GUARDIAN.GE - რუსეთის მიერ ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პარტია „ნიხასის“ თავმჯდომარე ალან გაგლოევი ლიდერობს. ადგილობრივი ე.წ. ცესკოს მონაცემებით, ხმების 85%-ის დათვლის შედეგად მას ხმების 53.67% - 14 505 ხმა აქვს მიღებული, მოქმედ ე.წ. პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს კი, 41.3% - 11 099 ხმა. ყველას წინააღმდეგ ხმა 5.03%-მა, 800-მა მოქალაქემ მისცა.
ე.წ. სამხრეთ ოსეთში 10 აპრილს გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო, პირველ ადგილზე კი პარტია „ნიხასის“ ლიდერი ალან გაგლოევი გავიდა. ადგილობრივი საარჩევნო კომისიის ცნობით, გაგლოევს ამომრჩეველთა 10 705 ხმა ჰქონდა მიღებული, ხოლო მოქმედ ე.წ. პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს 999 ხმით ნაკლები - 9 706 ხმა. მესამე ადგილზე ალექსანდრე პლიევი გავიდა - 3 434 ხმით, მეოთხეზე გარი მულდაროვი - 2 592 ხმით, დიმიტრი ტასოევს კი 822 ხმა ჰქონდა მიღებული, ყველას წინააღმდეგ 0,6%-მა მისცა ხმა.
გამომდინარე იქიდან, რომ 50%-ს პლუს ერთი ხმა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო, ე.წ. რესპუბლიკაში არჩევნების მეორე ტური 8 მაისს გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს მოქმედი ე.წ პრეზიდენტი ანატოლი ბიბოლოვი და პარტია „ნიხასის“ ლიდერი ალან გაგლოევი დაუპირისპირდნენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო 10 აპრილს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში/ე.წ. სამხრეთ ოსეთში გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები და განაცხადა, რომ აღნიშნული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის ფედერაციის მორიგ უკანონო აქტს, რომელიც სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს.
ასევე, ამერიკის შეერთებული შტატები არ აღიარებს 10 აპრილს საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში გამართულ ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებსა და მის შედეგებს.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა 30 მარტს ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ რუსეთთან გაერთიანება რესპუბლიკის სტრატეგიული მიზანია. მისი თქმით, უახლოეს პერიოდში შესაბამისი იურიდიული ნაბიჯები გადაიდგმება და „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა“ თავისი ისტორიული სამშობლოს - რუსეთის შემადგენლობაში იქნება.
„ეს მიზანი ჩვენმა ხალხმა არაერთხელ განსაზღვრა. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა ჩვენი საუკუნოვანი ოცნება განგვეხორციელებინა ცხოვრებაში 2014 წელს, როდესაც მშობლიურ სავანეს დაუბრუნდა ყირიმი. ჩვენი შესაძლებლობა მაშინ ხელიდან გავუშვით, მაგრამ კვლავ ასეთ რამეს ვერ დავუშვებთ“, - ამბობს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტი.
ბიბილოვის ვიდეო მიმართვას რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვი გამოეხმაურა და თქვა, რომ „სამხრეთ ოსეთს შეუძლია, გამოხატოს რუსეთის შემადგენლობაში შესვლის სურვილი და იურიდიული თვალსაზრისით ეს სავსებით შესაძლებელია“.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის თვითმარქვია პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებას, რომ უახლოეს პერიოდში შესაბამისი იურიდიული ნაბიჯები გადაიდგმება და „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა“ თავისი ისტორიული სამშობლოს - რუსეთის შემადგენლობაში იქნება - კრემლიც გამოეხმაურა.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლი რეფერენდუმის გზით ხალხის აზრის გამოხატულებას პატივისცემით ეკიდება, მაგრამ მოსკოვს ამ მიმართულებით არავითარი ქმედება არ განუხორციელებია.
„არანაირი პოზიციის გამოხატვა არ შემიძლია. ჩვენ ამ მხრივ არანაირი იურიდიული ან სხვა ქმედება არ გაგვიტარებია. მაგრამ ამავე დროს მოცემულ მომენტში საუბარი შეეხება სამხრეთ ოსეთის ხალხის აზრის გამოხატვას. ჩვენ ამას პატივისცემით ვეპყრობით“, - განაცხადა პესკოვმა, რომლის კომენტარს რუსული მედია ავრცელებს.
ბიბილოვის პრესმდივანმა, დინა გასიევამ თქვა, რომ რეფერენდუმის პროცედურები, 10 აპრილს პრეზიდენტის არჩევნების ჩატარების შემდეგ დასრულდებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.