„მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველოს მდგომარეობას უსაფრთხოს ვერ დავარქმევდი. საქართველო რუსეთის, დიდი სახელმწიფოს მეზობელია და საქართველოს მდებარეობა შავ ზღვასთან მიმართებით გამორიცხავს სცენარს, რომლის მიხედვითაც საქართველო სრულიად დაცული იქნებოდა ნატოს მიერ. მისი პერიფერიული მდებარეობა შეუძლებელს ხდის ალიანსის მხრიდან რეალურ მხარდაჭერას. ასეთია რეალობა. აღნიშნული განცხადება ცნობილმა ამერიკელმა სამხედრო სტრატეგმა, ედვარდ ლუტვაკმა „რადიო თავისუფლება“-სთან ინტერვიუში განაცხადა.
რადიო თავისუფლება: იმის გათვალისწინებითაც კი, რომ თურქეთი ნატოს წევრია?
ლუტვაკი: დიახ. თქვენ ახლა თავადვე უპასუხეთ თქვენს კითხვას. თურქეთი რომ ნატოს მტკიცე და ერთგული წევრი იყოს, როგორიცაა მაგალითად ნორვეგია, საქართველოს პრობლემები არ ექნებოდა. პრობლემა იმაშია, რომ თურქეთი რეალურად მხოლოდ ნომინალურადაა ნატოს წევრი - ის ნატოს წევრია მაშინ, როდესაც თავად სჭირდება ნატო, მაგრამ არასდროს განიხილავს თავს წევრად, როდესაც ალიანსს სჭირდება თურქეთის დახმარება.
რადიო თავისუფლება: რა ვარიანტებს უტოვებს ეს საქართველოს?
ლუტვაკი: ერთ რამეს გეტყვით. თურქეთს ჰყავს ე.წ. ტყვე მოსახლეობა - ესენი არიან უულვაშო თურქები, დეოდორანტის მომხმარებელი, ევროპელი თურქები. იყო პერიოდები, როდესაც ისინი ედგნენ თურქეთის სახელმწიფოს სათავეში. თუკი შემდეგ არჩევნებში ერდოღანი დამარცხდება და ხელისუფლებაში „ევროპისტები“ მოვლენ, თურქეთი შეიძლება ნატოს რეალურ წევრად იქცეს. ეს შესაძლებელია, რადგან თავად ერდოღანის დროს, დასავლური სული განვითარდა თურქეთში, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ხელისუფლების სადავეები ანატოლიელ თურქებს უჭირავთ ხელში. თუ ხელისუფლებაში ევროპელი თურქები მოვლენ, ეს ბევრ რამეს შეცვლის საქართველოსთვის - აღმოჩნდება, რომ იგი ესაზღვრება ნატოს „წესიერ“ წევრს. საქართველოს დღევანდელი მძიმე მდგომარეობა არ არის სამარადისო და გამოუსწორებელი, ის მნიშვნელოვანწილად განპირობებულია იმით, რომ თურქეთი ნატოს რეალური წევრი არაა.
რადიო თავისუფლება: ანუ, საქართველოს ურჩევდით, მოთმინებას მოუხმოს და დაიცადოს?
ლუტვაკი: აბსოლუტურად, საქართველომ „ლოდინის თამაში“ უნდა ითამაშოს - განავითარეთ ქვეყანა და დაელოდეთ გეოპოლიტიკური სიტუაციის შეცვლას. საქართველოდან მანქანით სავალ მანძილზე დაახლოებით 27 ქვეყანა არსებობდა, რომლებიც დღეს აღარ არსებობენ. გაქრა მათი პოლიტიკური სტრუქტურა, კულტურა, ბუნება, ისინი გადაშენდნენ. საქართველო და სომხეთი გადარჩნენ, ისინი ისტორიას უძლებენ, იმის გამო, რომ მწერალი ხალხია (textual peoples) - ეს იმას ნიშნავს, რომ ესენი არიან ხალხები, რომლებიც ფლობენ ტექსტებს, ნაწერებს... ერები, რომლებიც დამოკიდებულები არიან ტერიტორიაზე, ოქროს საბადოებზე, ან კიდევ მეწარმეობასა და ზოგადად ტალანტზე - ისინი შეიძლება გადაშენდნენ. მწერალი ხალხი კი ისტორიას უძლებს. რაც მეტი ტექსტი აქვთ, მით უფრო მეტად. შემთხვევითი არაა, რომ როცა ერევანში ჩადიხარ, მთავარი რამ, რაც ქალაქის ცენტრში გხვდება, არის მატენადარანი, ბიბლიოთეკა. ეს სიმბოლური აღიარებაა პოლიტიკოსების, ბანდიტებისა თუ განგსტერების მხრიდან, რომლებიც სხვადასხვა დროს მართავდნენ ქვეყანას, რომ ეს, ბიბლიოთეკა, წიგნი, ტექსტი ქვეყნის არსია. ქართველებსაც აქვთ ტექსტები, ისინიც გადაურჩნენ ისტორიას და დიახ, უკეთეს დღეებს უნდა დაელოდოთ.
რუსეთ-უკრაინის ომსა და რეგიონულ საფრთხეებთან დაკავშირებით რადიო თავისუფლებასთან ედვარდ ლუტვაკის ინტერვიუს სრული ვერსია - "რუსეთს შეუძლია, 20 უკრაინის მსგავსი დამარცხება გადაიტანოს" - იხილეთ ბმულზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.