგებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.