აშშ-ის საელჩოსთვის ცნობილია ინფორმაცია ჩვენი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისას საელჩოს ტერიტორიაზე დაპირისპირების შესახებ. ჩვენ ვსწავლობთ ამ ინფორმაციას, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.
აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე ფიზიკური დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად „ტვ პირველის“ დამფუძნებელმა, ვატო წერეთელმა გაავრცელა და თქვა, რომ მას „ქართული ოცნების“ დეპუტატები - ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ზარქუა და ლევან მგალობლიშვილი დაესხნენ თავს.
„აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დამესხნენ და ფიზიკურად გამისწორდნენ. აშშ-ის საელჩოს ეზოში მოწვეული იყო 200 ან 300 სტუმარი, შოკში ვარ. ასეთი რამ არ ვიცი. წარმოგიდგენიათ, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე ეს რომ ხდება, გარეთ რა ხდება?
მივმართავ კელი დეგნანს, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მოხდა ფიზიკური ანგარიშსწორება ადამიანის მიმართ, კონკრეტულად, ჩემ მიმართ, კეთილი ინებეთ და გაასაჯაროვეთ კადრები, მიეცით მედიას კადრები, როგორ უსწორდებიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები ადამიანს. თქვენს ტერიტორიაზე კრიმინალი მოხდა.
„უამრავი თვითმხილველი იყო. ოხანაშვილი დაიძრა ჩემკენ, მოყვა ზარქუა, ოდიშარია, მგალობლიშვილი. ოხანაშვილმა მომიჭირა ხელზე, დამიწყო გარჩევები. ოხანაშვილი რომ ქუჩურ გარჩევას დაგიწყებს, ხომ თავი უნდა მოიკლა, რაღაცებს მიყვიროდა, მერე ხელი მომიქნია სახეში. ვიდრე აზრზე მოვედი, მეორემ მომიქნია ხელი, ორივე სახეში მომხვდა. ეს ლაჩრები, ან თავმოყვარეობა არ აქვთ, აშშ-ის საელჩოში ამას რომ დგამენ, წარმოგიდგენიათ, ქვეყანას რას უშვრებიან?!“ - განაცხადა წერეთელმა „ტვ პირველის“ ეთერში.
მისივე თქმით, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ინციდენტის გამო მას ბოდიში მოუხადა.
„ელჩი პირადად ვნახე. ბოდიშებს იხდიდა, მაგრამ პირადად მოვთხოვე, რომ კადრები გაასაჯაროონ“, – განაცხადა წერეთელმა.
თავად ოხანაშვილი კი ამბობს, რომ „უბინძურეს პროვოკაციას ჰქონდა ადგილი, ვატო წერეთლის მხრიდან“.
„ამერიკელებთან და ჩვენ სხვა კოლეგებთან მიღებაზე ყოფნის დროს მოვიდა, მთხოვა, ორი სიტყვით რაღაცის თქმა სურდა, უბინძურესი პროვოკაცია მოაწყო:, - უთხრა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა „რუსთავი 2“-ს.
როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, პროვოკაცია თავად ვატო წერეთელმა მოაწყო.
„ხომ წარმოგიდგენიათ, რაზეა საუბარი?! სწრაფი ნაბიჯით გაიქცა. მინდოდა მეკითხა, რატომ იკადრა ასეთი რაღაცა, რაზეც გააგრძელა პროვოკაცია, შემდგომ, რა თქმა უნდა, პასუხი გავეცი და მიიღო ის პასუხი, რომელსაც ის იმსახურებდა. საუბარია უბინძურეს პროვოკაციაზე, რომელსაც ვერც ერთი ქართველი ვერ აიტანს და ამას მოჰყვა მცირე შეხლა-შემოხლა, ეს იყო და ეს. კამერები, წესით, უნდა იყოს ყველგან და იმედი მაქვს, რომ აბსოლუტურად ყველაფერი ასახულია კამერაზე“, - განაცხადა ოხანაშვილმა.
მომხდარს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა და დაწერა, რომ ანრი ოხანაშვილს საელჩოში თავად ვატო წერეთელი მიეჭრა და „შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა“.
„დღეს ადგილი ჰქონდა ბინძურ პროვოკაციას, ჩემი მეგობრის, ანრი ოხანაშვილის მიმართ, ამერიკის საელჩოს ღონისძიებაზე,ვახო წერეთელი მიეჭრა ანრის და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა, რომლის აქ დაწერაც კი მეუხერხულება. ბუნებრივია, ასეთ საქციელს და ამ შეურაცხყოფის მოტივის და მიზეზის დადგენის მცდელობას, მოყვა გარკვეული შელაპარაკება და დაპირისპირება მათ შორის!!!.. კიდევ ერთხელ ვიმეორებ მხოლოდ მათ შორის! ხოლო დანარჩენები ვინც იქ შევესწარით ამ ამბავს, მათ ვაშველებდით! ეს არის სიმართლე და ეს ნახა იქ მყოფმა უამრავმა ადამიანმა და ამას დაადგენს კადრებიც თუ გასაჯაროვდა! ხოლო რაც ახლა ოპოზიციური მედიით მესმის, რომ თურმე 4 კაცმა გავლახეთ და დავჩაგრეთ , ეს არის მტკნარი სიცრუე და ეს არაფერში წერია!!! ბუნებრივია, ცუდია რაც მოხდა და მიუღებელია, მაგრამ როდესაც შეურაცხყოფას მიაყენებ სხვას, იმისთვისაც მზად უნდა იყო რომ პასუხს მიიღებ იმ კაცისგან! კიდევ ერთხელ ვამბობ, რა თქმა უნდა დასაგმობია რაც მოხდა და მიუღებელი! თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია ანრის წინააღმდეგ“, – აცხადებს ირაკლი ზარქუა.
აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე დაპირისპირების ფაქტს ასევე სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაუარა პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და აღნიშნა, რომ მომხდართან დაკავშირებით მხოლოდ ორი ვერსია აქვთ.
„მხოლოდ ორი ვერსია გვაქვს:
ვერსია 1: წერეთელმა უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა ანრი ოხანაშვილს (დედის გინება ყველაზე ბინძური და ამაზრზენი ფორმით), გაეცალა მყისიერად და ძალიან მალე თანმხლებ ახალგაზრდა ქალთან ერთად, ჭიქით ხელში კვლავ მიუახლოვდა, რითაც ის შეგნებულად, ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე(!), წავიდა უმძიმეს პროვოკაციაზე, რასაც საბოლოოდ მათ შორის დაპირისპირება მოყვა.
ვერსია 2: ამერიკის საელჩოში მიღებაზე სტუმრად მისულმა ოთხმა დეპუტატმა, დაინახეს რა ტვ1-ს დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელი, მივარდნენ მას და უმიზეზოდ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.
დასკვნები უმარტივესი გამოსატანია!...
როგორი მართალიც არის მეორე ვერსია, ისეთივე მართლები არიან სულ ნაციონალური მოძრაობის და მათი ტელევიზიების ლიდერები.
ასევე უნდათ საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანება.
ასევე განიცდიან თავისი სამშობლოს ტკივილს.
ასეთივე სიმართლით იბრძვიან...
სინამდვილეში კი, არ არსებობს მათზე პროვოკატორი, ანტიეროვნული, ანტიევროპული და საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის მწარმოებელი ხალხი“, - წერს მდინარაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.