კალაძის მიერ 2020 წლისთვის დაპირებული 18-მეტრიანი ავტობუსები თბილისში 2023 წელსაც ვერ ივლის
31-01-2023, 18:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისს ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსები სულ მცირე ერთი წელი კიდევ არ ეყოლება. ავტობუსების შესაძენად თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიას ტენდერი ჯერ არ გამოუცხადებია. "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" მოკვლევით, ამ ზომის ავტობუსების წარმოება-მიწოდებისთვის საჭიროა სულ მცირე 12 თვე.

 

 

სწორედ 18-მეტრიანი ავტობუსებითა და მათთვის განკუთვნილი ე.წ. სწრაფი დერეფნებით ჰპირდება მერიის სატრანსპორტო სამსახური ქალაქის მოსახლეობას თბილისში მგზავრთა გადაყვანის პრობლემების მოგვარებას.

 

 

თბილისის მერმა, კახა კალაძემ 18-მეტრიანი ავტობუსების თბილისის სატრანსპორტო ხაზებზე დამატების პირობა 4 წლის წინ დადო მერად პირველი ვადით არჩევიდან 1 წლისთავზე, "გარემოსდაცვითი ხედვის" პრეზენტაციისას.

 

 

"2020 წლიდან დედაქალაქში დამატებით შემოვა სრულიად ახალი სტანდარტის, 18-მეტრიანი 200-მდე ელექტროავტობუსი. თავიდან ვფიქრობდი, რომ 18-მეტრიანი ავტობუსების გადაადგილება დედაქალაქში შეუძლებელი და რთული იქნებოდა, თუმცა იმ კვლევის შედეგებმა, რომელსაც „სისტრა“ ატარებს, აჩვენა, რომ 2020 წლიდან დედაქალაქს აუცილებლად სჭირდება ელექტროავტობუსები, რომლებიც უნდა იყოს 18-მეტრიანი", - თქვა თბილისის მერმა 2018 წლის 22 ოქტომბერს.

 

 

2019 წლის თებერვალში კალაძე სამუშაო ვიზიტით გერმანიაში ჩავიდა და მიუნხენში, კომპანია MAN-ის საგამოფენო ცენტრში 18-მეტრიანი ავტობუსები დაათვალიერა.

 

 

"კახა კალაძემ საგამოფენო ცენტრში წარმოდგენილი უახლესი მოდელის 18-მეტრიანი ავტობუსი დაათვალიერა, რომლის შემოყვანაც სამომავლოდ თბილისში იგეგმება", - წერდა პრესსამსახური მისი ამ ვიზიტის შესახებ.

 

 

2019 წელს 18-მეტრიანი ავტობუსების შესაძენად ტენდერი არ გამოცხადებულა, 2020 წელს კი კორონავირუსის პანდემიის გამო გეგმები შეიცვალა.

 

 

"სწრაფ სატრანზიტო დერეფანზე იმოძრავებს 12-მეტრიანი და მომავალი წლიდან უკვე 18-მეტრიანი ავტობუსები", - თქვა თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ თბილისის ავტობუსების ახალი ქსელის პრეზენტაციაზე 2020 წლის ოქტომბერში. საუბარი იყო 2021 წლიდან სატრანსპორტო დერეფნებში 200 18-მეტრიანი ავტობუსის დამატებაზე, თუმცა ტენდერი არც 2021 წელს გამოცხადდა.

 

 

2020 წელს, როცა თავდაპირველი დაპირებით, თბილისში ახალ 18-მეტრიან ავტობუსებს უნდა ევლოთ, თბილისის მერი ტრანსპორტის საკითხებზე თითქმის ყველა საჯარო განცხადებაში ახსენებდა ავტობუსების საკითხს. მერიის ოფიციალურ საიტზე, იმ წელს, მინიმუმ, 6 ასეთი განცხადება იძებნება.

 

 

 

2021 წლის 21 სექტემბერს თბილისის მერი ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტის წარდგენის დროს ამბობს, რომ "მომავალ წელს ვაპირებთ შევიძინოთ 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი".

 

 

ამ განცხადებიდან ერთი თვის თავზეც, თბილისის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ გაიმეორა, რომ "მომავალ წელს ვაპირებთ, 18-მეტრიანი ავტობუსების შეძენას. დედაქალაქს 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი სჭირდება, რომლებიც კონკრეტულ ხაზებზე იმოძრავებენ".

 

 

ახალი ავტობუსების შემოყვანის მნიშვნელობაზე საუბრობდა კახა კალაძე 2022 წლის განმავლობაში თბილისის მთავრობის სხდომებზეც. ერთ-ერთ ასეთ სხდომაზე მან აღნიშნა, რომ ტრანსპორტის შესყიდვა წინა წელს უნდა დაწყებულიყო.

 

 

"მომავალ წელს ვაპირებთ, შევიძინოთ 18-მეტრიანი ავტობუსები. ეს წელს უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ გადავწიეთ, იმისთვის, რომ გარკვეული ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოვასწროთ, რათა ავტობუსებმა პრობლემების გარეშე შეძლონ გადაადგილება", - თქვა მან.

 

 

2023 წლის იანვრის ბოლოს თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ჯერ არ დასრულებულა ბაზრის კვლევა და არ იციან ზუსტი თარიღი, როდის გამოცხადდება ტენდერი 18-მეტრიანი ავტობუსების შესაძენად. სატრანსპორტო კომპანიის მიერ შესყიდვების სააგენტოსთვის მიწოდებული ინფორმაციიდან კი ირკვევა, რომ ავტობუსების შესყიდვის პროცესი შეიძლება დროში გაიწელოს რამდენიმე მიზეზის გამო:

 

  • სატრანსპორტო კომპანიას დღემდე არ აქვს 18-მეტრიანი ავტობუსებისთვის საჭირო ავტობაზა;

 

  • ავტობაზის აშენებას სჭირდება 15-დან 18 თვემდე;

 

  • შეკვეთიდან ავტობუსების მიწოდებამდე საჭიროა 12-დან 15 თვემდე;

 

  • პირველ ეტაპზე იგეგმება 100 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის ყიდვა.

 

რადიო თავისუფლება

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი