მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა არის გათავისუფლების ერთ-ერთი ფორმა. არ შეიძლება, ეს საკითხები პოლიტიკური დისკუსიის საგანი იყოს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი შეფასებით, ერთადერთი, რის გამოც სააკაშვილის გათავისუფლება სურთ, არის ის, რომ როგორმე ქვეყანა არიონ.
„ნებისმიერ თემაზე, რომელიც პატიმარს უკავშირდება, გადაწყვეტილებას სახელმწიფო უწყებები იღებენ და არ შეიძლება, ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური იყოს. როცა რადიკალური ოპოზიცია და ლობისტები გვთავაზობენ, საკითხი პოლიტიკური გავხადოთ, სამართლისა და კანონის მიმართ მათ დამოიკიდებულებაზე მიუთითებს. არ შეიძლება, ეს საკითხი პოლიტიკური დისკუსიის საგანი იყოს. იმიტომ არის პოლიტიკური დისკუსიის საგანი, რომ ამ ყველაფრის უკან მათი პოლიტიკური მიზანი დგას, ქვეყანაში ვითარების არევა უნდათ.
ერთადერთი, რის გამოც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება სურთ, არის ის, რომ როგორმე ქვეყანა არიონ, რაც ვერ მოახერხეს – იგივე ცხელი შემოდგომა და ასე შემდეგ. ამის მიღწევა სააკაშვილის გათავისუფლებით უნდათ. რა თქმა უნდა, ასეთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ვერავინ მიიღებს და ამაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება არ უნდა იყოს მიღებული, გადაწყვეტილებას სახელმწიფო უწყებები იღებენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძეს, „მთავარი არხის“ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა, სააკაშვილთან დაკავშირებით რა ნაწილშია ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რაზეც კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება მთლიანად მოქმედებს თავისი პასუხისმგებლობით.
„ხელისუფლება მთლიანად მოქმედებს თავისი პასუხისმგებლობით, სახელმწიფო უწყებები საკუთარი პასუხისმგებლობით მოქმედებენ. სწორედ ესაა მიზეზი, რომ სააკაშვილი ახლა არის არა სასჯელაღსრულების, არამედ სამედიცინო დაწესებულებაში. „ნაცმოძრაობის“, მათი ლობისტების და კონკრეტული მედიასაშუალებების პასუხისმგებლობა იცით, რა არის? სააკაშვილი რომ ჩამოიყვანეს საქართველოში და ამის შედეგად ჩაჯდა ციხეში, ისინი პირდაპირ მოუწოდებდნენ სააკაშვილს თვითდაზიანებებისკენ. გაიხსენეთ, თქვენი ტელევიზიის ერთ-ერთი ლიდერის და დღევანდელი ხელმძღვანელის მონოლოგი, რომელიც პირდაპირ მოუწოდებდა სააკაშვილს თვითდაზიანებისკენ. თქვენ უნდა აიღოთ პასუხისმგებლობა, თუ რაიმე პრობლემა იქნება ჯანმრთელობის თვალსაზრისით – სააკაშვილი ჩამოიყვანეთ საქართველოში და მოწოდება იყო თვითდაზიანებისკენ. გახსოვთ, თვეების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილი არასათანადოდ იკვებებოდა, ეს იყო თვითდაზიანების გამოხატულება და თქვენი მხრიდან წამახალისებელი განცხადებები ისმოდა. შესაბამისად, აიღეთ პასუხისმგებლობა როგორც სააკაშვილის ჩამოყვანაზე, ასევე თვითდაზიანების მოწოდებაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომლის კომენტარს "პირველი არხი" ავრცელებს.
კობახიძემ ასევე თქვა, რომ სააკაშვილის შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივაა და თუკი სალომე ზურაბიშვილი სიმშვიდესა და არეულობას შორის არჩევანს არეულობის სასარგებლოდ გააკეთებს, ესეც უნდა შეაფასოს საზოგადოებამ.
„პირველ რიგში, შეწყალება არ არის ჩვენი პრეროგატივა, ეს არის პრეზიდენტის პრეროგატივა. ერთადერთი, რაც ამოძრავებთ ამ ადამიანებს, რომლებიც ქვეყნის შიგნით თუ გარეთ საუბრობენ სააკაშვილის გათავისუფლებაზე, არის ქვეყანაში არეულობის შექმნის ინტერესი. იცით, რომ სწორედ ამ მიზნით ჩამოიყვანეს სააკაშვილი საქართველოში, მუნიციპალური არჩევნების წინ, და ზუსტად იგივე მიზნით სურთ მისი გათავისუფლება. ეს ინტერესი საზოგადოებამ უნდა ამოიკითხოს და ამის მიხედვით გააკეთოს დასკვნები. ასევე, სალომე ზურაბიშვილი სიმშვიდესა და არეულობას შორის არჩევანს თუ არეულობის სასარგებლოდ გააკეთებს, ესეც უნდა შეაფასოს საზოგადოებამ. იმედი მაქვს, ამას არ გააკეთებს პრეზიდენტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.