GUARDIAN.GE - სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავარის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, მულქადარ ისმაილოვის განცხადებით, საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირებაში მონაწილეობა იმის გამო გადაწყვიტა, რომ სურს თავისი მრავალწლიანი გამოცდილება ისევ გაუზიაროს სკოლას და კვლავაც წვლილი შეიტანოს მომავალი თაობის აღზრდაში.

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავარის საჯარო სკოლის დირექტორი მულქადარ ისმაილოვი
მულქადარ ისმაილოვი ალავარის საჯარო სკოლის დირექტორად 2005 წელს დაინიშნა, 2012 წლიდან დღემდე კი, მოვალეობის შემსრულებელია. მისი დირექტორად მუშაობის ადრეულ წლებში სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობა 35-ს შეადგენდა, ახლა კი 23-ამდეა ჩამოსული, რისი მიზეზიც, ისმაილოვის განცხადებით, ისაა, რომ მშობლები ქართულ სკოლებში არჩევენ თავიანთი ბავშვების მიყვანას, მიუხედავად იმისა, რომ, დირექტორის ინფორმაციით, ალავარის აზერბაიჯანულენოვან საჯარო სკოლაში ქართული ენის სწავლება მაღალ დონეზე დგას.

„თამამად გეტყვით, რომ ჩვენს სკოლაში, მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ქართული ენის სწავლების დონე ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. დეკემბერში ჩამოსული იყვნენ შესამოწმებლად, დაესწრნენ ქართულის გაკვეთილებს და მაღალი შეფასება მიეცა ამ მხრივ არსებულ მდგომარეობას. ამის მიზეზია ის, რომ კლასებში 2-3 მოსწავლეა და მასწავლებლებს დიდი დრო აქვთ იმისათვის, რომ საგაკვეთილო პროცესი ხარისხიანად წარმართონ. ჩვენი საკმაოდ მაღალკვალიფიციური მასწავლებლები, შეიძლება ითქვას, რომ ამავდროულად რეპიტიტორებიც არიან.

„არაერთი წარმატებული მოსწავლე გვყავდა, რომლებმაც ჩვენი საბაზო სკოლის 9 კლასის დასრულების შემდეგ სწავლა მარნეულში განაგრძეს, იქ დაამთავრეს მე-12 კლასი და წარმატებით ჩააბარეს თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში.

„დღეს, სახელმწიფო ენის სწავლებას დიდი ყურადღება ექცევა, რადგან ყველა სამსახურში ითხოვენ მის სრულყოფილად ცოდნას. ასე რომ, უკვე უმრავლესობას კარგად აქვს გააზრებული სახელმწიფო ენის ცოდნის აუცილებლობა“, - უთხრა GUARDIAN.GE-ის მულქადარ ისმაილოვმა.

მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია დირექტორმა სკოლის სტრატეგიული დაგეგმვისა და ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის მაქსიმალური გააკეთოს, ამისათვის კი, მისი თქმით, აუცილებელია სკოლის ხელმძღვანელ პირს ადამიანური, მატერიალური და ფინანსური რესურსების სწორად და მიზნობრივად მართვის უნარები გააჩნდეს.

„როგორც მოგახსენეთ, ჩვენი სკოლა მცირეკონტინგენტიანია, დაფინანსების სისტემა ვაუჩერულის ნაცვლად საათობრივია. მიმდინარე რემონტებისა თუ სხვა ხარჯებისთვის საკმარისი ფინანსური რესურსები გააჩნია სკოლას და გათბობის და სხვა აუცილებელი საჭიროებების დასაფარად გვყოფნის, მაგრამ მსხვილი პროექტების განხორციელებისთვის არასაკმარისია. მაგალითად, სკოლას არ ჰქონდა სტადიონი და მისი გაკეთება ჩვენი ბიუჯეტის შესაძლებლობებს აღემატებოდა. აქედან გამომდინარე, 6 წლის წინ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას მივმართეთ წერილით და ჩვენი მიმართვიდან ერთი წლის შემდეგ ეს პროექტი დაგვიფინანსეს, დაახლოებით 70 000 ლარი დაჯდა სტადიონის მოწყობა და დღეს ბავშვებს ფიზიკური აქტივობებისთვის შესანიშნავი ღია სივრცე აქვთ“, - განაცხადა მულქადარ ისმაილოვმა.

დირექტორის ინფორმაციით, ალავარის საჯარო სკოლამ ავტორიზაციისთვის აუცილებელი კრიტერიუმები დააკმაყოფილა და მდგომარეობა დადებითად შეფასდა.

მულქადარ ისმაილოვის ინფორმაციით, ალავარის საჯარო სკოლაში პედაგოგების უმრავლესობას უფროსი მასწავლებლის სტატუსი აქვს მიღებული. მისი თქმით, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ 2022 წელს, აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს პირველად მიეცათ სტატუსის მოპოვების შესაძლებლობა.

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავარის საჯარო სკოლის დირექტორი მულქადარ ისმაილოვი და ფიზკულტურის მასწავლებელი ფაშა რამაზანოვი
„მოგეხსენებათ, გასულ წელს პირველად ჩატარდა აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა გამოცდები და ჩვენი სკოლიდან ნაზაქად ნაბიევამ 10 კრედიტი მიიღო. ასევე, ნაირა ისაევამ, რომელიც დაწყებითებს ასწავლის, ბუნების გამოცდა 10 კრედიტზე ჩააბარა და უნარებში კომპეტენციის დადასტურების შემდეგ უფროსი მასწავლებელი გახდება.

ანუშიკ მეგრელიანმა (მაღლა ფოტოზე), ქართულის როგორც მეორე ენის მასწავლებელმა ასევე წარმატებით ჩააბარა გამოცდა და გრძელვადიანი ტრენინგის გავლისა და ნოემბერში უნარებში ტესტის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიიღო.

მოკლედ, ჩვენი სკოლის პედაგოგთა 50%-ზე მეტი ამჟამად უკვე უფროსი მასწავლებელია ან სტატუსის ამაღლების მოლოდინშია.

ჩვენს სკოლაში ქართულ ენას ასწავლიან ასევე, ქალბატონები - ირმა მარგიანი და ციცინო ბურჯალიანი. მინდა გითხრათ, რომ მათი საქმიანობით კმაყოფილი ვარ“, - განუცხადა GUARDIAN.GE-ის მულქადარ ისმაილოვმა.

GUARDIAN.GE ალავარის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელს, ირმა მარგიანს (დაბლა ფოტოზე) გაესაუბრა და ჰკითხა, რამდენად კმაყოფილია მოსწავლეების აკადემიური მოსწრებით.

„მინდა გითხრათ, რომ კმაყოფილი ვარ ბავშვების სწავლის დონით. ისინი ძალიან მონდომებული და ნიჭიერები არიან. მათზე დიდ იმედებს ვამყარებ.

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავარის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ირმა მარგიანი გაკვეთილს ატარებს

„გამომდინარე იქიდან, რომ კლასში 2 ან 3 მოსწავლე მყავს, დიდი დრო მრჩება იმისათვის, რომ გაკვეთილის ჩატარების პროცესი რაც შეიძლება სრულყოფილი იყოს. დრო მაქვს, რომ ინდივიდუალურად მივუდგე ბავშვებს.

„სკოლაში საუკეთესო გარემოა შექმნილი სწავლისათვის. აქაურმა ბავშვებმა ქართული სხვებზე უკეთ იციან და ამას სწავლების მაღალ დონესთან ერთად ალბათ, ისიც განაპირობებს, რომ გარშემო ქართული სოფლებია - თამარისი და დიოკნისი - და როგორც ბავშვებს, ისე მათ მშობლებს და ოჯახის სხვა წევრებს უფრო მეტი ურთიერთობა აქვთ ქართულენოვან გარემოსთან, ვიდრე ეთნიკურად აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებული სოფლების მოსწავლეებს და მათ ოჯახებს.

„აქ, პედკოლექტივის ყველა წარმომადგენელმა იცის ქართული. თავად დირექტორი, ბატონი მულქადარ ისმაილოვი შესანიშნავად ფლობს ქართულ ენას და მაგალითის მიმცემიცაა სხვებისთვის.

„უნდა ითქვას, რომ ძალიან კარგად უძღვება სკოლის საქმეებს. ამასთან, მაქსიმალურად გვერდში უდგას პედაგოგებს და მოსწავლეებს.

„ზოგადად, ძალიან მეგობრული ატმოსფეროა ჩვენს სკოლაში. დირექტორს ცალკე კაბინეტიც კი არ აქვს, აქ, სამასწავლებლოში, ჩვენთან ერთად არის თავადაც“, - განუცხადა GUARDIAN.GE-ის ალავარის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელმა, ირმა მარგიანმა.




