საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აგერ უკვე 23 წელს მიითვლის, პლუს კიდევ 5 წელი, რაც გასული საუკუნის 80 – იანი წლების შუა ხანებში ეროვნულ–განმათავისუფელებლმა მოძრაობამ ლეგალური ხასიათი მიიღო და იატაკქვეშეთიდან ქუჩებში გადაინაცვლა. ამ 28–30 წლის განმავლობაში, საქართველოში მრავალფეროვანი პოლიტიკური სპექტრი ჩამოყალიბდა და არა ერთი პოლიტიკური ორგანიზაცია შეიქმნა, ათასგვარი დასახელებით და სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების ლიდერებით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ ხნის მანძილზე ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, "პირდაპირ თავით გადაეშვა" ახალი დროით ნაკარნახევ პოლიტიკურ პროცესებში. ვის არ ნახავდით მიტინგ–დემონსტრაციებზე, ანდა სულაც ტრიბუნაზე ორატორად ქცეულებს.
გახსოვთ, საბჭოთა პერიოდში საჯარო სამსახურში თანამდებობაზე დანიშვნისას რა დიდი ყურადღება ექცეოდა იმას, თუ რომელი წლიდან იყვნენ სკკპ–ს წევრები მშობლები და ბაბუა–ბებიები! საქართველოს დამოუკიდებლობის პირობებში კი, ცოტა სხვაგვარი მიდგომები გაჩნდა. სხვადასხვა ხელისუფლებებს, სხვადასხვა ფავორიტები ჰყავდათ და ჰყავთ, თუმცა არსი იგივეა, რადგანაც ხშირად გაიგონებთ ასეთ არგუმენტს ამათუიმ კადრის სასარგებლოდ, – ეს კაცი (ქალი) ეროვნულ მოძრაობაში იყო იმთავითვე (შევარდნაძეს, ან სააკაშვილს ებრძოდა), თითქმის ყველა აქციაში მიიღო მონაწილეობა, შიმშილობა "არ გაუცდენია" და ამიტომ, იგი "საიმედოა, პოლიტიკაში ღრმად ჩახედულია და იმსახურებს ყველანაირ პოლიტიკურ თანამდებობასო". – დიახ, ასე იყო და სამწუხაროდ კვლავ გრძელდება, ყველას რა ჩამოთვლის, დღესაც წააწყდებით ისეთ პოლიტპარტიებს (რეალურად, შპს–ები, მაქსიმუმ ასიოდე წევრით!), რომლებიც სათავეს იღებენ სწორედ იმ ბობოქარ წლებში, ხოლო, ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ ამ პარტიების თავმჯდომარეები არიან ისინი, ვინც მაშინ, 20–25 წლის წინათ აირჩიეს ამ თანამდებობაზე! ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ეს "პოლიტუხუცესები" (ბიოლოგიური ასაკი არ მახსოვს მხედველობაში) აქეთ "თავს ამადლიან" ქართულ საზოგადოებას, თითქოს რაიმე ისეთი გააკეთეს, რასაც ჩვენ, ხალხი არ ვუფასებთ, თუ არდა, განა არ ეტყობა საქართველოს მათი "მოღვაწეობის კვალი"!..
მოკლედ, ჩემი თუ არ გჯერათ, მაშინ, გადახედეთ დღევანდელი ქართული პოლიტიკური სპექტრის პოლიტიკურ პარტიებს და თავმჯდომარეებს, მათ ბიოგრაფიებს. ჰოდა, დარწმუნდებით იმაში, რომ საქართველო, პოლიტიკური ისტებლიშმენტის თვალსაზრისით, ევროპული სახელმწიფოების კი არა, სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების "ტყუპისცალია"! დიახ, რა პოლიტიკურ კულტურაზე და ევროპულ დემოკრატიაზეა საუბარი, როდესაც პოლიტიკოსი, რომელიც დასავლურ ღირებულებებზე დებს თავს, უწყვეტად, 15–20–25 წლის განმავლობაში პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარეა?! და, ასეთი "პარტიები" და "დემოკრატიული ლიდერები" საქართველოში უმრავლესობაა! ამიტომაა საჭირო, რომ არამარტო საარჩევნო კოდექსი შეიცვალოს, არამედ, უნდა მოხდეს პოლიტიკურ პარტიათა შექმნის და ფუნქციონირების შესახებ, საკანონმდებლო ნორმების ძირეული ცვლილება, მათი მისადაგება ევროპული პოლიტიკური სტანდარტებისათვის! წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ კარგა ხანს ვიქნებით იმ "პოლიტიკური სახეების" გარემოცვაში, რომლებსაც შეიძლება თამამად ვუწოდოთ, ქართველი – "მაო ძე დუნები, კიმ ირ სენები, ინდირა განდები" და ა.შ., რაც სრულ პოლიტიკურ ჩიხში მოაქცევს სახელმწიფოს, დაბლოკავს მის განვითარებას, რადგანაც ახალი და დემოკრატიულად ცვალებადი (შიდა პარტიული არჩევნებით!) პოლიტიკური ლიდერების გარეშე, ქვეყანაში პროგრესი არ მიიღწევა. ამიტომ, ეს "პოლიტიკური საცობები", მრავალწლიანი პოლიტლიდერების სახით, რომლებიც ასრულებენ მუხრუჭის როლს, რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩამოცილდნენ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს!..
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.