„ეს იქნება ყველაზე მაღალი შენობა თბილისში, რომელიც ყველაზე ძლევამოსილი კაცის შესახებ მოყვება... ვცდილობ გამოვიცნო, რა გონებაში მოიხარშა ის?“ - ვახუშტი მენაბდე
20-01-2023, 13:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეს იქნება ყველაზე მაღალი შენობა თბილისში, რომელიც ყველაზე ძლევამოსილი კაცის შესახებ მოყვება. ამავდროულად ის კაპიტალდაბანდებაცაა. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ამხელა ტერიტორია, ამხელა შესაძლებლობებით აღარ დარჩა. პროექტს დიდი ფინანსური მოგების მოტანა შეუძლია - ორი მიზეზი, რასაც ეწირება ქალაქი, - ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე წერს.

 

 

„65-სართულიანი და 1000 ავტომობილზე გათვლილი ორი შენობა ლაგუნა ვერეს მიმდებარედ, ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის ტერიტორიაზე. რამდენიმე საათია პროექტს ვყურებ, ჯერ ერთ ფოტოს, მერე მეორეს, მოდელირებულ განაშენიანებას ვაკვირდები. ეს გასაოცარია. ვცდილობ გამოვიცნო რა გონებაში მოიხარშა ის? როგორ მოხდა, რომ ურბანული განვითარების სახიფათო ტრაექტორიის ყველა კლასიკურმა ნიშანმა ერთად მოიყარა თავი აქ? ასეთი რადიკალურად ანტისოციალური იდეა რა გზით ჩამოყალიბდა?

 

 

არავითარი დევიდ ჰარვობა არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ ასეთი შენობა ძალაუფლების სიმბოლოა, რომელიც ინვესტორს ამ ძალაუფლების დემონსტირების საშუალებას აძლევს. ეს იქნება ყველაზე მაღალი შენობა თბილისში, რომელიც ყველაზე ძლევამოსილი კაცის შესახებ მოყვება. ამავდროულად ის კაპიტალდაბანდებაცაა. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ამხელა ტერიტორია, ამხელა შესაძლებლობებით აღარ დარჩა. პროექტს დიდი ფინანსური მოგების მოტანა შეუძლია - ორი მიზეზი რასაც ეწირება ქალაქი.

 

 

შეიძლება გვითხრან, რომ დღეს ეს ადგილი უწესრიგოა, ბინძური და მახინჯი, მაგრამ როგორც ქალაქდაგეგმარების კლასიკოსი ჯეიკობსი ერთგან წერს, არსებობს ხარისხობრივად რაღაც უფრო მდარე, ვიდრე უწესრიგობა და სიმახინჯე. პროექტს აქვს შანსი ამის ქრესტომატიულ მაგალითად იქცეს.

 

 

შეხედეთ მის შუშის ფასადს. ის თითქოს აკვარიუმია, მას სანახაობის ფუნქცია აქვს, მაგრამ ეს სანახაობაა მასში ჩართვის პერსპექტივის გარეშე. იქ განთავსებული ბიზნეს ლანჩებისთვის განკუთვნილი რესტორნები, დიდი კორპორაციების ოფისები, მაღაზიები მხოლოდ მაღალი სოციალური ფენისთვის არის განკუთვნილი.

 

 

მერის განცხადებით ახლის და ძველის შერწყმით განხორციელდება პროექტი. ჯენქსი ამას ორმაგ კოდირებას უწოდებს. ერთი მხრივ, ეს არის ტრადიციული კოდი (ამ შემთხვევაში აბრეშუმის ფაბრიკა), მეორე მხრივ კი თანამედროვე კოდი (რომელიც გამოიხატება შუშით, მოდერნული იმიჯებით, ტექნოლოგიებით). ამგვარი არაბუნებრივი არევა კი წარმოშობს დაძაბულობას, სადაც ამ ორი საწყისის შერიგება შეუძლებელი ხდება. რაც საბოლოოდ ძველის განადგურებით მთავრდება. მისი სული ქრება. ის ახლის აქსესუარად, აქ შეუმჩნეველ, დამატებად იქცევა.

 

 

პროექტი ძალიან ხელოვნურია, ასეთი თბილისი, ასეთი საქართველო, რომლისთვისაც ეს შენობა ავთენტური იქნებოდა, არ არსებობს. ამიტომ არის ის უარესი ვიდრე ამავე ტერიტორიის დღეს არსებული სიბინძურე და უწესრიგობა. ჯეიკობსი ასეთ წამოწყებებს უშინაარსო პროექტებად მიიჩნევს, რომლებიც თავიან უშინაარსობის დამალვას უხეში ვულგარულობით ცდილობენ. ვულგარულობა, აქ პირველივე შეხედვისთანავე თვალში გხვდება. ფუფუნების, სიმდიდრის, კმაყოფილების, გაპრიალებულ ზედაპირზე ლითონის გასმის შემდგომი უსიამოვნო შეგრძნება.

 

 

ამავდროულად, ისევ ჯეიკობსის ტერმინი რომ გამოვიყენოთ, სიმდიდრისა და ორგიასტულობის ეს ანსამბლი ანტისოციალურია. (1) ანტისოციალურია იმიტომ, რომ სარეკრეაციო ზონაში შენდება; (2) იმიტომ, რომ არსებითად ცვლის ქალაქის იერსახეს საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების გარეშე, (3) და იმიტომაც, რომ ართულებს ადამიანების ცხოვრებას - კიდევ უფრო ტვირთავს ისედაც კოლაფსის პირას მყოფი ქალაქის მთავარ სატრასპორტო კვანძს“, - წერს ვახუშტი მენაბდე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი